"ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არასდროს მყვარებია" - მარიამ ჩუხრუკიძე საკუთარ პლუს-მინუსებზე - გზაპრესი

"ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არასდროს მყვარებია" - მარიამ ჩუხრუკიძე საკუთარ პლუს-მინუსებზე

"მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მოგზაურობისთვის არიან შექმნილი, მათ არც შუაღამეს სიბნელეში სიარული აბრკოლებთ და არც პრობლემების გადალახვა უჭირთ", - მსახიობი მარიამ ჩუხრუკიძეც მიიჩნევს, რომ ასტროლოგების მიერ შექმნილი პორტრეტი მასზე ზედგამოჭრილია... თუ რით შეუძლია, ძლიერი სქესის წარმომადგენლებსა და პოტენციურ სადედამთილოებს მოაწონოს თავი, ამას მისი პასუხებიდან შეიტყობთ.

- პირველ რიგში, შენი მშობლები გაგვაცანი.

- დედა პროფესიით პედაგოგია, მამა ინჟინერი იყო.

- მსახიობობა რა ასაკში გადაწყვიტე და ოჯახიდან წინააღმდეგობა არ შეგხვდა?

- მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა ასე იყო. არასოდეს მიფიქრია, სხვა პროფესია ამერჩია. ოჯახიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. ჩემი თეატრალურში ჩაბარების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ოჯახის წევრებმა იცოდნენ, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. თან, თავის დროზე დედასაც უნდოდა მსახიობობა და რაღაც მიზეზების გამო, ვერ შეძლო. ამიტომ, ჩემი პროფესიული არჩევანი მისთვის სასიამოვნო იყო.

- ზოდიაქოთი მშვილდოსანი ხარ. ხშირად კითხულობ შენი ნიშნის დახასიათებას?

- ზოგადი დახასიათების მჯერა, ხშირ შემთხვევაში, რაღაცები ემთხვევა. ყოველკვირეული ასტროლოგიური პროგნოზების ნამდვილად არ მჯერა. მშვილდოსნები, რამდენადაც ვიცი, მიზანდასახულები, კარგი მეგობრები, მხიარულები, მოგზაურობისა და თავგადასავლების მოყვარულები არიან. ასევე, უმეტეს შემთხვევაში, ხელოვანები... მოკლედ კარგი ადამიანები არიან (იცინის).

- ანუ მხიარული ხარ, მიზანდასახული და კარგი მეგობარი, რომელსაც მოგზაურობა უყვარს?

- დიახ, ეს არის ჩემი მოკლე დახასიათება. ამბობენ, რომ პოზიტიური ვარ.

- გაიხსენე პირველი როლი და ემოცია, რომელიც სცენაზე ასულს დაგეუფლა...

- პირველი როლი მესამე კურსზე ყოფნისას ვითამაშე. "სოხუმის თეატრში" მიმიწვიეს, კატოს როლზე. ეს იყო ლალი როსებას პიესა "პრემიერა", რომელიც ჩემმა პედაგოგმა, ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა დადგა. ყველაფერი პირველი ალბათ ცხოვრებაში მაინც განსაკუთრებულია და ეს სპექტაკლიც ჩემთვის გამორჩეულად საყვარელია. მინდა გითხრათ, რომ იღბლიანიც აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამ როლით დავიმსახურე პრემია "ახალგაზრდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის".

- პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ხარ?

- ჯერჯერობით, არჩევანი არ მინანია. პირიქით, ჩემი პროფესია მაძლევს იმის საშუალებას, რომ ცხოვრება ბევრად საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ყოველ ახალ როლზე მუშაობისას ვიძენ ცოდნას, გამოცდილებას, ვიზრდები, როგორც მსახიობი და ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ალბათ, ყველა პროფესიაში ასეა. ბედნიერებაა, როდესაც გიყვარს შენი საქმე და ყველაფერს სიყვარულით აკეთებ. სპექტაკლის დასასრულს, როდესაც კმაყოფილ და ღიმილიან მაყურებელს ხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება მართლა არაფერია. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პროფესიას უდიდესი სირთულეებიც ახლავს.

- მაგალითად, რა სირთულეები?

- სირთულეებში, ბევრი რამ იგულისხმება. მაგალითად ის, რომ შეიძლება ბევრჯერ გული გეტკინოს ან ყოველთვის არ იყო იმ განწყობაზე, რომ გახვიდე სცენაზე და როლი ითამაშო, მაგრამ იძულებული ხარ, ეს გააკეთო, რადგან მაყურებელი გელოდება... როცა ამ პროფესიას ირჩევ, სირთულეების შესახებ იცი და შეგუებული ხარ ყველაფერს.

GzaPress

- შენი პროფესია გაძლევს საშუალებას, მატერიალურად დამოუკიდებელი იყო?

- ამჟამად მატერიალურად დამოუკიდებელი ვარ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსახიობს საქართველოში კარგი ანაზღაურება აქვს. მე თეატრის გარდა, ტელევიზიაშიც ვმუშაობ. თეატრებში სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ანაზღაურებაა და შეუძლებელია იმ თანხით საკუთარი თავი მატერიალურად უზრუნველყო.

- სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობ?

- კი, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვღელავ, ვნერვიულობ, სცენას სითამამე სჭირდება. ნერვიულობის გარეშე სცენაზე გასვლა ჩემთვის წარმოუდგენელია, თუმცა ამას ჩემი მაყურებელი ვერასდროს გრძნობს; ეს ემოცია მაყურებლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული.

- რომელია შენი ყველაზე კარგი თვისება, რას აღნიშნავენ ახლობელი ადამიანები?

- საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის მიჭირს. ალბათ, ეს კითხვა ჩემს მეგობრებს რომ დაუსვათ, ბევრს ისაუბრებენ ჩემზე (იღიმის).

- რა თვისება არ მოგწონს საკუთარ თავში და რის გამოსწორებას ცდილობ?

- მინდა, ვისწავლო დროის სწორად გამოყენება, ცოტა არ იყოს, არაპუნქტუალური ვარ და ვცდილობ, ამ მხრივ გამოვსწორდე (იცინის).

- ცეკვა და სიმღერა გიყვარს?

- დიახ, მიყვარს ცეკვაც და სიმღერაც. მსახიობი ვარ და შეუძლებელია, ეს არ ვიცოდე და არ მიყვარდეს. თან, კონსერვატორიაში ვსწავლობ, ვოკალის განხრით.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება? სადილის მომზადება შეგიძლია?

- მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ სამზარეულოში გაზქურასთან დიდ დროს ვატარებ და არაჩვეულებრივი სადილების მომზადება ვიცი-მეთქი (იღიმის). პრინციპში, არც არავინ მავალდებულებს, რომ შინ მისულმა და დაღლილმა, სადილები ვამზადო. თავისუფალი დროც არ მაქვს, რადგან, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და პარალელურად, კონსერვატორიაში ვსწავლობ. თუმცა, როცა რაღაც მომიმზადებია, ნამდვილად გემრიელი გამოსულა და სხვებსაც მოსწონებიათ. გოგონების იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც სიამაყით ამბობენ, რომ კვერცხის შეწვა არ იციან.

- მსოფლიოში სილამაზით აღიარებულ მსახიობს, მონიკა ბელუჩის გამსგავსებენ. რა გრძნობაა ეს?

- რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩემთვის სასიამოვნოა. მონიკა ბელუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია და როდესაც ამ კომპლიმენტს მეუბნებიან, ძირითადად, უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. არ ვიცი, რა ვთქვა... ვერაფრით ვიფერებ ხოლმე... უმეტეს შემთხვევაში, ვწითლდები.

- ზოგჯერ მაინც თუ ცდილობ, ჩაცმის სტილით ან მაკიაჟით მიემსგავსო მას?

- ჩაცმის სტილით ნამდვილად განვსხვავდები, ხშირ შემთხვევაში, სპორტულად ვიმოსები. თუმცა, კლასიკურ სტილსაც მშვენივრად ვირგებ იმის მიხედვით, თუ სად მივდივარ.

- ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს. როგორ გამოხატავენ ისინი შენ მიმართ სიმპათიას?

- ძირითადად, კომპლიმენტების საშუალებით.

- თავად როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, როგორი მამაკაცები მომწონს. რა თქმა უნდა, საინტერესო ადამიანი უნდა იყოს. ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა. სასურველია ერუდირებული, მიზანდასახული, კეთილი იყოს და უყვარდეს ხელოვნება - ეს არის ის ძირითადი თვისებები და კრიტერიუმები, რითაც მამაკაცს ვაფასებ. თუმცა, კიდევ ბევრი თვისების დამატება შეიძლება...

- ოდესმე გყვარებია?

- ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არასდროს მყვარებია.

- რას მიიჩნევ შენი ცხოვრების მარცხად და წარმატებად?

- იმედი მაქვს, რომ მთავარი წარმატებები წინ მელოდება. ჩემი ცხოვრების წარმატება არის ის, რომ პირველსავე წელს იმ უნივერსიტეტში ჩავაბარე, რომელში მოხვედრაც ოცნებად მქონდა. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ამიყვანეს თეატრში მსახიობად და ა.შ. მარცხში კი, ბევრი რამ შეიძლება მოიაზრებოდეს. დიდი მარცხი ჯერჯერობით არ განმიცდია და იმედი მაქვს, არც მომავალში გამოვცდი. მარცხის გამო არ ვიცი, მიტირია თუ არა, მაგრამ ჩემს პროფესიას თან ახლავს როგორც წარმატება, ისე წარუმატებლობა, რაღაცის გამო გულიც დამწყვეტია, იმედი გაუცრუებიათ. ასეთ დროს ყოველთვის ვცდილობ, თავი ხელში ავიყვანო და წყენა გვერდზე გადავდო.

სოფო ჭონიშვილი