"რაც 20 წლის გავხდი, მას შემდეგ მეშინია" - გზაპრესი

"რაც 20 წლის გავხდი, მას შემდეგ მეშინია"

ჯერ მხოლოდ ნახევარი წელია გასული, რაც დაოჯახდა. უფიქრია დედობაზეც, სიბერეზეც, როცა საგულდაგულოდ შენახულ პუანტებს გადმოაწყობს და წარსულში დარჩენილ პროფესიას სევდიანად გაიხსენებს...

- თათა, ქალებს კვირაში ცხრა პარასკევი აქვთ?

- კი, შეიძლება, ასეც ითქვას - აზრს ძალიან ხშირად ვიცვლი (იცინის). გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს, სულ ვიღაცის დახმარება მჭირდება. ეს გლობალურ საკითხებს არ ეხება - ამ დროს ყოველთვის მკაფიოდ ვიცი, რა მინდა. ძირითადად, ყოველდღიურ წვრილმანებთან დაკავშირებით ვყოყმანობ...

- შენი ასეთი ხასიათი ახლობლების გაღიზიანებას ხომ არ იწვევს?

- პრინციპში, ამას ყველა შეგუებულია - მიცნობენ, როგორიც ვარ და ჩემი პლუსები თუ მინუსები კარგად გაითავისეს. არ ვიცი, ჩემი ეს თვისება რამდენად გამაღიზიანებელია. ალბათ, გარკვეულწილად არის...

- ბოლოს რა საკითხის გადაწყვეტისას იყოყმანე ძალიან დიდხანს?

- ისეთი მარტივი და სასაცილოა, რომ რეალურად, აღნიშვნის ღირსიც არ არის. მაგალითად, ძალიან მიჭირს სამოსის შერჩევა: ვერაფრით ვწყვეტ, რა ჩავიცვა. ბოლო წუთს რაც ხელში მომხვდება, იმას ვიღებ და ვიცვამ. მოკლედ, ასეთ მარტივ საკითხებს ვგულისხმობ: ვყოყმანობ, ხორცი შევწვა თუ მოვხარშო? მსგავსი სასაცილო რაღაცების გადაწყვეტა მიჭირს.

- ოდესმე, თუნდაც ბავშვობაში, გინატრია - ნეტავ, ბიჭი ვყოფილიყავიო?

- მინატრია, როგორ არა. ჩხუბი ყოველთვის მიტაცებდა და მიმაჩნდა, ბიჭი რომ ვყოფილიყავი, მუშტი-კრივში ჩაბმას უფრო თამამად შევძლებდი და ყველას დავამარცხებდი (იცინის). რა თქმა უნდა, ბავშვი ვიყავი, როცა ასეთი სურვილი მქონდა. მერე უკვე გამიარა, საბედნიეროდ.

- საქართველოში ქალად ყოფნა რთულია?

- ვფიქრობ, ყველგან რთულია. ევროპაში ქალისა და მამაკაცის უფლებები თითქმის თანაბარია. ქალმა უკვე გაითავისა, როგორც თავისი სქესის წარმომადგენლის, ასევე - კაცის ფუნქციები და მგონი, ახლა ორმაგად უფრო რთული გახდა. მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მხოლოდ იმის გამო იჩაგრება, რომ სუსტ სქესადაა მიჩნეული.

- საქართველოში ან ევროპაში ცხოვრებისას, პირადად შენ, თუ შეგქმნია რაიმე პრობლემა მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ?

- სიმართლე გითხრა, არა. საკუთარი თავის ძლიერ პიროვნებად წარმოჩენა ყოველთვის მიზიდავდა. შესაბამისად, მსგავსი პრობლემა არ მქონია. თავადაც არ გამჩენია სურვილი, რომ თავი სუსტად წარმომეჩინა.

- ანუ ძლიერად წარმოაჩენ თავს თუ სინამდვილეშიც ასეთი ხარ?

- მიმაჩნია, რომ ძალიან ძლიერი პიროვნება ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, არის წუთები, როცა მინდა უბრალოდ, ჩემს საყვარელ ადამიანს მივენდო და ყველაზე სუსტი არსება ვიყო იმ წუთში...

- რა არ შეშვენის გათხოვილ ქალს?

- დავფიქრდები, რას აღარ ვაკეთებ და ე.ი. არ შემშვენის (იცინის)... საერთოდ, ჩემთვის ქალის სიშიშვლე ესთეტიკურია, მაგრამ როდესაც გათხოვილია, შვილები ჰყავს, არც ისე ლამაზია მისი ისეთი სიშიშვლე, რომელიც გარყვნილებაში გადადის. პირადად მე, არ მიზიდავს. რა თქმა უნდა, სხვას არ ვეხები - ყველა თავის გზას ირჩევს. უბრალოდ, ჩემთვის ცოტათი მიუღებელია და ეს ის არის, რასაც "გათხოვილი ქალის" სტატუსით, არ გავაკეთებდი.

- ანუ გათხოვებამდე შეიძლებოდა, ცოტათი უფრო "თამამად" ჩაგეცვა?

- "გათხოვებას" ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ოდნავ ვულგარული სამოსის (თუნდაც, მოკლე ქვედაბოლოს) ჩაცმისას, წინათ თუ ვფიქრობდი, - კარგი, ამ ერთხელ არა უშავს-მეთქი, ახლა ორმაგად ვფიქრობ, რაღაცებს ვიაზრებ და თავს უფრო მეტად ვაკონტროლებ.

- ასეთ გადაწყვეტილებამდე თავად მიხვედი თუ მეუღლის შენიშვნებმა იმოქმედა?

- არა, ძირითადად, ჩემი აზრი იყო. რა თქმა უნდა, მეუღლემაც მეტ-ნაკლებად თავისი წვლილი შეიტანა, მაგრამ კონკრეტულ ცვლილებებამდე თავად "მივედი", რადგან რთული იქნებოდა, მე სურვილი მქონოდა, მას კი დაეშალა.

- წინადღეს გეგმავ, სადილად რას მოამზადებ?

- მთელი კვირის გეგმა წინასწარ "გაწერილი" არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ ხოლმე, რა მოვამზადო. ვცდილობ, ოჯახის წევრების გემოვნება გავითვალისწინო. ცხადია, ჯანსაღ საკვებზე ვაკეთებ აქცენტს.

- კერძების მომზადება კარგად გამოგდის?

- ჯერჯერობით, ყველა კმაყოფილია. რა ვიცი, არავინ მომკვდარა (იცინის). ვნახოთ, როგორ გავაგრძელებ...

- ჭორების მსხვერპლი თუ გამხდარხარ?

- მეტ-ნაკლებად, კი. წვრილმანები იყო, რის გამოც მეც დამწყვეტია გული და ალბათ - სხვასაც, სანამ სიმართლეს გაიგებდა. დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც, ჭორის მსხვერპლი ყველა ქართველი გამხდარა, მიუხედავად იმისა, პოპულარულია თუ არა.

- შენი სამეგობროს საჭორაო თემები რა არის?

- ძირითადად, სამსახურებრივ წინსვლებსა და უკუსვლებს ვუზიარებთ ერთმანეთს, ასევე - ოჯახურ მიღწევებსა თუ პრობლემებს... დიდი მოჭორავეები არ ვართ და არც ყველას ცხოვრებას განვიხილავთ დეტალურად. რა თქმა უნდა, უფრთო ანგელოზი არც მე ვარ - ინტერესი სხვისი ცხოვრების მიმართაც გამჩენია, მაგრამ საბედნიეროდ, ბოროტად არასდროს მიჭორავია.

- ჭორი არასოდეს გაგივრცელებია?

- არა. პირადად ჩემთვის, ეს მარაზმია. ჭორი გამივრცელებია კი არა, რეალობა რომ მცოდნია, მაშინაც ხმა არ ამომიღია, რადგან ყველა ადამიანს თავისი საქმე აქვს და დამატებით, რამე მოვიგონო ან თუნდაც, არსებული რეალობის შესახებ სხვას მოვუყვე, რას მოვიგებ, გარდა იმისა, რომ ადამიანს ვავნებ?..

- გათხოვების შემდეგ, მეგობრებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო გრჩება?

- ვერ ვიტყვი, რომ მეგობრებთან ზუსტად ისეთი აქტიური ურთიერთობა მაქვს, როგორიც - გათხოვებამდე მქონდა. თუმცა ვცდილობ, მეგობრებს "არ ჩამოვრჩე" და კვირაში ერთხელ მაინც შევიკრიბოთ.

- როგორ ერთობით, როცა ერთად ხართ?

- უბრალოდ, ვიკრიბებით და სადმე ვსხდებით, რომ სხვადასხვა სამზარეულოს კერძები დავაგემოვნოთ (იღიმის).

- ოჯახურ თანაცხოვრებაზეც ვისაუბროთ: ალბათ, ზოგჯერ მეუღლესთან კამათობ. ძირითადად, რის გამო?

- მგონი, კამათის გარეშე, წყვილის ურთიერთობა ჯანსაღი ვერ იქნება. ხანდახან ძალიან ბანალური, სულელური რაღაცების გამო ვკამათობთ. მაგალითად - სახლში, სავახშმოდ სად დავსხდეთ? ასეთ სისულელეებზე ზოგჯერ ისე სერიოზულად გვიკამათია, რომ მერე გამცინებია.

- როცა სევდიანი ფიქრები გეძალება, როგორ იქცევი?

- ადრე ვხატავდი. რამდენიმე წელიწადია, აღარ დამიხატავს. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ როგორც კი სევდა შემიპყრობს, ხატვით განვიტვირთები. შედევრებს არ ვქმნი, მაგრამ ფერების შეხამება მახალისებს.

- ვიცი, რომ შენი ნამუშევრები პროფესიონალებმა დადებითად შეაფასეს...

- ბევრი მაქებდა, მაგრამ რომ გითხრათ, ჩემს ნიჭიერებაში დარწმუნებული ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება. კი, პროფესიონალი მხატვრები მაქებდნენ, მათ შორის - მერაბ ბერძენიშვილი, მაგრამ არ ვიცი, ჩემს ნამუშევრებში რა დაინახეს. უბრალოდ, გასართობად ვხატავ.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- საერთოდ, ეს სერიალი - "სასოწარკვეთილი დიასახლისები" ძალიან მომწონს. შესაბამისად, არა მხოლოდ მიგრძნია, არამედ სერიალის პერსონაჟების ადგილასაც წარმომიდგენია თავი.

- "სასოწარკვეთილი დიასახლისების" პერსონაჟებიდან, ყველაზე მეტად, რომელ მათგანს ამსგავსებ საკუთარ თავს?

- ყველა პერსონაჟს ახასიათებს რაღაც დადებითი და ასევე, უარყოფითი თვისება, რაც დისკომფორტს მიქმნის. კონკრეტულად რომელიმესთვის საკუთარი თავის მიმსგავსება გამიჭირდება - ერთს ვერ გამოვყოფ. თან, პერსონაჟების გაიდეალება არც მიყვარს.

- როგორ ფიქრობ, შენი ცხოვრება მსგავსი ტიპის სერიალისთვის საინტერესო იქნებოდა?

- ალბათ - კი. მშვიდი, იდილიური პერიოდებიც მაქვს, მაგრამ ძირითადად, ჩემი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია.

- გიფიქრია, როგორი მოხუცი იქნები?

- წარმომიდგენია, რომ "ტკბილი" მოხუცი ვიქნები, შვილიშვილებით გარშემორტყმული. ჩემს უკვე წარსულში დარჩენილ პროფესიას - ბალერინობას ალბათ, სევდით გავიხსენებ; პუანტებს გადმოვაწყობ, ცრემლსაც გადმოვაგდებ (იღიმის), მაგრამ ვეცდები, ბედნიერი ვიყო, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის!

- ასაკის მატება გაშინებს?

- ვაიმე, კი! ვის არ აშინებს? რაც 20 წლის გავხდი, მას შემდეგ მეშინია. ალბათ, ამის მიზეზი ის არის, რომ მომწონდა, როცა "ზრდასრულიც" მერქვა და თან, პასუხისმგებლობები ბოლომდე არ მქონდა აღებული საკუთარ თავზე - "შუალედური პერიოდი" იყო. როგორც კი ზრდასრულ ასაკში საბოლოოდ "შევედი" და ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე, მას მერე ის დრო მენატრება, როცა ჯერ კიდევ მშობლებზე დამოკიდებული ვიყავი...

- ანუ პასუხისმგებლობები გაშინებს და არა მაგალითად, ასაკის გამო გაჩენილი ნაოჭები სახეზე?

- არა, ნაოჭებზე არ მიფიქრია. პირიქით, იმ ასაკს ველოდები, როცა ქალი "ღვინდება" და უფრო "დამდგარ" გარეგნობას იღებს - ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები. პასუხისმგებლობებს რაც შეეხება, მათი მოცილება არ მიცდია. უბრალოდ, ხანდახან არის წუთები, როცა უბრალოდ, მინდა, შევისვენო...

- დაბოლოს, რა სურთ ქალებს?

- ეგ რომ ვიცოდე, ბევრი პრობლემა მოგვარებული მექნებოდა (იცინის). ვგულისხმობ, მე რა მინდა, ის რომ ვიცოდე, თორემ საერთოდ, ქალებს რა სურთ, ეგ კიდევ ცალკე თემაა... დარწმუნებული ვარ, ყველა ქალს და საერთოდ, ყველა ადამიანს სურს: ბედნიერება, სიყვარულის განცდა (ერთხელ მაინც) და ალბათ, შვილის ყოლა, თუმცა ისეთი ქალებიც შემხვედრია, ვისაც ამის სურვილი არ აქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, გულის სიღრმეში ყველას ერთხელ მაინც უფიქრია, თუ როგორი დედა იქნებოდა. ჩემს თავსაც ვხედავ მშობლის ამპლუაში. შეიძლება, ამ წუთში დედობისთვის მზად არ ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, დედა გავხდე და რაც მთავარია, ღირსეული შვილები აღვზარდო...

ეთო ყორღანაშვილი