მსახიობი, რომელსაც ტელევიზორის ყურება არ უყვარს - გზაპრესი

მსახიობი, რომელსაც ტელევიზორის ყურება არ უყვარს

მსახიობი ანი ქურთუბაძე ახალ ქართულ სერიალში - "დიდი შესვენება" თამთა მასწავლებლის როლით გამოჩნდა. თუ როგორ მოხვდა სერიალში, როგორ მოირგო პედაგოგის ამპლუა და რატომ შეიცვალა ვარცხნილობა, ამაზე ანი თავად გვესაუბრა...

- სერიალში - "დიდი შესვენება" როგორ მოხვდით?

- სიმართლე გითხრათ, კასტინგზე არ ვყოფილვარ, რადგან წლებია, ამ გუნდთან ვთანამშრომლობ (სერიალები - "შუა ქალაქში", "ჩვენ გვერდით"...). ზაფხულში ირაკლი კაკაბაძემ დამირეკა - სერიალის გადაღებას ვაპირებთ და თუ გეცლებაო? სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მათთან მუშაობა ძალიან მიყვარს - ეს დიდი კომფორტია.

- უკვე იცოდნენ, რომ ინგლისურის მასწავლებლის როლს მოგარგებდნენ თუ მერე გადაწყვიტეს?

- თავიდანვე იცოდნენ, რომ მასწავლებლის როლი უნდა შემესრულებინა. რისი მასწავლებელი "ვიქნებოდი", ეს დიდად მნიშვნელოვანი არ იყო, რადგან "მთავარ ხაზად" სიმღერასთან კავშირი გვქონდა აღებული - მასწავლებელმა ბავშვებისგან ტრიო უნდა შექმნას: სიმღერებს წერენ, ჩემი გმირიც მღერის, მის მეგობრებს ხმის ჩამწერი სტუდია აქვთ...

- სერიალიდან - "შუა ქალაქში" თქვენი გმირის - თეკლას შესრულებული სიმღერები გვახსოვს. ეჭვი მაქვს, თამთა მასწავლებელი მსგავსი სტილის სიმღერებს არ შეასრულებს...

- არა (იცინის). სახუმარო სიმღერები არ იქნება. ჩვეულებრივი, უცხოური ქავერები გვექნება. ალბათ, შემდეგ ნელ-ნელა ქართულსაც შემოვიტანთ...

- სერიალში შექმნილი ტრიოს რეალურ ცხოვრებაში "ამუშავებასაც" ხომ არ გეგმავთ? ქართული სერიალების ისტორიაში მსგავსი შემთხვევა ყოფილა...

- ამაზე ჯერ არ გვიფიქრია, მაგრამ ეს ბავშვები ისე კარგად მღერიან და მათი ხმები ერთმანეთს ისე მოუხდა, რომ დიდი შანსია, ამ ყველაფრისგან რაღაც გამოვიდეს. ვნახოთ...

- თავადაც ხომ არ აპირებთ ამღერებას?

- საკუთარ თავს მომღერლად ვერ აღვიქვამ. მუსიკისა და დრამის თეატრში ვმუშაობ და სიმღერის დანაკლისს არ განვიცდი. მეგობრებთანაც სულ ვმღერი.

- მასწავლებლის როლი როგორ მოირგეთ?

- თავდაპირველად, როცა გავიგე, მასწავლებელი უნდა "ვყოფილიყავი", საკუთარი თავი პედაგოგის ამპლუაში ვერ წარმოვიდგინე. გადაღებები სამასწავლებლოშიც გვაქვს ხოლმე (ნამდვილ სკოლაში). რვეულებს, საკონტროლო ნამუშევრებს რომ გადავხედე, ცოტათი აზრზე მოვედი. მითი, რომ მასწავლებლები ტუალეტში არ დადიან, დამემსხვრა (იცინის). პედაგოგი ჩვეულებრივი ადამიანია. სხვათა შორის, ამ როლის მორგება რთული არ იყო.

- თქვენი გმირი - თამთა მასწავლებელი ძალიან მეგობრულია. მოზარდობის პერიოდში, თავად როგორი მასწავლებლები გყავდათ?

- მეექვსე სკოლა დავამთავრე. მიმაჩნია, რომ ეს სკოლა მასწავლებ]ლებისა და მოსწავლეების მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ჩემ გარშემო ვიღაცები ჰყვებიან - მასწავლებელი სახაზავით დადიოდა და თითებში გვირტყამდაო. მსგავსი რამ ჩემს სკოლაში არასოდეს მომხდარა. ექსკურსიაზეც კი ყველაზე უკეთ მასწავლებლებთან ერთად ვერთობოდით. ჩემი პედაგოგები ძალიან კარგად მახსენდება...

- ბავშვებთან, მოზარდებთან ურთიერთობა კარგად გამოგდით?

- კი. ბავშვებთან ისე კარგად ვერთობი, რომ დარწმუნებული ვარ, თავად ასე ვერ ერთობიან (იცინის). მათთან გართობა ყველაზე მეტად მიყვარს. არც გარდატეხის ასაკში მყოფებთან მაქვს პრობლემა, რადგან ძალიან უფროსი ასაკის მეც არ ვარ, რომ არ მახსოვდეს, მოზარდობისას როგორი ვიყავი. გარდატეხის ასაკში ადამიანს ყველაფერი გაღიზიანებს, გგონია, რომ უშნო ხარ... ვცდილობ, ყველაფერს მარტივად (და არა - ზედაპირულად) შევხედო. უაზრო სიღრმეებს არ ვეძებ იქ, სადაც საჭირო არ არის... მოკლედ, ურთიერთობა კარგად გამოგვდის.

- მოზარდობისას ქედმაღლური, აგდებული დამოკიდებულება გიგრძნიათ Aან იქნებ, თავად მოჰქცევიხართ ასე ვინმეს?

- ასეთი რამ ყველგან ხდება... ძალიან მეგობრული კლასი ვიყავით. დღემდე, ვინც ჩემი ახლო მეგობარია, ჩემი კლასელები არიან - დაახლოებით 15 გოგო ვმეგობრობთ. შეიძლება, ვინმეს მიმართ ქედმაღლური დამოკიდებულება მქონია ან ვინმეს ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ გამოუხატავს, მაგრამ ალბათ, ეს ისე იშვიათად ხდებოდა, რომ არ მახსოვს.

- სერიალის - "შუა ქალაქში" თქვენი კომიკური პერსონაჟიდან თამთა მასწავლებელს ხასიათს რაიმე თვისება ხომ არ "გამოჰყვა"?

- არა, არაფერი. თამთა ბევრად სერიოზული და დალაგებული ადამიანია. ისეთი ჭკვიანია, რომ მინდა ხოლმე, თეკლასთვის დამახასიათებელი რაღაც თვისებებიც ჰქონდეს, მაგრამ ალბათ, სწორედ ეს არის კარგი, რომ მსახიობმა სხვადასხვა სახე შექმნას. თეკლა მენატრება - სულელი გოგოს როლის თამაშსაც თავისებური ხიბლი აქვს.

- თქვენი ტელეგმირებიდან თქვენთვის ყველაზე საყვარელი რომელია?

- ალბათ, ისევ და ისევ - თეკლა, რადგან ყველაზე დიდხანს (რამდენიმე წელი) ვმუშაობდით.

- თქვენი ვარცხნილობის შეცვლა თამთას "ბრალია"?

- ჩემი "ბრალია" (იცინის). ვარცხნილობა შევიცვალე: მგონი, ცხოვრებაში პირველად, თმა მოკლედ შევიჭერი, ოღონდ, ძალიან მოკლედაც - არა (დაახლოებით ყურს ქვემოთ). გავრისკე, რადგან თმის შეჭრის უფლებას არც ტელევიზიებიდან მაძლევდნენ და თეატრშიც მეუბნებოდნენ, - არ შეიჭრა, გვჭირდებაო... წელს ბათუმში ვიყავი. ერთ-ერთ სალონში შევედი და თმა შევიჭერი. მას მერე 3-4 თვეა გასული. ეკრანზე უკვე გაზრდილი თმით ვჩანვარ. მოკლე ვარცხნილობით კმაყოფილი ვარ, რადგან ადვილი მოსავლელია, მაგრამ ალბათ, მაინც გავიზრდი (იღიმის).

- ამჟამად, თეატრში რაზე მუშაობთ?

- ახალ სპექტაკლზე, მაგრამ მითხრეს, რომ ჯერჯერობით ამაზე არ უნდა ვისაუბრო. რეპეტიციები ჯერ არ დაწყებულა...

- როგორ ფიქრობთ, თეატრს განათლებული, კომპეტენტური მაყურებლები სტუმრობენ?

- ვინც დღესდღეობით თეატრში მოდის, არა მგონია, "შენობაში გასათბობად" მოდიოდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეგ დროც ყოფილა... ჩემი აზრით, კომპეტენტური მაყურებლები არიან და რასაც უყურებენ, სწორად აღიქვამენ. ყველაზე მეტად, ბავშვი მაყურებლები მიყვარს, რომლებიც საახალწლო სპექტაკლებზე დასასწრებად მოდიან. ისინი ყველაზე გულწრფელები არიან. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, კულისებთან დგანან და გველოდებიან. ზუსტად ვიცი, რასაც ბავშვი მეუბნება, სწორი და მართალია.

- ეკრანულ პარტნიორ ბავშვებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- არაჩვეულებრივი. ძალიან საყვარელი და ნიჭიერები არიან. ისე ბუნებრივად თამაშობენ, თითქოს ზრდასრული ადამიანები არიან, რომლებმაც თეატრალური უნივერსიტეტი ან მაგალითად, კინოსკოლა დაამთავრეს. თამამად მუშაობენ. საერთოდ, ნიჭიერი თაობა იზრდება, ეს ბავშვები კი კიდევ უფრო განსაკუთრებულები არიან, რადგან კასტინგიდან შეარჩიეს.

- საერთოდ, ქართულ სერიალებს უყურებთ?

- არა. ტელევიზორს არ ვუყურებ. ერთადერთი, პროექტებზე - "ნიჭიერი", "X ფაქტორი" ვგიჟდები, ისე მიყვარს და ორშაბათის დადგომას ველოდები ხოლმე. სერიალებიდან არაფერს ვუყურებ. ვიცი, რომ მაგალითად, "ჩემი ცოლის დაქალები" ძალიან პოპულარულია და მასში ჩემი ბევრი მეგობარიც მონაწილეობს, მაგალითად - ნატა ბერეჟიანი. ყველაფრის მიუხედავად, ამ სერიალის ყურება ვერ დავიწყე. იმიტომ კი არა, რომ ცუდი ან კარგია? უბრალოდ, სერიალების და საერთოდ, ტელევიზორის ყურება არ მიყვარს.

- იმ სერიალებსაც არ უყურებთ, რომელშიც მონაწილეობთ?

- არა (იცინის). "დიდი შესვენების" პირველი სერიის რამდენიმე სცენას შევხედე, რომ აზრზე მოვსულიყავი. მას შემდეგ არ მინახავს...

ეთო ყორღანაშვილი