მარიშკა ჯავახაძე: ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ადამიანების გულგრილობასა და ემპათიის განცდის ნაკლებობას გამოვყოფ - გზაპრესი

მარიშკა ჯავახაძე: ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ადამიანების გულგრილობასა და ემპათიის განცდის ნაკლებობას გამოვყოფ

ამ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ლეკვის წამების ფაქტმა ბევრი ადამიანი შეაძრწუნა. გამონაკლისი არც "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი - მარიშკა ჯავახაძე ყოფილა, რომელიც ცხოველების მიმართ განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულებით გამოირჩევა და შეძლებისდაგვარად, მათ დახმარებას ცდილობს... რა არის ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემა და როგორ შეიძლება, გადაიჭრას ესა თუ ის საკითხი, ამ თემებთან დაკავშირებით, მარიშკა საკუთარ თვალსაზრისზე გვესაუბრა:

- ბევრი რამ მაწუხებს, მაგრამ ადამიანების გულგრილობასა და ემპათიის განცდის ნაკლებობას გამოვყოფ. მგონია, რომ ყველა დანარჩენი პრობლემა, რაც მაწუხებს - ბავშვებზე, მოხუცებზე, ცხოველებზე ძალადობა, ადამიანების გულგრილობითაა გამოწვეული. ბევრ რაღაცას მთავრობისგან ვითხოვთ, როცა პატარ-პატარა რაღაცების მოგვარება მთავრობის გარეშეც შეგვიძლია.

- როგორ ფიქრობთ, საზოგადოების გულგრილობის მიზეზი რა არის?

- საერთოდ, არა მგონია, რომ გულგრილი ერი ვართ. უბრალოდ, ძალიან ბუნებრივია, როდესაც ადამიანი თავისი პრობლემებითაა დაკავებული, რომ სხვის მიმართ ემპათიის განცდა ვეღარ უჩნდება.

- თქვენს გულისწყრომას როგორ გამოხატავთ ხოლმე?

- ძირითადად, არ გამოვხატავ, თუ ძალიან საჭირბოროტო საკითხი არ არის. სოციალურ ქსელში ვინც ჩემი "ფოლოვერია", ყველამ კარგად იცის, რომ ცხოველების მიმართ გამოჩენილ სისასტიკის ფაქტს ყოველთვის საჯაროს ვხდი და ამ საკითხის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას ხმამაღლა გამოვხატავ, რადგან მგონია, რომ ამ თემაზე რაც უფრო მეტს ვილაპარაკებთ, საქმე მით უფრო წინ წავა და რაღაცები შეიცვლება...

- ასე რატომ იქცევით? გულგრილობა ხომ პრობლემად დაასახელეთ?

- მე სხვების გულგრილობა მაწუხებს. თავს გულგრილ ადამიანად არ მივიჩნევ, პირიქით - ვცდილობ, რომ ყველა პრობლემა თავად ან ჩემი მეგობრების დახმარებით მოვაგვარო. გულგრილობას ნამდვილად ვერ დავიბრალებ, თუმცა საჯაროდ ვერ გამოვალ და სხვას ვერ მოვთხოვ - გულგრილი ნუ ხარ-მეთქი.

- სოციალურ ქსელში თქვენს საჯაროდ გამოსვლას რაიმე შედეგი თუ მოჰყოლია?

- მგონია, რომ - კი, რადგან ხშირად არის შემთხვევა, როდესაც საზოგადოება ერთ მუჭად იკვრება და უსამართლობის წინააღმდეგ ყველა ერთად იბრძვის, მაგალითად - სოციალურად დაუცველის ან ცხოველის დასახმარებლად. ზუსტად ამიტომ მგონია, რომ შეიძლება, ნოტაციები კი არ იკითხო, არამედ - საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდო. როდესაც ამა თუ იმ პრობლემის შესახებ, საზოგადოების ინფორმირების პლატფორმა გაქვს, აუცილებლად უნდა გამოიყენო.

- დღესდღეობით, ერთ მუჭად შეკვრა ყველაზე მეტად რომელი პრობლემის დასაძლევად გვჭირდება?

- პირველ რიგში - სოციალური პრობლემების. სახელმწიფო როგორი მდიდარიც არ უნდა იყოს, ქველმოქმედება ყოველთვის აქტუალური საკითხია ანუ ყველაფერს სახელმწიფოს კისერზე ვერ დაკიდებ. შესაბამისად, ქველმოქმედება ძალზე მნიშვნელოვანია და ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ამის ნაკლებობაა.

- ხშირად ქველმოქმედება ერთჯერადი სახისაა და რეალური პრობლემის დაძლევის საშუალებას ვერ იძლევა.

- რა თქმა უნდა, ამ პრობლემას ქველმოქმედი ადამიანები ვერ მოაგვარებენ. ეს უკვე სახელმწიფოს პრეროგატივაა, მისი პასუხისმგებლობა. ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი სოციალური მდგომარეობით ერთი საფეხურით მაინც მაღლა დგანან და სხვებს როგორც შეუძლიათ, ისე ეხმარებიან, შეიძლება, სოციალურად დაუცველს სამსახური ვერ უშოვონ, მაგრამ ერთჯერად დახმარებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს...

- გულგრილობის, ემპათიის უქონლობის გარდა, ყველაზე მეტად რა კონკრეტული საკითხი გაწუხებთ?

- ალბათ, ბევრს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ცხოველთა დაცვის მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან სავალალო სიტუაციაა. სულ ცოტა ხნის წინ, უმძიმესი ფაქტი მოხდა - გლდანში ლეკვი აწამეს. ასეთ ფაქტებს უკვე ლამის ყოველდღიური სახე აქვს - ცხოველები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან. ჩემ მიმართ პრეტენზიები ხშირად მესმის - რა დროს ცხოველებია, ხალხი არ გებრალებაო? ჩემთვის ეს არგუმენტები არ არის - ჯაჭვური რეაქციაა, რადგან ნებისმიერი ადამიანი - მოზარდი თუ ბავშვი, ვინც ცხოველს აწამებს, პოტენციური მკვლელია. თუ ხედავ, რომ შენი შვილი ცხოველს ჩაგრავს და ამაზე ხმას არ იღებ, აქ უკვე აღზრდისას დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომასთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი მძიმე საკითხია და რა თქმა უნდა, გამოსავალი კანონის დამძიმება იქნება.U დღეს ცხოველის მკვლელობისთვის სასჯელი ისეთი მსუბუქია (200-ლარიანი ჯარიმა), რომ ალბათ, დანაშაულის ჩამდენებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით.

- როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ამ კანონს საქართველოში თითქოს მხოლოდ ფორმალური სახე აქვს?

- არ ვიცი. ამაზე მეც ხშირად მიფიქრია. სამართალდამცავებს ნამდვილად ვერ დავაბრალებ, რომ ცხოველთმოძულეები ან კაცთმოძულეები არიან, პირიქით - მათ დიდ პატივს ვცემ, განსაკუთრებით - პატრულის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველთვის დამხმარებიან. უბრალოდ, "მესამე დონის", განვითარებად ქვეყნებში ცხოველთა უფლებები იმ დონეზე არ არის აყვანილი, რა დონეზეც უნდა იყოს, რადგან თვითონ ადამიანების უფლებების მხრივაც ძალიან სავალალო სიტუაციაა.A ამიტომ ცოტათი წარმოუდგენელია, ცხოველთა უფლებების დაცვა მოითხოვო, როცა ადამიანების უფლებებსაც არ იცავენ, თუმცა რატომღაც მგონია, რომ თუკი "ზემოდან", მაღალი ეშელონებიდან (მაგალითად - პრემიერ-მინისტრისგან) იქნება დავალება, რომ ამ საქმეს მიხედონ, აუცილებლად მიხედავენ. მთავარია, პარლამენტმა ეს კანონი გაამკაცროს.

- როცა 14 წლამდე ასაკის ბავშვის მიერ ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს საქმე, თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი?

- ამ შემთხვევაში, ალბათ, სოციალურმა მუშაკებმა უნდა გამოიკვლიონ, ამ ბავშვების ოჯახებში როგორი სიტუაციაა, რადგან გამორიცხულია, 14 წლამდე ბავშვმა ეს ჩაიდინოს, თუ Uმას რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არა აქვს ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არაა თავად, ან - ვინმეს არ ჰბაძავს... შესაბამისად, საქმეში უნდა ჩაერთონ: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სოციალური მუშაკები და ა. შ.

- ცხოველის მიმართ ძალადობის ფაქტს პირადად შესწრებიხართ?

- ალბათ, ბავშვობაში, ვინც სოფელში დასასვენებლად წასულა, ყველა შესწრებია - ბაყაყს რომ ბერავენ... გააზრებულ ასაკში მსგავს ფაქტს არ შევსწრებივარ, თუმცა ცხოველთა დაცვის ჯგუფებში აქტიურად ჩართული ვარ. ცხოველზე ძალადობას რომ შევესწრო, ალბათ, ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ. ჩემთვის ეს იგივეა, რომ მცირეწლოვანი ბავშვის ცემას შევესწრო. ხომ გავგიჟდები?!. კიდევ, მინდა, რომ ერთ საკითხს გამოვეხმაურო: რუსთაველის ქუჩაზე ვცხოვრობ. იქვე 2 მოხუცი ბებო, რომელთაგან ერთი ალბათ, 80 წლისაა, მეორე კი - უფრო მეტის, მზესუმზირასა და ყვავილებს ყიდის. მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. გადაადგილებაც კი უჭირთ და მძიმე ტვირთს მოათრევენ - დილიდან ღამის 12 საათამდე ქუჩაში არიან. თუკი ამ ინტერვიუს მთავრობის წარმომადგენლებიდან ვინმე კითხულობს, მინდა, რომ მათ ხმა მივაწვდინო... ხალხს მივმართავ: ვინც რუსთაველზე მოხვდებით, ამ ბებოებს დაეხმარეთ ხოლმე...

ეთო ყორღანაშვილი