"ლეიკემია აღმომაჩნდა - ჯოჯოხეთი იყო ის ერთი წელი, მტერსაც არ ვუსურვებ" - კახა ჭუმბურიძის პირადი ცხოვრება - გზაპრესი

"ლეიკემია აღმომაჩნდა - ჯოჯოხეთი იყო ის ერთი წელი, მტერსაც არ ვუსურვებ" - კახა ჭუმბურიძის პირადი ცხოვრება

"ნიჭიერის" ფინალისტი, 31 წლის კახა ჭუმბურიძე ლაგოდეხში, სოფელ ლელიანში დაიბადა და გაიზარდა. პირველ გადაცემაში მან საოპერო არია შეასრულა და იმდენად შთამბეჭდავად, რომ პირველი "ოქროს ღილაკიც" დაიმსახურა. ბოლო 4-5 წელია, რაც ხალხური სიმღერა ოპერამ ჩაანაცვლა და ადრე თუ სერენადებს უმღეროდა სატრფოს, ახლა არიებით ანებივრებს. სწორედ ოპერისა და ბალეტის თეატრთან დამითქვა შეხვედრა და განვლილ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე მესაუბრა.

- ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, სოფელში დაბადებულ-გაზრდილი. სწავლა გავაგრძელე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში, ხის მხატვრული ჭრის სპეციალობით - მეჩუქურთმე ვარ. ბავშვობიდანვე მომწონდა ჩხირკედელაობა და რაც კარგად გამომდიოდა, ის სპეციალობა ავირჩიე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო.

- გიმუშავია პროფესიით?

- რამდენიმე კაცს საამქრო გვქონდა ნაქირავები და ვაკეთებდით საძინებლებს, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს ავეჯს, მაგრამ შემოტანილი ავეჯი უფრო იყიდებოდა, ვიდრე ჩვენი გაკეთებული. არ ღირდა წვალებად და თავი დავანებეთ. ახლა სახლში პატარ-პატარა ნაკეთობებს ვაკეთებ, ჩემს ჭიას ვახარებ. ამ საქმეს სულ ვერ დავანებებ თავს, რადგან ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს და მამშვიდებს ხეზე მუშაობის პროცესი. სხვებს კი უკვირთ, რა ნერვები გაქვს, ერთი პატარა დეტალის გაკეთებას ამდენ ხანს რომ უნდებიო? მას მერე ოპერას უფრო მეტი დრო და ყურადღება დავუთმე, მხატვრობა და ხეზე ჭრა უკვე ჰობად მექცა.

- სიმღერაც შენი ჰობია?

- ბავშვობიდან ვმღეროდი. მამა სამარშრუტო ტაქსის მძღოლია, დედა საბავშვო ბაღის პედაგოგი, თუმცა ორივე სიმღერაზეა შეყვარებული. მამა ხალხური სიმღერების ანსამბლის წევრი იყო ლაგოდეხში. სუფრა ისე არ ჩაივლიდა, რომ მის სამეგობროს არ ემღერა. დედაც ახერხებს სიმღერას, ბაბუა შესანიშნავად ასრულებდა ხალხურ სიმღერებს და ალბათ, მეც გენებში მაქვს ეს სიყვარული. ერთხანს ანსამბლ "ილორის" წევრი ვიყავი. ეს ბოლო წლებია, რაც ოპერას უფრო მეტი ყურადღება დავუთმე და ვნანობ, რომ დაგვიანებით. კონსერვატორიაში ჩაბარება მინდოდა, მაგრამ 31 წლის კაცს, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს შესანახი, ძალიან დიდ დროს წამართმევდა სწავლა და გადავიფიქრე. დედაჩემის დიდი დამსახურებაა ჩემი ოპერით გატაცება. ტელევიზორში ყოველთვის უსმენდა და მეც მეძახდა: უსმინე, რა კარგად მღერისო. მეც მომეწონა და შევიყვარე. თავიდან თუ დედამ ითამაშა დიდი როლი, მერე უკვე თვითონაც მომინდა, ამ სფეროში ძალები მომესინჯა და დიდი წარმატებისთვის მიმეღწია. ისე არ გათენდება და არ დაღამდება, რომ ოპერას არ მოვუსმინო, ძალიან მამშვიდებს. ამ ჟანრს თავისი მსმენელი ჰყავს და როდესაც "ნიჭიერში" უნდა გამოვსულიყავი, მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ მიიღებდა მსმენელი. გამიკვირდა, ბავშვებიც კი დიდი ოვაციებით რომ შეხვდნენ ჩემს გამოსვლას.

- ე.ი. მოულოდნელი იყო ასეთი წარმატება?

- ნამდვილად არ ველოდი ასეთ ოვაციებსა და აღიარებას. ვფიქრობდი, თუ კარგად ვიმღერებ, გადამიყვანენ-მეთქი შემდეგ ტურში, მაგრამ ოქროს ღილაკი?! საოცრება იყო... ღილაკს რომ აჭერ, რაღაც სკდება და უცებ შემეშინდა, ავიხედე ზევით და ბრჭყვიალა რაღაცები რომ ჩამოცვივდა, მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა ჩემს თავს. ემოციების გამოხატვა აღარ შემეძლო, დავმუნჯდი, შოკში ვიყავი...

- თანასოფლელები როგორ შეგხვდნენ გამარჯვებულს?

- ყველას ძალიან გაუხარდა და მილოცავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ გნახეთ, სიხარულის ცრემლები მოგვდიოდაო. ჩემი მეუღლე და ახლობლები ხშირად მთხოვდნენ, რომელიმე პროექტში მიმეღო მონაწილეობა და ახლა მეუბნებიან: რომ გირჩევდით, რატომ არ გვიჯერებდიო? მეც მინდოდა გამოსვლა, მაგრამ "პრიკოლებში" მოხვედრის მეშინოდა. ვფიქრობდი: ვაითუ, ნერვიულობისგან ან საერთოდ ვერ ამოვიღო ხმა და ან საშინლად ვიმღერო, ქუჩაში სირცხვილით როგორღა გამოვიდე-მეთქი? მზად არ ვიყავი და როდესაც საკუთარ ძალებში დავრწმუნდი, გავრისკე კიდეც. გახარებული და ბედნიერი ვარ, ხალხის სიყვარული რომ მოვიპოვე და მათი რჩეული გავხდი. ეს სულ სხვა პასუხისმგებლობაა და არ მაქვს უფლება, მათ იმედი გავუცრუო. ასმაგი შემართებით მივისწრაფვი გამარჯვებისკენ...

- ვიცი, რომ ძალიან რთული პერიოდი გქონდა - 15 წლისას ლეიკემია აღმოგაჩნდა...

- ამას წინათ გურჯაანში ჩატარდა საქველმოქმედო ღონისძიება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, მეც ვმონაწილეობდი. იქ ერთი 15 წლის ბიჭიც იყო და გონებაში ყველაფერი ამომიტივტივდა. მეც 15 წლის ვიყავი, როდესაც ეს დაავადება აღმომაჩნდა. ჩვეულებრივ ვცხოვრობდი, ვერთობოდი მეგობრებთან ერთად, დავდიოდი სკოლაში და ერთ დღეს საოცრად მოზღვავებული ენერგია ვიგრძენი. თურმე ლეიკოციტები დასაშვებ ნორმას 5-6-ჯერ აღემატებოდა. ერთი დიდი მანქანა შეშა ერთ დღეში დავჩეხე ისე, რომ არ შემისვენია. მაშინ მალარია იყო გავრცელებული და გვეგონა, მეც ეს დაავადება მჭირდა. 2-3 დღეში ხომ წავალთ-მეთქი საავადმყოფოდან? - ვეკითხებოდი დედას, მაგრამ ანალიზებმა აჩვენა, რომ ლეიკემია მქონდა. გავიდა დღეები, კვირები, თვეები და მეც ნელ-ნელა შევეგუე ჩემს მდგომარეობას. ქიმიის სამი ეტაპი ჩავიტარე. პირველი ეტაპის შემდეგ ისეთი გამოფიტული და დაუძლურებული ვიყავი, სიარულიც კი არ შემეძლო. მახსოვს, ერთხელ ტელეფონი რეკავდა და ერთი ნაბიჯი გადავდგი თუ არა, წავიქეცი. მამა რეკავდა თურმე... მეორე ეტაპზე სპეციალური სავლები უნდა გამოგევლო, პატარა ბავშვები ჯიუტობდნენ და ყველაფერს წესისამებრ არ აკეთებდნენ. ზოგს ტუჩები ჰქონდა ერთმანეთზე დაწებებული დამწვრობისგან. მე უფრო დიდი ვიყავი და ვუჯერებდი ექიმებს. 8 თვე იაშვილის კლინიკაში ვიწექი და ბოლოს, დასხივებაზე გერმანიაში გაგვგზავნეს. მერე და მერე უფრო ვიაზრებდი, რაც მაშინ გადავიტანე. ჯოჯოხეთი იყო ის ერთი წელი, საშინელება, მტერსაც არ ვუსურვებ... ვნატრობდი: ღმერთო, ოღონდ აქედან გამიყვანა-მეთქი... 5 წელი დიეტაზე ვიყავი. ახლა მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ლეიკემიას ისინიც ებრძვიან და რომ ჩემი მაგალითი და წარმატება მათ უდიდეს ძალასა და სტიმულს აძლევს, რაც ძალიან მახარებს. ჩემი სურვილიც ეგ არის, რომ გავამხნევო და ბრძოლისუნარიანობა შევმატო მათ; მინდა, ამ ბავშვებს მეტი ყურადღება დავუთმო და შეძლებისდაგვარად დავეხმარო; მინდა, დიდ წარმატებას მივაღწიო, რომ შევძლო მათთვის მეტის გაკეთება. ჩემი "ნიჭიერში" მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზიცა და მიზანიც სწორედ ეს არის...

GzaPress

- ახლა შენს ოჯახზეც მითხარი რამე?

- მეუღლე - მარეხ ჩალაძე წარმოშობით რაჭველია, პროფესიით ექთანი. 2 გოგონა გვყავს - 3 წლის ელენიკო და 5 თვის მარიტა. მარეხი 5 წლის წინ რუსთავში, ნათესავის ოჯახში გავიცანი და ძალიან მომეწონა. ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და მერე დავქორწინდით. ის ერთი წელი კი მართლაც ძალიან დამტანჯა. ბოლო თვეები ვეხვეწებოდი: წამომყევი, დავქორწინდეთ, რაღას ველოდებით-მეთქი? მე 27 წლის ვიყავი, მარეხი - 23-ის. არც ისე პატარები ვიყავით, დრო კიდევ რომ გაგვეწელა. ძალიან კარგი იყო შეყვარებულობის პერიოდი და მარეხი დღემდე ნანობს, რატომ კიდევ დიდხანს არ გავაგრძელეთო?

- მოსწონდა, რომ გაწვალებდა? ალბათ რომანტიკულიც იქნებოდი, რაკი ასე მისტირის იმ პერიოდს.

- ალბათ, მართლა მოსწონდა ჩემი წვალება, მაგრამ დრო აღარ ითმენდა. უზომოდ რომანტიკული არ ვიყავი, თუმცა სერენადაც კი მიმღერია მისთვის, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა მარეხის გულის მოსაგებად.

- სერენადებს თუ უმღეროდი, მოენატრება ის დრო, აბა, რა იქნება?

- (იცინის) ახლა არიებს არ ვუმღერი? თანაც, ყოველდღე... სხვათა შორის, ჩემს უფროს გოგონას ძალიან მოსწონს ოპერა. როდესაც რეპეტიციას გავდივარ სახლში, გამორბის, წინ დამიჯდება და სულგანაბული მისმენს. პატარას კი ეშინია და ტირის - ალბათ ჰგონია, რომ ვუყვირი.

- დაბოლოს, როგორია შენი სამომავლო გეგმები?

- მინდა, ერთხელ კიდევ გადავუხადო მადლობა ჩემს გულშემატკივარს, მათგან უზომო სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ და ეს ძალიან მაბედნიერებს. საოცრებები ხდება ჩემს ცხოვრებაში... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სიმღერა ამხელა პოპულარობასა და სიყვარულს მომიტანდა! ოპერის სოლისტობაზე ვოცნებობ, პატარ-პატარა შემოთავაზებები უკვე არის და ვნახოთ, "ნიჭიერის" შემდეგ რა იქნება. მინდა ოპერის სცენაზე დავდგე და იქიდან მოვეფერო ჩემს ხალხს!

ნინო ჯავახიშვილი