ახა­ლი წე­ლი ოქ­როს­ფერ რეტ­რი­ვე­რებ­თან ერ­თად - გზაპრესი

ახა­ლი წე­ლი ოქ­როს­ფერ რეტ­რი­ვე­რებ­თან ერ­თად

წინასაახალწლოდ ალბათ ხშირად გაიგონებთ ფრაზებს: "ძაღლის წელი მოდის", "ოქროსფერი ძაღლის წელი დგება" და ა.შ. ეს ასტროლოგიის მიმდევართა აქტიურობის დამსახურება გახლავთ. თბილისში ყველაზე პოპულარული ოქროსფერი შეფერილობის უსაყვარლესი ცუგა - ბარლი მსახიობ გოგა გველესიანს ჰყავს. თითქმის ოქროსფერია ბარლის "ცოლი" - გაბიც... ცხადია, ამ ამბავს ასტროლოგიასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ გოგა გველესიანი ახალი წლის დღესასწაულს ოქროსფერი რეტრივერის ჯიშის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად ხვდება. ცუგების ამ უსაყვარლეს წყვილს "გზის" მკითხველები უკვე იცნობენ. წინასაახალწლოდ გოგას შევეხმიანეთ და მისი ბარლი და გაბი მოვიკითხეთ...

- ჩვენთვის ეს წელი მატების იყო: ჩემს "ბიჭს" - ბარლის უკვე შვილები და შვილიშვილები ჰყავს, ჩემს "გოგოს" - გაბის კი ბარლისგან შვილები პირველად შეეძინა. ჩვენთვის ეს დიდი მოვლენა იყო. 7 ნოემბერს გაბიმ 7 ლეკვი დაბადა - 1 "ვაჟკაცი" და 6 "გოგო". ყველა მათგანი უკვე დაბინავებულია და პატრონები ჰყავთ. მოკლედ, 2017 წელი ჩვენთვის ასეთი სასიხარულო იყო. ასევე, წელს გაბი საერთაშორისო გამოფენაზე "ჯუნიორ ჩემპიონი" გახდა. ბარლი დიდი ხანია, ჩემპიონია... წელს ბარლის სახელობის, ოქროსფერი რეტრივერის ძაღლსაშენიც დავაარსე, სადაც ოქროსფერი რეტრივერები დაიბადებიან...

- მგონი, გაბი ოქროსფერი არ არის...

- კრემისფერი უფროა. ცოტათი უცნაურია: მშობიარობის მერე, გაბიმ უფრო ოქროსფერი შეფერილობა მიიღო. ბარლის რაც შეეხება, ის ნამდვილი ოქროსფერია.

- ასტროლოგიის მიმდევრები როგორც ამბობენ, ოქროსფერი ძაღლის წელი დგება... ამის გამო, თქვენს ოთხფეხა მეგობრებს განსაკუთრებულად ხომ არ ეპყრობით?

- ჩემთვის ყოველთვის ძაღლის წელია, ჩემი ძაღლების გამო. მათ ისევე მოვეპყრობი, როგორც - აქამდე. ისევ ისეთი ახალი წელი თუ დაბადების დღე ექნებათ, ისევ გავასეირნებ ყოველ საღამოს... აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიცხოვრებთ. საერთოდ, ძაღლი ერთგულების სიმბოლოა. ნებისმიერი ძაღლი ადამიანის მიმართ ერთგულია, ოქროსფერი რეტრივერი კი ადამიანთან განსაკუთრებული ურთიერთობით გამოირჩევა. სხვა ჯიშის ძაღლების პატრონები ნუ მიწყენენ, მაგრამ რაც კი ძაღლს დადებითი თვისებები აქვს, ოქროსფერ რეტრივერებს ის ორმაგად აქვთ განვითარებული.

- ახალი წლის დღესასწაულისთვის როგორ ემზადებით?

- როცა მცალია, მაშინ უფრო ვემზადები. ახლა სულ რეპეტიციები მაქვს. პარალელურად, ლეკვებზე ვზრუნავ და როგორ მოვემზადები, არ ვიცი... ნაძვის ხე გუშინ დავდგი.

- ბარლის და გაბის ნაძვის ხესთან როგორი დამოკიდებულება აქვთ, ხომ არ ერჩიან?

- არა. საქმეც ამაშია: ბევრი სხვა ჯიშის ძაღლებისგან განსხვავებით, მათ იციან, რითი შეიძლება თამაში და რითი - არა. ბარლის და გაბის ლეკვები ჯერ თვე-ნახევრის არიან. მათი პატრონები მირეკავენ და მწერენ - ასეთი პატარები ისე როგორ აღზარდეთ, რომ მხოლოდ პამპერსზე ისაქმებენო? ჯიშია ასეთი - მხოლოდ პამპერსზე შარდავენ და არა - იატაკზე.

- ახალი წლის ღამეს სხვადასხვა ასაფეთქებლის ხმა არ აფრთხობთ?

- ეს მათთვის სტრესია. შესაბამისად, მეც სტრესს განვიცდი, მაგრამ რა ვქნა? ასაფეთქებლებით ბავშვებიც ზიანდებიან: რამდენი დამწვრობა და არასასიამოვნო შემთხვევა ყოფილა? საერთოდ, საქართველოში ამის შემოტანა უნდა აიკრძალოს - ჩვენი ყურებიც დაისვენებს და ნაკლები ხიფათიც იქნება.

- თქვენი ცუგებისთვის სტრესის შემსუბუქებას როგორ ცდილობთ?

- იმ წუთში გულმკერდზე ვეფერები. მათ ენაზე ეს გამხნევებას ნიშნავს. ბარლის ძალიან ეშინია, რადგან ვიდრე საცხოვრებლად ამ სახლში გადმოვიდოდით, მანამდე ნაქირავებ ბინაში, პირველ სართულზე ვცხოვრობდით. ბავშვებს ვთხოვე: ძაღლს ეშინია, ასაფეთქებლებს აქ ნუ ისვრით-მეთქი. ბოროტი ბავშვებიც არსებობენ. ერთ-ერთმა ასაფეთქებელი ბარლის ოთახში შემოუგდო და აუფეთქა. მას შემდეგ ბარლის ძალიან ეშინია...

- ხომ არ დაშავებულა?

- არა, მაგრამ ისეთი სტრესი, ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რომ არ ვიცი, რა გითხრათ... სულ მაგიდის ქვეშ ან სადღაც იმალება ხოლმე. ახლა უკვე ცოტა მხნედ არის. გაბის ისე ძალიან არ ეშინია, რადგან მისთვის ასაფეთქებელი არ შემოუგდიათ. ცოტათი კი ფრთხება, მაგრამ ორივეს ვეუბნები: - არაფერია, ნუ გეშინიათ-მეთქი... ახალი წელი ამიტომ არ უყვართ.

- თქვენი ოთხფეხა მეგობრები ვინმეს მეკვლეები თუ ყოფილან?

- ერთხელ დოის მეკვლე ვიყავით. პრინციპში, "მეკვლესაც" ვერ ვიტყვი - ბევრნი მივედით. მაშინ ბარლი პატარა იყო... ალბათ, წელს ჩვენი მეკვლეობა ბევრს მოუნდება. 31 დეკემბერს შინ ერთი ლეკვი გვეყოლება და მარტო ვერ დავტოვებთ.

- ლეკვები ისევ შინ გყავთ?

- 3 მყავდა. დღეს ერთი წაიყვანეს. ერთს 30 იანვარს წაიყვანენ, ერთს კი - 31 დეკემბერს (ვისაც მიჰყავს, სურს, შვილს ნაძვის ხესთან, ყუთში ლეკვი დაახვედროს საჩუქრად).

- ბარლი და გაბი შვილებთან განშორებას არ განიცდიან?

- ჯერჯერობით გაბი ვერ ხვდება, თუმცა სულ ვფიქრობდი, ეზოში ჩამეყვანა, როცა ლეკვს წაიყვანდნენ, მაგრამ პირიქით - ეს მის თვალწინ ხდებოდა. თავდაპირველად, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. დღეს კი, როცა ლეკვი წაიყვანეს, გარკვეულ მანძილზე უკან გაჰყვა... ჯერ კიდევ 2 ლეკვი ჰყავს. როცა პირველი ლეკვი წაიყვანეს, გაბიზე მეტად მე განვიცადე - თავი ვერ შევიკავე და ცრემლები წამომივიდა... ლეკვების მოვლას შრომა, ენერგია, დრო სჭირდება. ასე რომ, წელიწადში ერთხელ შვილიკოების გაჩენა "მოგვიწევს", მერე კი - მათი გაშვება-დაბინავება...

- საახალწლოდ, ცუგებს რაიმე განსაკუთრებულ ნუგბარს თუ სთავაზობთ?

- ჩემს ცუგებს განსაკუთრებული ნუგბარი თავიანთ დაბადების დღეზე აქვთ ხოლმე, თუმცა ახლაც შეიძლება, შევთავაზო: ე. წ. ხბოს "ჩაშკები" უყვართ - მათთვის ეს ყველაზე დიდი საჩუქარია.

- რამდენი წელია, რაც ახალ წელს ცუგებთან ერთად ხვდებით?

- საერთოდ, ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში, ძაღლი ყოველთვის მყავდა. 19 იანვარს 6 წელი გახდება, რაც ბარლი მყავს. გაბი კი, დაახლოებით 2 წელია, რაც ჩვენთანაა.

- წელს ბარლის მეკვლეობა მისი შეფერილობის გამო ხომ არ სურთ?

- არ ვიცი. ჯერჯერობით არავის შემოუთავაზებია, მაგრამ ბარლის ისედაც, მეკვლეობის გარეშეც ეპატიჟებიან, თუმცა ახლა 2 ამხელა ძაღლით დაპატიჟება, ცოტა არ იყოს, რთული საქმეა.

- წელს ბარლის რამე გმირობა ხომ არ ჩაუდენია?

- წელს - არა, მაგრამ ერთხელ 2 წლით უფროს ხვადს ეჩხუბა - იმის გამო, რომ ხვადი "გოგოს" ეჩხუბებოდა. საერთოდ, ძაღლებს შორის, "ბიჭი" "გოგოს" არ ეჩხუბება. რომელ "ბიჭსაც" ბარლი ეჩხუბა, იმ წრეში ის იყო მთავარი, მაგრამ მისი ადგილი უკვე ბარლის უკავია - იქაურობას დღემდე ბარლი მართავს...

- ანუ ახალ წელს ცუგების გარემოცვაში ხვდებით, ხომ?

- აბა, რა! თავს აბსოლუტურად მშვენივრად ვგრძნობ. თუ ვინმე მოვა, ძალიან კარგი. თუ არა და - მერე, რა? განა რა არის ახალი წელი? ჩვენს ცხოვრებას კიდევ 1 წელი აკლდება და ეს გვიხარია... ერთგულებაზე კარგი, ნამდვილი და ჭეშმარიტი არაფერია. თუ გვერდით ერთგული ადამიანი, მეგობარი გყავს, ჩათვალე, რომ ამისთვის ღირდა დაბადება და ცხოვრება... ვისურვებ, 2018 წელს ერთგულება მოეტანოს მათთვის, ვისაც ეს აკლია; ვისაც ამის დანაკლისი არა აქვს, მათ ერთგულება უფრო განმტკიცებოდეთ და გაძლიერებოდეთ!..

- ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი