ინტერვიუ, ანგარიშით 1:1 - გზაპრესი

ინტერვიუ, ანგარიშით 1:1

ამჯერად განსხვავებულ "ერუდიტს" გთავაზობთ. საახალწლო ნომერში რუბრიკის პირველ სტუმრებად მსახიობები ალეკო თეთრაშვილი და ლევან ლელაშვილი შევარჩიე. როგორია მათი საახალწლო ტრადიციები, სახალისო თავგადასავლები და რომელმა შეკითხვამ დააბნია ცნობილი "პასეანსელები"? - ამას ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

ლევანი:

- ახალი წლის დღესასწაული ძალიან მიყვარს. "პა-სეანსის" დროს ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, ქვეყანაშიც სხვაგვარი მდგომარეობა იყო. საახალწლო განწყობაც სხვაგვარი იყო. მერე გავიზარდეთ...

ალეკო:

- ...(აწყვეტინებს) მე მერვე კლასში ჩავრჩი, არ გავზრდილვარ. რაც შეეხება ჩემს საახალწლო განწყობას, დიდი ბრძოლები გადავიტანე. ჯერ სამუშაო ჭიქით, მერე განსხვავებული სასმისით, მერე ყანწით... გაძლება არ უნდა? ჯერ დავხოცეთ გოჭები, ინდაურები, ქათმები, მერე ერთმანეთი - ღვინის სმაში.

ლევანი:

- მე ნაახალწლევს ამდენ ნაბახუსევს ვერ ვუძლებ და 2 დღის შემდეგ ვჩერდები, აღარ ვსვამ.

ალეკო:

- ლევანი არ არის დიდი მსმელი, ის და 2 ჭიქა "ძმაკაცები" არიან.

- ახლა ის დროა, მთელი ქვეყანა რომ ნაბახუსევზეა. თქვენ ამ მდგომარეობიდან როგორ გამოდიხართ?

ლევანი:

- სტანდარტულად, არყით და ხინკლით ვმკურნალობ. ალეკო, გახსოვს, გასტროლებზე რა "პახმელიები" გვქონდა ხოლმე?

ალეკო:

- ერთხელ ბოლნისში ვიყავით ჩასულები, მასპინძელმა ოჯახმა ქეიფი დილიდან რომ დაგვაწყებინა, ვერ იქნა და ვეღარ დავეხსენით. ვეუბნებოდით, ვუხსნიდით, ასე არ შეიძლება, საღამოს კონცერტი გვაქვს, ხალხი მოვა, სირცხვილია... არაფრის გაგონება არ უნდოდა. "პა-სეანსი" მასთან იყო და ეს ძალიან ახარებდა. ბოლოს, სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, ვუთხარი, ეგრე ძალიან თუ გინდა, კონცერტზე წამოიღე და მაგ ყანწს იქ დავლევ-მეთქი. როგორც იქნა, დავეხსენით. წავედით დარბაზში, უამრავი ხალხი დაგვხვდა. დავიწყეთ კონცერტი, სცენასთან ძალიან ახლოს, ერთი ლოჟა იყო შემოჭრილი, გაიხსნა ფარდა, გამოვედით და რას ვხედავ? ჩემი მასპინძელი ამ ლოჟაში ზის, ბროლის ყანწი წამოუღია, მის თანმხლებს ხელში 10-ლიტრიანი ბოცა უჭირავს და ღვინით სავსე ყანწი სცენაზე გადმომაწოდა, მიდი ახლა სიტყვა შეასრულეო. ჩამოვართვი, სხვა რა გზა მქონდა? აი, ეს ხართ ბოლნისელები, სტუმრის ასეთი პატივისცემა იცით, მასპინძელმა ჯერ სახლიდან ძლივს გამომიშვა და აქაც ყანწით გამომყვა-მეთქი. ერთლიტრიანი ყანწი დავცალე. მაყურებელმა ტაში დამიკრა, ძალიან ბევრს დადგმული ნომერი ეგონა.

ლევანი:

- ნაბახუსევზე ერთი შემთხვევა მახსენდება: კონცერტს მე ვიწყებდი, სცენაზე გამოვდიოდი და ჩვენი გუნდის ყველა წევრს ვასახელებდი. ამჯერადაც ასე მქონდა დაგეგმილი, გამოვედი, დავიწყე ჩამოთვლა. ისეთ ნაბახუსევზე ვიყავი, მეგონა, ყველა დავასახელე. შემდეგი ნომრის გამოცხადებას რომ ვაპირებდი, უეცრად ალეკო მეუბნება, კი, მაგრამ ჩემი ცოლი რატომ არ გამოაცხადეო? დავიბენი, რა ხდება, ეს კაცი რას მეუბნება-მეთქი? - ჩემი ცოლი, ჩემი ცოლი, - მიმეორებს დაჟინებით. ნაბახუსევზე კაცს აზროვნება, მოძრაობა შენელებული გაქვს და გავგიჟდი, რა ცოლი, რის ცოლი? მერე ნამდვილ მეუღლეზე ვკითხე, ნანა აქ არის, ჩამოვიდა-მეთქი? თურმე ცუცა კაპანაძე გამომრჩენია და კულისებიდან მუშტებს მიქნევდა. ხალხს ესეც დადგმული ნომერი ეგონა.

- ამის მიზეზი შეიძლება იყოს ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული, ნადირობა, ყინვა, ნაღველი და ა.შ. შეიძლება ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

ლევანი:

- გამოცანაა?

ალეკო:

- გთხოვ, გამიმეორე (გამეორების შემდეგ), ღვინის დალევა, ალკოჰოლი, ეს შემეშლება?

ლევანი:

- ნახე, როგორი კმაყოფილია, ეს კითხვა მოეწონა.

- ოჯახში ნაძვის ხის მორთვაში მონაწილეობთ?

- დისტანციურად ვრთავ ხოლმე. წამოვწვები და მეუღლეს ვკარნახობ, რომელი სათამაშო სად დაკიდოს.

ალეკო:

- ამ საქმეში ყოველთვის დიდი ხალისით ვერთვები. ახალი წელი ყველაზე სახალისო დღესასწაულია, ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ნაძვის ხეს 17 თებერვალს ვრთავ ხოლმე.

- თუ იცით, რა პერიოდიდან შემოვიდა საქართველოში ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

- საქართველოში ნაძვის ხეს XVIII საუკუნიდან რთავენ.

ლევანი:

- ნაძვის ხეზე ადრინდელი ჩიჩილაკია. ნაძვის ხე რუსეთში გერმანიიდან პეტრემ შეიტანა.

- "ახალი წლის საღამოა,/ ქარი ქრის და ფიფქი ცვივა./ თოვლის საბანს რომ იხურავ,/ ნაძვის ხეო, არა გცივა"? ვინ არის ავტორი?

ალეკო:

- ნოდარ დუმბაძე.

- ახალ წელს იაპონელებს თავიანთ სახლში შეაქვთ ფიჭვის ტოტები, როგორც დღეგრძელობისა და სიძლიერის სიმბოლო. ქლიავის ტოტები, როგორც მარადიულობის სიმბოლო. დაასახელეთ მესამე მცენარე, რომელიც სათნოების სიმბოლოდ ითვლება.

- არ ვიცი.

- ბამბუკზეა ლაპარაკი. რატომ დაარქვეს იანვარს იანვარი?

- დროის ღმერთის, იანუსის პატივსაცემად.

- ქამელეონს ენა უფრო გრძელი აქვს თუ სხეული?

- ენა.

- ჟირაფს მეტი კისრის მალა აქვს თუ ბეღურას?

ლევანი:

- ბეღურას. სწორი პასუხი ჟირაფი რომ იყოს, ამ შეკითხვას საეროდ არ დასვამდი. ვერ ჩავგვჭრი, ვერა!

- წუთში ერთხელ არის, წამშიც ერთხელ არის, თვეში არ არის და წელიწადში ორჯერ არის, რა არის?

- წელიწადში ორჯერ ახალი წელია.

ალეკო:

- ჰო, მაგრამ ყოველ წამს და ყოველ წუთს ახალი წელი ხომ არ არის? რაღაც სხვაა.

- მიგანიშნებთ, ეს რაღაც, მოვლენა არ არის.

ლევანი:

- ზარი?

- ცდებით. არა და, პასუხი ძალიან მარტივია.

- თვალის დახამხამება?

- არა.

- გულის ფეთქვა?

- არა.

ალეკო:

- ვერ მივხვდით, გვითხარი, რა იქნება.

- ასო "წ".

- უი, რას მეუბნები, წამი, წუთი, წელიწადი... რა მაგარია.

- თუ ის კარგია, ქაფი 3 წუთზე ადრე არ უნდა უქრებოდეს, პატარა ბუშტუკებისგან უნდა შედგებოდეს, მისი არომატი უფრო საგრძნობია, როცა ცივია. რაზეა ლაპარაკი?

- ლუდზე.

ლევანი:

- ამ კითხვის პასუხს დასაწყისშივე მივხვდი.

ალეკო:

- დალიეთ ლუდი, არ არის ცუდი.

- დღე-ღამის მანძილზე, როგორი საათი უჩვენებს სწორ დროს, მხოლოდ ორჯერ?

- ისევ "წ"-ს ვარიანტია?

- დაახლოებით.

ლევანი:

- გაჩერებული საათი.

- თეთრი ღვინო დაძველებისას მუქდება, რა ემართება წითელ ღვინოს?

ალეკო:

- ღიავდება. ყურძენს ყოველ წელს ჩემი ხელით ვწურავ.

- 1877 წელს, საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით, წარმატებით დაეხმარებოდა ადამიანებს, დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?

- ციგურები.

ლევანი:

- არა, ყურებიანი ქუდი.

ალეკო:

- ვარდისფერი სათვალე. ყველაფერი ჩამოვთვალეთ.

- რა ერქვა სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის მამას?

- ისაკი.

ლევანი:

- ახლა ჩვენც გკითხავთ: ერთი თოკი და ათი გადარეული, რა არის?

- არ ვიცი.

- ალპინისტები, ერთმანეთზე რომ არიან გადაბმულები. ათი თოკი და ერთი გადარეული პარაშუტისტია.

ალეკო:

- მეც გკითხავ. ბნელი ოთახი, თეთრი ზეწარი და საათნახევრიანი კაიფი რა არის?

- კინო?

- აი, ყოჩაღ!

ლევანი:

- ანგარიში 1:1-ია.

- ამ ანგარიშით დავასრულოთ, ახლა კი სახალისო ამბები მომიყევით.

- "პა-სეანსს" სპორტის სასახლეში საახალწლოდ დღეში 2 კონცერტი სრული ანშლაგით გვქონდა, 10 დღეში 200 000 მაყურებელი მოვიდა. მსგავსი რამ სპორტის სასახლის ისტორიაში არ მომხდარა. ჩვენთან ერთად პატარების მოცეკვავეთა გუნდი, კლოუნი, დათვი და სხვა პერსონაჟებიც გამოდიოდნენ. მშობლები ბავშვებს მარტო ხომ არ გამოუშვებდნენ, თავადაც იქ იყვნენ. მოჰქონდათ საგზალი. უნდა გენახათ, კულისებში რა სუფრები იყო გაშლილი. გათბობა არ გვქონდა, ვიყინებოდით და ჭაჭა გვშველოდა. "სამ გოჭში" ერთ-ერთი გოჭი მე ვიყავი, გრძელი წინდები და შორტი მეცვა. ბოლოს ბავშვები სცენაზე ამოგვყავდა და ნაძვის ხის გარშემო ვცეკვავდით. მე გოჭი ვარ, უკან ბიჭი და გოგო მომყვებიან, მესმის, თან ერთმანეთს ელაპარაკებიან. გოგო ეუბნება: აი, ხომ ხედავ, არ ყოფილა ნამდვილი გოჭი, კაციაო.

ალეკო:

- 1992 თუ 1993 წელი იყო, საახალწლოდ ქალაქის კომისრის როლს ვთამაშობდი. სცენარის მიხედვით, ფორმა მეცვა, ავტომატი მეკიდა, საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებდი, მკაცრი ტონით ვამბობდი: სააახალწლოდ გოჭების, ინდაურების, ქათმების დაკვლა უნდა აიკრძალოს. ვინც გაბედავს, ყველა პასუხისგებაში მიეცემა-მეთქი. უნდა გენახათ, რა ზარები წამოვიდა, ხალხი სერიოზულად იყო შეწუხებული, რატომ გვიკრძალავთო? ერთხელ "იუმორინაში" ცხონებულ გივი ბერიკაშვილთან დიალოგი მქონდა, აქ ვერაფერს ვაკეთებ, სამსახურს ვერ ვშოულობ, საზღვარგარეთ უნდა წავიდე, იქ ბუღად ვიმუშაო, ერი უნდა გავამრავლო. აქ რომ რამეს მიაღწიო ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ქვეყნიდან-მეთქი. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა, დღემდე მეკითხებიან, იყავი წასული? უკვე ჩამოხვედიო?

- ახლა ერთმანეთის შესახებ თითო ამბავი მიამბეთ.

- ერთხელ ზუგდიდში გასტროლი გვქონდა, საოცარი მასპინძლები გვყავდა, ზღაპრულ სუფრებს გვიშლიდნენ. თავიანთ სახლებში გვაძინებდნენ. ერთ ოთახში ორ-ორს გვეძინა. დილით გავიღვიძე, ვგრძნობ, სახეზე რაღაც მაქვს. მოვისვი ხელი და კბილის პასტა მოვიშორე. ხომ გახსოვს, პიონერთა ბანაკში მძინარე მეგობრებს ბავშვები რომ "პასტავდნენ". ჩვენთანაც ვიღაცამ იცელქა, ცუცასაც პასტა ეცხო, კიდევ ჩვენს ერთ მეგობარს. შევედით ლევანთან და ჯინოსთან და მთელი სახე გაპასტული აქვთ, თან ბურტყუნებენ, აუ, ვინ გაგვპასტა, მაგის დედა ვატირეთო, თავიანთი თავები ყველაზე მეტად გაიპასტეს, რომ არ გაყიდულიყვნენ.

ლევანი:

- ერთხელ ალეკომ და ნანამ (ალეკოს მეუღლე) სუფრა გაშალეს და პასეანსელები დაგვპატიჟეს. ჩვენს რეჟისორს, მამუკას ორკარიანი "ზაპოროჟეცი" ჰყავდა. ალეკომ მეუღლეს დაურეკა, მოვდივართო. მოკლედ, ამ ორკარიან ზაპოროჟეცში 9 კაცი ვისხედით. მერე ნანა ჰყვებოდა, სტუმრებს ველოდებითო, გაჩერდა "ზაპოროჟეცი", გადმოდიან ალეკო და მამუკა, ორი 2-მეტრიანი კაცი და ვფიქრობ, დანარჩენები სხვა მანქანით მოვლენ-მეთქი, მაგრამ გადმოლაგდნენ ლევანი, ჯინო, პაატა, ვახო, ჯაბა, სანო, ცუცა...

- დაბოლოს, რას უსურვებთ "გზის" მკითხველებს?

- 2018 წელს "გზის" მკითხველს ვუსურვებ ნათელი და საინტერესო გზა ჰქონოდეთ. თან კაუჩუკიანი, მუდამ მწვანე ენთოს, ხანდახან ყვითელიც შეიძლება. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავს, დოვლათს, ბარაქას...

ალეკო:

- ...ბევრი სიხარული, დიდი სიყვარული გვქონდეს და ერთმანეთის გაფრთხილება წელს მაინც ვისწავლოთ!

- გმადლობთ ინტერვიუსთვის! ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე