არაპროგნოზირებადი ნინი ონიანი არავის არაფერს ჰპატიობს - გზაპრესი

არაპროგნოზირებადი ნინი ონიანი არავის არაფერს ჰპატიობს

ერთია განსხვავება: მათი განმეორება ნაკლებად მტკივნეულად მოქმედებს ჩვენზე... სწავლობს თუ არა შეცდომებზე მსახიობი ნინი ონიანი, რა არის მისი ბავშვობის ყველზე ბედნიერი მოგონება და რის გამოა სამყაროს მადლიერი, ამ ყველაფერზე თავად ნინი გვესაუბრება.

- არც მეტი, არც ნაკლები, თავს ზუსტად იმ ასაკში ვგრძნობ, რამდენი წლისაც ვარ.

- მოითმინო წარუმატებლობა ან არასოდეს გამოცადო ის... რომელს აირჩევდი?

- წარუმატებლობის ეტაპი ყველას ცხოვრებაშია. თუმცა, როგორც ყველაფერი, ესეც დროებითია, ამიტომ ნებისყოფაა აუცილებელი, რომ მოითმინო მარცხი და დაელოდო თეთრ ზოლს ცხოვრებაში.

- თუ ცხოვრება ასეთი ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს და არა ის, რაც მოგვწონს?

- ეგ კითხვა მათ დაუსვით, ვინც აიძულებს თავს ის აკეთოს, რაც არ მოსწონს (იცინის). მე არაფერს ვაიძულებ საკუთარ თავს. ყველაზე საშინელი შეგრძნება იქნება, ადამიანმა აკეთო ის, რაც არ მოგწონს, იმის გამო, რომ სხვას ასიამოვნო.

- ანუ თავისუფალი ადამიანი ხარ და არ გაინტერესებს, ვინ რას იტყვის შენზე?

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში ადამიანი საკუთარ თავზე უნდა ფიქრობდეს და არა იმაზე, რას იტყვიან მასზე. როგორი იდეალურიც უნდა იყო, ცუდის მთქმელები ყოველთვის გამოჩნდებიან. ამიტომ უნდა აკეთო ის, რაც მოგწონს და რაც გაბედნიერებს.

- თუ გექნებოდა შანსი, შეგეცვალა მხოლოდ ერთი დეტალი შენს ცხოვრებაში, რას შეცვლიდი?

- არაფერს შევცვლიდი. სინანული არ მჩვევია. რასაც ვაკეთებ, იმას არასდროს ვნანობ. შესაბამისად, არც ჩემი ცხოვრების რომელიმე ეპიზოდის წაშლის სურვილი მაქვს, რადგან ყველაფერი გააზრებულად მაქვს გაკეთებული.

- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?

- ბედნიერება პირობითია... ჯერ გახდეს მსოფლიო ვალუტა და მერე აუცილებლად მოვიფიქრებ და გეტყვით, რა ტიპის სამსახური გამხდიდა მდიდარს (იღიმის).

- ყოველთვის აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?

- ორივე შემთხვევა ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ისეც ხდება და ასეც... მთვარია, საკუთარი თავის რწმენა არასდროს დაკარგო ადამიანმა.

- დავუშვათ, ადამიანი საშუალოდ 40 წელს ცოცხლობს. რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ უკეთესად გეცხოვრა?

- ბევრს ვისწავლიდი და ვეცდებოდი, მაქსიმალურად ბევრი მემოგზაურა... და კიდევ, დაკვრას ვისწავლიდი ვიოლონჩელზე.

- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?

- ვცდილობ, ვაკონტროლო, მაგრამ არაპროგნოზირებადი ადამიანი ვარ და ამის გამო ჩემი ცხოვრება მუდამ სიურპრიზებითაა სავსე.

- ეს კარგია თუ ცუდი?

- რა თქმა უნდა, კარგი.

- ნაცნობებთან ერთად ბარში წახვედი... მოულოდნელად ისინი იწყებენ თქვენი ახლო მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკებას. არ იციან, რომ ის შენი მეგობარია. როგორ მოიქცევი?

- ამას არავის ვაპატიებ... ვერავინ მიაყენებს შეურაცხყოფას ადამიანს, რომელიც ჩემთვის ძვირფასია. ეს ჩემმა მეგობრებმა იციან და იცის ყველამ, ვინც ოდნავ მაინც მიცნობს.

- დაარღვევდი თუ არა კანონს, საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?

- რა თქმა უნდა, საყვარელი ადამინისთვის ყველანაირ რისკზე წავალ და კანონსაც დავარღვევ. კონკრეტულ მომენტში, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, არა მგონია, ვინმემ კანონზე იფიქროს. მთავარი სიცოცხლის გადარჩენაა.

- გაიხსენე ის, რაზეც ოდესღაც ოცნებობდი და არ გაგიკეთებია. რას ელოდები?

- ძალიან მინდა სიმღერის ჩაწერა. რას ველოდები? - გამბედაობას.

- გეშინია, რომ არ გამოგივა?

- არა, არ მეშინია... ალბათ მეტი სითამამე მჭირდება.

- თუ შემოგთავაზებდნენ სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წასვლას, სად წახვიდოდი?

- ამერიკაში. დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა და ვფიქრობ, აუცილებლად ვიპოვიდი იქ საკუთარ თავს.

- როცა ლიფტის ღილაკს ნერვიულად რამდენჯერმე აჭერ, მართლა გჯერა, რომ ლიფტი ასე უფრო მალე მოვა?

- ჰმმ... ასე არასდროს ვიქცევი (იღიმის). არ ვარ ზედმეტად ემოციური და ნერვიული ადამიანი. მაქვს იმის ნებისყოფა, რომ დაველოდო ლიფტს და ასჯერ არ დავაჭირო ღილაკს ხელი იმ მიზნით, რომ მალე მოვიდეს.

- რომელს ისურვებდი რომ იყო: უბედური გენიოსი, თუ ბედნიერი სულელი?

- ბედნიერი მინდა ვიყო... თუმცა, გენიოსობაზე არა მაქვს პრეტენზია. სულელობასაც არ ვისურვებდი.

- ისურვებდი ისეთსავე მეგობარს, როგორიც თავად ხარ?

- დიახ, ვისურვებდი. ვთვლი, რომ კარგი მეგობარი ვარ - გულწრფელი და ერთგული. ამიტომაც ვისურვებდი ჩემნაირ მეგობარს. ურთიერთობაში გულწრფელობა და ერთგულება ყველაზე მთავარია.

- რა უფრო უარესი იქნება: შენი მეგობარი სამუდამოდ სხვა ქვეყანაში წავიდეს საცხოვრებლად, თუ ის ახლოს გყავდეს, მაგრამ შეწყვიტო ურთიერთობა?

- ჩემი ყველა მეგობარი ძალიან მიყვარს. ამიტომ, როცა ადამიანი გიყვარს, გინდა, რომ კარგად იყოს. ჩემ გვერდით ცუდად ყოფნას მიჯობს, შორს იყოს და თავი კარგად იგრძნოს. XXI საუკუნეში კომუნიკაციის პრობლემა არ არის.

- ყველაზე მეტად რის გამო ხარ სამყაროს მადლიერი?

- ჩემი შვილის გამო ვარ ყველაზე მადლიერი სამყაროს მიმართ და კიდევ იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს და როგორც ვარ.

- რომელს აირჩევ: შენი ძველი მოგონების წაშლას თუ ახლის მოგროვებას?

- ახლის მოგროვებას, რა თქმა უნდა. არაფრის წაშლა არ მინდა.

- შესაძლებლელია, სიმართლის გაგება ბრძოლის გარეშე?

- სრულიად უბრძოლველად მოსულა ჩემამდე... სიმართლე არასდროს იმალება. უბრალოდ, ადამიანებმა ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სიმართლის აღიარების არ შეგვეშინდეს.

- შენი ყველაზე დიდი შიში გამართლებულა?

- კი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ მქონია, თუმცა, დამიძლევია. შიშს არასდროს ვნებდები და ყოველთვის ვიბრძვი იმისათვის, რომ ყველა დაბრკოლება შიშის გარეშე, გმირულად გადავლახო.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- წყენას გულში არ ვიდებ, მით უმეტეს - წლების წინანდელს...

- რა არის შენი ბავშვობის ყველაზე ბედნიერი მოგონება?

- დედასთან გატარებული საღამოები, როდესაც მე ადამიანად ვყალიბდებოდი.

- თუ ჯერ კიდევ არაფრისთვის მიგიღწევია, დასაკარგავი არაფერი გაქვს... ეთანხმები?

- დასაკარგავი ალბათ ყოველთვის გვაქვს...

- გქონია ასეთი შემთხვევა, რომ ვინმესთან მთელი დრო სრულიად უხმოდ გაატარე და შემდეგ მიხვდი, რომ ეს საუკეთესო საუბარი იყო შენს ცხოვრებაში?

- არა არ მქონია ასეთი რამ... ალბათ საინტერესო იქნებოდა.

- შეგიძლია, დაუფიქრებლად უპასუხო, რა არის კარგი და რა - ცუდი?

- დღემდე არ ვიცი, რა არის კარგი და რა - ცუდი. ძალიან პირობითი ცნებებია კარგი და ცუდი. გააჩნია სიტუაცის, მომენტს დროს და ა.შ.

- თუ ახლა წინ მილიონ დოლარს დაგიდებენ, მიატოვებდი ახლავე სამსახურს?

- არ მაქვს სამსახური... ჩემი ბიზნესი მაქვს და მილიონით განვავითარებდი ბიზნესს, დიდი სიამოვნებით.

- გაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ეს დღე აქამდეც არაერთხელ გამეორებულა?

- დღე - არა, მაგრამ `დეჟავიუ~ ყველას გვქონია.

- გაცვლიდი შენი ცხოვრების 10 წელს, მსოფლიო აღიარებაზე?

- არა, არავითარ შემთხვევაში! ცხოვრება და სიცოცხლე ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარია.

- არსებობს განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის?

- სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა არსებობს და არ ცხოვრობს.

- თუ ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ, რატომ გვეშინია მათი დაშვების?

- ვერავინ სწავლობს თავის შეცდომებზე. შეცდომებს გაცნობიერებულად ვუშვებთ. სწორედ ეს არის ცხოვრება. დაგეგმილი და გათვლილი, ისე არ გამოდის, როგორც ჩვენ გვინდა.

- რას გააკეთებდი სხვანაირად, თუ იცი, ამისათვის პასუხს არავინ მოგთხოვს?

- ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მინდა და პასუხი ვინ უნდა მომთხოვოს? (იცინის)

- მაგალითად, გისაყვედუროს ახლობელმა ადამიანმა...

- ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და ყველაფერი ჩემი გადასწყვეტია.

- ბოლოს, როდის მოისმინე საკუთარი გულისცემა?

- დღეს დილით, როცა ჩემი შვილი ჩავიხუტე.

- რა ან ვინ გიყვარს უფრო მეტად? ის, რაც ბოლოს გააკეთე, გამოხატავდა ამ სიყვარულს?

- უცნაური კითხვაა... ყველაზე მეტად ვინ მიყვარს? - რამდენიმე ადამიანი მიყვარს ყველაზე მეტად.

- ვინ არის ის რამდენიმე ადამიანი?

- ჩემი შვილი, დედაჩემი და კიდევ 2 ადამიანი.

სოფო ჭონიშვილი