"შეძლებისდაგვარად ვეწინააღმდეგები ამ სენს" - რატომ გაურბის სკანდალურობას სალომე კოკუაშვილი - გზაპრესი

"შეძლებისდაგვარად ვეწინააღმდეგები ამ სენს" - რატომ გაურბის სკანდალურობას სალომე კოკუაშვილი

წარმატებისა და პოპულარობის ცნება ინდივიდუალურია... როცა წარმატებული ხარ, გგონია, რომ სამყარო შენკენაა, ხოლო როცა წარუმატებელი ხარ, ფიქრობ, რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგ მოქმედებს. სიმართლე კი მარტივია, ყველა ადამიანი საკუთარ ქმედებებზე თავად არის პასუხისმგებელი და აქ სამყარო არაფერ შუაშია... როგორ აღიქვამს პოპულარობას სალომე კოკუაშვილი და რას ნიშნავს მისთვის იყოს წარმატებული, - ამ და სხვა კითხვებზე სალომემ გულახდილად გვიპასუხა.

- რა ნიშნავს შენთვის პოპულარობა?

- ოო, საკმაოდ რთული კითხვაა... გულწრფელად გეტყვით, ამაზე არასდროს მიფიქრია. თუმცა, პოპულარობის აღქმა ყველასთვის სხვადასხვაგვარია.

- როდის მიხვდი პირველად, რომ პოპულარული ხარ?

- 10 წლის წინ. პირველ არხზე ახალი ახალგაზრდული სერიალი დაიწყო - "მესამე თაობა" და პავილიონიდან გამოსულს ქუჩაში ბავშვები მხვდებოდნენ, ავტოგრაფს მთხოვდნენ. ძალიან სასიამოვნოა, როცა გრძნობ, რომ ადამიანები გცნობენ, უყვარხარ, პატივისცემას გამოხატავენ.

- ანუ ეს არის შენთვის პოპულარობა?

- დიახ, პოპულარობაა, როცა ქუჩაში გცნობენ, გიღიმიან და ადამიანები შენ მიმართ კეთილ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

- გიფიქრია იმაზე, რომ ეს მხოლოდ გამართლება იყო და უბრალოდ, იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდი?

- იღბლიანი ნამდვილად ვარ და მადლობა უფალს ამისთვის... ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩენა ნამდვილად, იღბალს უნდა მივაწეროთ. შეიძლება ძალიან განათლებული იყო, ლამაზიც, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზება ვერ შეძლო, არ გაგიმართლოს. იღბალი და განათლება ბევრს ნიშნავს.

- პოპულარობა შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი მდგომარეობა?

- გააჩნია... თუ ბრედ პიტი ხარ, კი (იცინის).

- ბრედ პიტმა მომავალში სულ რომ არაფერი გააკეთოს, მაინც პოპულარული იქნება?

- რა თქმა უნდა, რაღა უნდა გააკეთოს ისეთი, რომ საზოგადოება გააოცოს? ის მუდამ პოპულარული იქნება, ვიდრე ცოცხალია.

- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო?

- არა, რა თქმა უნდა. პოპულარობას კიდევ სხვა რამე სჭირდება. თუმცა, ყველაფერთან ერთად, კარგი გარეგნობაც თუ გაქვს, ეს არაჩვეულებრივია.

- ოდესმე პოპულარობას თუ შეუშლია ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში და თუ გითქვამს, რომ სჯობს, არ გიცნობდნენ?

- მხოლოდ პირად ურთიერთობაში, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

- იმისთვის, რომ საზოგადოება ცნობდეს, ბევრი ყველაფერზე მიდის და ასეთები სკანდალურები ხდებიან. რას ფიქრობ ამაზე?

- პირადად მე, პოპულარობაზე არასოდეს მიოცნებია. ყოველთვის მინდოდა წარმატებული მსახიობი ვყოფილიყავი, მეთამაშა ფილმებში, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ უნებლიეთ პოპულარული ხდები. სულ ვცდილობ, სკანდალურობას გავექცე და დავემალო. სხვათა შორის, ეს კარგად გამომდის... როცა მაგალითად, ვიღაც სიშიშვლით ხდება პოპულარული, ხალხი მასზე ცხადია, ილაპარაკებს, მაგრამ დრო გავა და აუცილებლად დაავიწყდებათ. სკანდალებითა და სიშიშვლით მოპოვებული პოპულარობა დროებითია!

- შენთვის თუ უთქვამთ, რომ "თავში აგივარდა"?

- არასოდეს! უფრო მეტიც, ვერ ვიტან მსგავსი კატეგორიის ხალხს. ვფიქრობ, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ხალხმა დააფასა შენი შრომა, შეიყვარა შენი როლი და "თავში ავარდნა" რა უბედურებაა, ვერც კი ვხვდები. ეს უფრო უინტელექტო ადამიანებს მოსდით, რომელთათვისაც ადამიანურ ღირებულებებზე წინ სხვა რაღაცები დგას.

- ხშირად პოპულარობა პირად ცხოვრებაზე ცუდად მოქმედებს, ამ მხრივ შენ თუ გქონია დისკომფორტი?

- უფ, რა თქმა უნდა, მქონია (იცინის), მაგრამ აქ მსახიობობა იყო პრობლემა და არა - პოპულარობა. არიან ადამიანები, ვისთვისაც მსახიობობა ცუდ პროფესიად მიიჩნევა.

- წარმატებული ადამიანი დამოუკიდებელია, თავდაჯერებული... ეს ყველაფერი ძალაუფლებასთან ასოცირება?

- სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ჩვენთან არ არის ასე. როცა პროფესია ვერ გაძლევს საშუალებას, რომ მატერიალურად დამოუკიდებელი იყო, რთულია სხვა რაღაცებზე ლაპარაკი.

- რა არის წარმატების მთავარი მოტივაცია?

- პირველ რიგში, მიზანი და შემდეგ, საკუთარი თავის იმედი, მიზნის მისაღწევად.

- ამ ეტაპზე თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?

- თავს წარუმატებელ ადამიანად ნამდვილად არ მივიჩნევ, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტი რომ მეშრომა, ახლა შეიძლებოდა, ბევრად წარმატებული ვყოფილიყავი.

- ყველაზე დიდი წინააღმდეგობა წარმატების მიღწევის გზაზე, თავად ადამიანია... მას ყოველთვის შეუძლია იპოვოს მიზეზი, თუ რატომ ვერ გახდა წარმატებული... გქონია ასეთი წინააღმდეგობა საკუთარ თავთან?

- კი, ძალიან ხშირად. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი სიზარმაცეა და ამის დაძლევა ალბათ, ყველაზე რთულია. ამ საკითხზე დიდი მონდომებით ვმუშაობ. არ მინდა, სიზარმაცის გამო რაღაცები გავაფუჭო. მოკლედ, შეძლებისდაგვარად ვეწინააღმდეგები ამ სენს.

- წარმატება და გამართლება ერთმანეთთან დაკავშირებულია?

- ზოგჯერ კი, ზოგჯერ - არა. ზოგს გაუმართლა ნათესავებით, მეგობრებით, ახლობლებით, შესაფერისი გავლენიანი წრით, ზოგმა კი იწვალა, იშრომა, უამრავი წინააღმდეგობა შეხვდა და მაინც მიაღწია მიზანს. ვფიქრობ, საკუთარი შრომით მოპოვებული წარმატება ყველაზე დასაფასებელია.

- თუ ხარ წარმატებული, პოპულარული და მატერიალურად უზრუნველყოფილი, უფრო იოლია "წარმატებულად" გათხოვდე?

- ვაიმე (იცინის)... წარმატებულად გათხოვება რას ნიშნავს, მდიდარ კაცზე გათხოვებას?

- დიახ, მდიდარსა და წარმატებულზე...

- ჩემთვის მსგავსი რამ მიუღებელია.

- პოპულარობის გამო სკანდალში გახვეულხარ?

- როგორც უკვე გითხარით, სკანდალებიდან თავის დაძვრენის ოსტატი ვარ (იცინის). საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ არ უნდა აჰყვე პროვოკაციას, უნდა გაჩუმდე, გაიპარო და არავითარ შემთხვევაში არ გააკეთო კომენტარი.

- გაიხსენე ყველაზე ცუდი ჭორი, რაც შენზე გაგიგია...

- ყველაზე საშინელი, რაც ბოლო დროს საკუთარ თავზე შევიტყვე, არის ის, რომ თურმე, ადრე ნარკომანი ვიყავი. არადა, სიგარეტსაც კი არ ვეწევი.

- როგორი რეაქცია გქონდა ამ ჭორზე?

- შევშფოთდი, თუმცა მალევე მივხდი, რომ ამ სისულელეზე ნერვები არ უნდა ამშლოდა. ხალხს რაც უნდა, იმას იტყვის და ამაზე ნერვიულობა არ ღირს.

- სიმხდალის ყველაზე საშინელი გამოხატულება საკუთარი თავის შეცოდებაა. ოდესმე თავი შეგცოდებია?

- არასოდეს, არც ერთ სიტუაციაში საკუთარი თავი არ შემცოდებია, ანუ გამოდის, რომ მხდალიც არ ვარ.

- პოპულარობა პირადი საქმეების მოსაგვარებლად გამოგიყენებია?

- ერთი-ორჯერ საშვის გარეშე შევსულვარ აკრძალულ ტერიტორიაზე.

- ფულით წარმატებისა და პოპულარობის მიღწევა შესაძლებელია?

- დიახ, შესაძლებელია და აღწევენ კიდეც. თუმცა, ყველასთვის ნათელი ხდება, ვინ როგორ მიაღწია ამ წარმატებას, ფულით თუ შრომით. ფულით მიღწეული მიზანიც დროებითი მგონია.

სოფო ჭონიშვილი