არის თუ არა ძლიერი ქალი სოფია სებისკვერაძე - გზაპრესი

არის თუ არა ძლიერი ქალი სოფია სებისკვერაძე

"ყველა ადამიანს სურს იყოს წარმატებული და შემდგარი პიროვნება. თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ მიაღწიოს ამას. თუ მიზნისკენ მიმავალ სწორ გზას არ ავირჩევთ, შედეგზე პრეტენზიაც არ უნდა გვქონდეს... იღბალიც სწორედ იმ კატეგორიის ადამიანებს სწყალობს, ვინც საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში იმყოფება, შრომა არასოდეს ეზარება, მუდმივად ცდილობს ახალი შექმნას და წინ წავიდეს - ამ დროს ხდები წარმატებულიც და პოპულარულიც", ამბობს მსახიობი სოფია სებისკვერაძე, რომლისთვისაც პოპულარობა პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა - პროფესიის, ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და კიდევ, იმ ხალხის მიმართ, ვისაც უყვარხარ და ვისაც შენი საქმიანობა აინტერესებს.

- პირველად როდის იგრძენი, რომ პოპულარული ხარ?

- ასე ზუსტად არ მახსოვს... ალბათ მაშინ, როდესაც ქუჩაში უცნობი ადამიანები მიღიმოდნენ და ჩემ მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ.

- გიფიქრია, რომ ეს მხოლოდ გამართლება იყო და იღბლიანი ადამიანი აღმოჩნდი?

- მინდა, იღბალი და გამართლება ცხოვრების ბოლომდე იყოს ჩემი მეგზური; ძალიან მაგარია, როცა გიმართლებს, მაგრამ ამავდროულად, შენც უნდა იაქტიურო, იშრომო.

- პოპულარობა შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი მდგომარეობა?

- ალბათ, არა... პოპულარობას შენარჩუნება და შრომა სჭირდება. იოლი არ არის იყო ყოველთვის წარმატებული და უყვარდე ხალხს.

- რა გარემოებამ შეგიწყო ხელი წარმატების მიღწევაში?

- არ ვიცი, ვერ გეტყვი... იმისთვის, რომ წარმატებული ვყოფილიყავი, არავის არასოდეს შეუწყვია ჩემთვის ხელი. ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეხსომებოდა. ალბათ დედის დამსახურებაა ჩემი ყველა წარმატება, მან შემამზადა ამ ყველაფრისთვის.

- კარგი გარეგნობა აუცილებელია იმისთვის, რომ სუპერპოპულარული იყო?

- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არც გამორიცხავს... პოპულარულობა ყველაფერს მოიცავს და რაც უფრო ბევრი შრე გაქვს საამისოდ, მით უკეთესია. მთავარია, სწორად გადმოსცე და შეფუთო ყველაფერი: გარეგნობაც, სათქმელიც, ქმედებაც...

- პოპულარობას თუ შეუშლია ხელი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

- ნამდვილად არ ვთვლი თავს ძალიან პოპულარულ ადამიანად. შესაბამისად, ამ ყველაფრისგან შეწუხების მძაფრი მომენტები არც მახსენდება. ვფიქრობ, პოპულარობა შემაწუხებელი კი არ არის, არამედ სასიამოვნოა.

- ბევრისთვის ეს იმდენად საოცნებოა, რომ ამის გამო ყველაფერზე მიდის... მაგალითად, ბევრმა ამისთვის სიშიშვლის გზა აირჩია, სკანდალური გახდა... რას ფიქრობ ამაზე?

- ყველას თავისი შეხედულება და მცდელობა აქვს, მაგრამ პოპულარობაზე ოცნება ცოტა არ იყოს, ბავშვურად ჟღერს. ალბათ, როცა რისკზე მიდიან, უფრო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი აცდუნებთ, ვიდრე მძაფრი სურვილი იმისა, რომ იყვნენ სუპერპოპულარულები.

- როგორ უნდა გახდე წარმატებული - საამისოდ არსებობს რაიმე ფორმულა?

- ამისთვის, პირველ რიგში, რაიმეს ნიჭია აუცილებელი... პოპულარული რომ გახდე, თანამედროვეობას უნდა აუწყო ფეხი; იმ შემთხვევაში ხდები პოპულარული, როდესაც სწორად მიჰყვები დროს და ხალხი აღტაცებაში მოგყავს. არ ხარ ერთფეროვანი, მოსაბეზრებელი, უინტერესო და ყოველთვის აფრქვევ ირგვლივ შუქს.

- პოპულარობის ზენიტში მყოფს, "თავში აგვარდნია"? წარმატება ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს?

- არა მგონია, ოდესმე პოპულარობის ზენიტში ვყოფილიყავი... მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია... მაგრამ მგონი, ვინც გადააჭარბებს, ვერასდროს ხვდება, რომ გადააჭარბა.

- ამბობენ, რომ პირად ცხოვრებაზე პოპულარობა ხშირად ცუდად მოქმედებს. შენ თუ გქონია დისკომფორტი ამ მხრივ?

- დიახ, მქონია. როცა პოპულარული ხარ, უფრო ბევრი ადამიანი ყოფს ცხვირს შენს პირად ცხოვრებაში, უფრო მეტი განსჯის შენს თითოეულ ნაბიჯს და ეს ცხადია, დისკომფორტს ქმნის.

- როგორ ფიქრობ, პოპულარული და ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?

- მამაკაცსაც გააჩნია. არა მგონია, ყველა ერთნაირი იყოს... არ ვარ იმ ასაკში, რომ მამაკაცის შიშებს ჩავუღრმავდე. სხვა უფრო საინტერესო თემები არსებობს განსასჯელად, ვიდრე ის, თუ რისი ან რატომ ეშინიათ მამაკაცებს (იღიმის).

- და როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?

- მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს და შესაბამისად, პასუხიც მარტივია: მამაკაცები ქალებისგან სხვადასხვა მიზეზით მიდიან და ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს.

- თავს სუსტ ქალად მიიჩნევ თუ ძლიერი ხარ?

- ძლიერი უფრო ვარ, ვიდრე სუსტი.

- წარმატებისთვის და ბედნიერებისთვის აუცილებელია, რომ გვერდით საყვარელი მამაკაცი გყავდეს?

- ბედნიერება ინდივიდუალურია. მამაკაცის მხარში დგომის აუცილებლობაც ყველას სხვადასხვანაირად ესმის... ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვისთვის რა არის ბედნიერება და წარმატება.

- შენი აზრით, ბევრი ფული, მატერიალური უზრუნველყოფა წარმატების გარანტია შეიძლება იყოს?

- ბევრი ფული თუ გაქვს, ეს ძალიან კარგია. თუ თანხის საშოვნელად შენ არ გიზრუნია, გაჩუქეს ან გიანდერძეს, გამოდის, რომ წარმატებული კი არა, იღბლიანი ხარ, მაგრამ თუ შენ გამოიმუშავე ბევრი ფული და მატერიალურად უზრუნველყოფილი საკუთარი შრომით გახდი, მაშინ უდავოდ, ძალიან წარმატებული და მიზანდასახული ადამიანი ხარ.

- წარმატებული ადამიანი დამოუკიდებელია, თავდაჯერებულია... ეს ყველაფერი ძალაუფლებასთან ასოცირება?

- კი, წარმატება და მატერიალური უზრუნველყოფა ძალაუფლებასთან ასოცირდება, ერთმანეთს ნამდვილად არ გამორიცხავს.

- რა არის წარმატების მისაღწევად მთავარი მოტივაცია?

- წარმატების მთავარი მოტივაცია კეთილი ნებაა, რომელიც შენ უნდა გამოიჩინო და დასახული მიზნის მისაღწევად მოქმედება, შრომა არ დაიზარო.

- ამ ეტაპზე თავს წარმატებულ ადამიანად მიიჩნევ?

- რაღაც დონეზე, კი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ბევრი რამის გაკეთება მინდა... ისეც ხდება, რომ ხშირად რაღაც ღირებულს ქმნი და მაგრამ არ ხმაურდება.

- ყველაზე დიდი წინააღმდეგობა წარმატების მიღწევის გზაზე, რა არის? ადამიანს ყოველთვის შეუძლია იპოვოს მიზეზი, თუ რატომ ვერ გახდა წარმატებული...

- მეც მქონია ეგეთი შემთხვევა. ბევრი წელი დავკარგე არაფრის კეთებაში და ეს მხოლოდ ჩემი ბრალია.

- თუ ხარ წარმატებული, პოპულარული და მატერიალურად უზრუნველყოფილი, უფრო იოლია წარმატებულად გათხოვება?

- წარმატებულად გათხოვების ფენომენი ჩემთვის გაუგებარია. გათხოვებას და წარმატებას ვერ ვუკავშირებ ერთმანეთს (იცინის).

- სკანდალში გახვეულხარ?

- არა და ვისურვებდი, ეს არც არასოდეს მოხდეს.

- გვიამბე ყველაზე საშინელი ჭორის შესახებ, რომელიც შენზე თქვეს...

- ისეთი არაფერი გამიგია, რომ აღვშფოთებულიყავი.

- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?

- შემცოდებია და ალბათ იმიტომ, რომ გამოუცდელი ბავშვი ვიყავი. ზოგადად, ცოდოა ყველა ადამიანი, ვინც საკუთარ თავს არ იცნობს.

- შენ იცნობ საკუთარ თავს?

- რა თქმა უნდა, ვიცნობ... იმისთვის, რომ საკუთარი თავი გაიცნო, უნდა დააკვირდე შენს თვისებებს და მერე საკუთარ შესაძლებლობაშიც დარწმუნდები.

- ოდესმე, პოპულარობა პირადი საქმეების მოსაგვარებლად გამოგიყენებია?

- მსგავსი რამ არ მახსენდება, მაგრამ ალბათ, ეს მაინც დამხმარებია.

- როგორ ფიქრობ, პოპულარობა თავისუფლებას ზღუდავს?

- რაღაც დოზით, პოპულარობა თავისუფლებას ნამდვილად ზღუდავს, მაგრამ ადამიანს აქვს უნარი სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალების.

- ფულით წარმატებისა და პოპულარობის მიღწევა შესაძლებელია?

- თუ ნიჭი გაქვს, რა თქმა უნდა, კი. მჯერა. ფული ამ შემთხვევაში ხელს გიწყობს, მაგრამ თუ უბრალოდ, მდიდარი და არაფერით გამორჩეული ხარ, მაშინ დროებითი იქნება ნებისმიერი წარმატება, დროებით "იყიდი" წარმატებას.

- გიცდია ოდესმე, რომ წარმატებულ ადამიანებს დამეგობრებოდი მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ისინი პოპულარულები იყვნენ?

- მსგავსი რამ ხელოვნურად არასდროს გამიკეთებია. მეგობრებს სტატუსის მიხედვით არ ვირჩევ. სიმართლე გითხრათ, არც ვიცნობ ბევრ ცნობილ ადამიანს.

- ფული, პოპულარობა, წარმატება - ეს ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავს?

- ჩემი აზრით, სოციალური სტატუსი საკუთარი ცხოვრების ანარეკლია.

სოფო ჭონიშვილი