"ამ საქმეში ნებისმიერს გავეჯიბრები" - გზაპრესი

"ამ საქმეში ნებისმიერს გავეჯიბრები"

მისი შემოქმედებითი ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია, გადაიღეს ფილმში, რომელიც შინდისის გმირებს ეძღვნება, თამაშობს სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"... ამბობს, რომ ბავშვობიდან ძალიან ბევრს შრომობს. რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რას გააკეთებდა ბევრი ფული რომ ჰქონდეს და რის ეშინია ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 3 ოქტომბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მოცეკვავე. 4 წლის ვიყავი, ცეკვაზე რომ მიმიყვანეს და 16 წელი ვცეკვავდი. იმ წლებში მიღებული გამოცდილება, დღეს თეატრში ძალიან მეხმარება. როცა რომელიმე ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტს ვესწრები, სცენაზე მოცეკვავეებს მშვიდად ვერ ვუყურებ, ცრემლები მომდის. ცეკვის ნოსტალგია შემომაწვება ხოლმე.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, რომლითაც ვამაყობ. მეუღლე, შვილი ყოველდღე მაბედნიერებენ. მაბედნიერებს საქმე, რომელსაც ვაკეთებ, რომელიც უზომოდ მიყვარს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...დამთმობი ვარ. რაღაც სასწაული თუ არ მოხდა, რაც ბოლო "ძაფს" გამიწყვეტს, ძალიან მშვიდი და უკონფლიქტო ვარ. ვფიქრობ, ეს კარგი თვისებაა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ზედმეტი არაფერი ვარგა. ბავშვობიდან ბევრს ვშრომობ. ოჯახში სულ მესმოდა, რომ უნდა მემღერა, უნდა მეცეკვა, აუცილებლად კარგად მესწავლა. როცა ეზოში არ მიშვებდნენ, ვტიროდი, ახლა კი მეცინება. პარასკევ დღესაც კი, სკოლიდან დაბრუნებული მეცადინეობას ვიწყებდი, მერე მივდიოდი ცეკვაზე, ეს არასდროს მეზარებოდა. ცეკვიდან დაბრუნებული ფორტეპიანოზე ვმეცადინეობდი, შემდეგ ისევ გაკვეთილებს ვამზადებდი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...საკუთარი თავი ბევრჯერ დამიჭერია, საქმეს დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ და შუა გზაში უეცრად ვჩერდები. ცეკვასაც თავი მაშინ დავანებე, როცა ყველაზე კარგ ფორმაში ვიყავი. ჩემი მეუღლე სულ მეჩხუბება, რომ ინგლისური ენა საფუძვლიანად შევისწავლო. რას მელაპარაკებიან - მესმის, ლაპარაკი მეც შემიძლია, მაგრამ ის დონე არ მაქვს, რაც საჭიროა. ანოს (მეუღლე ანო მაისურაძე) სახით ინგლისურის ძალიან მკაცრი მასწავლებელი მყავს და იმედია, მისი სიმკაცრე ოდესმე შედეგს გამოიღებს.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...თამაში და ამ შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა ჩემთვის კომფორტულია. ახლა ჩემი პერსონაჟი დროებით ბათუმშია და იმედია, ამ გმირის ხაზს განვითარება ექნება. ია ვახანია კარგი პარტნიორია. პირველივე სცენის მერე მაქვს განცდა, რომ დიდი ხანია, ვიცნობ.

- არ მჩვევია...

- ...ადამიანების გასაჭირში მიტოვება.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ფორტეპიანოზე დავდიოდი, შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. 6 წლისა ოლიმპიადის გამარჯვებული გავხდი. მაშინ ბევრმა თქვა, ეს ბიჭი მუსიკას თუ გაჰყვება, დიდი მომავალი ექნებაო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...რაღაც ახალი ვისწავლო, საკუთარ თავზე ვიმუშაო. სახლშიც სულ მაძალებენ, წიგნები იკითხეო. ხან დაღლილობას ვიმიზეზებ, ხან - უდროობას, ხან ვკითხულობ.

- მეშინია...

- ...ისეთი შეცდომები არ დავუშვა, რომლებსაც ვერ გამოვასწორებ. მაქსიმალურად ვცდილობ, წინ გავიხედო. რამდენიმე თვის წინ ფილმის გადაღებაზე ვიყავი, რომელიც შინდისის გმირებს ეძღვნება. ერთ-ერთი ჯარისკაცის როლს ვასრულებ, რომელიც იღუპება. ბევრი ტრავმა მივიღე: ჯარი გავიარეთ, მერე გადაღებები დაიწყო. ფეხი გადამიბრუნდა, კოჭი მეტკინა, მერე სიკვდილის სცენის გადაღებისას, მუხლი დავარტყი; აფეთქებების დროს დამცავი არ გავიკეთე და ყური დავიზიანე - ეს სხეულის ის ნაწილებია, რომელიც სცენაზე ყველაზე მეტად მჭირდება. შემეშინდა, ხომ შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს, ვეღარ ვითამაშო-მეთქი?

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ხანდახან ჩემი ხუჭუჭა თმა მბეზრდება. მინდა, სწორი თმა მქონდეს, რომ სხვა ვარცხნილობა გავიკეთო, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ. იმდენად ხუჭუჭა ვარ, დავარცხნისას ცრემლები მომდის. ჩემი სიცილიც არ მომწონს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ხინკლის მოხვევა. გურმანი ვარ, მზარეულობაც მეხერხება. ბაბუა მყავს კარგი მზარეული. პატარა რომ ვიყავი, ვაკვირდებოდი, კერძებს როგორ ამზადებდა. ბებიაც კარგი მზარეულია, მაგრამ ბაბუს გაკეთებული უფრო მომწონდა, რის გამოც ბებია მეჩხუბებოდა. ჩემი საფირმო კერძი ლობიოა, ამ საქმეში ნებისმიერს გავეჯიბრები. ლობიოს ვამზადებ იმერულად, ლორით, ნიგვზით, კვაწარახით... ჩემი მომზადებული ლობიო ეგოისტურად მომწონს და თან მჭადი, ყველი, სალათა, ღვინო თუ მაქვს, იდეალური სუფრაა. მიყვარს იტალიური სამზარეულოც.

- ვნანობ, რომ...

- ...უახლოეს ადამიანებთან არ მაქვს ყოველდღიური ურთიერთობის საშუალება. ოჯახის წევრები რაიონში ცხოვრობენ. ბაბუა მსაყვედურობს ხოლმე, რატომ არ გვეხმიანებიო?

- მათ "გზის" საშუალებით ვეტყვი, რომ...

- ...თითოეული ძალიან მიყვარს და არ არსებობს წუთი, ისინი არ მახსოვდეს. სულ მგონია, ახალგაზრდებს გვიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რასაც ყველაზე ახლობელი ადამიანების მიმართ განვიცდით. დედა საზღვარგარეთ იყო, მე ბებიებისა და ბაბუების გაზრდილი ვარ. უდიდესი მადლობა მათ ამ ამაგისთვის. სულ მახსენდება ერთი მომენტი ჩემი ადრეული ბავშვობიდან: ერთ დღეს სკოლიდან სახლში დაბრუნებულს ბაბუა არ დამხვდა. მითხრეს, საავადმყოფოში წაიყვანეს, ბრმა ნაწლავის ოპერაცია უნდა გაუკეთონო. არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა. გუშინდელი დღესავით მახსოვს, რამდენი ვიტირე.

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

- ...მახსენდება შემთხვევა ჩემი ბავშვობიდან: ერთ-ერთ კონკურსში ჩემს წლოვანებაში პირველი მოცეკვავე გავხდი. ჭიათურაში რომ დავბრუნდი, ცუდად მოქცევა დავიწყე, დაახლოებით ისეთი რამ დამემართა, "თავში ავარდნას" რომ ეძახიან. სცენაზე ისე აღარ ვიხარჯებოდი, როგორც საჭირო იყო, მაგრამ აზრზე მალევე მოვედი.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის, რომ უნდა შემეძლოს პატიება. ვიღაც შენთან ურთიერთობაში თუ შეცდა, იმას არ ნიშნავს, რომ შენი მტერია. ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა უნდა შეგეძლოს.

- ჩვევად მაქვს, სცენაზე ყოველი გასვლის წინ...

- ...ცოტათი სიგიჟეში გადასული ჩვევები მაქვს. რაღაც ფრაზებს ჩემთვის ვიმეორებ, ხან ვმღერი. სცენაზე გასვლის წინ პირჯვარს ვიწერ. ცეკვის დროსაც ასე ვიყავი. ხშირად ჯგუფურად შევძახებთ ხოლმე: "ჰა! ჰო! ჰუ!"

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ლამაზ ადგილას, ბუნებაში, ჩემს ოჯახთან ერთად, სადაც გავთიშავ გონებას და დავისვენებ.

- სიყვარული ეს...

- ...უმთავრესი უნარია, ნიჭია. ამ გრძნობამ უნდა გამოძრაოს და გმართოს ცხოვრებაში.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს ამბავი ადრეულ ბავშვობაში მოხდა. ჩემი ბაღელი გოგო შემიყვარდა, რომელიც სხვა ბიჭებსაც უყვარდათ, მაგრამ ამის თქმას ვერავინ ბედავდა. ერთ დღეს, ზეიმზე ამ შეყვარებული ბიჭების თანდასწრებით მივედი და გოგოს ლოყაზე ვაკოცე. მე მეგონა, გმირობა ჩავიდინე, გოგომ კი იტირა, მასწავლებელო, ნიკამ მაკოცაო.

- ჩემი და ანოს (მეუღლე ანო მაისურაძე) სიყვარულის ამბავი დაიწყო...

- ...მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან. ერთ დღეს მოვიდა ბატონი დიმა ხვთისიაშვილი და თქვა, ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი სპექტაკლის "ჩვენ გველის დიდება" დადგმას აპირებს და მსახიობებისთვის კასტინგი უნდა ჩაატაროსო. შევხვდით, გაგვესაუბრა, საქმე დაგვავალა, წავედით, ვიმუშავეთ... მე სიმღერა უნდა შემესრულებინა. კასტინგზე ყველა ძალიან ნერვიულობდა. სცენაზე პირველი ვინ ავაო? გავიფიქრე, სხვების ნერვიულობა რომ ვნახო, მერე შეიძლება საერთოდ ვეღარ ავიდე-მეთქი და ამიტომ, პირველი გავედი. შემდეგ ქალბატონმა მანანამ თქვა, ჩემი გოგოც იმღერებსო. ანომ კარგად იმღერა. როლზე დამამტკიცეს, რეპეტიციები დაიწყო და ჩვენი ურთიერთობაც მალე აეწყო. ერთ დღეს გივი პაპამ თქვა, ამ ბიჭმა ჩვენთან სიარულს მოუხშირაო (იცინის). მალე მივედი ოჯახში და მათ ანოს ხელი ვთხოვე. იმ დღეს "სამი მუშკეტერი" უნდა მეთამაშა. სახლიდან ბეჭედი წამოვიღე, ჩაფიქრებული მქონდა, სპექტაკლის შემდეგ ანოსთან წავსულიყავი. ფარიკაობის დროს, ერთმა მსახიობმა რაპირა თვალში გამარტყა. პირველი მოქმედების ბოლო იყო. დიმა ხვთისიაშვილმა სასწრაფოდ ექიმთან წამიყვანა. მადლობა ღმერთს, თვალის დაკარგვას გადავრჩი. ანოსთან სახლში თვალახვეული მივედი და გივი პაპას, ლეილა ბებოს, ქალბატონ მანანას ანოს ხელი ვთხოვე. ბედნიერი ვარ, რომ მათი ოჯახის წევრი გავხდი. ის ურთიერთობა, რაც გივი პაპასთან მოვასწარი, ჩემთვის დაუვიწყარი იქნება.

- ვრისკავ...

- ...გონივრული გათვლის შემდეგ.

- ვჯიუტდები...

- ...ხშირად. მერყევი ხასიათი მაქვს, რაღაც სისულელეზეც კი გადაწყვეტილების მიღება მიჭირს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ამ დროს სახლში ჩემს შვილთან ერთად მარტო ყოფნა მიყვარს. ასეთ პერიოდში საუკეთესო წამალია მუსიკა, ცეკვა.

- ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ანოსთან ერთად ბევრს ვიმოგზაურებდი და ახლობლებისთვის მზრუნველი ვიქნებოდი.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ერთხელ გივი პაპა "ბაში აჩუკს" დაესწრო. სპექტაკლის შემდეგ მითხრა, - ეცადე, ყოველთვის ისეთი მართალი იყო, როგორც დღეს ამ სპექტაკლში იყავიო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...მინდა თეატრში ბევრმა ადამიანმა იაროს. ჩვენს თეატრში არის ბევრი მსახიობი, რომელიც ყოველდღე შეუჩერებლად მუშაობს იმისთვის, რომ პატარა (და არა მხოლოდ მათ) მაყურებლებს საკადრისად ვუმასპინძლოთ. გელოდებით!

თამუნა კვინიკაძე