როგორ მოირგო იმპულსური, თავხედი და შტერი გოგოს როლი სალი კერატიშვილმა - გზაპრესი

როგორ მოირგო იმპულსური, თავხედი და შტერი გოგოს როლი სალი კერატიშვილმა

"მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველება ნუ გაგაკვირვებთ, შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან, ემოციები დამალოს. მას ჰყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტასთან მეგობრობს, ბოლომდე არავის ენდობა. ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია. პარტნიორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევები მოთმინებით უნდა აიტანოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი "ჩემი ცოლის დაქალებში" კესოს როლის შემსრულებლის, სალი კერატიშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია ძალიან მაინტერესებს, პირადი ჰოროსკოპიც შედგენილი მაქვს. პირად რუკაზე მონიშნულია დღეები, როდის შეიძლება მივიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდის უნდა შევიკავო თავი და ა.შ. მზე მყავს მეცხრე სახლში, რაც იმის ნიშანია, რომ სწავლას ან საქმიანობას საზღვარგარეთ თუ გავაგრძელებ, წარმატებული ვიქნები.

- პედანტი ხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ ასეა. მიყვარს, როცა ყველაფერი დაგეგმილი მაქვს. ხშირად ჩანაწერს ვაკეთებ, რა დროს სად უნდა ვიყო და რა გავაკეთო.

- გადაწყვეტილებებს სპონტანურად არასდროს იღებ?

- როცა საჭიროა, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების არ მეშინია.

- რისკიანი უფრო ხარ თუ ფრთხილი?

- რისკზე ხშირად მივდივარ, მაგრამ გაუაზრებლად - არასდროს.

- "ის გაურბის ხალხმრავლობას".

- პირიქით, ხალხმრავლობა მიყვარს, ადამიანებთან ურთიერთობაზე ვგიჟდები.

- "ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა და ფეთხუმობა აღიზიანებს".

- ფეთხუმობა მართლა ძალიან მაღიზიანებს, მით უმეტეს, ვინმე ჩემს პირად სივრცეში თუ შემოიჭრება, ეს კომფორტის ზონას მირღვევს. რაც შეეხება დროის უყაირათოდ ხარჯვას, ეს ჩემი ჰობი ნამდვილად არ არის. ვცდილობ, ყოველი დღე მაქსიმალურად დავტვირთო. რა თქმა უნდა, დრო უყაირათოდაც დამიხარჯავს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება.

- ცვალებადი ხასიათი გაქვს?

- კი და არის შემთხვევა, როცა ხასიათის ცვალებადობის მიზეზი თავადაც არ ვიცი. ცხოვრებისეული შეხედულებების და პრინციპების ცვლა არ მჩვევია.

- "ბუნებაში უსაქმურ ქალწულს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. თუ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებს, საქმეს სახლში მაინც გამონახავს".

- შრომისმოყვარე ვარ. 17 წლის, ანუ სტუდენტი ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. ევროკავშირის საქართველოს ბიზნესსაბჭოში პრესრელიზებს ვაკეთებდი და სხვა საქმესაც ვითავსებდი. სერიოზულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, იქ ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება დამიგროვდა. ერთი წლის შემდეგ წამოვედი, რადგან სწავლა ბევრ დროს ითხოვდა და ერთმანეთს ვერ ვუთავსებდი. უნივერსიტეტი ახლა დავამთავრე, პროფესიით ჟურნალისტი ვარ.

- მომავალში საკუთარ თავს სად ხედავ?

- დაინტერესებული ვარ სასტუმროს მენეჯმენტით, ეს დარგი ქვეყანაში ახლა ვითარდება და მინდა, პროფესიულ დონეზე შევისწავლო. მიზიდავს ფსიქოლოგიაც. ახლა სპონტანურად მსახიობობა მომიხდა. რაც შეეხება საოჯახო საქმეს, დესერტების მომზადება მიყვარს. განსაკუთრებით კარგად ბრაუნი და ბლინები გამომდის. ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უყვართ.

- "ის უმცირეს დეტალსაც აკვირდება, როგორც საკუთარ, ისე სხვის გარეგნობაში. მის მახვილ თვალს არასდროს არაფერი გამოეპარება".

- მართალია, ხშირად ვამჩნევ ისეთ დეტალებს, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს.

- "ჩვევას, გარშემო ყველა და ყველაფერი გააკრიტიკოს, მის მიმართ ბევრი ადამიანის არცთუ დადებითი განწყობა შეიძლება მოჰყვეს".

- არაჯანსაღი კრიტიკის წინააღმდეგი ვარ, როგორც ჩემი, ასევე სხვისი მისამართით. ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ, მიყვარს მოსმენა, მყავს რამდენიმე ადამიანი, რომელთა აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- მაშინ, როცა შენი და ახლობლების აზრი, ერთმანეთისგან განსხვავებულია, გადაწყვეტილებებს როგორ იღებ?

- საკუთარი შეხედულების მიხედვით ვმოქმედებ, მაგრამ არა სპონტანურად, მანამდე ბევრს ვფიქრობ.

- "წესრიგის გამძაფრებული სიყვარული ხშირად პირადი ცხოვრების აწყობაში უშლის ხელს. პარტნიორის მიმართ უზომოდ მომთხოვნი და კრიტიკულია".

- არა მგონია, ასე იყოს. ყველას გააჩნია გარკვეული მოთხოვნები. მეც ჩემი ხასიათი მაქვს და აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, ვინც ჩემს ხასიათს მოერგება, ისევე, როგორც მე მოვერგები სხვისას.

- დღეს შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- შეყვარებული არ ვარ.

- სერიალში გამოჩენის შემდეგ, თაყვანისმცემელთა რაოდენობამ მოიმატა?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.

- ბუნებით მგრძნობიარე და ემოციური ხარ?

- ძალიან ემოციური ვარ.

- აგრესიული?

- ნაკლებად.

- "მისი მშვიდი და ინდიფერენტული გამომეტყველება ნუ გაგაკვირვებთ, შესანიშნავად ეხერხება სიმშვიდის ნიღბის უკან საკუთარი ემოციები დაფაროს".

- არ მიყვარს სიყალბე. როცა რაღაც არ მომწონს, ეს სახეზეც მემჩნევა. ძალიანაც რომ ვცადო, ვერ დავფარავ. ემოციების კონტროლს ვცდილობ. ყოველთვის არ არის საჭირო საკუთარი ემოცია გამოხატო, თუმცა ამის კომპლექსი არასდროს მქონია.

GzaPress

- "მას ჰყავს ძალიან ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტასთან მეგობრობს".

- მყავს რამდენიმე ახლო მეგობარი, რომლებსაც ჩემს გოგონებს ვეძახი. დებივით არიან, მათ ჩემზე და მე მათზე ყველაფერი ვიცი. მხოლოდ ასეთი მეგობრობის მწამს, დისტანციური ურთიერთობები არ შემიძლია. იქ, სადაც რაღაცებს მალავენ, მეგობრობა შეუმდგარი მგონია.

- "ბოლომდე არავის ენდობა".

- მარტივად და ადვილად არავის ვენდობი და ვთვლი, რომ ეს ჩემი დადებითი თვისებაა. ასეთი მიდგომა ამართლებს, მომავალში გულისტკივილსა და იმედგაცრუებას გარიდებს.

- "ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა. ამიტომ ამ ადამიანისთვის არც საკუთარი შარმისა და მომხიბვლელობის გამოყენებაა უცხო, სასურველი მიზნის მისაღწევად".

- რაც ვარ, ეს ვარ. ჩემი გარეგნობა რამეში თუ დამეხმარება, კარგი იქნება, თუ არა და, ვერაფერს ვიზამ. ურთიერთობებიდან გამორჩენა ცუდი რამაა, გამაღიზიანებელიც და ეს თვისება ჩემს ხასიათში ნამდვილად არ არის.

- "ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".

- ვალდებულებების საერთოდ არ მეშინია. რაც შეეხება შეზღუდვებს, ზოგიერთი შეზღუდვა ნორმის ფარგლებში ჯდება. საკუთარი თავისთვის შეზღუდვა მეც დამიწესებია და სხვასაც, კომპრომისზეც წავსულვარ.

- "ფინანსური ალღო აქვს".

- ვიცი, ასე ამბობენ, მაგრამ არ ვიცი, რა გიპასუხო, არ მინდა თავი დავითარსო (იცინის).

- "დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს. საყვარელი ადამიანისთვის მთელი ქონების განიავებაც კი შეუძლია".

- შემიძლია ყველაფერი, რაც კი გამაჩნია, მივუძღვნა მას, ვინც მიყვარს. სულ ვცდილობ, გავახარო, ვასიამოვნო... ერთგულება მნიშვნელოვანია.

- "პარტნიორმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმი და აგრესიის შეტევები მოთმინებით უნდა აიტანოს".

- ჩემს ხასიათში ცინიზმი მცირე დოზით არის, აგრესიული შეტევები კი მათთვის, ვინც იმსახურებს. დაუმსახურებლად არავის შევუტევ, ადამიანები მიყვარს.

- მიუხედავად ჩემი უარყოფითი როლისა, საზოგადოების მხრიდან დადებით შეფასებებს ვიღებ. უკვე ბევრი ადამიანი მცნობს. კომპლიმენტებს მეუბნებიან, მაგრამ გამონაკლისებიც მახსენდება.

- მაგალითად?

- შვილო, ცხოვრებაში ისეთი ხომ არ ხარ, როგორც სერიალში? - მეკითხებიან. რატომღაც, პერსონაჟს ხშირად მსახიობთან აიგივებენ.

- ამ სერიალში როგორ მოხვდი?

- კესოს როლი თავდაპირველად, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს შესთავაზეს, ის უნდა მისულიყო სინჯების გადასაღებად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ დათანხმდა. მე დამირეკა და მითხრა, სცენარი რომ წავიკითხე, ეგრევე შენ გამახსენდი. მგონია, კარგად ითამაშებ და თუ გინდა, კასტინგის მენეჯერს შენზე მივწერო. სცენარი რომ წავიკითხე, დავინტერესდი და დავთანხმდი. კასტინგზე დამიბარეს, მივედი, სინჯები გადაიღეს, ეკა მჟავანაძეს ველაპარაკე და წამოვედი. 2 დღის შემდეგ დამირეკეს, როლზე დაგამტკიცეთო.

- გადაღების პირველი დღე როგორი იყო?

- არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მივედი ძალიან თავდაჯერებული. ჩემი პერსონაჟის მსგავსი არაერთი გოგოა ამ ქალაქში, ძალიან რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად ხდება მისი გარდაქმნა. უნდა შეგეძლოს იყო იმპულსური, თავხედი, ინტრიგანი, შტერი, მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი...

პირველ დღეს, როგორც კი კამერა ჩაირთო, თამაში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დამეხმარნენ, განსაკუთრებით - ილო ბეროშვილი. ამიხსნა, როცა სერიალში სათამაშოდ მოვედი, დიდი სამსახიობო გამოცდილება მეც არ მქონდაო და თავის გავლილ გზაზე მიამბო. ძალიან დამეხმარა გიორგი ლიფონავაც.

ეკრანზე საკუთარ თავს პირველ დღეს ცალი თვალით ვუყურებდი. ბევრმა დამირეკა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მე კი ძალიან ვინერვიულე.

- შენი თვალით დანახული კესო როგორია?

- ის ჩემთვის მიუღებელია. ამ პერსონაჟთან არანაირი საერთო პიროვნული თვისება არ მაქვს და არ მინდა, ვინმემ მასთან გამაიგივოს.

თამუნა კვინიკაძე