"გაცილებით უფრო საინტერესო ოცნებები მაქვს, ვიდრე ფულების ციდან ჩამოვარდნაა" - გზაპრესი

"გაცილებით უფრო საინტერესო ოცნებები მაქვს, ვიდრე ფულების ციდან ჩამოვარდნაა"

უდავოა, რომ მხოლოდ ფულს ბედნიერება არ მოაქვს, თუმცა ეს გულწრფელად მხოლოდ იმ ადამიანებს სჯერათ, ვინც ამ დასკვნამდე ფულის "მოყირჭებით" მივიდა და კიდევ, იმ ადამიანებს, რომელთაც დიდი ან თუნდაც, სოლიდური თანხა არასდროს ჰქონია... თუმცა, ფული ვერ გაგრძნობინებთ ნამდვილ ოჯახურ მყუდროებას, თუ ამ ოჯახში ერთმანეთის არ ესმით... პროფესიით იურისტი ოლიკო კობახიძე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ფულს უდიდესი ადგილი არ უჭირავს, თუმცა, გაცნობიერებული აქვს, რომ ის არსებობისათვის აუცილებელია და ამავდროულად, მიზნების მიღწევას გვიმარტივებს.

- ფული არ არის ჩემი ცხოვრების მოტივატორი, ის შეიძლება იყოს დამხმარე ფაქტორი... მატერიალური უზრუნველყოფა ბევრ რამეს ამარტივებს. ჩემი ცხოვრების მიზანი არამატერიალური სიკეთეების დაგროვებაა.

- როგორი გემო აქვს ფულს შენთვის, ტკბილი თუ უფრო მწარე?

- საკუთარი შრომით გამომუშავებულ ფულს ცხადია, ტკბილი გემო აქვს. როცა იცი, რომ გარკვეული სარგო შენი წვალებით, დამსახურებულად მიიღე, გიჩნდება თვითკმაყოფილების გრძნობა.

- როგორ ფიქრობ, ფული საზოგადოებრივ სტატუსს განსაზღვრავს?

- არ შეიძლება ადამიანის საზოგადოებრივი სტატუსი განისაზღვროს იმით, თუ ვის რამდენი თანხა ერიცხება საბანკო ანგარიშზე. ჩემთვის ის უფრო საინტერესო იქნება, თუ როგორ განვლო ადამიანმა ესა თუ ის გზა, რათა წარმატებისათვის მიეღწია. როგორ მოახერხა თავისი შესაძლებლობების სწორად დაბანდება. მატერიალური ყველაფერი წარმავალია, რჩება მხოლოდ ის საქმეები, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში ვახორციელებთ.

- შესაძლებელია თუ არა წარმატება ფულით მოიპოვო?

- წარმატების მიღწევის გზაზე, ფული შეიძლება აუცილებელ, დამხმარე ფაქტორად განვიხილოთ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ფულის გარეშე არ შეიძლება ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს. გააჩნია, რა სფეროში გეგმავ წარმატებას. მაგალითად, სტუდენტმა საკუთარ განათლებაში რომ დააბანდოს გარკვეული კაპიტალი და ისწავლოს იქ, სადაც მას წარმატების მიღწევის უფრო დიდი შანსი ექნება, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში სრულიად მართებული იქნება, თუ ვიტყვი, რომ წარმატების მიღწევა ფულით შესაძლებელია. ან თუნდაც, თუ საწყისი კაპიტალით წამოიწყებ ბიზნესს, რომლის სწორად მართვასაც შემდგომ შეძლებ და მიიღებ მოგებას, ეს უკვე წარმატებაა.

- პირველი ხელფასი რა ასაკში აიღე და თუ გახსოვს, რაში დახარჯე?

- პირველი ხელფასი 15 წლის ასაკში ავიღე, კულტურის სფეროსთან მქონდა ურთიერთობა. სიმართლე გითხრათ, საკუთარ ხელფასს ყოველთვის ჩემს განათლებას ვახმარდი, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

- მატერიალურად დამოუკიდებელი რა ასაკიდან ხარ?

- საქართველოში არსებული დაბალი შემოსავლებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საშემოსავლო მინიმუმი არ არსებობს, მატერიალურად 100%-ით დამოუკიდებელი საკმაოდ გვიან გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დასაქმებული ვიყავი, ან ვცდილობდი, ვყოფილიყავი.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- ყულაბა არ მქონდა, თუმცა ბავშვობაშიც ვახერხებდი თანხის სწორად გადანაწილებას და მოგროვებას. ვცდილობდი, ფული საჭირო რაღაცებში დამეხარჯა.

- ძირითადად, რაში ხარჯავ ფულს?

- თანხა ძირითადად საინტერესო კონცერტების, თეატრების ბილეთებში მეხარჯება... კიდევ წიგნებში, სიმბოლურ აქსესუარებში, სახლის ნივთებსა და დეკორაციებში, სტუდენტობის დროს კი ექსკურსიებში, მოგზაურობასა და ტრენინგებში ვხარჯავდი.

- ბევრ ფულზე თუ გიოცნებია? რას შეიძენდი საოცნებო თანხის ქონის შემთხვევაში?

- გაცილებით უფრო საინტერესო ოცნებები მაქვს, ვიდრე ბევრი ფულის ციდან ჩამოვარდნაა - ეს ფუჭი ოცნებაა. ადამიანმა ხელი უნდა გაანძრიოს და ბევრი თუ არა, საკმარისი ფული აუცილებლად ექნება. რაც შეეხება იმას, თუ რას შევიძენდი, აუცილებლად, ისევ საკუთარ განათლებაში დავაბანდები, ვინაიდან დავესესხები გურამიშვილს და ვიტყვი, რომ: "ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების". ცოდნა ის სიმდიდრეა, რომელსაც ვერავინ წაგართმევს და მეც მუდამ რაღაც ახლის შესწავლის სურვილი მკლავს. მახსოვს, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, არასოდეს შეწყვიტო სწავლაო.

- რამდენად შესაძლებელია ფულით სიყვარული და ბედნიერება შეიძინო?

- ბედნიერება და სიყვარული - ეს იმდენად ინდივიდუალური რამაა, რომ ცალსახად არ შემიძლია ვისაუბრო, რამდენად შეიძლება იყოს ფული ბედნიერების შემადგენელი კომპონენტი. თუმცა, ვფიქრობ, ბედნიერებისა და სიყვარულის არათუ შეძენაში, არამედ შენარჩუნებაში, ფული ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. რაც უნდა ქაღალდზე დაწერილ იდეალებს შევეჭიდოთ, ყოფით ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- საფულეში ფულს ყოველთვის ვაკონტროლებ. ვფიქრობ, პირადი ბუღალტერია ყველა ადამიანმა უნდა აწარმოოს. ეს გაცილებით ამარტივებს ცხოვრებას და ფულთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებაშიც გვეხმარება.

- შეიძლება, ბევრი ფული არ დახარჯო და მაინც კარგად გამოიყურებოდე?

- ეს ნამდვილად შესაძლებელია! სწორი კვება, ვარჯიში, მოწესრიგებული ძილის რეჟიმი, ბევრი ენდორფინი, სახეზე ღიმილი და პოზიტიური განწყობა, ეს ჩამონათვალი ნამდვილად უწყობს ხელს ადამიანის სილამაზეს და ამ ყველაფრისათვის სრულიადაც არაა საჭირო ბევრი ფული. მთავარია, საკუთარი თავი მიიღო ისეთი, როგორიც ხარ და თვითგანვითარებას შეუწყო ხელი.

- საკუთარი შემოსავლით ყველაზე ძვირად რა შეგიძენია?

- მუსიკალური ინსტრუმენტი.

- რაში ხარჯავ ფულს სიამოვნებით?

- წიგნები არის ის, რაშიც ფული არასოდეს მენანება. სტუდენტობის პერიოდში ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ უკანასკნელი თანხითაც კი წიგნი მიყიდია. ეს არ არის ერთგვარი ახირება, უბრალოდ, თითოეული წიგნი არის ჩემი ოცნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს ოცნება არის ჩემი სახელობის ბიბლიოთეკა.

- ოდესმე ფული თუ დაგიკარგავს ან გიპოვია?

- ფული არც არასოდეს დამიკარგავს და არც მიპოვია, თუმცა მჯერა, რომ დამეკარგა, აუცილებლად ვიპოვიდი ან პირიქით - დავაბრუნებდი; ვგრძნობ, არსებობს ერთგვარი ბალანსი, კანონზომიერება სამყაროში და ყოველი დანაკარგი რაღაც ახლის შეძენას მოასწავებს.

- ბავშვობაში ფულს გჩუქნიდნენ?

- მშობლები ხშირად მჩუქნიდნენ, ერთგვარი წახალისების სახით სკოლაში თუ სკოლის გარეთ მიღწეული წარმატებებისთვის.

- ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას თუ ახერხებ?

- საბედნიეროდ ვახერხებ, თუმცა ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარე საკუთარ თავზე, რათა გამომერკვია, თუ რამდენია ის მცირედი თანხა საქართველოს პირობებში, რომლითაც საშუალოდ ჩემი ასაკის ადამიანმა თვიდან თვემდე თავის გატანა უნდა შეძლოს და პირველადი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. რთული რეალობის წინაშე აღმოვჩნდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, რომელთა შემოსავალიც განისაზღვრება 400-500 ლარის ოდენობით, არიან სასწაულმოქმედები, ვინაიდან არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ შვილების შენახვასაც ახერხებენ. არსებული რეალობა დისკომფორტს მიქმნის და გული შემტკივა.

- რა შეიძლება დათმო ბევრი ფულისა და უზრუნველი ცხოვრების გამო?

- ჩვენ სწორედ იმისათვის ვირჯებით, რომ გვქონდეს უზრუნველი ცხოვრება, თავად ეს პროცესია ძალიან საინტერესო, გამოწვევებით, სირთულეებითა და თავგადასავლებით დატვირთული, ამ ყველაფრის ნაყოფიც ძალიან ტკბილია. ამისათვის ხშირად გვიწევს რაღაც დათმობებზე წასვლა, თუმცა ეს არასოდეს იქნება ჩემი მხრიდან ისეთი კომპრომისი, რომელიც საკუთარ პრინციპებზე, ბედნიერებასა და შინაგან კომფორტზე უარს მათქმევინებს. არ მინდა ისეთი ცხოვრება, თუკი ის ახალ ემოციებს, გამოწვევებსა და თავგადასავლებს არ მომიტანს.

- რა უჩუქებიათ შენთვის ყველაზე ძვირად ღირებული, რომელსაც ძალიან უფრთხილდები?

- ძვირფასი საჩუქრები ჩემთვის ფასით არ განისაზღვრება. ის, რაც ჩემთვის ძვირფასია, უბრალოდ, შეუფასებელია. მსგავსი საჩუქრებით ოჯახის წევრები მანებივრებენ ძალიან ხშირად. მათ მიერ გაკეთებული ნებისმიერი საჩუქარი ჩემთვის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. ასევე, ძალიან ვუფრთხილდები მეგობრების მიერ მოძღვნილ საჩუქრებსაც.

- არის მომენტები, როცა ფულის სესხება გჭირდება?

- არასოდეს მისესხებია ფული, ისევ ჩემი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე - ყოველთვის ვახერხებ თანხის გადანახვას და იმედი მაქვს, არასდროს აღმოვჩნდები ისეთ სიტუაციაში, როცა ფულის სესხება დამჭირდება.

- შენ თუ გაგისესხებია ფული?

- მე გამისესხებია შესაძლებლობების ფარგლებში. როდესაც ადამიანი შენთან სათხოვრით მოდის, ანუ შენი იმედი აქვს, თუ შესაძლებლობა გაქვს, აუცილებლად უნდა დაეხმარო.

- ხელფასიდან დანაზოგის გაკეთებას თუ ახერხებ?

- ხელფასიდან დანაზოგის გაკეთებას ნამდვილად ვცდილობ. მინდა, კიდევ არაერთი საინტერესო ქვეყანა მოვინახულო და ახალ-ახალ კულტურას გავეცნო.

სოფო ჭონიშვილი