კარიერაში გადაზრდილი ჰობი - გზაპრესი

კარიერაში გადაზრდილი ჰობი

19 წლის მარია მამუჩაშვილი სერიოზული სამოდელო კარიერის დასაწყებად ემზადება: ამის საფუძველი კონკურსზე - მისი გამარჯვება გახდა... გოგონას ოჯახს "სოციალურად დაუცველის" სტატუსი აქვს. ასე რომ, მარიას ამბავი ზღაპარსაც კი ჰგავს, თუმცა ამ ზღაპრის სიუჟეტი ჯერ ისევ რთულად ვითარდება: "საერთაშორისო მოდელის" სტატუსით, გოგონა მუშაობას თებერვლიდან იწყებს, მანამდე კი უნივერსიტეტში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, "შავ სიაშია". როგორც მარიამ გვითხრა, განათლების სამინისტროში მისი პრობლემა "მიიყურისძირეს"...

19 წლის მარია მამუჩაშვილი სერიოზული სამოდელო კარიერის დასაწყებად ემზადება: ამის საფუძველი კონკურსზე -Best Global Model Of The Year მისი გამარჯვება გახდა... გოგონას ოჯახს "სოციალურად დაუცველის" სტატუსი აქვს. ასე რომ, მარიას ამბავი ზღაპარსაც კი ჰგავს, თუმცა ამ ზღაპრის სიუჟეტი ჯერ ისევ რთულად ვითარდება: "საერთაშორისო მოდელის" სტატუსით, გოგონა მუშაობას თებერვლიდან იწყებს, მანამდე კი უნივერსიტეტში, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, "შავ სიაშია". როგორც მარიამ გვითხრა, განათლების სამინისტროში მისი პრობლემა "მიიყურისძირეს"...

საერთაშორისო მოდელი

- კონკურსი Best Global Model Of The Year ჯერ საქართველოში ჩატარდა, გავიმარჯვე და უკვე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის კუნძულ აზორეზე გავემგზავრე, სადაც ზღაპრული სილამაზე დამხვდა! კუნძულის ყველა ღირსშესანიშნაობა გვაჩვენეს... პირველ დღეს "ფეშენ შოუ" გაიმართა, მეორე დღეს - საცურაო კოსტიუმების, მესამე დღეს კი - ნაციონალური კოსტიუმების ტური. ჟიურის მიერ ყოველდღიურად გადაფასებები ხდებოდა, ვინ როგორ ვიქცეოდით, ჩვენს პროფესიონალიზმს როგორ ვავლენდით... თითოეულ დეტალს ყურადღებას აქცევდნენ, რადგან როცა საერთაშორისო მოდელი ხდები, შენი საქმის პროფესიონალი უნდა იყო. შესაბამისად, კონკურსის მონაწილეები ამ კრიტერიუმით შეგვაფასეს. ფინალური შოუსთვის გადაღლილი ვიყავი, მაგრამ როგორც კი დაჯილდოება დაიწყო, ემოციური გავხდი. ჯერ ჩემი სახელის "ჭაჭანებაც" არ იყო, თუმცა ფეხების კანკალი დამეწყო. გამარჯვებულად "ჯორჯია" რომ გამოაცხადეს, არ ვიცი, რა დამემართა! დავიბენი: ვიცინოდი, ვტიროდი, მუხლები მეკვეთებოდა... შოკის მომგვრელი ამბავი იყო! ასეთი ბედნიერების განცდას ყველა მოდელს ვუსურვებ. 40 ქვეყნის წარმომადგენელს შორის გავიმარჯვე. კონკურენტად მხოლოდ ერთი გოგო (რომელიც რუსეთს წარმოადგენდა) მიმაჩნდა, ძალიან მომწონდა. ბოლო წუთამდე ვფიქრობდი, რომ ის გაიმარჯვებდა... შემდეგ ცნობილ სააგენტოსთან, რომელსაც ფილიალები მილანსა და ნიუ-იორკში აქვს, 1-წლიანი ხელშეკრულება გავაფორმე. თებერვლიდან თანამშრომლობას დავიწყებ, პერიოდულად, საქართველოდან გავემგზავრები. უკვე "საერთაშორისო მოდელის" სტატუსი მაქვს. როგორც ვიცი, საერთაშორისო მოდელების ჰონორარი მილანსა თუ ნიუ-იორკში 5.000 ევროდან იწყება. საქართველოში ბევრი ლამაზი გოგოა, რომელსაც მოდელობა არ უნდა, რადგან ამ სფეროში ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება. მიზერულ თანხებზეა საუბარი. თან, "ჩაწყობა" და მსგავსი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავია. სააგენტო "კატრინში" მსგავსი რამ არ ხდება. ხელმძღვანელი - ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი აბსოლუტურად სამართლიანია და კონკურსებს გამჭვირვალედ ატარებს. მთელი სააგენტო "დედას" ვეძახით, რადგან მეგობრულია, მხარში გვიდგას...

GzaPress

"არავითარი ამბიცია არ მქონია"

- 13 წლიდან სამოდელო სფეროში ვარ: წლების წინ, "მის სკოლა" ტარდებოდა. კონკურსის წარმომადგენლები სკოლებში დადიოდნენ და მონაწილეებს არჩევდნენ. სრულიად შემთხვევით შემარჩიეს, მონაწილეობა მივიღე და ჩემთვის წარმოუდგენელი რამ მოხდა: სააგენტოში არავის ვიცნობდი. ვხედავდი, მონაწილეების მშობლები აშკარად იბრძოდნენ, რომ მათი შვილები პირველები ყოფილიყვნენ. მე არავითარი ამბიცია არ მქონია, რადგან მიმაჩნდა, რომ ყველაფერი "ჩაწყობით" ხდებოდა. შესაბამისად, ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ "მის სკოლა 2013" გავხდი... მას შემდეგ 3 სააგენტო გამოვიცვალე. ამჟამად, "კატრინის" მოდელი ვარ და ვფიქრობ, საუკეთესო სააგენტოში მოვხვდი. 2015 წელს "მის პლანეტის" კონკურსში ვმონაწილეობდი, რომელშიც "ვიცე-მისი" გავხდი. შარშან Best Global Model Of The Year-ში (90 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა) თოპ ოცეულში მოვხვდი. თავდაპირველად, კონკურსის ფარგლებში, შენჟენში ვიყავით, ბოლო 3 დღე კი ჰონ-კონგში გავატარეთ, სადაც ფინალი გაიმართა...

"შემიძლია, ჩემს სხეულს სასურველი ფორმა მარტივად მივცე"

- გამიმართლა და ალბათ, გენეტიკის დამსახურებაც არის, ბევრი საკვებიც რომ მივირთვა, მაინც არ მეტყობა - წონაში არ ვიმატებ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, დღეში 20 წუთი სხეულის გამაჯანსაღებელი ვარჯიშების შესრულებას დავუთმო. ისეთი სხეული მაქვს, რომ შემიძლია, სასურველი ფორმა მარტივად მქონდეს. მოგეხსენებათ, მოდელისთვის მუდმივად ფორმაში ყოფნა აუცილებელია, რადგან შესაძლოა, მაგალითად, გადაღებისთვის ნებისმიერ დროს დავჭირდეთ... მინიმუმ, სახლის პირობებში მაინც ვვარჯიშობ, თუმცა როგორც კი დროს გამოვნახავ, ტრენაჟორების დარბაზში მივდივარ...

"გამაფრთხილეს, როგორიც ხარ, ისეთი ჩაგვბარდიო"

- სახისთვის მხოლოდ ღამის დამატენიანებელ კრემს ვიყენებ და წელიწადში ერთხელ, გაწმენდის პროცედურას ვიტარებ. ისეთი ასაკი მაქვს, რომ ჩემი სახის კანს სხვა პროცედურები არც სჭირდება... თმას რაც შეეხება, მას ბევრი რაღაც დავმართე: უზომოდ გრძელი თმა მქონდა. შემდეგ შავად გადავიღებე. არ მომეწონა და დეპრესია დამეწყო... ყველა მეუბნება, რომ ჩემი თმის ბუნებრივი ფერი საოცარია. როგორც კი გაიზრდება, ვამბობ - აღარ შევიღებავ, ბუნებრივი, ლამაზი და მოვლილია-მეთქი, მაგრამ მბეზრდება და მინდა, რაღაც შევცვალო. შედეგად, თმა ფუჭდება. მრავალფეროვნების სურვილს თავი ვერ დავაღწიე. თებერვლიდან მილანის სამოდელო საქმიანობაში ჩავერთვები. უკვე გამაფრთხილეს - ვარცხნილობა აუცილებლად შესაცვლელი გაქვს და შესაძლოა, მოკლედ შეჭრამაც მოგიწიოსო. ამ მხრივ, პრობლემა არ მაქვს: მოკლე ვარცხნილობა ადრეც მქონია და მგონი, მომიხდა...

"მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხს ამახინჯებს"

- როცა ქუჩაში გავდივარ, ყოველთვის ვცდილობ, ჩაცმულობაში რაღაც კლასიკური დეტალი მქონდეს, რადგან ჩემთვის კლასიკურობა დახვეწილობასთან ასოცირდება. ცხადია, შინ ყოფნისას ან იქვე, მაღაზიაში ჩასვლისას სპორტული სამოსი მაცვია, მაგრამ უნივერსიტეტსა თუ საქმიან შეხვედრებზე სამოსში კლასიკური დეტალების შეტანას ვცდილობ. შავ-თეთრის კომბინაცია ძალიან მომწონს! ასევე, კრემისფერიც მიყვარს და ყვითელიც, მაგრამ ამ ფერის ტანისამოსით იშვიათად ვიმოსები. ფეხსაცმელებს რაც შეეხება, ვცდილობ, დაბალქუსლიანი და კომფორტული იყოს, რადგან ჩემი სიმაღლე 180 სმ-ია და "პლატფორმები" აღარ მჭირდება, თანაც, მიმაჩნია, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ფეხს ამახინჯებს.

"5 წლის ვიყავი, როცა ბოლოს მამა ვნახე"

- ოჯახში ოთხნი ვართ: მე, დედა, და ჩემი და-ძმა. დედა ექთანია - საავადმყოფოში მუშაობს. ჩემი და-ძმა სკოლის მოსწავლეები არიან. რაკი მცირე ასაკიდან სამოდელო სფეროში ვმუშაობ, ვეცადე, ჩემი დაც ჩემკენ "გადმომექაჩა", მაგრამ არ გამომივიდა: ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია; ერთმანეთისგან ისე განვსხვავდებით, როგორც ცა და დედამიწა... 5 წლის ვიყავი, როცა მამა ბოლოს ვნახე. მას შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მქონია. ჩემი მშობლები გაცილებულები არიან.

განათლება და მატერიალური პრობლემები

- უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე წელს ჩავაბარე. ამ პროფესიის დაუფლება ბავშვობიდან მინდოდა. სწავლა-განათლება ჩემთვის პრიორიტეტულია, თუმცა სამოდელო სფეროში ასეთ წარმატებას რომ მიაღწევ, მოდელობას "ჰობის" ვეღარ უწოდებ (იღიმის)... 19 წლის ვარ. ცხადია, მატერიალურ პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად უნდა შევძლო. რა თქმა უნდა, დედა მეხმარება, მაგრამ 3 შვილი ვყავართ და ყველაფერს ვერ გაუმკლავდება. შესაბამისად, გარკვეულ სიტუაციებში ფინანსურად "ვიჭედები" ხოლმე. სწავლის საფასურის საწყისი თანხა - 1.000 ლარი გადახდილი მაქვს. ჯამში 3.000 ლარია გადასახადი. ამ ეტაპზე, საჭირო თანხის გადახდა ვერ მოვახერხე, რადგან კონკურსზე გამგზავრება მომიხდა, უამრავი ხარჯი მქონდა. შესაბამისად, სიაში "გავშავდი". განათლების სამინისტროსაც მივმართე, მაგრამ რატომღაც, "მიიყურისძირეს" (იღიმის)... ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველა უნივერსიტეტი "ფულზე მუშაობს" და სხვა არაფერი აინტერესებს. ხომ შეიძლება, ცოტათი შეგვიწყონ ხელი? ვიდრე ფულს არ გადავიხდი, ლექციებზე ვერ ვივლი. კონკურსზე ჯილდოდ 1.000 ევრო კი მივიღე, მაგრამ იქ გამგზავრებისთვის საჭირო ხარჯებისთვის აღებული ვალის გასტუმრებას მოვახმარე...

პირადი ცხოვრება

- ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვინც მაქსიმალურად მხარში მიდგას. უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ. როცა მამაკაცი იგებს, რომ მისმა რჩეულმა ძირითადი დრო საზღვარგარეთ, ჩვენებებზე უნდა გაატაროს და ამას გაგებით ეკიდება, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩემი რჩეულით ვამაყობ და ბედნიერი ვარ!..

ეთო ყორღანაშვილი