ანუკი არეშიძის გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

ანუკი არეშიძის გულახდილი ინტერვიუ

"ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა, ოცნება ამესრულებინა, ახლა ვცდილობ შანსი არ გავუშვა და სხვა ქალებისა და ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთო", - ამის შესახებ კახა კალაძის ცოლმა, ანუკი არეშიძემ ამერიკულ ჟურნალთან - FORBE-ს ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში არის დედა, შემდეგ ცოლი და სულ ბოლოს - დიზაინერი.

"საქართველოში ჯერ კიდევ არის ხალხი, ვისაც საკმარისი საკვები არა აქვს, არც მოდა აინტერესებთ ან დიდი პოლიტიკა, მათთვის ოჯახისთვის საკვებია უმთავრესი. დამნაშავედ ვიგრძნობ თავს, თუ ფოკუსირებული ვიქნები მხოლოდ საკუთარ თავსა და დიზაინერობაზე. ყოველთვის, როცა მაღაზიაში შევდივარ, ხალხის სითბოს ვგრძნობ. მათი მხარდაჭერა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. რუსი სუპერმოდელი, ნატალია ვოდიანოვა ჩემთვის საქველმოქმედო საქმიანობის ინსპირაციაა", - ამბობს არეშიძე ინტერვიუში.

თბილისის მერის მეუღლე აღნიშნავს, რომ საქართველოში დიზაინერობა ძალიან რთული და რისკიანია, რადგან ქვეყანაში არ არსებობს მაღალი ხარისხის ქსოვილების დამამზადებელი ფაბრიკები და ამიტომ, მათი ჩამოტანა სხვა ქვეყნებიდან უხდებათ. ეს კი მათ პროდუქციას ბევრად აძვირებს.

"ქართველებს აქვთ საყვარელი ფერი - შავი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გემოვნება და სტილის შეგრძნება. ქართველებს ყოველთვის მარტივად გამოარჩევ ნებისმიერი ქვეყნის ქალაქების მოედნებსა თუ აეროპორტებში", - აღნიშნავს დიზაინერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, სურს თუ არა ანუკის, შექმნას ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისთვის ფორმა, დიზაინერი პასუხობს, რომ ამისთვის მზად არ არის.

"სპორტულ ფორმებს ბევრი დიდი დიზაინერი, მათ შორის ჯორჯო არმანი, რალფ ლორენი ქმნიან. ეს ძალიან რთული საქმეა და ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რადგან მთელი ქვეყნის სახეა. ამიტომ, ამ ეტაპზე ასეთი საქმისთვის მზად არა ვარ", - განაცხადა არეშიძემ.

ამასთან, კახა კალაძის ცოლი აღნიშნავს, რომ საკუთარი თავით არასოდეს არის კმაყოფილი.

"ყოველთვის, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, - შემეძლო, უკეთ გამეკეთებინა?" ახლა ვიტირებ... ბოდიში, ძალიან დაღლილი ვარ. ყოველთვის ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და ვამბობ: "ანუკი, შენ მეტი შეგიძლია!"