"ჩქარ ტემპში" მოგვარებული საქმეები - გზაპრესი

"ჩქარ ტემპში" მოგვარებული საქმეები

თბილისის ქუჩებში უკვე დიდი ხანია საახალწლო აურზაური შეიმჩნევა და ამ რიტმს არც ქართველი ცნობილი ადამიანები ჩამორჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს პერიოდი ორმაგად დატვირთულია, მომღერალმა სალომე ბაკურაძემ ახალი წლის დადგომამდე მაინც მოახერხა ჟურნალ "გზისთან" ინტერვიუს მიცემა და ოჯახის წევრებთან ერთად საახალწლო ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

- სალომე, საახალწლო განწყობას როგორ იქმნი ხოლმე და რაში გამოიხატება ეს?

- ამ განწყობას გარშემო მყოფი ადამიანები ქმნიან და რა თქმა უნდა, ამას თავადაც უნდა შეუწყო ხელი. მხოლოდ ნაძვის ხის დადგმა არაფერს ნიშნავს. წელს განსაკუთრებულად ლამაზია თბილისი და ეს მომწონს, მაგრამ ვერასდროს ვირგებ ამ სილამაზეებს, რადგან სულ "ჩქარი ტემპი" მაქვს, დღეში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი და გადარბენაზე ვარ. ზოგადად, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ და ყველაფერი სანამ არ ჩაივლის, ბევრს ვნერვიულობ... საახალწლო სამზადისში პატარა ბავშვივით ვარ ჩართული და ნაძვის ხეს თავად ვრთავ, ამის უფლებას სხვას არავის ვაძლევ. ყოველ წელს ვამატებ სათამაშოებს, თემატიკის მიხედვით.

- ამ პერიოდში ასტროლოგიურ რჩევებს თუ ითვალისწინებ?

- იცი, რა, ამით ვცხოვრობ-მეთქი, ვერ გეტყვი, მაგრამ რაღაცებს ვითვალისწინებ, რადგან ვიცი, უდიდესი მეცნიერებაა.

- როგორია შენი საახალწლო მენიუ? რით იქნება გამორჩეული?

- ამ მხრივ ჩვენთან ყოველი წელი ძალიან დატვირთულია. მთელი ამ წლების განმავლობაში ლაშას დედა უამრავ რამეს ამზადებდა და ჩვენც გვიგზავნიდა. შარშან და წელს ამ სამზადისში დედაჩემიც ჩაერთო, ხოლო ტკბილი სუფრის გაწყობა, გაფორმება, რაღაცების ყიდვა და მოტანა ყოველთვის ჩემზეა. თან, ისედაც ტკბილის მოყვარული ვარ. (იცინის).

- გოზინაყის მომზადებაც იცი?

- ვიცი და ვფიქრობ, საკმაოდ კარგ გოზინაყს ვამზადებდი დეიდაჩემის რეცეპტით. ახლა კი ასპარეზი ლაშას ბებია დავუთმე (იღიმის) - მის მიერ მომზადებულ გოზინაყთან შედარებით, ჩემი გაკეთებული არაფერია.

- ახალ წელთან დაკავშირებული, რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვს?

- ტრადიცია არა, მაგრამ რადგან ახალ წელს სულ გარეთ ვარ კონცერტების გამო, 12 საათზე სცენის ქვეშ შევიპარებით ხოლმე და სურვილებს ჩავუთქვამთ.

- გჯერა, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია?

- არა, ასე არ ვფიქრობ. უბრალოდ, რა განწყობითაც შეხვდები ახალ წელს, ისეთივე წელი გექნება ანუ ბუმერანგივით გიბრუნდება.

- საჩუქრებს რის მიხედვით არჩევ?

- საჩუქრებს თემატურად ვარჩევ. ვიცი, ვის რა გაუხარდება და თან, ბევრი ადამიანისთვის ვყიდულობ. სხვათა შორის, ეს პროცესი ძალიან მიყვარს.

- თოვლის ბაბუამ თუ შეარჩია შენი პატარისთვის საჩუქარი?

- თვითონ თოვლის კაცი ვუყიდეთ, რომ თოვლის ბაბუის არსებობის განცდა ჰქონდეს, მაგრამ აივნიდან გადაგდება დაუპირა (იცინის). ჯერ არ აქვს განსაკუთრებული სურვილები, ჯერ პატარაა. აი, მომდევნო წელს ალბათ უკვე გვეტყვის, რა უნდა.

- სად შეუძლია ქართველ მსმენელს შენი მოსმენა ახალ წელს?

- გალა-კონცერტზე გადმოვდივარ, მანამდე კი რეგიონებში ვარ. დატვირთული ღამე მექნება, მაგრამ ისეთიც არა, რომ შვილთან ვერ ვიყო და შესაბამისად, რაღაცებისგან თავი შევიკავე, რომ სახლში მალე მოვსულიყავი.

- როგორ შეაფასებ გასულ წელს და როგორი გინდა იყოს 2018?

- გასულ წელს დადებითად შევაფასებ. მადლობელი ვარ, რომ კარგად, ჯანმრთელად გახლავართ მეც და ჩემთვის საყვარელი ადამიანებიც. 2018-ს მეტი ენერგიითა და მეტი გეგმებით უნდა შევხდე. რა თქმა უნდა, ლაშიკოს მხარში დგომის იმედი მაქვს და სანტიც წამოგვეწევა. თან, ასტროლგიურმა პროგნოზმა შემაშინა, ჩემი ზოდიაქოს ნიშნისთვის თურმე, განსაკუთრებული წელი არ იქნება. კი შემაშინა, მაგრამ მეტი სტიმულიც მომცა ბრძოლისთვის, - აი, დაგანახვებთ, თუ არ იქნება ჩემთვის კარგი წელი (იცინის).

ნათია დედანაშვილი