ნინო მუმლაძის მდიდრული ოცნება - გზაპრესი

ნინო მუმლაძის მდიდრული ოცნება

"არასოდეს ვყიდულობ უსარგებლო ნივთებს და რაც უნდა დაბალი ანაზღაურება მქონდეს, ხელფასის თვიდან თვემდე გადანაწილებას მაინც მოვახერხებ", - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელმაც მშვენივრად იცის ფულის ყადრი და ალბათ ამიტომაც, არასდროს სჭირდება ვალის აღება. მან პირველი ხელფასი 15 წლის ასაკში აიღო და მას შემდეგ ცდილობს, მატერილურად მხოლოდ საკუთარ თავზე იყოს დამოკიდებული.

- სამწუხაროდ, უფულოდ არსებობა შეუძლებელია. ადამიანს შემოსავალი თუ არ აქვს, ე.ი. მისი საქმე ცუდად არის.

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

GzaPress- რა თქმა უნდა, ტკბილი გემო აქვს. საკუთარი პროფესია ძალიან მიყვარს და აქედან გამომდინარე, ფულის მოპოვებაც სიამოვნებას მანიჭებს. თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ, არ შეიძლება, საკუთარი თავის რეალიზება ისე ვერ მოახდინო, რომ სტაბილური შემოსავალი გქონდეს... ფულს მწარე გემო მაშინ დაჰკრავს, როცა რაღაცის შეძენა მინდა და საკმარისი თანხა არ მაქვს.

- შენი აზრით, ფული ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავს?

- დღევანდელ რეალობაში, სოციალური მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლება, ინტელექტი, წარმოშობა ან პროფესიონალიზმი. ეს სამწუხარო რეალობაა!

- ანუ ფიქრობ, რომ ფულით წარმატების მოპოვება შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა! ფულით წარმატებას შეიძლება, ბევრ სფეროში მიაღწიო. მაგალითად, ზოგჯერ შოუბიზნესში "სქელჯიბიანები" უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ჭეშმარიტად ნიჭიერები.

- რამდენი წლის იყავი, როცა პირველი ხელფასი აიღე?

- 15 წლის ვიყავი და სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რამდენი გადამიხადეს. სამაგიეროდ, ის ვიცი, რომ იმ ფულით პომადა, ტუში, თვალის ჩრდილი ვიყიდე და ამით ძალიან ამაყი, გახარებული ვიყავი.

- მატერიალურად დამოუკიდებელი ამ ასაკიდან გახდი?

- ვერ ვიტყვი, რომ მაშინ მატერიალურად დამოუკიდებელი ვიყავი. ხშირად, ოჯახის წევრების დახმარება მჭირდებოდა. სამაგიეროდ, თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მომეცა საშუალება, საკუთარი თავი ყველაფრით უზრუნველმეყო.

- ბავშვობაში ყულაბა გქონდა?

- ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. მოგეხსენებათ, ეს ის პერიოდია, როცა ხალხს თავის გატანა ძალიან უჭირდა. ჰოდა, ალბათ ამიტომაც, ყულაბა არასდროს მქონია და რომც მქონოდა, შიგ ფულს მაინც არავინ ჩააგდებდა.

- ფულს ყველაზე მეტი სიამოვნებით რაში ხარჯავ?

- გართობაში. ასევე მიყვარს, როცა ახლობლებისთვის საჩუქრებს ვყიდულობ. ასეთ დროს ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

- თანხის ეკონომიურად ხარჯვა შეგიძლია?

- სხვათა შორის, ეკონომიურად მხარჯველთა კატეგორიას მივეკუთვნები. უსარგებლო ნივთს არასდროს შევიძენ. როგორი მცირე შემოსავალიც უნდა მქონდეს, თვიდან თვემდე თანხის განაწილებას მაინც მოვახერხებ. ვცდილობ, ვალი არასოდეს ავიღო. თქვენ წარმოიდგინეთ, საკრედიტო ბარათიც არ მაქვს (იღიმის)... ვალების აღებას და მერე ამის გამო ნერვიულობას მირჩევნია, სასურველი ნივთი არ მქონდეს, მაგრამ მშვიდად ვიცხოვრო.

- სხვას თუ აქვს შენი ვალი?

- ოოო... მეგობრები ჩემგან ფულს ძალიან ხშირად სესხულობენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვიდან თვემდე ხელფასის გადანაწილების უნარი ყველას არ აქვს. თვის ბოლოს, როცა ყველას ჯიბე ცარიელია, მე, როგორც წესი, რაღაც თანხა მაქვს შემორჩენილი. ჰოდა, ეს რომ იციან, ამიტომაც ჩემთან გამორბიან ფულის სასესხებლად. თვის დასაწყისში კი ვალს მიბრუნებენ და ყველაზე მდიდარი ვხდები ხოლმე (იცინის).

- მართლა რომ გამდიდრდე, პირველ რიგში, რას შეიძენ?

- ბევრ ფულზე ალბათ ყველას უოცნებია და ამ მხრივ გამონაკლისი არც მე ვარ. მდიდარი რომ ვიყო, ჩემს საოცნებო ავტომობილს შევიძენდი. მერე საკუთარ სახლს, საყვარელ პატარა ლეკვს ვიყიდდი და ძალიან, ძალიან ბევრს ვიმოგზაურებდი.

- ფიქრობ, რომ სიყვარულისა და ბედნიერების შეძენაც შესაძლებელია?

- გულწრფელ და ნამდვილ სიყვარულს ცხადია, ვერ იყიდი. ისიც ბევრჯერ მინახავს, ფინანსური პრობლემების გამო, სიყვარულით შექმნილი ოჯახები რომ დანგრეულა.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ყოველ შემთხვევაში, ამას ვცდილობ.

- ფულის ხარჯვის გარეშე, შესაძლებელია, თავს ისე მოუარო, რომ კარგად გამოიყურებოდე?

GzaPress- ბევრი ფული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ ეფექტურად გამოიყურებოდე. თავის მოვლის უამრავი ხალხური მეთოდიც არსებობს, რომელსაც ბევრ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე უკეთესი შედეგი აქვს... ძალიან ბევრი უგემოვნოდ ჩაცმული მდიდარი ადამიანი მინახავს და ძალიან კარგად, გემოვნებით შემოსილი ღარიბიც. ამით იმის თქმა მსურს, რომ ყველაფერი ფულით არ განისაზღვრება.

- დაასახელე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც საკუთარი შემოსავლით გაქვს შეძენილი.

- ასეთი ნივთი სარეცხი მანქანაა. კიდევ, აგარაკზე რემონტი გავაკეთე (იცინის).

- ბავშვობაში ფულს ხშირად გჩუქნიდნენ?

- ვერ ვიტყვი, რომ ხშირად, მაგრამ როცა ვინმე ჯიბეში ფულს მიდებდა, ეს ძალიან მახარებდა.

- რა შეიძლება დათმო ბევრი ფულისა და უზრუნველი ცხოვრების გამო?

- რთული შეკითხვაა... ფული პირველ რიგში, იმისთვის მინდა, რომ კომფორტულად ვიცხოვრო და რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მივიღო ცხოვრებისგან. აქედან გამომდინარე, რაიმე მნიშვნელოვანის დათმობა, რის გარეშეც თავს არაკომფორტულად და ცუდად ვიგრძნობ, უბრალოდ, არ მიღირს.

- როცა მატერიალური კრიზისი გაქვს, დასახმარებლად ვის მიმართავ?

- ყოველთვის ვცდილობ, ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე. იშვიათად, მაგრამ ასეთ დროს ოჯახის წევრები მეხმარებიან.

- ხელფასიდან დანაზოგის გაკეთებას ახერხებ?

- ვცდილობ, ხელფასიდან რაღაც თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გადავდო. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. პრობლემა ყოველთვის ორმაგდება, როცა მას მოუმზადებელი ხვდები.Gგარდა ამისა, თუ რაღაცის შეძენას ვგეგმავ ან უბრალოდ, დასასვენებლად ვაპირებ წასვლას, ფულს ყოველთვის წინასწარ ვაგროვებ. ამ ყველაფერს მშვიდად და მონდომებით ვაკეთებ. ვფიქრობ, თუ ფულს ჭკვიანურად დახარჯავ, მცირე შემოსავლითაც კი შეიძლება, დიდი ანაზღაურების მქონე, მაგრამ უჭკუო და მფლანგველ ადამიანზე უკეთ იცხოვრო (იცინის).

სოფო ჭონიშვილი