რა საქ­მი­ა­ნო­ბა არ უყ­ვარს სო­ფია სე­ბის­კ­ვე­რა­ძეს - გზაპრესი

რა საქ­მი­ა­ნო­ბა არ უყ­ვარს სო­ფია სე­ბის­კ­ვე­რა­ძეს

მსახიობი სოფია სებისკვერაძე კინომოყვარულებმა სულ ცოტა ხნის წინ, ეკრანზე ახლახან გამოსულ, კიდევ ერთ ფილმში - "აღსარება" ლილი მასწავლებლის როლში იხილეს, სადაც მერილინ მონროსთან მის ვიზუალურ მსგავსებაზე ბევრს ლაპარაკობენ პერსონაჟები. პარალელურად, აქტიურ სამსახიობო საქმიანობას თეატრში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საოჯახო საქმეების კეთება, როგორც ქალს, ცხადია, უწევს და მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდად არ ხიბლავს, მოდუნების საშუალებას მოვალეობა მაინც არ აძლევს. სოფიას ამჯერად თავისი დიასახლისური და კულინარიული ამბების შესახებ გავესაუბრეთ.

კულინარია, საოჯახო შოპინგი და გამარტივებული ქალური საქმე

- გულახდილად რომ გითხრათ, სამზარეულოში საქმიანობა არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს. დიდი გამომგონებლობით არ გამოვირჩევი, თუმცა, თუ რაიმე მოვინდომე, ვცდილობ, გულიანად გავაკეთო და კარგი გამოვიდეს. კერძების მომზადება მეხერხება და როგორც აღნიშნავენ, საკმაოდ გემრიელიც გამომდის, მაგრამ გურმანი არ ვარ და თუ საჭიროება არ მოითხოვს, საკუთარი თავისთვის შესაძლოა, არც არაფერი მოვამზადო. როცა მეგობრები მოდიან სტუმრად, სუფრის გაწყობას უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევ, მომწონს ლამაზი ჭურჭელი, ფერები, გაფორმება, რაც უფრო სადაა, მით უფრო მისაღებია ჩემთვის. მაღაზიებში სიარულისას, რაიმე ჭურჭელი თუ მომეწონება, ვყიდულობ ხოლმე, განწყობის მიხედვით და ეს მომენტი უფრო მსიამოვნებს, ვიდრე საჭმელების მზადება. თუმცა, საოჯახო საქმის კეთება, ბუნებრივია, მიწევს. კარგია, რომ ქალების შრომა ადრინდელთან შედარებით შემსუბუქდა, უამრავი სახეობის მანქანა შემოვიდა - ტანსაცმლის თუ ჭურჭლის გასარეცხი და ჩვენი საქმეც შედარებით გამარტივდა.

ყველაზე არასასიამოვნო პროცესი და მოვალეობა

- მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო საქმის კეთება არ მიყვარს, მაინც ვაკეთებ და როცა სახლი დასუფთავებული, დალაგებული და დაწკრიალებულია, თავს კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ. მაგალითად, დაუთოება არ მიყვარს და მხოლოდ მაშინ ვაუთოებ, თუკი აუცილებელია... ისე, საუთოებელი მაგიდაც კი არ მაქვს სახლში, რამდენიმე წლის წინ გამიტყდა და აღარც ვიყიდე. ჩემთვის ჭურჭლის დარეცხვაც ძალიან უსიამოვნო პროცესია, სამწუხაროდ, ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ მაქვს, თუმცა, ოჯახში რადგან მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვართ, ბევრი რამის რეცხვა ისედაც არ მიწევს. მარი დიდი გოგოა და მეხმარება ხოლმე, თუმცა, არც მას უყვარს. ზოგადად, არა მგონია, ეს რომელიმე ქალბატონისთვის საყვარელი საქმიანობა იყოს, მაგრამ რადგან მოვალეობაა, ამიტომაც ვასრულებთ. ე.წ. უბორკის დროს, დამხმარე ქალი მოდის და მეხმარება. სისუფთავე ძალიან მიყვარს. ინტერიერის მოწყობა, ლამაზი დიზაინი, ავეჯის ან საოჯახო ნივთების გადაადგილება, შეძენა უფრო სასიამოვნო პროცესია ჩემთვის. ჭურჭლის ყიდვა მიყვარს. სახლის მოწყობა პასტელურ ფერებში უფრო მომწონს, 2-3 ფერში, თვალს არ აღიზიანებს და უფრო მშვიდ გარემოს ქმნის.

- კერვა თუ გეხერხებათ?

- სხვათა შორის, კი. ხშირად, როცა რაიმეს ვყიდულობ, მერე, ჩემს გემოზე, ორიგინალურად გადავაკეთებ ხოლმე, შეიძლება შემოვჭრა ან რამე მივაკერო და ა.შ. ზოგადად, ვფიქრობ, ყველა ქალს გამოუვა ყველაფერი, უბრალოდ, დროის ფაქტორია.

ტკბილეული, ნამცხვრები და კეთილი ბებო

- ბავშვობისას, ნამცხვრებს ხშირად ვაკეთებდი, ალბათ, როცა მიხაროდა და ბევრი დრო მქონდა. სიმართლე გითხრათ, ახლა დიდი ხანია არ გამომიცხვია. დედას ვუყურებდი, როგორ აცხობდა, მერე, მე და ჩემი მეგობარი ამის მიხედვით ვაკეთებდით, ბებო კი განსაკუთრებულად მიწყობდა ხელს, ინგრედიენტებით მამარაგებდა და კეთება მიხაროდა.GzaPress

ცხარე კულინარია

- წარმოშობით იმერელი ვარ და ქართულ კერძებს ყველაფერს ვაკეთებ, ხაჭაპურსაც. ერთადერთი, რაც არ მიცდია, ხინკლის კეთებაა, დასავლეთში ნაკლებად აკეთებენ. ძალიან მიყვარს ცხარე კერძები და ქართული სამზარეულოდან ამ მხრივ, მეგრულს გამოვყოფდი. ინდურიც მომწონს, მექსიკურიც, საკმაოდ ცხარეა; რუსულ და უკრაინულ სამზარეულოებსაც გამოვარჩევდი. რაც შეეხება იტალიურს, სპაგეტი ბევრჯერ გამიკეთებია სხვადასხვანაირად, მაგრამ დიდად არ მომწონს. აი, ჩინური და იაპონური სამზარეულოს მოყვარული კი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თევზი ძალიან მიყვარს და ზღვის პროდუქტებიდან თევზის გარდა სხვას ვერაფერს ვჭამ. სასმელს რაც შეეხება, ვსვამ, ოღონდ ბევრს და ხშირად არა, რადგან ალერგიას მაძლევს და ვერიდები. სამეგობროს ტრადიცია გაქვს, ხანდახან კვირაობით ვიკრიბებით და გემრიელ კერძებს ვამზადებთ, ყველა თავისას იგონებს და ასე ვერთობით.

ჯანსაღი კვება ლამაზი ფიგურისა და განწყობისთვის

- ჯანსაღ კვებას ყურადღებას ნამდვილად ვაქცევ, ვცდილობ, მივიღო ბევრი სითხე, ბოსტნეული, ნაკლები ცხიმი. გარკვეულ წესებს ვიცავ, თუმცა, დიეტა არასდროს დამიცავს. მაგალითად, ქათმის ხორცს კანს ყოველთვის ვაცლი. უფრო მეტად, მოხარშულ კერძებს მივირთმევ, მცირე რაოდენობით ცხიმით, საფუვრის გარეშე პურით, რაც იმაში გეხმარება, რომ ფორმაში იყო. ეს განწყობაზეც მოქმედებს, უფრო ენერგიული ხარ, მეტის გაკეთების შესაძლებლობა გაქვს. არის პერიოდები, როცა რეგულარულად ვვარჯიშობ. ვარჯიშს 15-20 წუთით სახლის პირობებშიც ვახერხებ, ტონუსში რომ ვიყო. ჯანსაღ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს კანის სიჯანსაღისა და სხეულის ფორმაში ყოფნისთვის, ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის.

ბანანი და შოკოლადი ცომში

- ავიღოთ გაყინული ფენოვანი ცომი, ერთი ფილა შავი ან რძიანი შოკოლადი, ჩავდოთ ამ ცომში, შეგვიძლია ბანანი ან სხვა ხილიც ჩავაჭრათ და თავზე კვერცხის გული მოვუსვათ. ინტერნეტში წავიკითხე, გავაკეთე და ძალიან გემრიელი გამოვიდა. თქვენც გირჩევთ, მოამზადოთ.

გვანცა დგებუაძე