"ქართულ "ნიჭიერში" ალბათ უნდოდათ, მახეში გავებით..." - გზაპრესი

"ქართულ "ნიჭიერში" ალბათ უნდოდათ, მახეში გავებით..."

თითქმის ყველა ვიდეოში გიორგი ქართლური აქცენტით საუბრობს, ხან ზარმაცი მოსწავლის მშობელია, რომელიც მასწავლებელს მაღალი ქულების სანაცვლოდ ქრთამს ჰპირდება, ხან ჭორიკანა მეზობელია, რომელიც თითქოსდა კეთილი სურვილით, მეზობელს ურეკავს და შენს შვილს შეყვარებული ჰყავს და ყურადღება მიაქციეო, - ამცნობს, ხან შეყვარებული ყმაწვილია, გოგონას რომ სერენადას უმღერის და ა.შ. თითოეულ მის ვიდეოს უამრავი გამოხმაურება და დადებითი კომენტარი აქვს, რის გამოც, გიორგისთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი რესპონდენტი ერთი თვის წინ საცხოვრებლად ესპანეთში გადასულა და აღნიშნულ ვიდეოებსაც იქ იღებს. თუმცა, სამომავლოდ გაცილებით სერიოზული გეგმები აქვს...

- რატომ გადაწყვიტე, რომ სახუმარო სკეტჩები გადაგეღო და ინტერნეტში განგეთავსებინა?

- საერთოდ, პოზიტიური ადამიანი ვარ და თავიდან მეგობრების გამხიარულება მინდოდა. არ მიფიქრია, რომ ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში განვათავსებდი. ეს ყველაფერი ერთი თვის წინ დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ საქართველოში ვცხოვრობდი. სახუმარო სიმღერით სკეტჩი გავაკეთე და მეგობრებს გადავუგზავნე. ყველას ისე მოეწონა, რომ მაშინვე მითხრეს, სოციალურ ქსელში განვათავსოთ, ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვებაო. სიმართლე გითხრათ, თავიდან ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ დამიყოლიეს. პირველი ვიდეო რომ დავდეთ, იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაოცებული დავრჩი. მერე მასშტაბები გავზარდე, უფრო და უფრო მეტი ვიდეო გადავიღე, ინტერნეტში გავავრცელე. მართლა არ ველოდი, რომ ჩემს ხუმრობას ასეთი დადებითი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

- სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი "ნახვა" რომელ ვიდეოს აქვს?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სიმღერის ვიდეოა, რომელსაც დაახლოებით ნახევარი მილიონი "ნახვა" აქვს. ჩემი ვიდეოები რამდენიმე ვებგვერდმაც გააზიარა და იქ მილიონამდე "მნახველი" იყო.

- ახლა თითქმის ყოველდღიურად ახალ-ახალ ვიდეოს დებ. შენი პირველი შემფასებელი ვინ არის ხოლმე?

- მშობლები. პირველი ვიდეოც ჯერ მათ ვუჩვენე და კარგად რომ იცინეს, მერე გავუგზავნე მეგობრებს.

- ყველა ვიდეოში ქართლური აქცენტით საუბრობ...

- თბილისელი არ ვარ, რუისიდან გახლავართ, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი კილოთი ნამდვილად არ ვლაპარაკობ. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, "დახვეწილობის კურსებზე" ვიარე, თუმცა, ეს "სკეტჩებში" არ მეტყობა. სხვათა შორის, სკეტჩებზე წინასწარ არასოდეს ვფიქრობ, არ ვგეგმავ. კამერას რომ ჩავრთავ და საუბარს ვიწყებ, სიტყვები თავისთავად მოდის.

- ალბათ შენ გარშემო არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ვიდეოებში ასახიერებ.

- ჩემს სანათესავოსა და სამეგობროში ასეთი ადამიანები ნამდვილად არ არიან, მაგრამ მსგავსი ხალხი არაერთხელ შემხვედრია. კონკრეტულად არავის ვბაძავ, ყველა ჩემი პერსონაჟი მოგონილია.

- თითქმის ყველა სკეტჩში ქალის ხმით საუბრობ, არადა, ჩვეულებრივი მამაკაცური ტემბრი გაქვს.

- ეგ ჩემი დამსახურება არ არის. რომელი პროგრამითაც ვიდეოს ვიღებ, იმ პროგრამას აქვს ეგ ფუნქცია, რომ სასურველი ხმის ტემბრი დაიყენო.

- ყველა ვიდეოში სხვადასხვა სტილისა და ფერის ხალათი გაცვია. კოლექციონერი ხარ?

- მართლა ბევრი ხალათი მაქვს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რამდენიმე ხალათი ჩემი ბიძაშვილისაა, ზოგიერთი კი სპეციალურად ამა თუ იმ ვიდეოსთვის შევიძინე.

- ერთი თვის წინ ესპანეთში რა მიზეზით გაემგზავრე?

- ბარსელონაში ჩემი ბიძა ცხოვრობს ოჯახით და მეც მასთან, საცხოვრებლად ჩამოვედი.

- სწავლობ თუ მუშაობ?

- ოდესმე ალბათ, ვიმუშავებ, მაგრამ მანამდე სხვა გეგმები მაქვს. არ ვიცი, უნდა გავამხილო თუ არა... თუმცა, მოდი, მაინც გეტყვით: ბავშვობიდან ვმღერი, აბსოლუტურად თვითნასწავლი მომღერალი ვარ. მიუხედავად ამისა, მინდა, აქაურ "ვოისში" მონაწილეობა მივიღო. ამ ყველაფერს გარკვეული საბუთები სჭირდება და ახლა ამ პრობლემის მოგვარებაზე ვზრუნავთ. კასტინგი დაახლოებით ორ თვეში იწყება, მანამდე ყველანაირი იურიდიული მხარე უნდა მოვაგვარო. გარდა ამისა, ვოკალის პედაგოგთანაც უნდა ვიმუშაო, რომ წარმატებას მივაღწიო.

- გერმანული "ვოისი" ქართველმა მოიგო. ახლა ესპანეთის "ვოისიც" ჩვენ უნდა დავიპყროთ?

- ამის დიდი იმედი მაქვს!

- საქართველოში ყოფნის დროს თუ მღეროდი სადმე?

- არა. მხოლოდ რამდენიმე კონცერტზე გამოვედი, ისიც ძირითადად, სკოლაში გამართული ღონისძიებები იყო. ჩემი ვიდეოები სოციალურ ქსელში რომ გავრცელდა, "ნიჭიერიდან" დამიკავშირდნენ და მონაწილეობა შემომთავაზეს. ეს წინადადება სიამოვნებით მივიღე, მაგრამ მინდოდა, ნორმალური სიმღერა შემესრულებინა და საზოგადოებას ჩემი რეალური ნიჭი შეეფასებინა. ხუმრობა და სკეტჩი სხვა რაღაცაა, სიმღერა - სულ სხვა. ჩემი სიმღერა ყველას მოეწონა, მაგრამ მომთხოვეს, რომ "დეს პასიტო" შემესრულებინა და დარბაზი ამეყოლიებინა, ამ წინადადებაზე კი უარი ვუთხარი. მათ ალბათ უნდოდათ, მახეში გავები და ჩემით შოუ გაეკეთებინათ. ხალხს ისედაც საკმარისად ვაცინებ და საჭირო არ იყო, "ნიჭიერის" სცენიდანაც იგივე გამეკეთებინა. მანდ ამ მხრივ, საკმაოდ ცუდი სიტუაციაა. ბევრი მომღერალია, რომელსაც ასე აშარჟებენ. სხვა მუსიკალურ პროექტში მონაწილეობის სურვილი აღარც მქონია. მითხრეს, ჟიურის წევრებმა ყველაფერი წინასწარ იციანო. ამას ვერ დავამტკიცებ, ვინ რა იცის, მაგრამ ფაქტია, მონაწილეობის სურვილი გამიქრა... ახლა მსურს, ჩემი და და მშობლებიც ჩამოვიყვანო, რათა ყველამ ერთად, აქ ვიცხოვროთ.

- შენ ვიდეოებს რომ ვუყურებდი, საზოგადოების მიერ დაწერილ კომენტარებსაც თვალი გადავავლე და მივხვდი, შენმა ხუმრობამ ბევრი თაყვანისმცემელი გაგიჩინა. გოგონები გთხოვდნენ, "მეგობრებში დაგვამატეო". შეყვარებული გყავს?

- არა, თავისუფალი ადამიანი ვარ. მართლა ბევრი მთხოვს "მეგობრებში დამატებას", მაგრამ ფიზიკურად ვეღარ ვიმატებ. ისინი რომ დავიმეგობრო, მაშინ სხვა უნდა წავშალო და ეს მეუხერხულება. გარდა ამისა, დღეში დაახლოებით 13-15 ათასი შეტყობინება მომდის. ამ ყველაფერს ხომ წაკითხვა და პასუხის გაცემა უნდა. შეიძლება, რომელიმე კომენტარი გამომრჩეს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, უყურადღებოდ არავინ დავტოვო.

- საქართველოდან კონკრეტული, სარფიანი შემოთავაზება რომ მიიღო, სამშობლოში დაბრუნდები?

- არა მგონია, დავბრუნდე. ძალიან მომწონს ესპანეთი.

- კონკრეტულად, რა მოგწონს მანდ?

- პირველ რიგში, აქაური ქართველები მომწონს. ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათ ძალიან თბილად მიმიღეს. დღესაც ერთ ოჯახს უნდა ვესტუმრო და გავიცნო. თითოეული მათგანი მხარში მიდგას. გარდა ამისა, აქ გაცილებით კარგი ცხოვრებაა. მოკლედ, აქ ალბათ კარგა ხანს დავრჩები.

- უცხოელ ცოლს მოიყვან?

- არავითარ შემთხვევაში! აქ ქართველების მეტი რა არის?!.

ნათია ჟივიძე