ეთერ კაკულიას "კულინარიული მოგონებები" და ივანიშვილების ეზოს ლობიო - გზაპრესი

ეთერ კაკულიას "კულინარიული მოგონებები" და ივანიშვილების ეზოს ლობიო

როგორც აღნიშნავს, მზარეულობის არც დრო ჰქონდა და არც სურვილი, სამაგიეროდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, გასტროლებით უამრავი ქვეყანა მოიარა და მათი სამზარეულოებიც კარგად აითვისა.

სიმღერ-სიმღერით გატარებული ცხოვრება და ავტობიოგრაფიული წიგნი

- ჩემი უნიჭო კულინარობის შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათ. 50 წელია, სულ გასტროლებზე დავდივარ და საჭმლის კეთება როდის უნდა მესწავლა, არა? დედაჩემი კი შესანიშნავი კულინარი იყო. დიასახლისობა, ჭურჭლის ან ტანსაცმლის დარეცხვა არ მიწევს ხოლმე, ყველაფერს ჩემი ანა მიკეთებს, რომელიც 20 წელია, ჩემთანაა. რა ვქნა, უნდა ვაღიარო, რომ ოჯახურ საქმეებში ზარმაცი ქალი ვარ, სამაგიეროდ, ჩემსავით არავინ მღერის, გენაცვალე, დიახაც! (იცინის). შემეჯიბრონ, აბა! ახლა საქართველოს მასშტაბით კონცერტები მაქვს დაგეგმილი, მეგობრებთან ერთად, გუნდი ვართ - მე და ხუთი ბიჭი, ჩვენი ადმინისტრატორიც გვყავს. მთელი ცხოვრების განმავლობაში, შესანიშნავი დრო მაქვს გატარებული და ამით ვარსებობ, მაგრამ ახლა ვნანობ, რომ ეს ყველაფერი არ ჩავიწერე, დღიური უნდა მეწარმოებინა. მაშინ "ჰარი-ჰარალო" ვიყავი და ჩაწერის თავი მქონდა? (იცინის). იმდენი კურიოზი გადამხდენია და არ მახსოვს. ბევრ რამეს ჩემი ძმა მახსენებს ხოლმე, რაღაცები მას უკეთ ახსოვს. "ურაგანივით" ცხოვრება მქონდა, დღეს რომ თბილისში ჩამოვიდოდი, მეორე დღეს ისევ სადღაც მივფრინავდი. 102 წლამდე კი ვიქაჩები, მაგრამ რა ვიცი, ცხოვრება ხანმოკლეა და სანამ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი უნდა მოასწრო და იმ წლებში, მე მართლაც ბევრი რამ ვნახე. ავტობიოგრაფიული წიგნი უკვე მზად მაქვს - "ეთერ კაკულია" და მალე დაიბეჭდება, სადაც ჩემი მოგზაურობები და ცხოვრებაა აღწერილი.

ირანი და უცნაური ტრადიციები

GzaPress- უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ბევრნაირი სამზარეულო დამიგემოვნებია. ახლახან, ირანში, კერძოდ, თეირანში ვიყავი. ბიზნესმენი ნაზი ალასანია, მოგეხსენებათ, ჩემი მეგობარია, ირანთან ბიზნესი აკავშირებს, სპარსულიც კარგად იცის და შემომთავაზა, - წამოდი, თეირანი უნდა განახვოო. ამ ქალაქში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, წარმოგიდგენია? რაც მაგათ საქართველო აოხრეს, თავის დროზე... იქ რომ ჩავდიოდი, მინდოდა, ყველა დამეხრჩო (იცინის). ვხუმრობ, რა თქმა უნდა. იქ ხომ ქალები თავდაბურულები დადიან და ჩვენც ასე შეფუთულები ვიყავით. ერთი ძალიან მდიდარი კაცის შვილმა ცოლი შეირთო და ქორწილში ჩვენც მიგვიპატიჟეს. იცი, როგორი ქორწილი იყო? მაგალითად, ფილარმონიაში კონცერტი რომ ჩაატარო, მერე კი ა-ლა-ფურშეტი გამართო. სიმღერით, დაირებით გამოდიოდნენ მამაკაცები და თავიანთ ენაზე რაღაცებს მღეროდნენ. იქ ხომ ქალს სიმღერის უფლება არა აქვს და მე მასპინძელს ვუთხარი, - არ შეიძლება, სცენაზე ავიდე, ერთი სიმღერა მეც ვიმღერო-მეთქი? გაოგნებულმა შემომხედა (იცინის). ქალი მომღერალი საერთოდ არ ჰყავთ, რა ჩამორჩენილი ქვეყანაა. გემრიელი საჭმელი და კარგი სუფრა კი ჰქონდათ, შესანიშნავი ტკბილეულითურთ. ჭამის დროს ვერც კი მივხვდი, თავსაბურავი გადამძრობია და სამი ბიჭი დამადგა თავზე - სასწრაფოდ თავზე დაიხურეთო! ყველას თავისი წესები აქვს... რა უცნაურია, არა? ქართველები ყველაზე კარგი ხალხი ვართ, მართლმადიდებლები, ქართველებზე ვგიჟდები, რა ვქნა, ასეთი ერი არ არსებობს!

ევროპა, შაქრიანი კიტრი და ჰიპური "კიშკაობა"

- მე და "ცისფერი ტრიო" ევროპაში გასტროლებისას ლონდონში რომ ჩავედით, "ფეშენ-რესტორანში" შეგვიყვანეს. ძალიან ლამაზად გაფორმებული და გემრიელი კერძი მოგვიტანეს, ხორცისმაგვარი და ისე მომეწონა, რამდენჯერმე გადმოვიღე. ჭამა რომ დავამთავრეთ, ისე, სხვათა შორის ვიკითხე - რისი ხორცი იყო-მეთქი? - ლოკოკინასიო, მითხრეს. მთელი ღამე არ მეძინა, ეს რა ვჭამე-მეთქი?! (იცინის). მაგრამ უგემრიელესი იყო, თეთრი ხორცი ჰქონდა. გველისა და ტარკანის ხორცი ნაღდად არ მიჭამია და ალბათ ვერც ვერასდროს შევჭამ. როგორი ცხოველი უნდა იყო ადამიანი, რომ ეს ჭამო, არა, თამთა? ტკაცუნი რომ გააქვს. საერთოდ, ევროპა უფრო მიზიდავს. ბულგარეთში ხომ გავზარდე საერთოდ ჩემი შვილი, სულ თან დამყავდა. დანიაში, კოპენჰაგენში რომ ვიყავით, ჰიპების აღზევების პერიოდი იყო და დამაინტერესა, რით იკვებებოდნენ და გავსინჯე. ჯოხზე აცმულ ხორცს იქვე წვავდნენ და ციცქნიდნენ. მდინარის პირას ვისხედით მე და ეს ჰიპები, როგორია, არა? უნგრეთში რომ ვიყავით, ვახშამზე დაჭრილი კიტრი შემოიტანეს, რომელსაც ზემოდან შაქარი ეყარა. მსგავს საშინელებას ვერსად შეჭამ... არადა, ზრდილობის გულისთვის უნდა მეჭამა... რუმინეთში ვსხედვართ სუფრასთან და მოიტანეს ტოლმა, პური კი არსად იდო და ჩემდა გასაკვირად, რა მოიტანეს, იცი? ღომი! ვეხუმრებოდი, - რა იცოდით, მეგრელი რომ ვარ-მეთქი?! (იცინის). ტოლმა და ღომი ერთად არც კი მსმენია. რა თქმა უნდა, არ ვჭამე.

შეხვედრა ჟან მარესთან

- პარიზში რომ მივდოდით, ჰავრში გავჩერდით, ნავსადგური იყო. ბიჭებს ვუთხარი, - ბარში შევალ, ყავას დავლევ, თქვენ კი დამელოდეთ-მეთქი. ბართან მაღალ სკამზე შევსკუპდი და ყავის წრუპვა დავიწყე. ჩემ გვერდით, ნახევრად ზურგით, ვიღაც მამაკაცი იჯდა, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიმიქცევია, სიმპათიური ზურგი და თავი ჰქონდა. ყავის სმა რომ დაამთავრა, ბარმენს უთხრა - "მეღსიო" და თურმე, ჟან მარე არ ყოფილა?! იმ პრივატ ოტელში ერთი საათით დაუსვენია და მერე მიდიოდა. თურმე მე და ჟან მარე ერთად ვსვამდით ყავას და რა ვიცოდი?!

სადილი კოსმონავტთან და ვალსი ბრეჟნევთან

- მოსკოვში არაერთ ცნობილ მწერალთან, მომღერალთან თუ სხვა ხელოვანთან ვარ სტუმრად ნამყოფი. ერთხელ, მე და ჩემი პიანისტი - მედეა გონგლიაშვილი, სანამ ნანი ბრეგვაძესთან წავიდოდა, მე კი - "რეროში", იური გაგარინთან სახლში ვიყავით მიპატიჟებულები სადილზე. სხვათა შორის, პრაღაში ბრეჟნევთან ვიცეკვე. ისე, მთელი ამ წლების განმავლობაში, რამდენი მთავრობა და პრეზიდენტი გამოვიცვალე, ვინ მოთვლის... ლონდონში რომ ვიყავით გასტროლზე, ჟესუს ცრყს მაშინ დაიდგა, ბილეთები ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ჩვენ დაგვპატიჟეს და თუკი ვინმე იყო ჩამოსული, პოპულარული ადამიანი, ყველა იქ იყო. საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. ახლა რომ ვუყურებ, იმდროინდელი ჰოლივუდი, იტალია, საფრანგეთი, მაშინდელი ფილმები, სულ სხვა დონეზე იყო, როგორც ჩვენთან არ განმეორდებიან ის დიდი და გენიალური არტისტები, ისეა იქაც.

ტაშკენტი და ფლავის ჭამის ტრადიცია

- მე და "რეროს" ტაშკენტში გვქონდა კონცერტი, მე ხომ მათი სოლისტი ვიყავი. იქაურმა მერმა ოჯახში მიგვიპატიჟა მე, გია ჭირაქაძე, კოტიკა პევზნერი და სხვები. მრგვალ მაგიდასთან ვისხედით. მათთვის სტუმრის პატივისცემა იმაში გამოიხატება, რომ შესვლისას, კარში ფეხზე უნდა გაიხადო და ჩუსტს გაცმევენ. გავიხადეთ, რა გვექნა? ვახშამზე, დიდ ლანგარზე ბრინჯი ეყარა - ფლავი, თავისი ჭერმის ჩირით, ქლიავებით და ა.შ. უგემრიელესი, მაგრამ იცით, რას აკეთებენ პატივისცემის ნიშნად? ოჯახის უფროსი მამაკაცი ბრინჯს მუჭით იღებს, გუნდას აკეთებს და ამ ლუკმას სტუმარს უდებს პირში. ისეთი შავი ხელები ჰქონდა, ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ შევჭამდი და ჩემი რიგი რომ მოვიდა, მოვუბოდიშე, საპირფარეშოში გავალ-მეთქი. აბა, იმას ვერაფრით ვერ ჩავიდებდი...

- ქართველებმა რა კარგი გამასპინძლება ვიცით, არა?

- რას ამბობ, ჩვენნაირი ხალხი არ არსებობს! ცოტა ერთმანეთი რომ შევიყვაროთ უფრო მეტად, კარგი იქნებოდა. ერთი კარგი სიმღერა მაქვს - "ქართველებო, შევიყვაროთ ერთმანეთი", ახლა უნდა ჩავწერო და კლიპი გადავიღო, ვგიჟდები, ისე მინდა! ისედაც ცოტანი ვართ - ორი მილიონი და საჭმელები რა კარგი გვაქვს, არა?! (იცინის) ყველა კუთხეს თავისი სამზარეულო აქვს და ეს მომწონს, მაგრამ ნურავის ეწყინება და მე მაინც მგონია, რომ ყველაზე გემრიელი კერძები მეგრელებს გვაქვს. ასეთი ღომი, საცივი, შემწვარი გოჭი, ხაჭაპური - არსადაა! ხაშლამას მირჩევნია, რა ვქნა?! (იცინის). სამეგრელოში რომ ჩავდივარ, შესანიშნავი სუფრები იშლება ხოლმე, დაჯექი და მიირთვი.

- სასმელი თუ გიყვართ?

GzaPress- შენ წარმოიდგინე, არა. მე ხომ ენატლიკინა ვარ და ყველას ჰგონია, რომ დალევა მიყვარს, კარგი თამადა და მოქეიფე შეიძლება ვიყო, მაგრამ ასე სულაც არ არის. ლაპარაკი მიყვარს და იუმორი მაქვს, თორემ სასმელი - არა. ექიმმა კი გამომიწერა შავი ღვინო, მაგრამ ვერ ვსვამ. ახლა ხსნად ყავაში ვასხამ ხოლმე ცოტა შავ ღვინოს, ცოტა ლიმონის წვენსაც ვამატებ და გემრიელია. ლიმონი კარგი რამეა, ბევრს ვჭამ ხოლმე.

კუვეიტური შთაბეჭდილებები და პირველი ვიდეო

- კუვეიტი ხომ ძალიან მდიდარი ქვეყანაა და იქ რომ ჩავედით, სუფრაზე ნამდვილი ოქროსა და ბაჯაღლოს ჭურჭელი - თეფშები, დანა-ჩანგალი, ჭიქები დაგვიდეს. მაღალი დონის, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობდით და არაფერი მოგვკლებია, ყველაფერი იქვე კეთდებოდა, ცხელ-ცხელი კერძები თუხთუხებდა და როცა ვიკითხე, - რაც რჩება, სად მიდის-მეთქი? - ვყრითო, მითხრეს. წარმოგიდგენია? დღეს გაკეთებულ კერძს ხვალ ვინ გაკადრებს? კუვეიტში პირველად ვჭამე კიბორჩხალები და უგემრიელესი იყო, ძალიან მომეწონა. სხვათა შორის, მაშინ საქართველოში ვიდეომოწყობილობები ჯერ არ იყო შემოსული და იქიდან ჩამოვიტანე. ისე დაემთხვა, რომ ჩემი დაბადების დღე მოდიოდა და იქ უნდა აღმენიშნა, ამიტომ თბილისიდან რამდენიმე ბოთლი შამპანური წავიღე. კუვეიტში სასმელი ხომ აკრძალულია, მაგრამ ვინაიდან დაბადების დღე მქონდა, შემატანინეს და ეს შამპანურები იქ ერთმა კაცმა რომ ნახა, იმდენად მოუნდა, მთხოვა, ოღონდ ერთი ბოთლი მომეცით და ვიდეოში გაგიცვლითო. მეც, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

ივანიშვილების მჭადი და ლობიო

- ძალიან მიყვარს მჭადი და ყველი, განსაკუთრებით, საჩხერის. ამას წინათ, გაგვითავდა და ჩამომიტანეს. ბიძინა ივანიშვილის დედასთან - ციცინოსთან ვიყავი სტუმრად, ჩემი მეგობარია, შესანიშნავი ქალბატონია და თავისი ეზოს ლობიო გამომატანა. იცი, რა გემრიელი იყო?! ეგეთი გემრიელი არსად მიჭამია. მერე ვეხუმრებოდი, რა ყველაფერი გემრიელი გამოგდის, შვილი ხომ გემრიელი გააჩინე, ახლა ეს ლობიოც-მეთქი?! (იცინის) ციცინო ორი წლის წინ გავიცანი. ჩემ მიმართ დიდი სიმპათიით ყოფილა განწყობილი, გაცნობა უნდოდა და საჩხერეში კონცერტი რომ ჩავატარეთ, მერე დათო ივანიშვილის ეზოში სუფრა გაგვიშალეს, იქ ციცინომ თავისი შავი ღვინო მოატანინა და თვითონ ერთი ბოთლი ისე დალია, თვალი არ დაუხამხამებია და რამდენი წლისაა, იცი? 92-ის! დალიეო, მეც მაძალებდა და ერთი ჭიქა რომ შევსვი, ისეთი "ჟუჟუნა" გავხდი! (იცინის). ციცინოსთან ცოტა ხნის წინათაც ვიყავი, მართლა ძალიან საყვარელი ქალია, მხიარული, კარგი იუმორის მქონე. ბიძინა გარეგნობით დედას ძალიან ჰგავს. ის ხომ მეხუთე შვილია და ციცინოს ვეუბნებოდი, - რა კარგია, აბორტი რომ არ გაიკეთე, თორემ რა ეშველებოდა ამ ქვეყანას-მეთქი?! (იცინის). თურმე, აპირებდა, იცი? ქმარს მეხუთე შვილი აღარ უნდოდა და - აბორტი გაიკეთეო, უთქვამს. - გინეკოლოგთან ორჯერ წავედი და არ გამიკეთაო, მიყვებოდა. აბა, ამ ამბავში უფლის ხელი არ ურევია? რა შვილი დაბადა! კარგია, რომ შვილმა ასე გაუმართლა. ბადრი პატარკაციშვილიც ხომ ასე იყო, უჭირდა და თავისი ჭკუით რამდენს მიაღწია. 52 წლის ყოფილა, რომ გარდაიცვალა და რამდენ რამეს მოასწრებდა კიდევ? გალაკტიონი 68 წლის ყოფილა, ახლა რომ ვუყურებ, არაფერი ასაკი არ არის. ამაზე გამახსენდა, მეზობლის ბავშვი მეხუთე კლასშია და უთქვამს - კიდევ კარგი, ილია ჭავჭავაძე მოკლეს, თორემ რამდენ რამეს დაწერდა და რა ისწავლიდაო?! (იცინის)

მოხარშული ქათამი

- ერთხელ, ქათამი რომ მოვხარშე, ის ამბავი იცი? დედაჩემს გრიპი ჰქონდა, იწვა და მთხოვა, - რამე გამიკეთეო. თურმე, ეს ქათამი უნდა გამომეშიგნა, შენ იცოდი? მე არ ვიცოდი. გამოვიღე მაცივრიდან, ჩავაგდე ცხელ წყალში და დუღს. საშინელი სუნი დატრიალდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ ქათამმა ასე იცის-მეთქი. მერე, მეზობელი შემოვიდა. მიხვდა, რაღაც სისულელე რომ გავაკეთე და ქვაბში რომ ჩაიხედა, ქალი ჭკუიდან გადადგა (იცინის). ბაზარში წავიდა ისე, რომ დედაჩემს არაფერი გაეგო, ახალი ქათამი მოიტანა, გაამზადა, მოვხარშეთ და დედაჩემს რომ შევუტანეთ, ისე გაუხარდა, - რა ბედნიერი ვარ, ჩემმა შვილმა რაღაც გააკეთაო (იცინის). არადა, რა იცოდა, რა წუთები გადავიტანე. მაშინ ალბათ 25 წლის ვიქნებოდი.

თამთა დადეშელი