დღე, რომელსაც ირინა ონაშვილი საკუთარი წარსულიდან სიამოვნებით ამოშლიდა - გზაპრესი

დღე, რომელსაც ირინა ონაშვილი საკუთარი წარსულიდან სიამოვნებით ამოშლიდა

"საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია. ცხოვრების დინებას მისთვის კომფორტულ და მისაღებ რიტმში მიჰყვება, სიჩქარე და უაზრო ფაციფუცი მისი სტილი არ გახლავთ. გარშემო მყოფები პასიურობის გამო საყვედურობენ. იმდენად რეალისტია, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ აჰყვება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მოდელ ირინა ონაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ვიდრე შენს ასტროპორტრეტზე ვილაპარაკებთ, მინდა შოუზე - "ორი ვარსკვლავი" გკითხო. შენი და გიორგის წყვილი ჟიურისა და მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს; შემდგარი მომღერალიც კი გიწოდეს. ამას ელოდი?

GzaPress- ადამიანების კეთილგანწყობას ბავშვობიდანვე მიჩვეული ვარ. ჩემთვის ყოველი თბილი სიტყვა დიდი სტიმულია. ვიდრე ამ პროექტში ჩავერთვებოდი, "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" მქონდა შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. ცეკვას ვერ შევძლებდი, ამ შემთხვევაში კი დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, გადაწყვეტილება მარტივად მივიღე და არც ვნანობ. სიმღერა ძალიან მიყვარს. აქ საქმეს ყველა პროფესიულად უდგება, მე კი მგონი, ჩემი თავი აღმოვაჩინე.

- რას გულისხმობ?

- არ მეგონა, ქართული სიმღერის შესრულებას ისე თუ შევძლებდი, როგორც გამომივიდა. ამ ტურის ყველაზე მეტად მეშინოდა. გამოუსწორებელი კომპლექსიანი ვარ. მეგონა, ცოტათი გავთამამდებოდი, მაგრამ...

- რისი კომპლექსი გაქვს?

- არ ვიცი, სახელი ვერ დამირქმევია, შებოჭილობა მჭირს. სახლში, მეგობრებთან, დაბადების დღეებზე უფრო მეტად გახსნილი ვარ, ვცეკვავ, ვერთობი, მაგრამ სცენაზე გავდივარ თუ არა, ჩემი სითამამე სადღაც იკარგება, რაც ძალიან არ მომწონს. ადრე ხმის ბოლომდე ამოშვების კომპლექსიც მქონდა.

- ოჯახის წევრებისგან როგორ შეფასებებს იღებ?

- რა თქმა უნდა, მგულშემატკივრობენ, მაგრამ თან - მსაყვედურობენ. მათ ხომ იციან, სინამდვილეში როგორი ვარ და რა შემიძლია?! ჰოდა, ბრაზობენ, - სცენაზე რომ გადიხარ, რა გემართებაო?

- ლადო (მეუღლე ლადო ვარძელაშვილი) კონცერტებს ესწრება?

- არა, ჩემს გამოსვლებს სხვა კონცერტებზეც არასდროს დასწრებია. ამ დროს სახლში ზის და ტელევიზორს გადარეული უყურებს. მეუბნება, აუტსაიდერებში რომ გნახო, ისე ვინერვიულებ, გული გამისკდებაო. საბაც მიყურებს, მაგრამ ჯერ ვერ აცნობიერებს, რა ხდება. დედაჩემს ეუბნება: "ინინას ვუყურებო".

- ასტროლოგიის გჯერა?

- ყურადღებას დიდად არ ვაქცევ. ვიცი, რომ ხარის წელში ვარ დაბადებული. ხარი მშრომელია.

- ეს თვისება შენს ხასიათშიც არის?

- თუ მუშაობა დავიწყე, ახალი პროექტი წამოვიწყე, ყველა დეტალს დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. რომ ვთქვა, - მთელი ცხოვრება მუხლჩაუხრელად ვშრომობ-მეთქი, ტყუილი იქნება. ზარმაცი ვარ. რომ არა ეს თვისება, შეიძლება, უფრო მეტისთვის მიმეღწია.

- მიზანსწრაფული არ ხარ?

GzaPress- ზომიერად. ზოგჯერ სიზარმაცე მძლევს, მაგრამ საქმეს ხელს თუ მოვკიდებ, ხარისხიანად ვაკეთებ.

- "ყოველთვის მუყაითად შრომობს, თავის საქმეს სხვას არასდროს გააკეთებინებს", - ვკითხულობთ შენი ნიშნის დახასიათებაში.

- ჩემი საქმის სხვისთვის გადაბარება მართლა არ მჩვევია. ზოგჯერ იმ საქმესაც ვაკეთებ, რომელიც ჩემს მოვალეობაში არ შედის.

- "გარშემო მყოფები პასიურობის გამო საყვედურობენ".

- მართალია, სულ მსაყვედურობენ: რატომ არ გვირეკავ? რატომ არ გამომიარე? ჩემთვის როგორ ვერ მოიცალე?

- "ცხოვრების დინებას მისთვის კომფორტულ და მისაღებ რიტმში მიჰყვება, სიჩქარე და უაზრო ფაციფუცი მისი სტილი არ გახლავთ".

- მშვიდი და იმდენად უკონფლიქტო ვარ, შემიძლია, წყენა გადავყლაპო. ჩხუბი არ მიყვარს.

- "რომანტიკას არ სწყალობს. მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება. სამაგიეროდ, სტაბილური და მუდმივია".

- (იცინის) ჩემი და ლადოს ურთიერთობას რომანტიზმი მართლა აკლია. ვერ ვიტყვი, სულ იმაზე ვფიქრობთ, ერთმანეთს როგორი სიურპრიზი მოვუწყოთ-მეთქი. შეიძლება, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ უცნაური ხასიათი მაქვს. გოგონებს მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც მათ თავბრუს ახვევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რჩეულის გული მოიგონ. მე კი ლადო იმიტომ მომეწონა, რომ მსგავსი არაფერი გაუკეთებია. ჩვეულებრივად იქცეოდა.

- მიიჩნევ, რომ ამ დროს კაცები თამაშობენ?

- რა გასაკვირია, რომ რაღაც დოზით თამაშობენ კიდეც?! რომ მკითხო, - საჩუქრებსაც არ გიძღვნიდაო? გიპასუხებ: ვერ ვიხსენებ, ვიდრე ცოლად გავყვებოდი, რაიმე მაჩუქა თუ არა-მეთქი.

- შენც არ აქტიურობდი?

- რატომ უნდა მეაქტიურა? მაგრამ არც ის მესმის, ადამიანი თუ გიყვარს, მისკენ პირველი ნაბიჯი ქალმა რატომ არ უნდა გადადგას? ხომ შეიძლება, დაურეკოს, მესიჯი მისწეროს. ქედმაღალი არ ვარ, მაგრამ არასდროს არც ერთ ბიჭთან არ მიაქტიურია. როცა ადამიანთან ურთიერთობას მეგობრობით იწყებ, მის შესახებ ბევრი რამ იცი. მე და ლადო გაცნობიდან 8 თვეში დავოჯახდით.

- ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდით...

- არ ვმალავდით. უბრალოდ, ჟურნალისტები იმ დროს მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, თქვენს შორის რა ხდებაო? როცა მართლა მხოლოდ მეგობრები ვიყავით და რა უნდა მეპასუხა?

- კომპრომისზე ხშირად მიდიხარ?

- მარტივად ვერ ვთმობ. მინდა თუ არა, სიკეთეც და ბოროტებაც მამახსოვრდება. ბოღმა ვარ, ალბათ (იცინის).

- დაასახელე დღე, რომელსაც შენი ცხოვრებიდან სიამოვნებით ამოშლიდი.

- დავასახელებ იმ დღეს, როცა ჩვენს ოჯახში ტრაგედია მოხდა. სამწუხაროდ, შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არის. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ეს ტკივილი მუდმივად დარჩება.

- ის ბინა გაყიდეთ, არა?

- კი. ბინის გაყიდვას მანამდეც ვაპირებდით.

- გარდაცვლილის ოჯახთან ურთიერთობა გაქვთ?

GzaPress- რა თქმა უნდა, ლადო მათ ყურადღებას აქცევს.

- ლადო ამჟამად რას საქმიანობს?

- უმუშევარია.

- "საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".

- არა, რას ამბობ, მარტო რომ ვრჩები, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვურეკავ, - მოდით-მეთქი. მარტო ყოფნა კი - არა, განმარტოებაც არ მიყვარს, ასეთ დროს ისტერიკა მემართება.

- "არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".

- რეალისტი ვარ. ცაში ფრენა არ მჩვევია.

- "იმდენად რეალისტია, ილუზიებს შეყვარებულიც კი არ ჰყვება".

- მართალია.

- ეგოისტი ხარ?

- ვაღიარებ, ცოტათი ეგოისტი ვარ.

- "ცვალებადი ნიშნების კატეგორიას განეკუთვნება".

- ხასიათი ხშირად მეცვლება, მაგრამ განწყობა ყოველთვის სახეზე მაწერია. სიმღერის დროსაც კი რომელიმე ნოტს არასწორად თუ ავიღებ ან გიორგის შეეშლება რაიმე, ეგრევე "ვილეწები". არ მინდა შევიმჩნიო, მაგრამ თამაში არ გამომდის. ადამიანებთან ურთიერთობაშიც ასე ვარ. თუ პიროვნება არ მომწონს, შეხვედრის დროს ვერ მივესიყვარულები და ვერ ვეტყვი, რომ მისი ნახვა ძალიან გამიხარდა.

- "ჩვევად აქვს, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს".

- უი, არა! ვინმე ეგეთი თუ შემხვდება, მას ვაკრიტიკებ და თავად ეგრე როგორ მოვიქცევი?!

- როცა სხვა გაკრიტიკებს...

- თუ დამსახურებულია, ვუსმენ და ვიღებ. სასარგებლო დარიგებებიც მომისმენია. როცა კრიტიკის დროს გადაჭარბება ხდება, ასეთ დროს მოსმენაც კი გამაღიზიანებელია.

- "მისი მისწრაფებაა ყველაფერი იდეალურად ან იდეალურთან მიახლოებულ ხარისხში აკეთოს".

- ამიტომაა, რომ საკუთარ საქმეს სხვას არასდროს ვანდობ.

- "ქალწული ლიდერად არ იბადება".

- მართალია, ლიდერის თვისებები არ მაქვს. წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემგან უფროსი, მმართველი არასდროს დადგება. როგორც კი ხვდებიან, როგორი ხასიათი მაქვს, ჩემი აღარაფერი ესმით. ჩემი სიტყვა რომ კანონი იყოს, თვალების ბრიალი და სიმკაცრე არ გამომდის. სამაგიეროდ შემიძლია, სამსახურში დამლაგებელს დავეხმარო იატაკის დაგვაში და მოხეხვაში. უმეტეს შემთხვევაში, ჩემი ეს ხასიათი უკან ცუდად მიბრუნდება. ჩემს შენიშვნასაც აღარავინ ითვალისწინებს. საკუთარ თავს ვსაყვედურობ: ირინა, ცოტათი დისტანცია დაიკავე, მეტი სიმკაცრე გამოიჩინე-მეთქი, მაგრამ ვერა და ვერ გამოვსწორდი.

თამუნა კვინიკაძე