სო­ფო გე­ლო­ვა­ნი დი­ასახ­ლი­სი­სა და კუ­ლი­ნა­რის ამ­პ­ლუ­ა­ში - გზაპრესი

სო­ფო გე­ლო­ვა­ნი დი­ასახ­ლი­სი­სა და კუ­ლი­ნა­რის ამ­პ­ლუ­ა­ში

მომღერალი სოფო გელოვანი შემოქმედებითად აქტიურ ფაზაშია - ახალ სიმღერებს წერს; ცოტა ხნის წინ, საბავშვო "ევროვიზიის" ჟიურიში ვიხილეთ. პარალელურად, საოჯახო საქმეებსაც ჩვეულებისამებრ უძღვება და ყურადღებას არც მეუღლესა და შვილებს აკლებს. გემრიელი კერძების მომზადება მისი დიასახლისური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. როგორც აღნიშნავს, გურმანია, მაგრამ ეს მის ვიზუალურ მხარესა და წონაზე არ აისახება. ვარჯიშსა და ჯანსაღ კვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სოფო კულინარიაზე, მოგზაურობასა და საოჯახო საქმიანობაზე გვესაუბრება.

- ახალ სიმღერებზე ვმუშაობ. ვფიქრობ, საინტერესო გამოვა, რადგან რეალურად, ეს მუსიკალური ექსპერიმენტი იქნება. ვიდეორგოლის გადაღებასაც ვგეგმავ.

ოჯახი და კულინარია

- გურმანი ვარ და გემრიელი კერძები მიყვარს, პრეტენზიული არ ვარ. როდესაც ოჯახი და შვილები გყავს, ბუნებრივია, სადილების კეთება გიწევს, სხვაგვარად არც შეიძლება. ვცდილობ, ჯანსაღად ვიკვებოთ. საყიდლებზე მე არ დავდივარ. ოჯახში ამ საკითხს მამაკაცები აგვარებენ. ჩემი მეუღლე მანებივრებს - პროდუქტის მოტანა მას აბარია.

მამაკაცური საჭმელები

- როდესაც დრო და შესაბამისი განწყობა მაქვს, კერძების მომზადებისას ექსპერიმენტებს სიამოვნებით ვატარებ. ადრე ცომეულის კეთება არ გამომდიოდა და ვთვლიდი, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო, მაგრამ ახლა უკვე ვისწავლე და ხაჭაპურსაც ხშირად ვაცხობ, ნამცხვრებსაც - კექსს, პიცას და ა.შ. სადილების მომზადება უკეთ გამომდის, მათი გემრიელად შეზავება, შენელება. დედა მყავს კარგი კულინარი და დღემდე ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან. როცა რაღაც არ გამომდის, რჩევებს მას ვეკითხები. ხორცეულთან შეხება ნაკლებად მაქვს, ჩემს მეუღლეს კარგად გამოსდის მწვადის შეწვა იქნება ეს თუ სხვა, "მამაკაცური საჭმელების" მომზადება. "სალიანკა", ქოთნის ლობიო, სალათები, ყოველდღიური სადილები კი, როგორც მეუბნებიან, გემრიელი გამომდის. ახლა სუშის კეთება მინდა ვისწავლო და ვნახოთ, რა გამომივა.

ცოლ-ქმრის ლამაზი ტრადიცია

- როცა ოჯახში სტუმრები მოდიან და წვეულება გვაქვს, ნოდი ძალიან მიწყობს ხელს, უყვარს ამ სამზადისში ჩართვა, სტუმრების მიღება და მათთვის კერძების ერთობლივად მომზადება ორივეს განსაკუთრებულად გვსიამოვნებს. ვფიქრობ, ეს ერთგვარი რიტუალი, ტრადიციაა ჩვენს ოჯახში.

"კარგი ხელის" ფენომენი

- დედა ყველაფერს თვითონ აკეთებდა და ახლა ვეკითხები, რატომ არ მასწავლიდი-მეთქი? თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე თვითონაც არ მქონდა ინტერესი, სამზარეულოში შევსულიყავი და ფუსფუსში ჩავრთულიყავი. გათხოვების შემდეგ, საჭიროებამ რომ მოითხოვა, მაშინ ვისწავლე. ალბათ ესეც გენეტიკურია, "კარგი ხელის" ფენომენი მართლაც არსებობს. დედაჩემი წარმოშობით აჭარელია და ძალიან გემრიელი საჭმელები იცის, განსაკუთრებული აჩმა გამოსდის. მეც მინდა ვისწავლო, მაგრამ ჯერ არ გამომდის, ძალიან ძნელი მგონია...

პიკანტური ეთიოპია

- სხვა ქვეყნების სამზარეულოები ძალიან მომწონს, მაგრამ ამსტერდამში რომ ეთიოპიური სამზარეულო დავაგემოვნე, გამორჩეულად დამამახსოვრდა, საოცარი კერძები იყო, პიკანტური არომატით, ძალიან ცხარე. ყოველდღიურად ვერ შეჭამ, მაგრამ შესანიშნავია. იტალიური და ჩინური სამზარეულო მიყვარს და თბილისში ხშირად ვსტუმრობ შესაბამის რესტორნებს.

ახლებური "ყიყლიყო"

- პური წვრილ კუბებად დავჭრათ და ტაფაზე მცირეოდენ კარაქში დავბრაწოთ ორივე მხრიდან. კვერცხი ცალკე ავთქვიფოთ და ტაფაში ისე ჩავასხათ, რომ პურის კუბები არ დალბეს, ზემოდან არ დავასხათ და დაბალ ცეცხლზე ცოტა ხანსაც გავაჩეროთ. გემრიელი გამოდის, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ. ბლინებსაც ხშირად ვაკეთებ, მაგრამ მისი მომზადება ძალიან მარტივია და ისედაც ყველამ იცის.

"ჩუმად შემოპარებული" გველი

- მოგზაურობა ჩემთვის ერთ-ერთი უპირველესი ჰობია, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემი პირველი მოგზაურობა ალბათ რუსეთში იქნებოდა, ბავშვობისას, შთაბეჭდილება კი პარიზმა მოახდინა. ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. ფრანგული სამზარეულოც ხომ შესანიშნავია! პირველად იქ გავსინჯე ყველის წვნიანი, ბლანტია, ახლაც ვაკეთებ მდნარი ყველისგან. ზუსტად ისეთი არ გამომდის, მაგრამ მიახლოებით. იქ ეგზოტიკური კერძებიც დავაგემოვნე, ოღონდ ჩუმად "შემომაპარეს" და სხვათა შორის, გემრიელი აღმოჩნდა, ბაყაყის და გველის ხორცი იყო. ჰოლანდია, ამსტერდამი მიყვარს. ლუქსემბურგმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, განსაკუთრებული კულტურაა, ქუჩაში გადიხარ და საოცარი ატმოსფეროა. ერთი დღით ვიყავი ჩასული და ამხელა შთაბეჭდილებები გამომყვა... სიამოვნებით წავიდოდი კიდევ.

ნაკლებხმაურიანი გართობის მოყვარული მომღერალი

- გერმანია მიყვარს, ბერლინი. ალბათ იმიტომაც, რომ იქ ჩემი და და ნათესავები ცხოვრობენ. დიდი მეგაპოლისია, უამრავი ტურისტი ჩადის, კლუბური ქალაქია, რაც ჩემგან შორსაა, მაგრამ მაინც ბევრ საინტერესო რამეს ნახავ ბერლინში და ძალიან მომწონს. ზოგადად, გართობა და ჭამა-სმა ყველა წვეულებაზე ერთნაირადაა, ცეკვა, სიმღერა და ა.შ. მე ამის დიდი მოყვარული არ ვარ. მირჩევნია, უფრო მყუდრო გარემოში, სამეგობროსთან, ვიწრო წრეში გავერთო. თუმცა, როცა ასეთ ადგილებში მიწევს მოხვედრა, ბუნებრივია, მეც ვცდილობ, სიტუაციას შესაბამისად მოვერგო.

GzaPress

ბავშვობის მეგობრების გემრიელი ტრადიცია

- ჩვენი სამეგობროს ტრადიციაზე უკვე გვეცინება - ეს არის სამზარეულოში შეკრება. მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები ხშირად ვიკრიბებით და ჩვენს ამბებს, ემოციებს, განცდებს განვიხილავთ, განსაკუთრებით, ჩემს სამზარეულოში, ჩაიზე საუბრები ძალიან გვიყვარს. არ არსებობს, გავიდეს ერთი წელი და გოგონები სადმე ერთად არ წავიდეთ დასასვენებლად. ეს ტრადიცია გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ვარჯიში და ჯანსაღი კვება - აუცილებელი ყველა ქალბატონის სილამაზისთვის

- ზოგადად არასდროს მქონია ჭარბი წონის პრობლემა. თუმცა, სიგამხდრის მიუხედავად, როდესაც ორ შვილს აჩენ, გინდა თუ არა, ფორმები მაინც იცვლება. ამ ყველაფერს გავუმკლავდი და "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ, გადავწყვიტე, ის ფორმა და წონა შემენარჩუნებინა, რაც მქონდა და მთელი ზაფხულის განმავლობაში ვვარჯიშობდი, სწორად ვიკვებებოდი, დღეს კი ზუსტად ისეთ ფორმაში ვარ, როგორიც ბავშვების გაჩენამდე ვიყავი. თურმე ეს შესაძლებელია! ვარჯიშითა და ჯანსაღი კვებით, არ არსებობს, ეს ვერ შეძლო. დიდი მოტივაცია მქონდა.

"ქალბატონებს ვუსურვებ სიყვარულს და მუდამ ფორმაში ყოფნას!"

- ქალბატონებისთვის და ზოგადად, ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე, წონასწორობა, შინაგანი განწყობა, ამიტომ მინდა, მათ პირველ რიგში სიყვარული ვუსურვო, ქალი სიყვარულის გარეშე ცუდად იგრძნობს თავს... იქონიონ საკუთარი საქმე და იყვნენ წარმატებულები, მაქსიმალური აკეთონ და წარმატება აუცილებლად მოვა! ასევე, მთავარია, მუდამ ფორმაში იყვნენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვას მოეწონოს ისინი, არამედ იმიტომ, პირველ რიგში, მათ თვითონ მოეწონოთ საკუთარი თავი, რათა თავდაჯერებულები და ლაღები იყვნენ.

"ქართული ღვინო მნიშვნელოვანი რამაა"

- ბოლო დროს, ჩემმა ძმამ ღვინის დაწურვა დაიწყო და ნელ-ნელა ხარისხიანი ღვინის ფასი, კარგი და ცუდი ღვინის გარჩევა ვისწავლე. ღვინის კულტურა განსაკუთრებულად შემოვიდა ჩვენს ოჯახში. ყურძნის დაწურვის პროცესს მეც ვესწრები ხოლმე, მერე ვაგემოვნებთ, განვიხილავთ, ამ თემაზე ხშირად ვსაუბრობთ და ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ - ვის რომელი ღვინო მოსწონს. მარანი ქალაქგარეთ გვაქვს და იქ ბავშვებიც ხშირად ჩამყავს, ბიჭები ყურძნის დაწურვის დროს გალობენ ხოლმე და ეს ძალიან შთამბეჭდავია. ადრე, ღვინო დიდად არ მომწონდა, მაგრამ ახლა პირიქით, ჩემს საყვარელ სასმელად იქცა, ბევრნაირი მომწონს - ჩინებული, იგივე, ჩინური, რქაწითელი, ქინძმარაული, ცოლიკაური, ძირითადად, თეთრი მშრალი ღვინო, გააჩნია, კერძსაც, რას მივირთმევთ. ამ ყველაფერს ნელ-ნელა ვსწავლობ და ვხვდები, რომ ქართული ღვინო მნიშვნელოვანი რამაა. სიამოვნება ბევრის დალევით კი არა, ცოტას დაგემოვნებით უნდა მიიღო.

თამთა დადეშელი