მკაც­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სტი­ლის ნა­ზა­ვი - წვე­უ­ლე­ბა­ზე, საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში - გზაპრესი

მკაც­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სტი­ლის ნა­ზა­ვი - წვე­უ­ლე­ბა­ზე, საქ­მი­ან შეხ­ვედ­რა­ზე და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში

დამწყები დიზაინერი - მარი შაშვიაშვილი (მარიშა) ისეთ სამოსს ქმნის, რომლის ჩაცმა ყოველდღიურადაც შეგიძლიათ და საქმიან შეხვედრაზეც. უფრო მეტიც - მარიშას სამოსით წვეულებაზეც მოიწონებთ თავს. ყოველდღიური, კლასიკური და სექსუალური სტილის ნაზავი - ასე ახასიათებს დიზაინერი სტილს, რომელზეც რამდენიმე თვეა მუშაობს. მის შექმნილ კოსტიუმებს მოდელების მსოფლიო კონკურსებზეც დიდი მოწონება ხვდა წილად...

- კლასიკურ, ძვირფას სამოსზე ვმუშაობ. ჯერ ქალის ტანსაცმელს ვქმნით, შემდეგ მამაკაცებისა და ბავშვების სამოსზეც ვიმუშავებთ.

- კლასიკურ, ძვირფას სამოსზე საქართველოში მოთხოვნა თუ არის?

- საკმაო მოთხოვნაა, რადგან ჩემი აზრით, კლასიკური და კარგი ხარისხის ტანსაცმელი დეფიციტია. "კლასიკურში" მკაცრ სტილს არ ვგულისხმობ: კლასიკურთან ერთად, სამოსი ავანგარდულიცაა. ასეთ ტანსაცმელში გამოწყობილმა ქალმა თავი ყველგან კომფორტულად უნდა იგრძნოს - წვეულებაზეც, საქმიან შეხვედრაზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. თანამედროვე, საქმიანი და ცოტათი სექსუალური - ასე დავახასიათებ იმ სამოსს, როგორსაც ვქმნით.

- ამ სტილის სამოსის შექმნის გადაწყვეტილება ასეთი ტანსაცმლის დეფიციტმა განაპირობა თუ სხვა მიზეზი იყო?

- პირადად ჩემთვის, თბილისში კლასიკური სამოსის პოვნა, რომელშიც შეიძლება, კომფორტულად მეგრძნო თავი, თითქმის შეუძლებელი იყო - ვერსად ვშოულობდი. მხოლოდ მკაცრი სტილის პიჯაკებს ვხედავდი, რომლებიც თანამედროვედ გაფორმებული არ იყო. ძალიან მომწონს, როდესაც პიჯაკში ან კაბაში რამდენიმე ქსოვილია გამოყენებული.

- სამოსში ფერიც რამდენიმე უნდა იყოს?

- კი, შესაძლებელია, მაგრამ ამჟამინდელი კოლექციისთვის კლასიკურ ფერებს ვიყენებ: შავს, თეთრს, ოქროსფერს, ყავისფერის ტონალობებს... ყვავილებიანი და ჭრელი სამოსი ამ ეტაპზე, არ გვაქვს. პირველი ჩვენებისთვის კლასიკური ფერის სამოსი გვექნება. ალბათ, შემდეგ სხვა ფერებსაც გამოვიყენებთ (ძირითადად, სუბლიმაციურად დაბეჭდილი ქსოვილები გვექნება, რომლებსაც თავად შევქმნით)... 28 იანვარს, თბილისში მსოფლიო ნაციონალური და მსოფლიო Fashion Show გაიმართება. საქართველოს 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მოდელების, სილამაზის და ტალანტის კონკურსების გამარჯვებულები ესტუმრებიან. პროექტის - World Rising Stars ფინალური ჩვენება გაიმართება, რომელსაც ჩვენი კოლექციის ჩვენებით გავხსნით. ჩვენებას სპეციალურად მოწვეული, Miss Model Of The World 2015-ის გამარჯვებული - მარგარიტა პავლუშინა გახსნის, ხოლო "მისის პლანეტა 2017"-ის გამარჯვებული - იულია მორგუნოვა დახურავს.GzaPress

- როგორც ვიცი, მსოფლიო კონკურსების მონაწილე ქართველი კონკურსანტების სამოსზე თქვენ ზრუნავთ ხოლმე...

- კი. ჩვენი სამოსი უკვე 3 მოდელს ეცვა. დღეს კიდევ ერთ გოგონას ვუშვებთ პარიზში, რომლის სამოსზეც ჩვენ ვიზრუნეთ.

- რას ითვალისწინებთ, რა პრინციპით ხელმძღვანელობთ, როცა მოდელს მსოფლიო კონკურსისთვის სამოსს ურჩევთ?

- ვითვალისწინებთ, ქალს როგორი სტილი უხდება - რომელი დეტალი უნდა გამოაჩინოს და რომელი შეიძლება, დამალოს; მის სახეს, თმის ფერს, სხეულის ფორმებს, რომელი ფერი უფრო გაალამაზებს... ყველაფერს ვითვალისწინებ, სამოსი ტანზე ეფექტური რომ იყოს. როცა გოგონას ვნახულობ, მისი გარეგნობის მიხედვით ვარჩევ, რა შეიძლება, მოუხდეს...

- და მაინც, ქართველი კონკურსანტების სამოსი რითია გამორჩეული?

- მკაცრი და სექსუალური სტილის ნაზავია. მაგალითად, ერთ-ერთ მოდელს წითელი კაბა ჩავაცვით - წინა მხარეს "დახურული", გრძელი მკლავებით. კაბა ტანზე ისე იყო მომდგარი, რომ მოდელის მკერდს ხაზს უსვამდა. დეკოლტე არ ჰქონია. ზურგი სრულიად ღია იყო... მოდელ ნინი გრძელიშვილს, რომელიც ახლა საფრანგეთში მიემგზავრება, ძალიან ლამაზი ფეხები აქვს. ამიტომ მისთვის ისეთი საღამოს კაბა შევქმენით, კაბის ერთი ნაწილი რომ მოკლეა და გოგონას ფეხი მთლიანად უჩანს, მეორე ნაწილი კი - ძალიან გრძელია. ასე აქცენტი გავაკეთეთ მისი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე.

- სამოსისთვის ქსოვილებს სად იძენთ?

- დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ქსოვილის ხარისხს. საზღვარგარეთ ქსოვილების უფრო ფართო არჩევანია. ამიტომაც ჩემი ნამუშევრებისთვის ქსოვილები ძირითადად, ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან შემოგვაქვს.

- საინტერესოა, კოლეგები როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას?

- არ ვიცი. ქართველ დიზაინერებთან ჯერ საქმიანი ურთიერთობა არ მქონია, თუმცა მათი მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების იმედი მაქვს.

GzaPress

- ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობამდე რას საქმიანობდით?

- პროფესიით სოციოლოგი ვარ. რამდენიმე წელი ერთ-ერთი რეგიონის გუბერნიაში პიარის სამსახურის უფროსად ვმუშაობდი, მას შემდეგ კი სარეკლამო ბიზნესში ვარ. მაქვს კერძო სარეკლამო კომპანია, რომელიც 7 წლის წინ შევქმენი. როცა ამ სფეროში დიდი გამოცდილება დავაგროვე, გადავწყვიტე, ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც შემექმნა. სარეკლამო ბიზნესი ბევრ დროსა და შრომას მოითხოვს, მაგრამ ისე ძალიან მომწონს ის საქმე, რომელიც ახლა წამოვიწყე, რომ გადავწყვიტე, პარალელურ რეჟიმში მემუშავა. ამას დიდი ხალისით ვაკეთებ.

- დიზაინის სფეროში რაიმე განათლება თუ მიგიღიათ?

- განათლება ამ სფეროში არ მიმიღია, თუმცა სოციოლოგის პროფესია დამეხმარა, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და გაანალიზებაში. გარკვეულწილად, ამ სფეროსთან შეხება ყოველთვის მქონდა: მაგალითად, კომპანიებს სხვადასხვა სახის ბრენდირებულ სამოსს ვუკერავდით, ტექსტილზე ვბეჭდავდით და ლამაზ ტანსაცმელსაც ვქმნიდით... საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება ხშირად მიხდება. ლამაზ ქსოვილებსა და აქსესუარებს რომ ვხედავდი, სულ ვფიქრობდი - ამ ქსოვილებისგან ძალიან ლამაზი ტანსაცმლის შეკერვა შეიძლებოდა, თუმცა, სურვილი სურვილად რჩებოდა. ეკოს (ეკა მგალობლიშვილი, სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელი) ძალისხმევამ და შემართებამ დიზაინის სფეროში მუშაობა გადამაწყვეტინა. მარწმუნებდა, ჩემი სამოსის ბრენდის ხაზი გამეკეთებინა. ეკომ მომცა სტიმული, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ახლა ამ სფეროში უკვე ძალიან აქტიურად ჩავერთე. 30-ზე მეტი ლუქი გვექნება. ძალიან კარგი ესკიზები შევიმუშავეთ. მგონია, რომ ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელს დააკმაყოფილებს.

- წვეულებებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის ქართველები როგორ იცვამენ? მათ გემოვნებას როგორ შეაფასებთ?

- ქართველებს ძალიან კარგი გემოვნება აქვთ - დახვეწილი, ელეგანტური ხალხია. მაღალი დონის ჩაცმის კულტურა აქვთ. შავი ფერი უყვართ. მეც მიყვარს, რადგან კლასიკური და ელეგანტურია. ჩემს კოლექციაშიც შავი ფერის ბევრი კოსტიუმი იქნება.

- ახალი წლის დღესასწაულზე როგორი სამოსის ჩაცმას გვირჩევთ?

- როგორც იცით, ყვითელი ძაღლის წელი მოდის. ოქროსფერი, ყვითელი, ყავისფერი და წითელში გადასული ფორთოხლისფერი საახალწლოდ ყველაზე მოდური ფერები იქნება. დანარჩენი უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული: ჩემი აზრით, მოდაში ის არის, რაც ადამიანს უხდება. ახალი წლის დღესასწაულზე, წითელი ფერის სამოსის ჩაცმას გირჩევთ - ბევრ ქვეყანაში, ტრადიციულად, ახალ წელს წითელი ფერის სამოსში გამოწყობილები ხვდებიან, ოღონდ მოდასთან ეს კავშირში არაა (იღიმის)...

ეთო ყორღანაშვილი