რატომ აღვიძებდა "სანდრექსა" ამერიკელებს ჩაბნელებული საქართველოდან - გზაპრესი

რატომ აღვიძებდა "სანდრექსა" ამერიკელებს ჩაბნელებული საქართველოდან

როგორც სანდრექსას როლის შემსრულებელმა - სანდრო კაკულიამ გვითხრა, კურტანა რეალურ ცხოვრებაშიც მისი ძმაკაცია. სანდროს გაუხარდა, რომ სერიალში ისევ ერთად ყოფნა მოუწევთ, რადგან მარტოობა ძალიან უჭირდა.

- სავარაუდოდ, სერიალში ჩემთვის ეს ბოლო სეზონი იქნება. იმედია, ჩემი გმირის და ნატაშკას საკითხი ან ძალიან მოულოდნელად დამთავრდება, ან პოზიტიურად გადაწყდება. ვფიქრობ, ეს ამბავი ოდესმე უნდა დასრულდეს. თან, სერიალში კიდევ დიდხანს გაჩერებას არ ვაპირებ, სხვა გეგმები მაქვს.

- შენი გეგმები სამსახიობო სფეროს უკავშირდება?

- არა, მომავალში ამ სფეროში მუშაობას აღარ ვაპირებ. სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობ.

- გაიხსენე შენი პირველი როლი...

GzaPress- ამერიკული კოლეჯი დავამთავრე. დაახლოებით მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა დირექტორმა პატარა ინგლისურენოვანი ჩანახატი სპექტაკლად დადგა. მე ოფიციანტის როლს ვასრულებდი. რეპეტიციას დირექტორის კაბინეტში გავდიოდით. ტექსტს გაკვეთილივით ვიზეპირებდი. მერე მე და ჩემი 2 კლასელი ვთამაშობდით: ვითომ მოქმედება რესტორანში ვითარდებოდა და მათ შემწვარ ხორცს ვთავაზობდი. ხელზე პირსახოცი მქონდა გადაკიდებული.

- პირველი პაემანი...

- ოდნავ სერიოზული პირველი პაემანი მრგვალ ბაღში მქონდა. მაშინ 16 წლის ვიყავი, ის კი - 22-ის. ვატყუებდი, - მეც 22-ის ვარ-მეთქი. ბავშვობიდან ასაკთან შედარებით უფროსის შეხედულება მაქვს და გოგონაც ადვილად მოტყუვდა.

- პირველი ტყუილი...

- 6 წლის ვიყავი, ძმა რომ გამიჩნდა. მასზე რომ გადაიტანეს ყურადღება, ეჭვიანობა დავიწყე. ერთხელ ძმა ავად იყო, ყველა მას დასტრიალებდა თავს. ჰოდა, ვიცრუე, - მეც ძალიან ცუდად ვარ-მეთქი. მიზეზი რომ მკითხეს, ვუპასუხე: უცნაური დაავადება მაქვს, ვკანკალებ-მეთქი. მართლაც, რომ მეხუტებოდნენ, კანკალს სპეციალურად ვიწყებდი. დეიდამ წამალი დამალევინა (ალბათ მომატყუა და სინამდვილეში, წყალი იყო), მერე კი "ავადმყოფობამაც" გადამიარა.

- პირველი ლექცია...

- უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ფიზიკის აუდიტორიაში დეკანი შემოვიდა. მაშინ პირველად ვიჯექი აუდიტორიაში და არა - საკლასო ოთახში. ალბათ ძალიან სტანდარტული ლექცია-შესავალი იყო, რომელსაც პირველკურსელებთან ყოველთვის ატარებენ. დეკანის გვარ-სახელიც კი არ მახსოვს...

- შენ მიერ წაკითხული პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

GzaPress- ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზამთარი, უშუქობის პერიოდი იყო. წიგნს სანთლის შუქზე ვკითხულობდი. იმავდროულად, ბალზაკის ნაწარმოებიც წავიკითხე. მაშინ ჩუტყვავილა დამემართა და სულ სახლში ვიყავი. რაღაცნაირ, უცნაურ ლოგინზე ვიწექი. ძალიან ციოდა. ამიტომ ბევრი ტანსცმელი მეცვა და ბევრი რაღაც მეხურა. ბოთლში ჩასხმული ცხელი წყლითაც ვთბებოდი...

- პირველი სიმთვრალე...

- მერვე კლასის "გარდამავალი" ბანკეტი გვქონდა. რესტორანში ვიყავით. მთელი კლასი დავთვერით, განსაკუთრებით - ბიჭები. ის დღე და ის დათრობა დღემდე ყველას გვახსოვს - რთული იყო...

- ზოგადად, როგორი სიმთვრალე გაქვს?

- ასეთ დროს ძალიან კარგი, ყველაზე "მსუბუქი" და მხიარული ტიპი ვარ. სასმელს კარგად ვიტან. უბრალოდ, ხშირად არ ვსვამ. არ მიყვარს, როცა ვითიშები, არადა, "მოწრუპვასაც" ვერ შევეჩვიე. ამიტომ, თუ ვსვამ, აუცილებლად იმდენს, რომ ვთვრები (იღიმის).

- პირველი "იმეილი", რომელიც გაგზავნე...

- ჩემს ახლა უკვე ცოლს გავუგზავნე. მაშინ ახალი გაცნობილი მყავდა. მახსოვს, "მელიქიშვილზე", ინტერნეტკაფეში მივდიოდი ხოლმე, რათა "იმეილი" გამეგზავნა.

- მობილური ტელეფონი არ გქონდა?

- მობილური ტელეფონი პირველად ხელში რომ ჩამივარდა (2001 წელს), 50-ლარიანი ბარათი მაჩუქეს. მახსოვს, უშუქობის პერიოდი იყო, ქურასთან ვისხედით და ტელეფონით ამერიკაში, შემთხვევით ნომრებზე ვრეკავდი, ხალხს ვაშაყირებდი; უცხოელებს ვაღვიძებდი და ველაპარაკებოდი.

- პირველი ვიზიტი ექიმთან...

- ეს ალბათ, დაბადებიდან 1-2 თვეში იყო, რადგან ჩემს ოჯახში ბევრი ექიმია და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემის გამოც ექიმებთან მივყავდით. 3-4 წლის ვიყავი, როცა მუცელი ამტკივდა. ბაბუას მანქანით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში წამიყვანეს. იქ ერთი ღამით დამტოვეს, რადგან ტკივილის მიზეზი აპენდიციტი ეგონათ, მაგრამ მეორე დღეს გამოგვიშვეს. საავადმყოფოში გატარებული დღე კარგად მახსოვს: დერეფანი, პალატა, საავადმყოფოსთვის დამახასიათებელი სუნი... მე და დედა ერთ საწოლზე დაგვაწვინეს. ფანჯრიდან ვხედავდი, ბაბუა შინ მანქანით როგორ ბრუნდებოდა.

- შენ მიერ მიძღვნილი პირველი საჩუქარი...

- დაახლოებით მეორე კლასში ვიყავი, როცა დეიდაჩემს ოქროს სამკაული მოვპარე და კლასელ გოგოს წავუღე - გვერდით დავუჯექი და ჩანთაში ჩუმად ჩავუგდე. მერე აღარ მახსოვს: მგონი, გოგონას დედამ დაგვირეკა და გვითხრა, რომ მისი შვილის ჩანთაში ოქროს სამკაული აღმოაჩინა (იცინის). კუთვნილი ნივთი დეიდას დავუბრუნე.

- პირველი ძმაკაცი...

GzaPress- 3 ძმაკაცი მყავს, რომლებთანაც პირველი კლასიდან ვმეგობრობ. სამაგალითო ოთხეული ვიყავით. ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები ვართ. უკვირდათ კიდეც, - როგორ შეიძლება, ეს ტიპები ერთად იყვნენო?! მსოფლმხედველობრივი სიახლოვე გვაქვს, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ერთნაირად ვაზროვნებთ. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სულ ერთად ვიყავით: დილას ერთმანეთთან დარეკვით ვიწყებდით, ერთად ვსაუზმობდით, ვვახშმობდით, ვისვენებდით (ზამთარ-ზაფხულ)... გოგონები რომ მეგობრობენ ხოლმე, ისე ვმეგობრობდით. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ზოგმა მუშაობა დაიწყო, ოჯახი შექმნა... ახლა ერთად იმდენ დროს ვეღარ ვატარებთ, რამდენსაც - წინათ, მაგრამ მსოფლმხედველობრივი სიახლოვე და ბავშვობის დროინდელი სიყვარული ისევ გვაქვს.

- პირველი მოგზაურობა უცხოეთში...

- 16 წლის ვიყავი, როცა მე, ჩემი მეგობარი და მისი ოჯახი ავსტრიაში გავემგზავრეთ. მეგონა, უცხოეთში, თვითმფრინავიდან რომ გავიდოდით, სხვანაირი ჰაერი დაგვხვდებოდა. მახსოვს, საქართველოში თვითმფრინავში ჩაჯდომისას ღრმად ჩავისუნთქე, ავსტრიაში კი ტრაპიდან რომ გავედი, ნელ-ნელა დავიწყე სუნთქვა: ჰაერი უნდა "გამეტესტა" - იგივე იყო თუ არა?! არ ვიცი, რატომ მეგონა, რომ იქ სხვანაირი ჰაერი იქნებოდა (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი