ნიკა ჩხაიძის პირველი ახალი წელი ახალ სახლში და "დიდი შესვენებიდან" გამოყოლილი ემოციები - გზაპრესი

ნიკა ჩხაიძის პირველი ახალი წელი ახალ სახლში და "დიდი შესვენებიდან" გამოყოლილი ემოციები

მსახიობი ნიკა ჩხაიძე არც ერთი თეატრის დასში არ ირიცხება, მაგრამ სულ აქვს როლები და მიწვეული მსახიობის სტატუსით არაერთ თეატრთან თანამშრომლობს. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ახლა "დიდი შესვენებაა". როგორ აღმოჩნდა მთავარ როლზე ამ სერიალში, კარგავს თუ არა წონასწორობას, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და რა არის მისთვის კატეგორიულად მიუღებელი? - ამ ყველაფერს ნიკას მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1992 წლის 8 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მედოლე. "ერისიონის" "ქართულ ლეგენდაში" ბავშვები რომ დოლზე უკრავენ, ერთ-ერთი ბავშვი მე ვარ. დედა მოცეკვავე იყო, ახლა ანსამბლის ქორეოგრაფია, მამა მომღერალია. მათ ხშირად დავყვებოდი რეპეტიციებზე, მთელი ბავშვობა კულისებში მაქვს გატარებული. ძალიან მიყვარდა მედოლე რამინი, სულ მის გვერდით ვიჯექი. ეს ყველაფერი 11 წლამდე ხდებოდა. შემდეგ, როცა პროფესიული არჩევანი უნდა გამეკეთებინა, არც არავის უკითხავს, სად აბარებო. თითქოს ყველამ იცოდა, რომ თეატრალურში უნდა მოვხვედრილიყავი, სხვა პროფესია არც განიხილებოდა. კმაყოფილი ვარ, რომ ეს პროფესია ავირჩიე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან ნელიაო. დედა გურული მყავს, მამაც გურულია და მე ნელი გურული გამოვედი - ეს იშვიათად ხდება.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს თინი (მეუღლე, მსახიობი თინი გალდავა), 2 წელია ერთად ვართ. არადა, ერთმანეთს თეატრალური უნივერსიტეტიდან ვიცნობთ, ჯგუფელები ვიყავით.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. მთავარია, რამე მოვინდომო, შანსი არ არის, არ მივაღწიო. ოღონდ ცუდი ის არის, რომ ზოგჯერ მიზნის დასახვა მიჭირს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ძალიან ნელი ვარ, მინდა სხარტი ვიყო. ზედმეტად დამთმობიც ვარ. სიფიცხე მაქვს ხასიათში, მთლად უჩვეულო გურული არ ვარ.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...როცა ყველაფერი ქართული ცუდი ჰგონიათ და უცხოური - ძალიან კარგი. ეს დამოკიდებულება მაგიჟებს.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო "ერისიონის" კონცერტებზე გამოსვლა, საზღვარგარეთ გასტროლებზეც არაერთხელ ვიყავი.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ჩემს საყვარელ ადამიანებს, განსაკუთრებით - თინის, ვასიამოვნო, ხშირად გავახარო...

- მეშინია...

- ...არანაირი ფობია არ მაქვს.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...არაფერს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...საყვირზე დაკვრა.

- მეზარება...

- ...ზოგჯერ დილით ადრე ადგომა. მეზარებოდა მომზადება, რომ მართვის მოწმობა ამეღო. 3 წელი ვამბობდი, გამოცდაზე გავალ-მეთქი. მერე ეს მართლა მიზნად როცა დავისახე, 2 კვირა საკმარისი აღმოჩნდა.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...ქართველობას არასწორად აღიქვამენ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...

- ...ის, რომ ძალიან ნელი ვარ.

- ვნანობ...

- ...ბევრ რამეს, ვერ დავაკონკრეტებ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, პასუხისმგებლობა მემატება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თან სიხარულის განცდაც ახლავს.

- დაშვებული შეცდომები...

- ...აუცილებლად უნდა გამოასწორო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო. თავდაპირველად "თეატრალურში" რომ ჩავაბარე, არც კი მქონდა გაცნობიერებული, ეს საქმე რამდენად დიდ შრომას მოითხოვდა. თავიდან ყველას ჰგონია, რომ "ოსკარი" ჯიბეში უდევს. III-IV კურსზე გავიგე, სად ვიყავი და რამე რომ გამომსვლოდა, თავდაუზოგავი შორმა იყო საჭირო. შრომა კი არასდროს მეზარება.

- ვიბნევი, როცა...

- ...მაქებენ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...წონასწორობას ბოლომდე არასდროს ვკარგავ. დაძაბულობისას თითქოს საკუთარ თავს ვეუბნები, - კაცი ხარ და მეტი მოგეთხოვება! ძალიან მაღიზიანებს ტყუილი, უზრდელობა... არაგულწრფელი ურთიერთობა სიმშვიდეს მირღვევს, მაგრამ კონტროლს არასდროს ვკარგავ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე, თინისთან ერთად. კარგად დავისვენებდით.

- სიყვარული...

- ...არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, მზრუნველობა, ერთგულება, გაფრთხილება... მეორე კურსზე ვიყავი, როცა მივხვდი, თინისთან მეგობრობაზე მეტი მაკავშირებდა. რეპეტიცებზე მისვლა მხოლოდ იმიტომ აღარ მიხაროდა, რომ რეპეტიცია მქონდა. იყო პერიოდი, როცა ერთმანეთის მიმართ ორივეს გრძნობა გვქონდა და არ ვუტყდებოდით. ერთხელ "წავურომანტიკოსე", სადარბაზო ყვავილებით მოვრთე, მეგობართან ერთად მივედი და ვარდის ფურცლებით გავალამაზე... ერთხელ თეატრალურში ყოფნისას ვთქვი, მშია-მეთქი, გავიდა ცოტა ხანი და თინიმ თეფშით შემწვარი კვერცხი მომიტანა. განსხვავებულად იყო მომზადებული, ბულგარული წიწაკით გაფორმებული.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...11 წლის ვიყავი. ვერ გამოვხატავდი, ჩუმად მიყვარდა.

- ჩემი უჩვეულო ახალი წელი...

- ...მახსენდება, როცა მეგობართან წასვლა მოვინდომე, გზაში მანქანას საბურავი დაეშვა, სათადარიგო არ მქონდა. იმ ახალ წელს მაზუთიანი ხელებით, მარტო შევხვდი. წელს მე და თინი საკუთარ სახლში პირველ ახალ წელს ვხვდებით. ახლა დალაგების პროცესში ვართ, ამ ბინაში ახლახან გადმოვედით.

- ვრისკავ, როცა...

- ...ვგრძნობ, რომ უნდა გავრისკო. მთლად გაუაზრებლად არასდროს გამირისკავს, მაგრამ არ არის გამორიცხული, მომავალში ასეთ რისკზეც წავიდე.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...ეს თვისება ჩემს ხასიათში ნამდვილად არის, საკუთარი თავი არაერთხელ გამომიჭერია. ზოგჯერ უაზროდაც ვჯიუტდები, ვხვდები და ვჩუმდები.

- მე ვარ შეუმდგარი...

- მედოლე.

- თავისუფლება არის...

- ...საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება. არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდე. თავისუფლება ქუჩაში ტიტლიკანა სირბილი არ არის.

- როცა მარტო ვარ...

- ...სულ ვფიქრობ. ალბათ ნახევარი საათიც არაერთხელ ვყოფილვარ ჩაფიქრებული, მერე "გამოვფხიზლებულვარ" და საკუთარი თავისთვის მიკითხავს, დროს რაში ხარჯავ? ამ ბოლო დროს გიტარას ჩავუჯექი, დაკვრა ვიცი, მაგრამ მინდა ამ ინსტრუმენტს უფრო კარგად ვფლობდე.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...გურიაში დედის და მამის სოფლებში ძალიან კარგ სახლებს ავაშენებდი, სადაც ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ჩავიდოდი ხოლმე და ლამაზ დღეებს გავატარებდი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ყურადღების გადატანა კარგ წიგნზე ან მეგობრებთან გასვლა "წამალია". შინ ჯდომა და ჩაკეტვა არ მჩვევია.

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

- ...მშობლების აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ, თინის აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბაბუა შეუძლოდ იყო, საავადმყოფოში იწვა. სამი დღის წინ, ჩვენ ძალიან საინტერესო დიალოგი გვქონდა. საკუთარ ცხოვრებაზე მიამბო, ამიხსნა, რამ დახია უკან, რა პერიოდში ჰქონდა წინსვლა, რა გზა გაიარა... მთლიანი დიალოგი ერთი დიდი დარიგება იყო, რომელიც მართლა არასდროს დამავიწყდება.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველს. მიხარია, "დიდ შესვენებას" თუ უყურებენ. მაინტერესებს, რას ფიქრობენ? მაყურებლის აზრი ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველას ბედნიერ 2018 წელს გისურვებთ!

- "დიდი შესვენება" ეს არის სერიალი, რომელზეც ძალიან საინტერესო გუნდი მუშაობს. რადგან "შუა ქალაქში" ვთამაშობდი, ამ შემოქმედებითი გუნდის წევრები მიცნობდნენ. კასტინგი რომ გამოცხადდა, მივედი, გავიარე და ნიკოს როლზე დამაკავეს. მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გადაღებაზე მისვლა მხოლოდ იმიტომ არ მიხარია, რომ როლზე ვმუშაობ, იმ ადამიანების ნახვაც მიხარია, ვინც ამ სერიალზე მუშაობს.

- ნიკო მაყურებელმა როგორ მიიღო?

- ჩემი გმირის მიმართ მაყურებელი ჯერ დადებითადაა განწყობილი, მაგრამ შესაძლოა ნიკოს ცხოვრებაში მოვლენები ისე განვითარდეს, მაყურებელი ნაწყენიც კი დატოვოს, დეტალებს ვერ გაგიმხელთ.

- ნინი იაშვილი როგორი პარტნიორია?

- ძალიან კარგი პარტნიორია. ბუნებრივია, ამას მსახიობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ერთმანეთს ამ სერიალზე მუშაობის დროს არ შევხვედრივართ, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ.

თამუნა კვინიკაძე