"მე­გო­ნა, ლა­მა­ზი გო­გო არ ვი­ყა­ვი" - გზაპრესი

"მე­გო­ნა, ლა­მა­ზი გო­გო არ ვი­ყა­ვი"

თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს", - ამბობს მოდელი, ლიზი წიგნაძე. მისი საყვარელი ავტორი გალაკტიონია, ამჟამად ჯეინ ოსტინის ნაწარმოებს - "სიამაყე და მცდარი აზრი" - კითხულობს.

- აქტიური მკითხველი სკოლის პერიოდშიც არ ვიყავი, მხოლოდ საგნებს ვსწავლობდი, კლასგარეშე ლიტერატურით ნაკლებად ვინტერესდებოდი.

ბავშვობაში წასაკითხ ლიტერატურას თავად ვარჩევდი, ამ მხრივ მშობლები არ აქტიურობდნენ. კითხვა დიდად არ მიყვარდა, სხვა საქმით უფრო ვიყავი გატაცებული - ცეკვა მიყვარდა. ყოველთვის მქონდა სურვილი მემღერა, მაგრამ ჩემი მუსიკალური მონაცემები ამის საშუალებას არ მაძლევდა.

ბოლო პერიოდში მენეჯმენტმა გამიტაცა. მენეჯერად სხვადასხვა ადგილზე მიმუშავია. თავს საკმაოდ რთულ საქმეს ვართმევდი, მაგრამ ახლა არ ვმუშაობ. კონკურსზე გავდიოდი და მზადების პროცესი ძალიან დიდ დროს მოითხოვდა.

სამოდელო საქმეს პროფესიად არც ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს. ამ სფეროში მშობლების დამსახურებით მოვხვდი. 13 წლისა დედამ სამოდელო სააგენტოში მიმიყვანა. მაშინ ეს საქმე დიდად არ მომწონდა, საკუთარ თავს ამ სფეროში ვერ ვხედავდი, მეგონა, ლამაზი გოგო არ ვიყავი, მაგრამ მალე მივხვდი, არც ისე ცუდი ვიყავი, როგორც მეგონა. ვისაც გოგო ჰყავს, ყველა მშობელს ვურჩევ, შვილები სამოდელო სააგენტოში ატარონ. ის, რაც იქ ისწავლება, ყველა გოგოსთვის მნიშვნელოვანია. სწავლობ ბევრ დეტალს, რომლითაც შეგიძლია ყურადღება მიიქციო.

მწერლობაში ჩემი საყვარელი ავტორი გალაკტიონია, პოეზია მიყვარს. ნაწარმოები, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, არის "სიამაყე და მცდარი აზრი". ახლაც სწორედ ამ წიგნს ვკითხულობ. მამშვიდებს და იოლად მეძინება.

პერსონაჟები რეალურ სამყაროში რომ არსებობდნენ, დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი "ვეფხისტყაოსნის" ავთანდილთან.

კაცი პერსონაჟებიდან ჯეინ ოსტინის მისტერ დარსი შემიყვარდებოდა იმ ნაწარმოებიდან, რომელსაც ახლა ვკითხულობ.

ინტელექტუალური თამაშები არ მიყვარს, კროსვორდების შევსებაც არ მიტაცებს, მხოლოდ ბავშვობაში ვერთობოდი. მეხსიერება ცუდი არ მაქვს, რაც შთაბეჭდილებას ახდენს, ის აუცილებლად მამახსოვრდება.

- ლიზი, შენ "მის ბიკინი" ხარ. თუ იცი, საიდან მოდის სიტყვა "ბიკინი"?

- არა.

- 1946 წელს დიზაინერმა ლუის რეარდმა პოდიუმზე ბიკინის დემონსტრირება მოახდინა. ამ დროს პირველად მოხდა საცურაო კოსტიუმის შუაზე გაყოფა. 1946 წელს ამერიკელებმა წყნარი ოკეანის კუნძულ ბიკინიზე საცდელი ბირთვული აფეთქება მოაწყვეს. მსოფლიომ ორივე მოვლენა ერთნაირი სიმძაფრით აღიქვა. საცურაო კოსტიუმს სახელი კუნძულ ბიკინის პატივსაცემად დაერქვა. ბიკინმა მსოფლიო ატომური აფეთქების ტალღასავით დაიპყრო.

- საინტერესოა, როგორც ჩანს, ამ ინტერვიუდან ბევრ რამეს ვისწავლი.

- გერმანული ანდაზის მიხედვით: ოქროს ცეცხლი გამოცდის, ქალს - ოქრო, მამაკაცს?

- ქალი.

- რა ერქვა ინდოეთის ძველ სამეფოს, რომელიც ცნობილი შალის მსუბუქი ქსოვილის წარმოებით იყო ცნობილი?

- ვერ გიპასუხებ.

- ქაშმირი.

- ვაიმე! ეს ვიცოდი.

- ცხოველები გიყვარს?

- დიახ, სახლში ძაღლი მყავს.

- ლომი, ჟირაფი, ვეფხვი, დათვი, რომელი იზრდება ყველაზე მაღალი?

- ჟირაფი.

- რა ერქვა ქალაქს, რომლის ადგილზეც ახლა მკვდარი ზღვა მდებარეობს?

- ვერ გეტყვი.

- სოდომი. არისტოტელემ მას სურვილების შესრულების გარანტი უწოდა, ბაირონმა - ალადინის ლამპარი, ჰენრი ფორდმა კიდურებს შეადარა, ბერნარდ შოუ კი თვლიდა, რომ ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყანაზე. რაზეა ლაპარაკი?

- ნივთია?

- არა.

- ფული?

- დიახ. უფულობის გამო შეიძლება დეპრესია დაგემართოს?

- ჩემი აზრით, ფული კომფორტია, მაგრამ უფულობის გამო დეპრესია ნამდვილად არ დამემართება.

- სად არის დაკრძალული ერეკლე II?

- სვეტიცხოველში.

- ვინ არის ფილმის - "უძინართა მზე" - რეჟისორი?

- ბაბლუანი, ეს ფილმი მიყვარს.

- ფრინველთა ოჯახის რომელი წევრია მგალობელი?

- შაშვი.

- სახეობის დასახელება არ მითხოვია.

- ბულბული, იადონი...

- დედალი ფრინველები არიან მგალობლები თუ მამლები?

- მამლები. ასე მგონია.

- სპორტი გიყვარს?

- კი, კალათბურთელი შეყვარებული მყავდა და ამ სპორტმა მაშინ გამიტაცა. მერე მასაც დავანებე თავი და კალათბურთსაც. ფეხბურთიც მიზიდავს.

- ინგლისის რომელ ქალაქში ჩატარდა პირველი მატჩი რაგბიში?

- არ ვიცი, რაგბი არ მიყვარს, უხეში თამაშია.

- ქალაქ რაგბიში ჩატარდა, მისი სახელწოდებაც აქედან წარმოიშვა. დაასახელე შუა საუკუნეების იტალიასა და ესპანეთში სატრფოსადმი მიძღვნილი სიმღერა, რომელსაც შეყვარებულები ფანჯრების წინ მღეროდნენ?

- ა! სერენადაზე ამბობ.

- შენთვის უმღერიათ?

- ასეთი შემთხვევა არ მახსენდება.

- "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -/ იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი,/ არაერთს ისე მოეღო ბოლო,/ თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის." ვისი პოეზიიდან არის ეს სტროფი?

- არ ვიცი.

- მუხრან მაჭავარიანის. "ის ერთი" თუ არის შენს ცხოვრებაში?

- შეიძლება ასე ითქვას. ერთი კარგი ბიჭია, შოუბიზნესში არ საქმიანობს, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია, სპორტსმენია.

- რა ერქვა კომბლეს ძროხას?

- ჰყავდა?

- დიახ.

- არ მახსოვს.

- ჭრელა. საიდან მოდის გამოთქმა "ცოლმა ქმარს რქები დაადგა"?

- ღალატიდან.

- ძველი საბერძნეთიდან მოდის. იმპერატორი საკუთარ მამულში ნადირობის უფლებას იმ მონადირეს რთავდა, ვისი ცოლიც მოეწონებოდა. თავად კი მის ოჯახში მიდიოდა და იქ ყოფნის ნიშნად კარზე რქებს კიდებდა.

- საინტერესო ისტორია ჰქონია.

- რომელ სისხლძარღვებში მიედინება სისხლი ყველაზე ნელა?

- კაპილარებში.

- ბეთჰოვენის შემოქმედება მოგწონს?

- კარგად არ ვიცნობ.

- ვის მიუძღვნა მან "მთვარის სონეტა"?

- არ ვიცი.

- მოსწავლეს ჯულიეტა გვიჩარდის. სანამ მას მოდაში კოკო შანელი შემოიტანდა, ბევრი ადამიანისთვის სასურველი არ იყო. მეტიც ის ადამიანის დაბალ წარმომავლობაზე ან შესრულებულ მძიმე სამუშაოზე მიუთითებდა. რაზეა ლაპარაკი?

- რუჯის მიღებაზე.

- რომელ ოკეანეშია სეიშელის კუნძულები?

- არ ვიცი.

- ინდოეთის ოკეანეში. ამ ქვეყნის დროშა შავი, ყვითელი და წითელი ვერტიკალური ზოლისგან შედგება. დაასახელე ეს ქვეყანა.

- ბელგია.

- რომელი მეტია 20-ის 25% თუ 25-ის 20%?

- თანაბარია.

- "იმდენად მარტოსული გახლდათ, იმდენად თავისებური და განსხვავებული, - მასთან დაახლოება და გაშინაურება, მისი გაცნობა და შეცნობა შეუძლებელი იყო. ჩაუწერია კიდეც: "თქვენ რომ გგონივართ, ის არ ვარო" - ვკითხულობთ ვახტანგ ჯავახაძის ერთ-ერთ წიგნში. რომელ პოეტს ეძღვნება იგი?

- გალაკტიონ ტაბიძეს.

- ვის ეკუთვნის სიმღერა ქართული ანიმაციური ფილმიდან "სოფლის მაშენებლები"?

- ალექსანდრე ბასილაიას.

- რამდენი გქონია ხელფასი თუ 20%-ით გაზრდის და ამის შემდეგ 20 ლარით შემცირებისას იგივე დაგრჩება?

- 100.

- დღეს მას შეყვარებულთა არისტოკრატიულ ცეკვას უწოდებენ, მაგრამ მის ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ ამერიკაში ევროპიდან ემიგრირებული ღარიბების და მონების ცეკვა იყო.

- ტანგო.

- როდის აღნიშნავენ ტანგოს საერთაშორისო დღეს?

- არ ვიცი.

- 11 დეკემბერს. რომელ ცეკვას უწოდებენ სიხარულის ცეკვას?

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებ, მის პირველწყაროდ ნიგერიული ცეკვა "შიმი" ითვლება. ის ყველაზე ცოცხალი ცეკვაა. შექმნის თარიღად 1923 წელი ითვლება.

- ქვიქსტეპი?

- დიახ. გამორჩეულად რომელი ცეკვა გიყვარს?

- "ჩა-ჩა-ჩა" ხალისიანი ცეკვაა.

- რომელი მთების პატივსაცემად ეწოდა მთამსვლელობას ალპინიზმი?

- ალპების.

- რომელ მეფეზე წერდა ლეონტი მროველი "ამან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული"?

- დავითზე?

- ფარნავაზ მეფეზე. დაბოლოს, დაასრულე მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამი: "გემოვნებაზე არ დაობენ, მის გამო ერთმანეთს ლანძღავენ და..."

- ვერ დავასრულებ.

- "...და ომობენ".

თამუნა კვინიკაძე