ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის საახალწლო ტრადიციები - რას სთხოვს მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი თოვლის ბაბუას? - გზაპრესი

ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის საახალწლო ტრადიციები - რას სთხოვს მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი თოვლის ბაბუას?

24 წლის ასაკში, მისი ტიტულების ჩამონათვალი შთამბეჭდავია. თუ შეიძლება, ამ ქვეყანაში ვინმეს წარმატებული ეწოდოს, ეს ძალოსანი ლაშა ტალახაძეა. ინტერვიუ მასთან წარსულშიც ჩამიწერია, მაშინ თავი საოცარი ყურადღებით, პასუხისმგებლობის გრძნობით, უბრალოებით დამამახსოვრა. ამჯერადაც იგივე გამეორდა. ვინც ლაშას იცნობს და ურთიერთობა ჰქონია, დამეთანხმება, რომ ეს ბიჭი ადამიანობაშიც ჩემპიონია. ის დიდი ბავშვია, რომელსაც დღემდე გაწითლების უნარი შერჩენია.

- ლაშა, ამ დიდ წარმატებას გილოცავ! ყველა ტიტული მოიპოვე, რაც კი ძალოსნობაში არსებობს. ბოლო გამარჯვებაზე მიამბე, წარმატებული აზიდვისას, რა განცდები გქონდა?

- არ ვიცი, როგორ გადმოგცე, იმ დროს რას ვფიქრობდი ან საერთოდ, ვფიქრობდი თუ არა. ამ დროს თითქოს ნერვიულობა, დაძაბულობა, ყველანაირი განცდა ერთდროულად იხსნება. გრძნობ, რომ თავისუფლდები, ბედნიერი ხარ, თან დიდად ვერც აცნობიერებ, რა მოხდა. მერე როცა დიდი აუდიტორიისგან მარტო რჩები, იაზრებ, იჯერებ, რა მოხდა და ეს დიდი ბედნიერებაა.

- ხელზე სვირინგი - საქართველოს რუკა ახალი გაკეთებული გაქვს. ეს ის ხელია, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, აზიდვების დროს სვირინგი ჩანს.

- დიდი ხანია, ეს სვირინგი მინდოდა გამეკეთებინა. თავდაპირველად ვფიქრობდი კისერზე დამეხატა, შემდეგ ხელზე გადავწყვიტე.

- ვიცი, რომ ბევრი ქვეყნიდან გაქვს შემოთავაზება, ჩემპიონატებზე მათი სახელით გახვიდე, მათ შორის, მატერიალური კუთხით, ძალიან მაცდური შემოთავაზებებიც გქონია, მაგრამ უარს ამბობ. რატომ?

- დიახ, მსგავსი შემოთავაზება ბევრჯერ მქონდა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი ვთქვი. დავფიქრდი, გამარჯვების შემდეგ, სხვა ქვეყნის დროშა უნდა ავწიო და მოვიფარო, ეს იმდენად წარმოუდგენელია, ვერაფრით შევძლებ.

- 2017 წელი შენთვის წარმატებული იყო, 2018 წლისგან რას ელოდები, რა გეგმები გაქვს?

- ეს და გასული წლებიც ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. ყველა ტიტული, რაც კი არსებობს, მოპოვებული მაქვს. მომავალი 2018 წელიც უკვე დაგეგმილია. წინ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია. მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეტად რთული და საპასუხისმგებლო იქნება, რადგან 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიები თამაშდება. მარტის ბოლოს ევროპის ჩემპიონატია, აუცილებლად გავალ და ვეცდები, უკვე მესამედ გავხდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. 15 იანვრიდან ვარჯიშს დავიწყებ. დღის განმავლობაში, საშუალოდ 5 საათს ვვარჯიშობ, როცა შეჯიბრება ახლოვდება და დატვირთულ რეჟიმი მაქვს, მაგ დროს მთელი დღის განმავლობაში ვვარჯიშობ.

GzaPress

- კიდევ ერთხელ გილოცავ წარმატებას და ბედნიერ 2018 წელს გისურვებ! ახლა კი საახალწლო ტრადიციებზე მინდა გკითხო, ბავშვობაში თოვლის ბაბუას წერილს სწერდი?

- თოვლის ბაბუას ხსენებისას, გონებაში სულ ერთი კადრი მიტრიალებს ჩემი ბავშვობიდან. დეიდაჩემის ოჯახში ვიყავით, ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. ოჯახის ყველა წევრი შინ იყო. მითხრეს, - გახედე, თოვლის ბაბუ მოვიდაო. არ დავიჯერე, თითქოს შემეშინდა, მაგრამ ბოლოს მაინც ცნობისმოყვარეობამ მძლია. 5 წუთის შემდეგ, კარი გამოვაღე და კართან საჩუქრები დამხვდა. თოვლის ბაბუ არსად ჩანდა. 5 წლის ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად დამამახსოვრდა. მაშინ მე და ჩემმა ძმამ დავიჯერეთ, რომ ის ნამდვილად არსებობდა.

- ბავშვობაში თოვლის ბაბუას წერილებს სწერდი?

- ასეთი რამ არ მახსენდება. ვიცოდი, საჩუქრებს მშობლები რომ მიკეთებდნენ. ამბობდნენ, თოვლის ბაბუამ მოგიტანაო. ამ საკითხს დიდად არ ვიძიებდი.

- სამეზობლოში მეკვლედ გეპატიჟებოდნენ?

- ძალიან მორცხვი ვიყავი. ჩემზე რომ ამბობდნენ, რა საყვარელი ბავშვიაო, ვწითლდებოდი. სხვათა შორის, ეს თვისება დღემდე გამომყვა, ახლაც ვწითლდები ხოლმე. ყველა მცნობს, ზოგჯერ ქუჩაში ჩემკენ ხელს რომ იშვერენ ან მანქანით მოძრაობის დროს მცნობენ, სულ მრცხვენია და მინდა დავიმალო.

ბავშვობაში მეკვლედ ხშირად დავდიოდი. 15 წლამდე ბარბარობის და ახალი წლის მეკვლე ვიყავი, რაც თბილისში წამოვედი, მეკვლეობას ხშირად ვეღარ ვახერხებ. ჩვენს ოჯახში, ამ ბოლო დროს, ახალ წელს და ბარბარობასაც მეკვლედ ბიძაჩემი, იური თოდაძე მოდის. გამორჩეული მეკვლეა. ამბობს, - ფეხბედნიერი ვარ, რაც თქვენთან სიარული დავიწყე, ლაშას სულ წარმატებები აქვსო.

- მიამბე, თქვენი ოჯახის საახალწლო ტრადიცია როგორია?

- მე და ჩემი ძმა უმეტესად თბილისში ვართ. საახალწლოდ კი 30 ან 31 რიცხვში ყოველთვის საჩხერეში ჩავდივართ. ამ დღეებში, როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც დიდი სამზადისია. ახალ წელს ოჯახის წევრები ერთად ვხვდებით. მერე მეგობრებთან ვინაცვლებთ, ხან ჩვენთან მოდიან მეგობრები, ვისთან ერთადაც გავიზარდეთ. იქ ძალიან დიდი სითბოა. ეს ტრადიცია ჩვენში იმდენად გამჯდარია, ისეთი ახალი წელი არ მახსოვს, რომელსაც საჩხერეში, ჩემს სახლში არ შევხვედროდი. მე და ჩემს ძმას საახალწლო მაშხალები ძალიან გვიყვარს, სასწაულებს ვაკეთებთ.

- ამ დღეს თავს უფლებას აძლევ, ალკოჰოლი მიირთვა?

- ახლა ისეთი პერიოდია, როცა ყველა შეჯიბრება დასრულებულია და შეიძლება განტვირთვისთვის მცირე დოზით მივიღო, ამ პერიოდში არ მავნებს. ზოგადად ალკოჰოლი დიდად არ მიყვარს.GzaPress

- სამზარეულოში დედას ეხმარები?

- ვეხმარები, მაგრამ არა კულინარიულ ამბებში. ეს საქმე საერთოდ არ მეხერხება, არც არასდროს მიცდია. ჩემს სახლში იმდენად გემრიელ კერძებს ამზადებენ, არც მინდა ჩავერიო.

- რამდენიმე თვის წინ რომ ჩაგწერე, მითხარი, შეყვარებული ვარო. ახლო მომავალში დაოჯახებას ხომ არ აპირებ?

- ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ. დაოჯახებას ვგეგმავ, მაგრამ ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, დროის საკითხი ვერ გადამიწყვეტია. ძალოსნობა სპორტის ისეთი სახეობაა, ფორმას მალე კარგავ და თვე-ნახევარი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ დაკარგულის 70% აღიდგინო.

- თოვლის ბაბუას რას მისწერ?

- რა ვიცი, რა მივწერო? რაც მინდოდა, ყველა სურვილი ამისრულდა. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ.

"თოვლის ბაბუ!

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში თქვენთვის წერილი არასდროს მომიწერია და არაფერი მითხოვია, მაინც ყველაფერს მისრულებ. დიდი მადლობა ამისთვის. ახლაც ჩემთვის არაფერს გთხოვ. ძალიან მინდა, ყველა ბავშვთან მიხვიდე და გაახარო, ვისაც ეს მართლა სჭირდება. ჰო, ასეთები დიდებიც არიან და მათთანაც მიდი და გაახარე, ძალიან გთხოვ.

დიდი სიყვარულით, ლაშა ტალახაძე".

თამუნა კვინიკაძე