"გეყოფა ტაკიმასხარაობა, დაწერე დისერტაცია" - ანუ გელა ჩარკვიანის მოგონებები - გზაპრესი

"გეყოფა ტაკიმასხარაობა, დაწერე დისერტაცია" - ანუ გელა ჩარკვიანის მოგონებები

თავად ფიქრობს, რომ ღმერთმა განსაკუთრებული ცხოვრება არგუნა.

როგორი ბავშვობა ჰქონდა? რას ნიშნავს ინგლისური კანონმდებლობით "საშიში ძაღლი"? რატომ ვერ უშველეს ხანჯლებმა შოტლანდიელებს? რა განსხვავებაა ყავასა და კოფეს შორის? ამ კითხვებზე პასუხს და კიდევ სხვა ამბებს გელა ჩარკვიანის წიგნში - "ნაგერალა" - იპოვით. მისი ერთ-ერთი მოგონება ბავშვობის დროინდელ ოცნებას უკავშირდება. "საბჭოთა კავშირის სრულიად უიმედო იზოლირებაზე დანარჩენი მსოფლიოსაგან ისიც მეტყველებს, რომ მე, რესპუბლიკის პირველი პირის შვილი, რომელსაც დაცვა დასდევდა და რამდენიმე მანქანა, მათ შორის მარშალ ტოლბუხინის ნაჩუქარი სპორტული "მერსედესი" ემსახურებოდა, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მენახა, გამეფცქვნა და გამესინჯა ბანანი".

მესამე ვინ არის?

- მამაჩემი, კანდიდი საქართველოს ცეკას 14 წლის მანძილზე ედგა სათავეში და როგორც ჩანს, მცირე მასშტაბით კულტი, ნელ-ნელა მისი პიროვნების გარშემოც იქმნებოდა. ასეთი იყო იმ სისტემის ბუნება. ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში სტალინისა და ბერიას პორტრეტების გვერდით ჩარკვიანის პორტრეტიც ეკიდა. რამაზ ჩხიკვაძესთან ახალი წლის ქეიფი ისე არ ჩაივლიდა, რომ არ გაეხსენებინა ეპიზოდი ჩემი ბავშვობიდან, რომელსაც თავად ვერ ვიხსენებდი და დღემდე მხოლოდ რამაზის შეუდარებელი ნიჭიერებით გაცოცხლებული მახსოვს. ის ჰყვებოდა:

"ბებიამ პატარა გელა პიონერთა სასახლეში მოიყვანა, სადაც ჩვენი დრამწრის წევრები ვმეცადინეობდით. ადმინისტრაციიდან მოხუცს ყურადღება არავინ მიაქცია, არავინ მოუსმინა და ბოლოს უხეშადაც უთხრეს: დაგვანებეთ თავი, თქვენთვის არა გვცალიაო. ბებიამ მთელი ძალა მოიკრიბა და შეჰკივლა, ერთი წუთით მომისმინეთო. მერე კედელზე ჩამოკიდებული პორტრეტებისკენ თითი გაიშვირა და გელას მიმართა: ვინ არის ეს ძია? ბავშვმა უპასუხა, ძია სტალინი. აბა, ეს ძია ვინ არის? განაგრძო გამოკითხვა ბებიამ. ეს ძია ბერიაა. ახლავე შეწყვიტეთ, არ გრცხვენიათ? რა ცირკი მოაწყვეთ, ვისა აქვს თქვენი დრო, გაიყვანეთ თქვენი ბავშვი და აქ მოსული აღარ დაგინახოთო, - აღშფოთდა სასახლის დირექტორის მოადგილე. ერთი წამიც მაცალეთ და წავალ, შეევედრა გელას ბებია და პასუხს აღარ დაელოდა, ისე შეეკითხა ბავშვს: აი, ეს მესამე ვინ არისო? გელას პასუხმაც არ დააყოვნა, ეს მამაჩემიაო. ხანმოკლე მუნჯ სცენას ენთუზიაზმის აფეთქება მოჰყვა. აბა, სასწრაფოდ ლიმონათი, კანფეტი "მიშკა", დაბრძანდით ქალბატონო. არა, როგორ გეკადრებათ, სკამზე არა, აქეთ სავარძელში, რით შეგვიძლია გემსახუროთ? და ა.შ".

ეს ისტორია, კიდეც რომ იყოს რამაზ ჩხიკვაძის ფანტაზიის ნაყოფი, მთლიანობაში, ეპოქის სულისკვეთებას შეესაბამება და რაც ავთენტურობაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ავტორის შესრულებით იგი ყოველ ჯერზე სუფრის წევრების ჰომეროსეულ ხარხარს იწვევდა.

თავისებური ლექსიკა

- დედაჩემს თავისებური ლექსიკა და იდიომატიკა ჰქონდა. მის დიალექტში სამხრეთ საქართველოზე უფრო, ზემო იმერეთის გავლენა იგრძნობოდა. დედაჩემის დედა კათოლიკე იყო სამხრეთ საქართველოდან, მაგრამ ის ძალიან ადრე გარდაიცვალა, ამიტომ დედაჩემს მამის მხარესთან, ზემო იმერლებთან ჰქონდა ურთიერთობა. როცა ჯაზს ვუკრავდი, მეტყოდა ხოლმე - "გეყოფა ტაკიმასხარაობა, დაწერე დისერტაცია". მაშინ ხომ აუცილებელი იყო დისერტაციის დაცვა, მით უმეტეს, პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენლის შვილისთვის. თუ არა და კაცი არ იყავი. სხვა სახასიათო ფრაზებიდან მახსოვს და თავადაც ვიყენებ: "რა ტრაწიანი ხარივით დარბიხარ აქეთ-იქით". "რა მოხდა? რქები ამოგივიდა?" ეს რას ნიშნავდა იცით? როცა სადღაც წასვლა ძალიან გინდოდა და წახვიდოდი, მაშინ გეუბნებოდნენ. მე მგონი, ფრაზა იყო მულტფილმიდან. "თავი კიტრად მოგაქვს". "ყველა სიგლახე შენ უნდა მოგივიდეს თავში". ერთხელ, სტალინის მიერ გენეტიკის წინააღმდეგ გალაშქრების პირველ ეტაპზე, როცა ამ დარგის მეცნიერთა "მავნებლური ზრახვები" ყველა პარტორგანიზაციაში განიხილებოდა, მახსოვს, პარტკრებიდან დაბრუნებულ დედაჩემს მერაბმა (უფროსმა ძმამ) ჰკითხა, რა თქვესო? რა და ვეისმან-მორგანისტებს მიაკვტა ძაღლი სულშიო, უპასუხა.

როცა ორივე მოხუცდნენ, დედა მამაჩემს თვითონ კრეჭდა. "კანდიდ, რავა კატა-ფოცხვერივით ყურებზე თმა ამოგსვლია" - უთხრა ერთხელ. სიტყვა მომეწონა, ბევრი ვიცინე და მას შემდეგ ზოგჯერ დედას მორიდებულად კატა-ფოცხვერს ვეძახდი. არ სწყინდა. ის უკვე სხვა, უფრო "რბილი" თამარ ჯაოშვილი იყო, რამე თუ "ახლო იყო მზე შემოდგომისა".

ყავა და კოფე

- იმისათვის, რომ მეოთხე სამმართველოს სანატორიუმში ზაფხულში დაგესვენა ოჯახთან ერთად, გარდა შესაბამისი თანამდებობრივი სტატუსისა, საგზურის მისაღებად სამედიცინო საფუძველიც უნდა არსებულიყო, რაღაცას უნდა შეეწუხებინე. არადა, მაშინ არაფერი გვაწუხებდა და ქობულეთში ჩასულებმა, მთავარი ექიმის კაბინეტში, ნანამ და მე, ხან რაზე მივიდეთ ხელი და ხან - რაზე. ექიმმაც კარგად იცოდა გაორებული საბჭოთა ცხოვრებისა და კერძოდ, ამ სპექტაკლის უცილობელი რაობა და საგზურში საჭირო ჩანაწერი გააკეთა. კარგი დასვენება გვისურვა და გაგვაფრთხილა: "ყავა თქვენთვის არ შეიძლება და კოფე მოგკლავთო". დერეფანში გამოსულებს, სიცილი აგვიტყდა. უცოდინარები ვიყავით, არ ვიცოდით, რომ ყავა და კოფე ბათუმის არეალში სხვადასხვა რამ არის. ყავა არის ხსნადი, ხოლო კოფე არის თურქული.

ხანჯლებმა ვერ უშველეს

- 70-იანებში თბილისში ჩამოვიდა შოტლანდიური საცეკვაო ჯგუფი. როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის საზოგადოების აქტივისტს, მთხოვეს, მათთვის მეთარჯიმნა და მეგზურობა გამეწია. შოტლანდიელ მამაკაცებთან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობა პრობლემური აღმოჩნდა. მათ კილტები (კუბოკრული შოტლანდიური ქსოვილისაგან შეკერილი ქვედატანი) ეცვათ და ეს ჩვენს ქუჩებში გამვლელთა სრულიად უხამს რეაქციას იწვევდა. ზოგიერთი მოხულიგნო ელემენტი რამდენჯერმე მათი "კაბების" აწევასაც კი შეეცადა. შოტლანდიელების მამაკაცურ იმიჯს წინდაში გაჩრილი პატარა ხანჯლებიც ვერაფერს მატებდა. არადა, შოტლანდიაში ხომ სწორედ ასეთი, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცია ნამდვილი ვაჟკაცი - ჰიგჰლანდერ. იმავე 70-იან წლებში შედგა ერთი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის გასტროლები ამერიკის შეერთებულ შტატებში. მახსოვს, ძალიან წარმატებული კონცერტის შემდეგ, ოციოდე მაყურებელი დარჩა იმისათვის, რომ ახლოდან დაენახა "გმირები" და თუ დასცალდებოდათ, ავტოგრაფებიც აეღოთ მათგან. ავტოგრაფის მსურველებს შორის რამდენიმე სტუდენტი გოგონა შევნიშნე. შევეკითხე, რომელი ცეკვა მოეწონათ გამორჩეულად? აღტაცებას ვერ მალავდნენ: "ყველა ნომერი ძალიან მოგვეწონა, მაგრამ განსაკუთრებით ის, ბიჭები რომ გოგოებივით ცეკვავდნენ". რომ ვერ მიმახვედრეს, დააზუსტეს: "ბიჭები ბალერინებივით თითისწვერებზე რომ დადიოდნენ. ალბათ შიგ პუანტებიც აცვიათ, თორემ ისე ვერ შეძლებენ". ხანჯლებმა ვერც ჩვენს ბიჭებს უშველა. კარგი მაგალითია კულტურული რელატივიზმის.GzaPress

"საშიში ძაღლები"

- ბრიტანეთში კანონის უზენაესობა არც ძაღლებს ინდობს. მინიატიურულმა ტაქსა ლუსიმ, მეზობელ ქალს ქუსლზე უკბინა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, უჩქმიტა, რადგან ამ ჯიშის ძაღლები სულ 20 სანტიმეტრის სიგრძის არიან და თავიანთი ერთი ბეწო პირით ადამიანის სხეულს რაიმე ზიანს ვერ მიაყენებენ, მაგრამ მეზობელი "პრინციპული" ქალბატონი აღმოჩნდა ან ვინ იცის, იქნებ შური და ბოღმა ამოძრავებდა და ბოლოს მიეცა საშუალება, გასწორებოდა ქედმაღალ მეტოქეს. მოკლედ, ისეა თუ ასე, მან ლუსის პატრონს სასამართლოში უჩივლა და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ "1991 წლის საშიში ძაღლების აქტის" საფუძველზე სიმპათიურ პატარა არსებას სიკვდილი მიუსაჯეს. ყველა წესის დაცვით, ძალზე ჰუმანურად გამოასალმეს მის ძაღლურ წუთისოფელს - მიაძინეს.

არ ვიცი, რას ითვალისწინებს ასეთ შემთხვევებში ჩვენი კანონმდებლობა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, რა დღეში ჩავვარდებოდი მე, ნაბუს პატრონი, ინგლისში რომ მეცხოვრა, უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ნაბუმ თავისი 12-წლიანი არსებობის მანძილზე 84-ჯერ უკბინა ადამიანს, მათ შორის, 4-ჯერ - მე. თანაც, ტაქსა ნაბუ (ნაბუქოდონოსორი), სულაც არ იყო მინიატიურული და ნორმალურ ფეხებზე რომ შეგეყენებინა, სიმაღლით დობერმანს გაუტოლდებოდა. ასე იმიტომ დავარქვი, რომ გრძელი ძაღლი იყო. ნიანგივით დიდი პირი ჰქონდა და მახსოვს მისი ნაკბენით მიყენებული ჭრილობები თვეობით არ მიხორცდებოდა. მიყვარდა და ყველაფერს ვპატიობდი. მეტიც, ყოველ ათ კბენაში სამხედრო წოდებას ვუმატებდი. ბოლოს, როცა გენერალისიმუსამდე ავიდა, შევწუხდი (საქართველოში არ ივარგებდა, იმედია გამიგებთ) და კულტურის მუშაკებისათვის არსებულ წამახალისებელ წოდებათა საბჭოთა სისტემაზე გადავედი: ნაბუ გახდა ჯერ რესპუბლიკის დამსახურებული და ბოლოს რესპუბლიკის სახალხო ძაღლი. მაგრამ აქაც წავაწყდი უსიამოვნებას: ჩემს ხელოვან მეგობრებს ეს ხუმრობა არ მოეწონათ.

ბოლოს, ხანდაზმული ნაბუ ტიტულებაყრილი წავიდა ამ ქვეყნიდან. ლუსისთან შედარებით მას, ჩემი არ იყოს, მაინც ძალიან გაუმართლა, "თავისუფალ" საბჭოთა საქართველოში რომ დაიბადა და არა საუკუნოვანი კანონებით დამძიმებულ ინგლისში.

ჩვენებური ამბავი

- კვირადღე იყო. ოქსფორდ სტრიტზე სეირნობისას მომადგა ქართველი ახალგაზრდა. იქნებ აქაურ საიმიგრაციო სამსახურთან და შსს-თან დამეხმაროთ, ვიზას არ მიგრძელებენო. ავუხსენი, რომ ვიზების საკითხები კონსულს ეხება. იქნებ კონსულს დაავალოთ, დამეხმაროსო. - როგორ ხარ ჩამოსული-მეთქი? შევეკითხე ყოველი შემთხვევისთვის. როგორც პოლიტიკურად დევნილიო, მიპასუხა. დევნილი? რომელი მთავრობის მიერ? სააკაშვილის მთავრობის მიერო.

- ბიჭო, მე ამ მთავრობის ელჩი ვარ და დაფიქრდი, რას მთხოვ-მეთქი? ვუსაყვედურე. იქნებ მაინც დამეხმაროთ, თქვენზე ბევრი კარგი გამიგიაო, მითხრა და კეთილად გამიღიმა. არ დავხმარებივარ, მაგრამ ამ ისტორიის გახსენება მსიამოვნებს, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ჩვენებურია.

გლობალიზაცია

- ახალგაზრდობაში მეგობრებთან ერთად გვარ-სახელების იმ დროისათვის უცნაურ კომბინაციებს ვიგონებდით. ისეთებს, როგორიცაა ჟუჟუნა კასავუბუ, ნათია ბაბანგიდა, ბერდია ლანკასტერი, მორტიმერ ხალვაში, საირუს ჩარკვიანი, ლიკა დობერმანი, ნენსი ბურძგლა და რადიარდ ცქიტიშვილი.

მაშინ თავში აზრად არ მომივიდოდა, რომ მომავალში ამდაგვარი გვარ-სახელის მქონე რეალური ადამიანები გაჩნდებოდნენ. პირველი ასეთი ახალგაზრდა იყო ნოდარ უესტი, ჩემი მეგობრის თამარ ჩოფიკაშვილისა და მისი დანიელი ასტრონომი მეუღლის რიხარდ უესტის ვაჟი. ასეა, გლობალიზაცია ცარიელი სიტყვა არ გეგონოთ. ზვავივით მოექანება. თუმცა, ვერაფერს დაგვაკლებს, მაგრები ვართ.

ნანული ზოტიკიშვილი