ჩინეთის პრინცესა და მისი ხელის სათხოვნელად მისული პრინცების ბედი - გზაპრესი

ჩინეთის პრინცესა და მისი ხელის სათხოვნელად მისული პრინცების ბედი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ, კარლო გოცისა და ფრიდრიხ შილერის კლასიკური პიესა - "პრინცესა ტურანდოტის" მისეული, განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის მცირე სცენის ახალ სპექტაკლში გამოყენებულია თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ელემენტები, მუსიკალური ნომრები და სიმღერები მსახიობების შესრულებით, კარაოკე, რაც ფერადი დეკორაციებითა და კოსტიუმებით გამორჩეული წარმოდგენის მსვლელობისას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ აფიშაზე 8+-ია მითითებული, 22 ნოემბრიდან რეჟისორი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ყველა თაობის მაყურებელს აღმოსავლეთ აზიის ზღაპარში ამოგზაურებს.

ჩინეთის ფერად სამყაროში მცხოვრები მეფე ქალიშვილის გათხოვებაზე ოცნებობს, პრინცესა ტურანდოტი კი მისი ხელის სათხოვნელად გამოცხადებულ პრინცებს რთულ გამოცდას უწყობს, მაგრამ გამოჩნდება ის ერთი, ვინც გამარჯვებული გახდება და აღნიშნულ ზღაპარსაც კეთილი ფინალი აქვს.

წარმოდგენის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის, ქორეოგრაფია - გია მარღანიას, კოსტიუმების მხატვარი ეკატერინე კახაშვილია, სპექტაკლი მუსიკალურად ზურაბ ინგოროყვამ გააფორმა. მასში მონაწილეობენ: თამარ ტყემალაძე, მამუკა ბოგვერაძე, დავით ხახიძე, ირაკლი გოგოლაძე, სერგო შვედკოვი, ვასილ ამურველაშვილი, ლევან გვაზავა, ბადრი გვაზავა, ნინო ლორთქიფანიძე, სალომე წურწუმია, სოფო ახუაშვილი და რატი გოგუაძე.

- გურამმა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 2014 წელს "სამეფო ძროხა" დადგა, სადაც თქვენ მთავარ როლს ასრულებთ. როგორც ვიცი, ამ რეჟისორთან "პრინცესა ტურანდოტი" თქვენი მეორე ნამუშევარია...

თამარ ტყემალაძე:

- დიახ, გურამს პირველად მაშინ შევხვდი, როცა მან მოზარდ მაყურებელთა თეატრში "სამეფო ძროხა" დადგა. ნაყოფიერი და კარგი ნამუშევარი გამოვიდა, სპექტაკლი მას შემდეგ აქტიურადაა რეპერტუარში. როცა ახალი ინიციატივით მოვიდა და მითხრა, რომ ტურანდოტი მე უნდა ვყოფილიყავი, ძალიან შემეშინდა. თავიდან ვიფიქრე, ხომ არ მეხუმრება-მეთქი? ძროხიდან ტურანდოტამდე გზა როგორ უნდა გამევლო, ვერ წარმომედგინა. ჩემთვის, თამარ ტყემალაძისთვის მთავარი სირთულე ის იყო, რომ პრინცესა უნდა მეთამაშა. თეატრში არსებობს ერთგვარი დოგმა, რომ პრინცესა აუცილებლად 18-20 წლის უნდა იყოს და ჰქონდეს თავისი გარეგნული სტანდარტები. ბავშვი სწორედ ასეთ პრინცესას ელის სცენაზე, მე კი არც 18 წლის ვარ, არც გარეგნულად ვგავარ პრინცესას და ალბათ ეს იყო ჩემთვის რთული. ვეცადე, ისეთი სახე შემექმნა, რომ ვყოფილიყავი ტურანდოტი, რომელიც არცთუ ისე კარგი პრინცესაა. ის შილერისა და გოცის მიხედვით თავებს აჭრის მისი ხელის სათხოვნელად მოსულ პრინცებს. ბავშვისთვის რთულად აღსაქმელი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ სპექტაკლში ეს შევცვალეთ და თავის მოჭრის ნაცვლად, პრინცები თავს კარგავენ. მგონია, მეტ-ნაკლებად შევძელი ტურანდოტი ვყოფილიყავი (იღიმის).

- მიუხედავად სისასტიკისა, თქვენი პერსონაჟი 35 წლის პრინცესაა, რომელსაც სიყვარულის სჯერა...

- მგონი, პრინცესობა არაფერ შუ აშია. ალბათ, ყველა ქალს სჯერა, რომ სიყვარული აუცილებლად მოვა (იღიმის).

- სპექტაკლში სიმღერაც გიწევთ. რა გამოცდილება გაქვთ ამ თვალსაზრისით?

- სხვადასხვა სპექტაკლში მიმღერია. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვმღერი. ლევან გვაზავამ ბევრი იწვალა, რომ ჩემი ნამღერი შედარებით კარგად აჟღერებულიყო. მგონია, რომ ხასიათში ასე თუ ისე, ჩაჯდა.

გურამ ბრეგაძე:

- "სამეფო ძროხა" წარმატებული სპექტაკლი გამოვიდა და მას შემდეგ, მოზარდ მაყურებელთა თეატრთან თანამშრომლობა გავაგრძელე. "პრინცესა ტურანდოტის" დადგმა სულ მინდოდა და ახლა შევძელი. პრემიერის შემდეგ ყველამ აღნიშნა და მეც ვფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი დიდ სცენაზე უნდა ყოფილიყო და შეიძლება, სამომავლოდ გადავიტანოთ კიდეც. ვფიქრობ, ისეთი სპექტაკლი გამოგვივიდა, რომ ბავშვები და მშობლები ერთად იხალისებენ.

- კარლო გოცზე რობერტ სტურუას "ქალი-გველი" გამახსენდა - ეს სპექტაკლი წლების წინ იყო რუსთაველის თეატრის რეპერტუარში. თქვენი ეს ნამუშევარი "ქალი გველის" ერთგვარი ნოსტალგია ხომ არ იყო?

- როგორ არა, ზუსტად ეს ნოსტალგა იყო. თქვენ იცით, რომ ბატონი რობერტი ჩემი პედაგოგი გახლდათ და "ქალი გველი" მეც კარგად მახსოვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც "პრინცესა ტურანდოტის" დადგმა გადამაწყვეტინა, იყო ის, რომ "სამი გოჭისა" და "წითელქუდას" გარდა, ბავშვმა თავიდანვე უნდა ნახოს, რა არის თეატრი, ამიტომ ისინი კლასიკასა და კომედია დელ არტეს ხელოვნებას თავიდანვე უნდა ვაზიაროთ.

- პრემიერას თქვენი ცოლ-შვილი ესწრებოდა. შვილმა რა გითხრათ?

- ვაჟა 5 წლისაა და დრაკონი მოეწონა (იღიმის).

ანა კალანდაძე