პირველი ახალი წელი ერთად - ცოლ-ქმრის ამპლუაში - 2017 წელს დაქორწინებულების LOVE STORY - გზაპრესი

პირველი ახალი წელი ერთად - ცოლ-ქმრის ამპლუაში - 2017 წელს დაქორწინებულების LOVE STORY

მოგეხსენებათ, ოჯახის შექმნა ძალზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება გახლავთ. ზოგს რამდენიმე დასრულებული ქორწინება აქვს "ანგარიშზე" და ჭეშმარიტი მეორე ნახევრის პოვნის იმედს მაინც არ კარგავს - კვლავ სიყვარულის ძიების პროცესშია, ზოგს კი ოჯახის შექმნის ისე ეშინია, რომ უცნაური შიშების გვერდით, ფობიების სიაში გამოფობიასაც (ქორწინების შიში) ნახავთ... მოკლედ, გადავწყვიტეთ, იმ ცნობილი ადამიანების ამბები მიმოვიხილოთ, ვისაც 2017 წელს პირად ცხოვრებაში გაუმართლა და მეორე ნახევარი იპოვეს, ზოგმა უკვე - მეორედ, მესამედ...

GzaPress

ულამაზესმა ბალერინამ - თათა ჯაშმა და პროფესიით არქიტექტორმა გიორგი ბარნაბიშვილმა წელს იქორწინეს. წყვილმა ერთმანეთი სატელევიზიო პროექტის - "შენ შეგიძლია ცეკვა" მსვლელობის პერიოდში გაიცნო. მაშინ გიორგი ტელეკომპანია "იმედის" მთავარი მხატვარ-დიზაინერი გახლდათ, თათა კი შოუს წარმატებული მონაწილე იყო. ბალერინას აზრით, მათ ურთიერთობას განუმეორებელს ის ფაქტი ხდის, რომ გიორგის თავისი რჩეული ჯერ კიდევ 6 წლის წინ დაუნახავს და მას შემდეგ, გონებაში ჩარჩენია. წლების მერე, წყვილი ბედმა ერთმანეთს ისევ შეახვედრა და ამჯერად, მათი რომანი ბედნიერი ქორწინებით დაგვირგვინდა...

თათა ჯაში:

- მეუღლის ამპლუაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ - იმაზე უკეთ, ვიდრე წარმომედგინა. პირველი ახალი წელია, რომელსაც მე და გიორგი ცოლ-ქმრის ამპლუაში ვხვდებით. რომ გითხრათ, წინასაახალწლოდ დიდი სამზადისი გვაქვს-მეთქი, მოგატყუებთ - ჩვენი მშობლები უფრო ემზადებიან, რომ დღესასწაული მოგვიწყონ (იღიმის)... მე და გიორგი ცალკე ვცხოვრობთ. სიმართლე გითხრათ, მეგონა, დიასახლისობის მორგება გამიჭირდებოდა, მაგრამ ადვილი ყოფილა - პროფესიას კარგად შევუთავსე და სახლის საქმეებს სიამოვნებით ვაკეთებ... მიუხედავად იმისა, რომ შარშან ამ დროს მე და გიორგი უკვე ერთად ვიყავით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად 1 წლის შემდეგ, ასეთ სიტუაციაში - დაოჯახებულები ვიქნებოდით. ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო პოზიტიური გახდა. შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ გიორგი იდეალური ქმარია.

ალბათ, პატარა მომღერალი - ზუკა ხუციშვილი (გიო ხუციშვილის შვილი) ბევრს ახსოვს. წლების მერე, ზუკა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ფაქტობრივად, სიმღერას ჩამოშორდა, თუმცა დიდი სურვილი აქვს, იმ ადამიანებისთვის, ვისაც მისი სიმღერები ახსოვს და უყვარს, საღამო მოაწყოს. წელს ზუკას პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლე მოხდა: მან ჯერ კიდევ 2017 წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილება წარმატებით განახორციელა და საყვარელ ადამიანზე იქორწინა...

ზუკა ხუციშვილი:GzaPress

- ძალიან კარგია, როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს. ნელ-ნელა ერთმანეთს ვეჩვევით, ყველაფერს სიყვარულითა და გაგებით ვეკიდებით. ერთმანეთის ნაკლიც გვიყვარდება და დადებითი თვისებებიც. ოჯახურ ცხოვრებაში მთავარი ეს არის. რა თქმა უნდა, ადამიანს ბოლომდე ვერასოდეს გაიცნობ, ვიდრე ერთად ცხოვრებას არ დაიწყებთ. ბევრი სიახლე სიურპრიზიც არის, მაგრამ ეს ცხოვრების ერთ-ერთი დიდი ნაწილია. ცხადია, ოჯახურ თანაცხოვრებას გარკვეული სირთულეები - წვრილმანები ახლავს, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა. კამათი ჯანსაღი ურთიერთობის წესია, რათა გაიგო, შენს მეორე ნახევარს რა მოსწონს, ერთმანეთს ხელი შეუწყოთ და კომპრომისზე წახვიდეთ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს თითქმის მთელი ცხოვრებაა, ვიცნობთ - კლასელები ვიყავით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩემი კლასელი და მეგობარი კი არა, მეორე ნახევარიც არის (იღიმის). სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში რამდენჯერაც ჩვენ შესახებ დაწერეს, მისი გვარი ყოველთვის არასწორად ეწერა: ხან "მანიაშვილი" იყო, ხან - "მანეჟაშვილი", რაზეც ძალიან ვხალისობთ (იცინის). სინამდვილეში, ჩემი რჩეული ქეთუშა მანიჟაშვილი გახლავთ. პროფესიით იურისტია.

- 2017 წლის დასაწყისში წარმოიდგენდით, რომ დაოჯახდებოდით?

- სხვათა შორის, კი, რადგან 31 დეკემბერს ხელი ვთხოვე. ქორწილი აპრილში გვქონდა. ასე რომ, შარშან ახალი წელი იმაზე ფიქრით დავიწყე, თუ როგორ შევქმნიდით ოჯახს.

- ცოლობაზე 31 დეკემბერსვე დაგთანხმდათ?

- კი, მიუხედავად იმისა, რომ ვნერვიულობდი. თან, გრანდიოზული ამბავი მოვაწყვე: ყველა მეგობარი დავპატიჟე და სიურპრიზი გავუკეთე. უხერხული იქნებოდა, ქეთუშას ცოლობაზე უარი რომ ეთქვა (იცინის).

- ანუ სხვა გზა არ დაუტოვეთ?

- კი, მგონი, ცოტა უხერხულადაც იგრძნო თავი. მეგობრებთან ერთად, ფაქტის წინაშე დავაყენე, რომ უარი არ ეთქვა (იღიმის)... ცხადია, ვხუმრობ. როცა იცი, რომ ადამიანი "შენია", მისგან პასუხს წინასწარ გრძნობ...

- ცოლ-ქმარი ახალი წლის შესახვედრად როგორ ემზადებით?

- სხვათა შორის, სამზადისი ჯერ არ დაგვიწყია. სახლიც უნდა გავალამაზოთ. ვგეგმავთ, 31 დეკემბრის ღამე როგორ გავატაროთ...

GzaPress

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობმა - ნინი ოკუჯავამ და პროფესიით იურისტმა იკა კორსაველმა ერთმანეთი 4 წლის წინ გაიცნეს. შეხვედრაც მალე დაიწყეს, მაგრამ მერე იკამათეს და დაშორდნენ. 2 წლის შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით, ბათუმში შეხვდნენ და ურთიერთობაც აღადგინეს, 2017 წელს კი ოჯახი შექმნეს...

ნინი ოკუჯავა:

- როცა ადამიანი წლების განმავლობაში შენი შეყვარებულია, ცხადია, დაოჯახების მერე ბედნიერი ხარ. თავს კარგად ვგრძნობ. 2017 წელი ჩემთვის ძალიან კარგი იყო! ბოლო 2 წელია, რაც მე და იკა ახალ წელს ერთად ვხვდებით: შარშან ბაკურიანში, მეგობრებთან ერთად შევხვდით, შარშანწინ - ჩემი მეგობრის სახლში (მეგობრების წრეში), წელს კი - ცოლ-ქმრის ამპლუაში, სახლში შევხვდებით. ჯერ სამზადისი არ დაგვიწყია, ნაძვის ხეც კი არ დაგვიდგამს... დრო უკან რომ "გადავახვიო", 2017 წლის დასაწყისში ვერც კი წარმოვიდგენდი, სასაცილოდაც არ მეყოფოდა, რომ 2018 წლის დასაწყისში გათხოვილი ქალი ვიქნებოდი. ჯერჯერობით დაქორწინებას არ ვგეგმავდით - 2-3 წლის მერე ვაპირებდით, მაგრამ ყველაფერი ხდება (იცინის)...

წელს დაოჯახდა მუსიკოსი, ჯგუფის - "ჯეო ფოლკის" ერთ-ერთი წევრი - ბეჟან წინწალაშვილი. მან თავის რჩეულზე - ია მანგოშვილზე ჯვარი მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარე ტაძარში დაიწერა...

ბეჟან წინწალაშვილი:

- დაოჯახების მერე, ჩვენს ურთიერთობაში ბევრი რამ შეიცვალა: ურთიერთობა უფრო დაიხვეწა, სიყვარული გაიზარდა, ერთმანეთი სხვა კუთხით დავინახეთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეუღლების შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და წამითაც არ ვფიქრობთ, რომ შეცდომა დავუშვით, პირიქით - ყოველი დღე საინტერესოა... შეძლებისდაგვარად, ერთმანეთს პრობლემებს ვუმსუბუქებთ. დაოჯახების საწყის ეტაპზევე სირთულეების დაძლევის მიმართ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ: მოგეხსენებათ, მყინვარზე დავიწერეთ ჯვარი და ვიდრე ამ საკითხს მოვაგვარებდით, სტრესი, დაღლილობა გამოვიარეთ... ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა სახის პრობლემებია, თუმცა ისეთი - არაფერი, რომ ჩვენს ურთიერთობას ზიანი მიაყენოს.

- ცოლის შერთვამდე ახალი წლის დღესასწაულს როგორ ხვდებოდით?

- ბავშვობიდან დიდი სიხარულით ვხვდებოდი ხოლმე, მაგრამ შარშანდელ დღესასწაულზე ძალიან მოწყენილი, უხასიათოდ ვიყავი - სადღესასწაულო განწყობა არ მქონია. ახლა უფრო საინტერესოა - მეუღლესთან ერთად, ახალ წელს პირველად ვხვდები და უკვე გვიხარია. რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გასვლა და დასვენება გვინდა, თუ მოვახერხეთ...

- 2017 წელს როგორ შეაფასებთ? თქვენთვის როგორი იყო?

- პირადად ჩემთვის, დიდი წარმატების მომტანი იყო, ბევრი რამ გავაკეთე: ხმის ჩამწერი სტუდია გავაკეთე, ახალი წლის პერიოდში ნიშნობა მქონდა... 2017 წელი კარიერული თვალსაზრისითაც აქტიური აღმოჩნდა: საზღვარგარეთ კონცერტები გვქონდა. საქართველოში "ჯეო ფოლკის" წევრები "აეროსმიტის" სოლისტს - სტივ ტაილერს შევხვდით და DREAM OM-ის ქავერი "ცოცხლად" შევუსრულეთ... ახლახან ინტერნეტში ბერას ახალი კლიპი "საშობაო სიმღერების პოპური" აიტვირთა, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობთ. ღმერთის წყალობით, ეს პროექტი კარგად ჩავამთავრეთ... ახლაც გადაღებების პროცესში ვარ "ჩართული" - რამდენიმე დღეში, ახალ წლამდე ჩემი კლიპი გამოვა...

GzaPress

ასევე, წელს დაოჯახდა ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შვილი - მარიამ გრიგოლია. მისი რჩეული - ნიკოლოზ გამეზარდაშვილი სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის - ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი გახლავთ. შეყვარებულებმა ყველა წესის დაცვით იქორწინეს. ზაფხულში ნიშნობა ჰქონდათ, შემოდგომას კი ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო, მათ შორის - ბერა ივანიშვილიც. პატარძალს საქორწინო კაბა ანუკი არეშიძემ შეუკერა. მარიამი საკურთხეველთან დედამ მიიყვანა...

2017 წელი მსახიობ ია სუხიტაშვილისთვისაც იღბლიანი აღმოჩნდა - მან სიყვარული იპოვა და მეორე ვაჟის დედაც გახდა. იას რჩეული პროფესიით არქიტექტორი სანდრო შარაშიძე გახლავთ. სანდროსთვის ეს პირველი ქორწინებაა, იასთვის კი - მესამე. მსახიობს უფროსი ვაჟი პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მეორედ კოლეგაზე - მიშა მესხზე იყო გათხოვილი...

26 წლის წარმატებულმა ქართველმა ძიუდოისტმა, ევროპის სამგზის და მსოფლიო ჩემპიონმა - ავთანდილ ჭრიკიშვილმა 2017 წლის გაზაფხულზე შექმნა ოჯახი. ავთანდილის მეუღლე თამუნა გვენეტაძე გახლავთ. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა.

მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი ბუბა ქებურიას ვაჟის - თორნიკეს (თოშა) და მომღერალ ქრისტინე იმედაძის შესაძლო რომანის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა და თითქოს ურთიერთობას წყვილიც აღარ მალავდა, თორნიკემ მოდელ ქეთი ჟღენტზე იქორწინა. პატარძალს "ელ სააბის" მოდის სახლში შეკერილი ულამაზესი კაბა ეცვა. გრანდიოზული ქორწილი თორნიკემ საკუთარ რესტორანში გადაიხადა...

სხვა დაქორწინებულ ცნობილ სახეებს რაც შეეხებათ, ზოგი მათგანი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებს. მათ აზრს პატივს ვცემთ და რაც ვიცით, ამჯერად, ჩვენთვის დავიტოვებთ... ყველას - საზოგადოებისთვის ცნობილსა თუ უცნობ ადამიანს ბედნიერ სიყვარულს გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი