ოთარ ქირიას "ალტერნატიული პლანეტა" - გზაპრესი

ოთარ ქირიას "ალტერნატიული პლანეტა"

- ინტერნეტის შესახებ საკუთარი შეხედულება მაქვს: ადამიანი პლანეტა დედამიწაზე ვერ დაეტია, სხვაგან კი საცხოვრებლად შესაბამისი პირობები არ იყო. ამიტომ, იძულებითი წესითა და ევოლუციის მეშვეობით, ალტერნატიული "პლანეტა" - კიდევ ერთი "დედამიწა" შექმნა, ოღონდ - ვირტუალური. მიმაჩნია, რომ ინტერნეტის სახით ალტერნატიულ მსოფლიოში ვარ.

- რომელი "პლანეტა" ჯობია?

GzaPress- ორივე აუცილებელია. კარგად მახსოვს, რამდენი დრო მჭირდებოდა, რომ თბილისიდან ან საქართველოდან შორს მყოფი ახლობლისთვის ხმა მიმეწვდინა; ასევე, რომელიმე ტერმინის მნიშვნელობის გასარკვევად დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა: ჯერ ენციკლოპედიაში უნდა მენახა, მაგრამ შეიძლებოდა, იქ საჭირო ინფორმაცია ვერ მეპოვა, ამიტომ ბიბლიოთეკაში მიწევდა წასვლა... არ ვამბობ, რომ ეს ცუდი იყო, მაგრამ "გუგლის" მეშვეობით კითხვაზე პასუხს რამდენიმე წამში მივიღებ ანუ ინტერნეტი მცირე დროში სასურველი ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინი უფრო აქტიური, დინამიკურია.

- რომელი სოციალური ქსელით სარგებლობთ?

- "ფეისბუკი", "ტვიტერი", "ლინკდინი", "გუგლპლუსი" - ყველგან გაწევრებული ვარ. საკუთარი ანგარიში "ოდნოზეც" მაქვს, მაგრამ არ ვსარგებლობ. "პინტერესტის" მოხმარება ახლა დავიწყე. "ცენტილიონშიც" გავწევრდი - ჯერ ვეცნობი, ვსწავლობ... კიდევ, "დოქსტოკის" მომხმარებელიც ვარ. "დაჟე", ამისთვის ფულს (წელიწადში 120 დოლარს) ვიხდი. "დოქსტოკის" წევრები სხვადასხვა პრეზენტაციას, დოკუმენტაციას, პუბლიკაციას "ტვირთავენ". წევრი თუ ხარ, ამ ინფორმაციაზე მარტივად მიგიწვდება ხელი. მოკლედ, ამ საიტზე ბევრ საინტერესო რაღაცას ვპოულობ.

- მგონი, ყველაზე აქტიურად მაინც, "ფეისბუკს" იყენებთ. ასეა?

- "ლინკდინი" უფრო "პროფესიული" ქსელია; "დოქსტოკში" მაშინ შევდივარ, როცა გარკვეულ თემაზე ესა თუ ის პუბლიკაცია მჭირდება; "ტვიტერი" ყოველდღიური მოხმარებისთვის არის, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ისეთი აქტუალური არ გახლავთ, როგორც - "ფეისბუკი". მე თუ მკითხავთ, ამ 2 საიტს შორის მომხმარებელთა პროპორციის გადანაწილებით შესაძლოა განსაზღვრო, საქართველოში ხალხი დასაქმებულია თუ არა. დასავლეთის ბიზნესწრეებში უპირატესობას "ტვიტერს" ანიჭებენ, "ფეისბუკს" კი ის ხალხი იყენებს, ვისაც მეტი თავისუფალი დრო აქვს ან უმუშევარია. "ფეისბუკი" თავშესაქცევი და "ლაითია", "ტვიტერი" კი - დახვეწილი, მეტი ინფორმაციით. "ფეისბუკზე" უვარგისი "პოსტიც" ბევრია.

- როგორი "პოსტია" უვარგისი?

- არაფრისმეტყველი, მაგალითად - "გავიღვიძე", "მშია"... ეს რატომ უნდა დაწერო?!

- ამას წინათ ნინი ბადურაშვილის შესახებ დაწერეთ, რომ მომღერლად არ მიიჩნევთ...

- პროექტს - "ორი ვარსკვლავი" აქტიურად ვუყურებ. არ მომეწონა, გავბრაზდი და დავწერე. "ფიფლმეტრებთან" დაკავშირებით კი ვიხუმრე და "ღიმილებიც" მივაწერე.

- და ნინი ბადურაშვილს მომღერლად მართლა არ მიიჩნევთ?

- არა!

- არადა, სწორედ "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი მუსიკალური გადაცემის ჟიურის წევრი იყო...

- მერე რა? მე არ მიმაჩნია მომღერლად და ეს ჩემი უფლებაა.

- "ფეისბუკზე" თქვენი გოგონას შესახებ ხშირად "პოსტავთ". როგორც ჩანს, ლიზამ მეორედ მოიტეხა ხელი...

- კი, ერთი თვის წინ მარცხენა ხელი მოიტეხა. ამბობს, რომ ეს "როლიკებით" სეირნობისას დაემართა, მე კი მაქვს ინფორმაცია, რომ ხელი "სკეიტბორდით" "გორიალისას" დაიზიანა. თაბაშირის მოხსნიდან ერთი კვირის შემდეგ, აღდგომის დღესასწაულზე მეორე ხელი მოიტეხა: ერთი ოთახიდან მეორეში გადიოდა, შემთხვევით კარი გაიღო და უხერხულად დაეჯახა.

- ხიფათიანი ბავშვია?

- "ზეანცია". ხომ იცით, ზოგ ბავშვს "კედლებზე მოსიარულეებს" რომ უწოდებენ? ჰოდა, ზუსტად ასეთია. ახლა გაიზარდა - 9 წლის არის და "კედლებზე სიარული" "სკეიტბორდით" ჩაანაცვლა.

GzaPress

- "ფეისბუკზე" პირადი გვერდიც აქვს, არა?

- კი, აქვს. ვიცი, რომ ეს ჯერ არ შეიძლება - საიტზე ასაკობრივი შეზღუდვა არსებობს. სხვათა შორის, ბევრი ვიფიქრე, დამერეგისტრირებინა თუ არა. როცა დავინახე, რომ ჩემი ან ჩემი მეუღლის "ფეისბუკის" გვერდზე თამაშებს აქტიურად მოიხმარდა, შევთავაზე, - ხომ არ გინდა, შენი პირადი გვერდიც გქონდეს-მეთქი? - კიო, - მითხრა. უკვე წელიწად-ნახევარია, მოიხმარს. ახლა გეტყვით, თუ რატომ გამიჩნდა სურვილი, რომ დამერეგისტრირებინა: არც ისე დიდი ხნის წინ "ფეისბუკზე" დამატებითი აპლიკაცია გაჩნდა: საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ყველა მომხმარებელს ერთგვარი "ლაიფ"-ვიდეო გაუკეთეს. "ფეისბუკს" 2009 წელს შევუერთდი. ვნანობ, რომ უფრო ადრე არ დავრეგისტრირდი... მივიჩნიე, რომ ასეთ "ლაიფ"-ვიდეოს კიდევ მრავლად შემოგვთავაზებენ. ამიტომ "ალტერნატიულ პლანეტაზე" რაც უფრო მეტხანს გექნება შენი ადგილი, უკეთესია. თან, ინფორმაციის გაცვლის ტემპი იზრდება. ვაცნობიერებდი, რომ 13 წლამდე ბავშვის "ფეისბუკზე" დარეგისტრირება კარგი არ არის, მაგრამ არც ის მინდოდა, რომ თანამედროვე სამყაროში ზრდის ტემპს ჩამორჩენოდა.

- ინტერნეტში 9 წლის გოგონასთვის შეუსაბამო ინფორმაციისგან შვილს როგორ იცავთ?

- მაგალითად, "გუგლს" 49 "ინსტრუმენტი" აქვს, რისი მიხედვითაც ინფორმაციას "ფილტრავს" და მომხმარებელს მისი ინტერესის შესაბამის ამა თუ იმ ლინკს სთავაზობს. ამ მხრივ, "ფეისბუკზე" კიდევ უფრო მარტივადაა საქმე. ჩემს შვილს ძირითადად, მულტფილმები, საბავშვო არხები აინტერესებს და ვიცი, გულხელდაკრეფილიც რომ ვიჯდე, ინფორმაციის მინიმუმ, 80% მაინც ავტომატურად "გაიცხრილება", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინტერნეტში ბავშვის აქტიურობას არ ვაკვირდები.

- ერთ ოთახში მყოფები საუბრის ნაცვლად, ერთმანეთს ინტერნეტით თუ ეკონტაქტებით?

- როგორ არა?! ასეთი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა. ადრე სახლში კაბინეტი მქონდა, მაგრამ 6 წლის რომ გახდა, ლიზიკომ გადაწყვიტა, რომ მარტო უნდა დაწვეს. ამიტომ ახლა თავისი ოთახი აქვს, მე კი ლოჯიაში მოვაწყვე კუთხე - წიგნებით, კომპიუტერით... ჩემი მეუღლე ე.წ. "ზალაში" ზის, სადაც მაგიდა, მისთვის საინტერესო ჟურნალები და ლეპტოპი აქვს. ხშირად ერთმანეთისგან 3-4 მეტრით დაშორებულები "ალტერნატიული მსოფლიოს" გავლით ვკონტაქტობთ.

- "ალტერნატიული პლანეტის" გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლიათ?

- მაქსიმუმ - 24 საათს, საიდანაც 16 საათს ძილს მივუძღვნი.

- სოციალურ ქსელში გიკამათიათ?

GzaPress- კი, ბევრჯერ, მაგრამ მივხვდი, რომ ჯობია, მოკამათესთან დარეკო, რადგან აზრის ვერბალური და წერითი გამოხატვა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. დაწერილი - ფაქტობრივი დოკუმენტია. მასში ემოციის გამოხატვა რთულია. ეს მხოლოდ ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს შეუძლიათ. ზოგჯერ ყოფით თემაზე კამათობენ. სასვენ ნიშნებსა და სიტყვების რახარუხში ემოცია იკარგება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, თანამოსაუბრემ შენი სათქმელი სხვაგვარად მიიღოს. როცა საუბარი კამათში გადადის, მირჩევნია, ლაპარაკი ტელეფონით განვაგრძო, რომ ემოცია არ დაიკარგოს.

- "სამეგობროში" უცნობებს თუ იმატებთ და რა მიზნით?

- ახლა - არა, მაგრამ წინათ, როცა ახალი დარეგისტრირებული ვიყავი, დამიმატებია. რომ დაუკვირდე, ეს სოციალიზაციის საშუალებაა, რაც ყველა ადამიანს სჭირდება. სოციალიზაციის მასშტაბზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ინტეგრირებული ხარ გარე სამყაროში. ამიტომ "ფეისბუკზე" უცნობი ადამიანის დამეგობრება ცუდი სულაც არ არის, მაგრამ შესაძლოა, გარკვეულ სიტუაციაში დისკომფორტიც შეგიქმნას. მაგალითად, "ფეისბუკზე" დამეგობრებულმა ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ჩემი "პოსტი" "დაასქრინშოფტა" და სხვა მოსაზრებით გამოიყენა. ასე ხშირად იქცევიან.

- სელფშოტებს არ იღებთ?

- არა. იმიტომ, რომ... პირდაპირ ვთქვა? მსუქანი ვარ. 10 კილო მაქვს დასაკლები და დიდი ხანია, ზედმეტ კილოგრამებს ვებრძვი. ვიდრე წონაში არ დავიკლებ, სელფშოტები არ მინდა.

- წონაში რატომ მოიმატეთ?

- მსუნაგი ვარ. თან, გენეტიკური "ამბავიც" არის, პლუს - ცხოვრების მძიმე რეჟიმი: ვახშამსა და დაძინებას შორის დრო ძალიან მცირეა. დილის 4 საათზე უკვე ფეხზე ვარ. ადრიანად მუშაობა გარკვეული სტრესია; სტრესის დროს კი ზოგი ვერაფერს ჭამს, ზოგი კი - პირიქით, "კომბაინი" ხდება. მე "კომბაინთა" ლიდერი ვარ!..

- ზედმეტ კილოგრამებს როგორ ებრძვით?

- დიეტაზე ვარ. თან, 4 თვის წინ დიაბეტი დამიდგინეს. ასე რომ, დიაბეტის "პლანეტაზე" შევაბიჯე, რომელიც ძალზე საშიშია. ამიტომ ვალდებული ვარ, ზედმეტი "მიწებებული" 10-12 კილოგრამი "ისტორიას ჩავაბარო". უფრო მეტი უკვე "ჩავაბარე"... სიმართლე გითხრათ, ზედმეტ წონას ვერ ვებრძვი - ხინკალი მიყვარს და რა ვქნა?!

ეთო ყორღანაშვილი