"ბევ­რ­მა ჯერ კი­დევ არ იცის, რომ დრამს ნო­ტე­ბი აქვს" - გზაპრესი

"ბევ­რ­მა ჯერ კი­დევ არ იცის, რომ დრამს ნო­ტე­ბი აქვს"

დრამერი გიორგი ლომიძე წლებია, ჯგუფ "სინათლის წელიწადში" უკრავს და ამ საქმიანობას დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით ემსახურება. პერიოდულად, სხვადასხვა ბენდის შემოქმედებით პროცესშიც აქტიურად ერთვება და მუსიკის მოყვარული მსმენელის უმეტესობა მას კარგად იცნობს კონცერტებიდან თუ ბარებიდან. დრამზე შეყვარებული მუსიკოსი საკუთარ შემოქმედებაზე გულახდილად გვესაუბრა.

- წლებია, ამ სფეროში ხარ და მისი შიდასამზარეულო კარგად იცი. როგორია დღესდღეობით მოქმედი, აქტიური მუსიკოსის ცხოვრება?

- რთულია, იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ესეც გამართლების ამბავია. სამსახური შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ რამდენად სტაბილური შეიძლება იყოს, მეორე საკითხია. თანამშრომლობას ახალშექმნილი ბენდებიც ხშირად მთავაზობენ, მაგრამ ბევრს უარს ვეუბნები. დაბალი და არასტაბილური შემოსავლის გამო, მუსიკოსს ბენდების ცვლა გიწევს, რაც საკმაოდ რთულია.

- დასარტყამი ინსტრუმენტით როდის დაინტერესდი?

- გაგიკვირდება და, მუსიკაში ორი წლის ასაკში შევდგი ფეხი - ვიოლინოს გაკვეთილებზე დავდიოდი. ჩემს მუსიკალურ მონაცემებზე ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვებიან, მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი და არც მახსოვს, მხოლოდ დედას ნაამბობი ვიცი. რაღაც კონკურსშიც გავიმარჯვე, სმენით ანალიზში - ფორტეპიანოზე რა ნოტსაც აიღებდნენ, უშეცდომოდ ამოვიცნობდი. "რკინიგზელებში" - რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში ბასსა და გიტარას გვასწავლიდნენ, მაგრამ სიმებიან ინსტრუმენტებზე დაკვრა დღემდე ვერ ვისწავლე. მერე დედამ ე.წ. არტოს ბაღში მიმიყვანა, ჯერ ანზორ ერქომაიშვილთან ვმღეროდი ხალხურ ანსამბლში, შვიდი წელი ვიმღერე "საგალობელში" რამინ მიქაბერიძესთან, რომელიც ანსამბლ "რუსთავში" ჰამლეტ გონაშვილის სოლისტი იყო. მისი ქალიშვილი - მაიაც გვასწავლიდა. დიდი გამოცდილება მივიღე.

6 წლისას დასარტყამი ინსტრუმენტებისკენ მიდრეკილება უკვე მქონდა, მამა როკის მსმენელი იყო და სულ გემოვნებიან მუსიკას მასმენინებდა - "ფარფლს", "ზეპელინს", "პინკ ფლოიდს" ვუსმენდი და თან რიტმულად ვყვებოდი. მთელი ჭურჭელი დამტვრეული იყო (იცინის), დანებსა და ჩანგლებს ხელის მოსაკიდი მომტვრეული ჰქონდა (იცინის). რაც მთავარია, მშობლები ამ ყველაფრის გამო არ ბრაზდებოდნენ და ხელს არ მიშლიდნენ. პირიქით, დედა ყოველთვის მეუბნებოდა, არ დაიზარო და იმეცადინე, გაიჭირვე და დაგიფასდებაო... 16 წლის რომ გავხდი, "საგალობელიდან" გამოვედი, დრამის მასწავლებელი ძველ ფილარმონიაში ვიპოვე და ცოტა ხანს იქ ვიარე. ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე, "პედალი" რა იყო, არ ვიცოდი. რამდენიმე პედაგოგი შევიცვალე და 21-22 წლიდან, საკუთარ თავზე მუშაობით დავიწყე გზის გაკვალვა. ხუთი წელი ჯაზის განხრით ვისწავლე.

- რომელი იყო პირველი ბენდი, სადაც დაუკარი?

- 18 წლისას საოცრად გამიმართლა და ერთ-ერთმა წარმატებულმა ბენდმა ამიყვანა, ეს "მძიმე ჯვარი" იყო. კასტინგზე რამდენიმე ათეულ დრამერს შორის ამირჩიეს. მშობელი წამოიყვანეო, - მითხრეს (იცინის). მე და მამა მივედით და უთხრეს, - ჩაგვაბარე შენი შვილი და ჩვენ მივხედავთო. მართლაც, ამ ადამიანებთან მუშაობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, მათთან სერიოზული "ქავერების" დაკვრა ვისწავლე, კარგი სკოლა გავიარე. ბენდი მთლიანი ორგანიზმი უნდა იყოს, იმპულსების ერთმანეთზე გადამცემი, ეს დიდი ენერგია კი ხალხს უნდა გადასცე.

საერთო ჯამში, 30-ზე მეტ ბენდში დამიკრავს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო "აპრილი" და შაკო ოქრუაშვილი, გენიალური მუსიკოსი, რომელიც დღეს სახლში ზის. ერთი კონცერტი გვქონდა ხორავას თეატრში და მახსოვს, სცენაზე საოცრად იხარჯებოდა, გიტარას ენით უკრავდა. ყველაზე მაგარი ის არის, რომ პატარაობისას "აპრილის" კონცერტებზე დავდიოდი, მერე კი ამ ჯგუფში აღმოვჩნდი.

- მუსიკაში დრამერები ყველაზე მეტად, რას აქცევთ ყურადღებას?

- როგორც ადამიანი ვითარდება, ხედვა ეცვლება, ახალს ქმნის, ისეა მუსიკაც. დროთა განმავლობაში რაღაცას აკლებ, რაღაცას უფრო ალამაზებ, ამატებ, ხვეწ, ხატვისკენ მიდიხარ, იუველირი ხდები (იცინის). ხასიათი უნდა შექმნა - რისი თქმა გინდა იმ მუსიკით. პაუზა ყველაზე დიდი მუსიკაა. კულმინაციით არც ერთი დრამერი არ იწყებს დაკვრას, ისეთ რამეს აკეთებს, რაც მოლოდინს გიტოვებს, ნელ-ნელა შეგითრევს პაუზებით. მაყურებელი უნდა დაიჭირო, განსაკუთრებით - თვალებით. ჩემი მეგობარი, გიტარისტი - კობი მანჯგალაძე მიყვებოდა, - სტივენ ტაილერს "ბლექ სი არენაზე" რომ ვუყურებდი, ყველა მაყურებელი თვალებით "ეჭირა" და სულ კონტაქტში იყოო. უნდა იცოდე, რა სჭირდება მაყურებელს, ათი კაცი იჯდება თუ - ასი, იმპულსი უნდა გადასცე. შენი ხელწერა უნდა გქონდეს. ეს რთულია, მაგრამ ამაზე უნდა იმუშაო. იყო მუსიკოსი და არა - დამკვრელი, ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

- "სინათლის წელიწადში", გიგი გეგელაშვილთან როგორ აღმოჩნდი?

- "სინათლის წელიწადმა" ჩემამდე რამდენიმე დრამერი გამოიცვალა. მივედი გიგისთან, გავისაუბრეთ, დავუკარით. პროგრესივი როცა მოვისმინე, სრულიად უცხო მუსიკის წინაშე წარვდექი, რაც თავიდან ძალიან უცხო იყო ჩემთვის. თვე-ნახევარი მოვუნდი პირველი უვერტიურის გარჩევას. Dარკ ტიმეს ყველაზე რთული კომპოზიცია იყო. გიგიმ მითხრა, ამის გარჩევას ალბათ, სამი თვე გადაჰყვებიო, მაგრამ არ ვიცი, რა ენერგია მომეცა, რომ მთელი ენთუზიაზმით შევუტიე, ეგრევე დავუკარი და იცი, რატომ? ნოტები ჩემი ხელით დავწერე. ორივე პროექტის არანჟირება თავად გავაკეთე. მეორე დღეს შემაქო, რაც ძალიან მესიამოვნა. "ქავერს" მოსმენით დაუკრავ, მაგრამ ახალ კომპოზიციას - ვერა, თვლა, დინამიკა იცვლება. "სონგ რაიტერი" არ ვარ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. ჩავრთე პირველი კომპოზიცია და მივადექი - მოვისმენდი, დავწერდი, გადავახვევდი, ისევ დავწერდი და ა.შ. ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ დრამს ნოტები აქვს (იცინის). მუსიკის დაზეპირება არ შეიძლება. უკვე დამუშავებული როცა გაქვს, მერე ნოტების წინ დადება არ გჭირდება, ტვინით უკრავ.

- გიგის როგორ დაახასიათებ?

- უაღრესად თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ საკუთარი თავის ფასი იცის. საოცრად უშუალოა, უცხო ადამიანებსაც დიდი სიყვარულით მოიკითხავს, როცა ესალმებიან. ძალიან დიდ მუსიკას ფლობს, ოღონდ ამას ყველა ვერ გაიგებს და ვერ დაინახავს. ახლა რომელი ალბომიც იწერება, სრული "საგიჟეთია"! როდის გამოვა, ჯერ არ ვიცით. ხალხმა "შეგვჭამა", კარგი გაგებით, "ლაივი" მოენატრათ და დეკემბერში კონცერტს ვგეგმავთ თსუ-ის დარბაზში. სამი პროექტი იქნება გაერთიანებული. კონცერტზე რა თანხაც შემოგვდის, არ ვიღებთ, ჩვენს პატარა ფონდში ვდებთ, რომ შემდეგი კონცერტი ისევ ჩვენივე ხარჯებით გავაკეთოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს, დღეს არავინ დაგიფინანსებს არაკომერციულ მუსიკას, ეს საავტოროა. მხოლოდ ერთხელ გამოვედით გამგეობის დაფინანსებით.

თამთა დადეშელი