ბათუმიდან ჰოლივუდამდე - კონგრესის გავლით...
როგორც თვითონ ამბობს, ოცნებები ზედმეტადაც აუსრულდა - ჯერ კონგრესში აღმოჩნდა, შემდეგ ჰოლივუდში...
- დღეს ჰოლივუდში ვცხოვრობ და ვმუშაობ როგორც მსახიობი, ფიტნესმოდელი... ბათუმში გავიზარდე... 6 წლიდან მამა - ნოდარ ხაჯიშვილი კარატეში მავარჯიშებდა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახლავართ სპორტის ამ სახეობაში. მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობდი საქართველოს გუნდთან ერთად. ვიმყოფებოდით: უკრაინაში, თურქეთში, იაპონიაში, ბრიტანეთში და ასე შემდეგ... კარატეში რომ კარგი კარიერა მაქვს, ეს ახლაც მეხმარება, რათა კონკრეტული როლი მომცენ... ასევე, მეხმარება ცეკვის ცოდნაც: 6 წლიდან ქართულ ცეკვებზეც დავდიოდი... ყოველთვის მქონდა მიდრეკილება ენების სწავლის მიმართ და დღეს ვლაპარაკობ: რუსულად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად... თურქულსაც ვფლობდი, მაგრამ 8 წელია, ამერიკაში ვარ, პრაქტიკა აღარ მქონია და ცოტა არ იყოს, დამავიწყდა...
- ამერიკაში ცხოვრება შენი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო, არა?
- კი, 13 წლის ვიყავი, როცა ფანატიკურად გახლდით შეყვარებული ინგლისურ ენაზე და ამერიკული კულტურის შესწავლის ჟინი მქონდა. ყოველდღე 5-6 ჰოლივუდურ ფილმს ვუყურებდი, რათა ენა და ქვეყნის კულტურა კარგად შემესწავლა. ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც საზღვარგარეთ წავიდოდი, ამერიკაში ცხოვრება ჩემი უდიდესი ოცნება იყო. ხომ იცით, ყველა ახალგაზრდას აქვს თავისი ოფოფები და მოლოდინი ცხოვრებაში (იცინის)...
- როგორ აისრულე ოცნება?
- იღბლად, ამერიკელი პროფესორები გავიცანი, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ... ერთ-ერთმა თურქულმა ლიცეუმმა მოაწყო ამ პროფესორებთან შეხვედრა. მე დამავალეს უცხოელების ერთი ღამით მასპინძლობა, დილით მათთვის საუზმედ ქართული კერძები უნდა მიმერთმია, დღისით კი ქართულ კულტურაზე გვესაუბრა... დიდი სიხარულით მივიღეთ სტუმრები და დედამ საუზმეში ფაქტობრივად, სადილიც და ვახშამიც `ჩაატია~. როგორც ყველა ქართველს სჩვევია, სრულიად გამოამზეურა თავისი კულინარიული ტალანტი. საუზმე 3 საათს გაგრძელდა. ოჯახში მხოლოდ მე ვსაუბრობდი ინგლისურად და ვერ აღგიწერთ, როგორი იყო ჩემი ემოციები, რადგან სუფრასთან პირველად ვიჯექი ამერიკელებთან ერთად. გადასარევი დრო გავატარეთ, ძალიან დავმეგობრდით...
- ამ ადამიანებმა მიგიწვიეს ამერიკაში?
- კი, რაღაც პერიოდის შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, გვინდა ჩამოხვიდე, ჩვენთან დარჩე და განათლება მიიღო ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტშიო... თავიდან ეს ხუმრობა მეგონა, ვერაფრით ვიჯერებდი რეალობას...
მოკლედ, ამერიკაში ჩავედი და იქ მეგობარმა ოჯახმა შემიფარა, მათ სახლში რამდენიმე წელი ვიცხოვრე... ამერიკაში ჩასული, მოვეწყვე პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტზე, პარალელურად კი რუსული ენის ტუტორად დავიწყე მუშაობა... სწავლის დამთავრების შემდეგ კონკურსი გავიარე, რომლის მიხედვითაც, ათ სტუდენტს ვაშინგტონში გზავნიან კონგრესში სამუშაოდ. პირველ კონკურსზე მივაღწიე გასაუბრებამდე და უარი მითხრეს, მეორედაც ასე მოხდა, მესამედ კი მიზანს მივაღწიე და სიხარულით ლამის ცაში ავფრინდი. კონგრესში მივდიოდი სამუშაოდ, მქონდა ასპროცენტიანი დაფინანსება, საკუთარი ბინა და კარგი პირობები...
კონგრესში ვიმუშავე ქალაქ ელპასოს წარმომადგენელთან ვაშინგტონში. მან როცა გაიგო, რამდენიმე ენას ვფლობდი, დამაწინაურა და როდესაც მასთან მოდიოდნენ საერთაშორისო დელეგაციები შესახვედრად ან თვითონ იყო დაბარებული საერთაშორისო საკითხების განხილვაზე, მე მგზავნიდა, ანუ წარმოვადგენდი ჩვენი ოფისის ინტერესებს... ამ თანამდებობამ საშუალება მომცა შევხვედროდი ჩვენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე შევხვდი შალვა ნათელაშვილს, არჩილ გეგეშიძეს - ჩვენს ყოფილ ელჩს ამერიკაში... ყველა მეუბნებოდა, პირველი ქართველი ხარ, ვისაც აქ შევხვდით და დიდი მადლობა, ასე კარგად რომ წარმოაჩენ შენს ქვეყანასო. ადამიანს რომ გაიცნობ, მის ქვეყანაზეც ამის მიხედვით გექმნება წარმოდგენა და ჩემთვის პრიორიტეტი იყო, ყველაფერი ქართული საუკეთესოდ წარმომეჩინა.
- მსახიობობა და ფიტნესმოდელობა როდის გადაწყვიტე?
- კონგრესიდან დაბრუნების შემდეგ, მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. ვინაიდან მქონდა სამუშაო გამოცდილება, ენებს ვფლობდი და კარგი ქულებიც დავაგროვე, პოლიტიკური მეცნიერების პროფესორის დამხმარედ დამნიშნეს. პროფესორს ვეხმარებოდი გაკვეთილების ჩატარებაში, დავალებების შემოწმებასა და სტუდენტებთან შეხვედრებში... და უცებ, რატომღაც, სამოდელო-სამსახიობო საქმიანობის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. გადავწყვიტე, ადგილობრივ თეატრში გამევლო კასტინგი და მივედი კიდეც... როლი მომცეს, თითქოს ფრანგი ვიყავი. არ ეგონათ, ქართველი ფრანგულად თუ ვითამაშებდი, მაგრამ შევძელი მათთვის თავი მომეწონებინა და თეატრში მიმიღეს... მოგვიანებით ფოტოგრაფები დამიკავშირდნენ, ვიმუშავეთ და ჩემი ფოტოები რომ გამოქვეყნდა, ლოს-ანჯელესიდან დამიკავშირდა ყველაზე პოპულარული ფოტოგრაფი. მან გადაიხადა ჩემი მოგზაურობის ფული, ტეხასიდან მასთან რომ ჩავსულიყავი... დღეში 8 საათი ვმუშაობდით. ფოტოგრაფმა ჩემი ფოტოები საკუთარ `ფეისბუკ~-გვერდზე ატვირთა და ამით ბევრი გზა გაიხსნა ჩემთვის...
ზაფხულისთვის ფული დავაგროვე და იმის ნაცვლად, ბათუმში წავსულიყავი, ლოს-ანჯელესში კასტინგებზე გავედი, ფილმებში გადამიღეს, შემდეგ კი ისევ დავბრუნდი უნივერსიტეტში. მაგისტრატურაში ვსწავლობდი, ზაფხულში კი სამი თვით ლოს-ანჯელესში ჩამოვდიოდი... შემდეგ გადავწყვიტე მთლიანად სამსახიობო პროფესიით დავკავებულიყავი... როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, მამაც იყო ჩამოსული ცერემონიაზე და ლოს-ანჯელესში მასთან ერთად გავემგზავრე, რათა ენახა, მისი შვილი რის გაკეთებას აპირებდა. მას ვერაფრით წარმოედგინა, ამდენი სწავლისა და კონგრესში მუშაობის შემდეგ, მსახიობობით თუ დავკავდებოდი... მე თავდაუზოგავად ვშრომობ და უკვე ჰოლივუდის რამდენიმე ფილმში გადამიღეს... ვფიქრობ, კიდევ ერთი წელი გავაგრძელებ ამ საქმეს, მერე კი სწავლას დოქტორანტურაში გავაგრძელებ.
- ალბათ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთანაც გიწევს შეხვედრა...
- მსახიობები იმდენად განდეგილებივით ცხოვრობენ, რთულია მათი ნახვა. თუმცა, რასაკვირველია, ვხვდები ზოგიერთ მათგანს. პირადად გავიცანი მსახიობი უესლი სნაიპსი, რიჩარდ რაილი. მასთან ერთად კომედიური ჟანრის ფილმში ვითამაშე. როცა კასტინგზე მითხრეს, რომ ფილმში რიჩარდ რაილთან ერთად ვითამაშებდი, ცრემლები წამომცვივდა ბედნიერებისგან...
- ჰოლივუდში ცხოვრება ალბათ, ძალიან მომხიბვლელია...
- ძალიან მომხიბვლელია, მრავალფეროვანი და დინამიკური... ძვირად ღირებულიც, მაგრამ აქ თუ მუშაობ, ანაზღაურებაც კარგი გაქვს და ფასები არ გაშინებს... დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს საქართველოში. გეგმაში მაქვს კიდეც რაღაცები, მაგრამ ამაზე ჯერ არ ვილაპარაკებ. იმედია, სამშობლოსთან დაკავშირებული ოცნებებიც ამიხდება...
მანანა გაბრიჭიძე