როდის არ არის წიგნის მოპარვა დანაშაული? - გზაპრესი

როდის არ არის წიგნის მოპარვა დანაშაული?

მართალია, პროფესიონალთა გუნდში არასდროს მითამაშია, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობები კომპიუტერულ თამაშებში გამოვცადე და არცთუ ისე ცუდი შედეგი ვაჩვენე", - მითხრა, მსახიობმა, ანა სანაიამ და ჩემი გამოწვევა, ყოფილიყო "ერუდიტის" სტუმარი, სიამოვნებით მიიღო.

პრეამბულის მაგიერ

- ალბათ ჩემი პროფესიის ბრალია, რომ მწერლობაში ყველაზე მეტად დრამატურგია მიტაცებს. თანამედროვე დრამატურგების ახალ ნაწარმოებებზე ჩასაფრებული ვარ. ახალი პიესებით ვინტერესდები, არ მინდა, რამე გამომრჩეს. ვთვლი, რომ მსოფლიო დრამატურგიის მწვერვალი შექსპირია, საინტერესოა ჩეხოვის პიესებიც. ქართველებიდან კი გამორჩეულად კლდიაშვილისა და სამსონაძის შემოქმედება მიყვარს.

- აქტიური მკითხველი ხარ?

- ვცდილობ, აქტიური ვიყო. ამჟამად "თბილისურ ისტორიებს" ვკითხულობ. სამწუხაროდ, ავტორის გვარს ვერ ვიხსენებ. რომანებიც მომწონს, დეტექტივებიც, ნოველებიც, მთავარია, ტექსტმა გამიტაცოს, საინტერესო იყოს.

- წაკითხულ ნაწარმოებებს ხელახლა უბრუნდები?

- რა თქმა უნდა, ზოგიერთი ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული. საბავშვო ლიტერატურასაც ხშირად ვუბრუნდები. მაგალითად, "ბიძია თომას ქოხი", ჩემთვის დღესაც თავისებურად საინტერესოა, ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლებზე რომ აღარაფერი ვთქვა.

- წიგნი მოგიპარავს?

- კი, ერთი ოჯახიდან "ტომ სოიერის თავგადასავალი" წამოვიღე. მერე დავაბრუნე, მაგრამ... ერთმა ლექტორმა მასწავლა, ისეთი ოჯახიდან წიგნის წამოღება, სადაც არავინ კითხულობს, დიდი დანაშაული არ არისო. რაღაცნაირად, ეს განწყობა გამომყვა.

- წიგნის კითხვის დროს გიტირია?

- ისე გულამოსკვნით მიტირია, ამოსუნთქვა გამჭირვებია. განსაკუთრებით, ავტობიოგრაფიებზე მეტირება, თანაგანცდის მომენტია. გული იოლად მიჩუყდება, ფილმის ნახვისასაც არაერთხელ მიტირია.

- კარგი მეხსიერება გაქვს?

- კი. ზოგჯერ კითხვის დროს მიჩნდება სურვილი, რომ ნაწარმოები არასდროს დასრულდეს. ასეთ წიგნებს ვიზოგავ და ცოტ-ცოტას ვკითხულობ. ზოგიერთის წაკითხვისას კი ღამე ვერ ვიძინებ. უელბეკის, მარკესის შემოქმედება ძალიან მომწონს.

- პოეზია? ვიცი, ლექსებს თავადაც წერ.

- ო! პოეზია არის ის, რაც არ ვიცი, რა რა არის. გიორგი კეკელიძის ლექსების მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმიც მაქვს გადაღებული.

- თეატრში აქტიურად ხარ დაკავებული, ეკრანზე აღარ ჩანხარ...

- ხან თეატრში ვიქნები, ხან ეკრანზე გამოვჩნდები. აქ მეტად დაკავებას ვაპირებ. ახლახან ირანულ ფილმში გადამიღეს, ფილმი კანის ფესტივალზე იქნება ნაჩვენები.

- წარმატებებს გისურვებ, ახლა კი დროა, კითხვარზე გადავიდეთ.

- ცოტათი დამინდე.

- 1919 წელს, კიევში სოლოვცოვის თეატრში მარჯანიშვილის მიერ დადგმული ლოპე დე ვეგას დრამა "ცხვრის წყარო" საბჭოთა თეატრის ისტორიაში შევიდა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. რატომ?

- 1919 წელს? მგონი პირველი საბჭოთა სპექტაკლი იყო, არა?

- დიახ.

- მარჯანიშვილი სამშობლოში რომ დაბრუნდა, უკვე ვარსკვლავი იყო.

- ის გალაკტიონის მუზა იყო. 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა.

- მერი შერვაშიძე.

- რა ერქვათ ძველ საბერძნეთში მხატვრებს, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ?

- არ ვიცი.

- პორნოგრაფები.

- მართლა? პირველად გავიგე და აწი მეცოდინება.

- მისი ფერები ყოველთვის ერთი თანამიმდევრობით ლაგდება: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იისფერი. რაზეა ლაპარაკი?

- ცისარტყელაზე.

- "ბედი იმისია, ვინც ძლიერია, ძლიერი კი მარტო მცოდნე კაცია". - ვინ არის ამ ცნობილი გამონათქვამის ავტორი?

- თუ არ ვცდები, ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის.

- ნამდვილად ასეა. ამ ცხოველის სმენა ადამიანის სმენას 4-ჯერ აღემატება, ხოლო ყნოსვა - 37-ჯერ. რომელ ცხოველზეა ლაპარაკი?

- ძაღლზე, არა?

- დიახ. ახლა გამოცანას გეტყვი: ქალი და კაცი გზაზე მიდიან, მათ ვიღაც დაემგზავრება და ჰკითხავს, - ერთმანეთის რა ხართო? ქალი უპასუხებს, - ამ კაცის დედა ჩემი დედის დედამთილიაო. გამოიცანი, ვინ არიან ერთმანეთისთვის ქალი და კაცი?

- (ფიქრობს) მამა-შვილი არიან.

- გოგოლი, დოსტოევსკი, შევჩენკო, ნეკრასოვი. ჩამოთვლილი მწერლებიდან რომელი იყო პროფესიონალი მხატვარი?

- ნეკრასოვი.

- ცდები. სწორი პასუხია შევჩენკო. რომელი ღვთაების პატივსაცემად ეწყობოდა ძველ საბერძნეთში ოლიმპიური თამაშები?

- ზევსის.

- რომელ დარგში არ გაიცემა ნობელის პრემია?

- არ ვიცი.

- მათემატიკაში.

- რატომ? ამ დარგში ვეღარ ვვითარდებით?

- ამბობენ, ნობელს ცოლი წაართვა კაცმა, რომელიც პროფესიით მათემატიკოსი იყოო.

- გამოდის, რომ ნობელმა შური იძია?

- თავდაპირველი მნიშვნელობით ეს ტერმინი ტყავის ტომარას ნიშნავდა, ინგლისის ხაზინის კანცლერი ქვეყნის პარლამენტის წინაშე, მოსალოდნელი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ მოხსენების დროს, ამ ტყავის ტომრით ხელში წარდგებოდა. მასში საფინანსო დოკუმენტები ეწყო. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და დამკვიდრდა, როგორც ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი. რომელ ტერმინზეა ლაპარაკი?

- ბიუჯეტი.

- რომელი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი?

- ქუთაისთან ახლოს.

- უფრო კონკრეტულად?

- წყალტუმბოს რაიონს უნდა ეკუთვნოდეს. რამდენიმე დღის წინ ვიყავი სათაფლიაში და ძალიან მომეწონა.

- "39 საფეხური", "რებეკა", "ჩიტები", "ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა", "ფსიქო". ვინ არის ამ ფილმების რეჟისორი?

- ალფრედ ჰიჩკოკი.

- იმ დღეს, როცა მწერალთა სახლიდან შალვა დადიანის ცხედარი გამოასვენეს, ერთი პოეტის ცხედარი დაასვენეს. დაასახელე ეს პოეტი.

- ვერ დავასახელებ.

- გალაკტიონ ტაბიძე. რომელ სოფელში დაიბადა იგი?

- ვანის რაიონში, დედას გეფიცები, სოფლის სახელი ვიცი, მაგრამ (ფიქრობს) ჭყვიში.

- "ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან". რომელი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ნოდარ დუმბაძე.

- ბეღურას მეტი კისრის მალა აქვს თუ ჟირაფს?

- არ მითხრა, ბეღურასო და არ გადამრიო.

- მე გეკითხები და შენ უნდა მიპასუხო.

- ბეღურას აქვს ალბათ, თორემ ამ შეკითხვას არ დამისვამდი. რა საოცრებაა.

- ამერიკაში მის სახელს 7 მთა, 8 მდინარე და უამრავი დასახლებული პუნქტი ატარებს. ვის სახელს?

- ვაშინგტონის.

- რომელი მეფის დროს მოხდა ბასიანის ბრძოლა?

- თამარ მეფის დროს.

- ამ ფილმის სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილია, მონაწილეობენ დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე, მზია მაღლაკელიძე, ზურაბ ქაფიანიძე. გადაღებები ერწოს ტბაზე მიმდინარეობდა, პრემიერა 1968 წელს შედგა. დაასახელე ფილმი და მისი რეჟისორი.

- მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი".

- რა ჰქვია ვაშლის არაყს?

- ჭაჭა და რახი გამიგია, მაგრამ ვაშლის არაყს რას ეძახიან, არ ვიცი.

- კალვადოსი. რა ერქვა თავდაპირველად შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტრაგედიას - "რომეო და ჯულიეტა"?

- უი, სხვა სახელი ერქვა? ვერ ვიხსენებ.

- "ჯულიეტა და რომეო". რამდენ ხანს გრძელდებოდა ტროას ომი?

- 10 წელი.

- რომელ ნაწარმოებშია აღწერილი ბოლო 54 დღე?

- ჰომეროსის "ილიადაში".

- ამ მომღერლებიდან რომელზე ჰქონდათ ეჭვი, რომ მაფიასთან იყო კავშირში: ლუი არმსტრონგზე, რეი ჩარლზზე, ელვის პრესლიზე თუ ფრენკ სინატრაზე?

- ფრენკ სინატრაზე.

- როცა აინშტაინი 72 წლის გახდა, ამ დღის აღსანიშნავად ფოტო გადაუღეს, რა გააკეთა მან როცა კადრში მოხვდა?

- ენა გამოყო, ეს ცნობილი ფოტოა.

- ვიცით, რომ "თავისუფლების ქანდაკება" ამერიკელებს ფრანგებმა აჩუქეს. ვინ გამოიყენა მოდელად მოქანდაკე ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდიმ?

- იმ პერიოდის რომელიმე ცნობილი მოდელი? არ ვიცი.

- საკუთარი დედა. რა ერქვა ჯანი როდარის ცნობილი ზღაპრის გმირს?

- ჩიპოლინო.

- ხელოვნების რომელი დარგის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული ფენ კლუბში?

- მწერლები.

- ვინ არის საქართველოს ჰიმნის ტექსტის ავტორი?

- დათო მაღრაძე.

- რა ერქვა ბიბლიური ისააკის მამას?

- არ ვიცი.

- აბრაამი. იოჰან სებასტიან ბახს, როგორც კომპოზიტორს, ქვეყანა იცნობს. ის არა მარტო ქმნიდა მუსიკას, კარგი შემსრულებელიც იყო, მაგრამ არანაკლებ სახელგანთქმული იყო სხვა სფეროშიც და ამ გატაცების შესახებ წიგნიც კი დაწერა. რით იყო ბახი გატაცებული?

- ვერ გიპასუხებ.

- ბანქოს თამაშით. კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგებში, წერენ წერილებს და არც ქურდობას ერიდებიან. რაზეა ლაპარაკი?

- არ ვიცი.

- ავტოგრაფებზე.

- ავჩქარდი, უნდა გამომეცნო.

- ჟორჟ სიმენონი - კომისარი მეგრე, არტურ კონანდოილი - შერლოკ ჰოლმსი... რომელი ლიტერატურული გმირი უკავშირდება აგატა კრისტის სახელს?

- ერიკიულ პუარო.

- დაბოლოს, დაასრულე უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: "როცა მიზნის მიღწევა გსურთ, ნუ ეცდებით, იყოთ..."

- ლაჩრები.

- "...დელიკატური და გონიერი".

თამუნა კვინიკაძე