"მის საქართველოს" პირველი არასაბავშვო წიგნი
font-large font-small
"მის საქართველოს" პირველი არასაბავშვო წიგნი
"17 წლის ვიყავი, მაგრამ წარმოვიდგინე - ასეთი სიყვარული რა მაგარია" გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ როგორი ლიტერატურული გემოვნება აქვს "მის საქართველოს" - ნია წივწივაძეს: როგორ წიგნებს კითხულობს, რომელი ნაწარმოებები თუ პერსონაჟები მოსწონს და ა.შ. ნიამ ის წიგნებიც დაგვისახელა, რომლის წაკითხვის მერეც, მისი თქმით, ადამიანები "მის საქართველოს" უკეთ გაცნობას შეძლებენ...

- წიგნის კითხვა ბავშვობიდან მიყვარს, რაც უპირველეს ყოვლისა, ჩემი მშობლების დამსახურებაა (ისინი ყოველთვის მირჩევდნენ, რა წამეკითხა), შემდეგ კი - ალბათ, ჩემი სკოლის, სადაც გამორჩეულად კარგი მასწავლებლები მყავდა, ვისგანაც ყოველთვის რჩევას ველოდი. ლიტერატურის მიმართ ჩემი სიყვარული დღემდე გრძელდება - კომპიუტერმა და ფილმებმა წიგნები ვერ შემიცვალა. სხვათა შორის, წიგნის სუნი ძალიან მიყვარს. შემიძლია, წიგნების მაღაზიაში საათობით ვიყო, ვარჩიო და ვერ გადავწყვიტო, რომელი ვიყიდო, რადგან ყველაფერი მინდა (იღიმის).
- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- დათო ტურაშვილის "ტყეების მეფე". წიგნში დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდზეა მოთხრობილი. ამჟამად, ორ წიგნს ვკითხულობ: "ტყეების მეფის" მერე, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულმა წიგნებმა უფრო გამიტაცა. ამიტომ ნელსონ მანდელას ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს ვკითხულობ, რომელიც ავტორმა ციხეში ყოფნის დროს დაწერა. პარალელურად, მარიო ვარგასის "ცუდი გოგოს ოინებით" დავინტერესდი, რადგან ესპანურ ენას ვსწავლობ და ესპანური ლიტერატურა, ფილმები, ყველაფერი მაინტერესებს.
- პირველი შემთხვევაა, როცა პარალელურად, რამდენიმე წიგნს კითხულობთ თუ ასე გჩვევიათ?
- პირველი შემთხვევაა, რადგან ესპანური ენის მასწავლებელმა მირჩია - მარიო ვარგას ლიოსა კარგი მწერალიაო.
- ესპანურად კითხულობთ?
- არა, ქართულად. ჯერ ესპანური ისეთ დონეზე არ ვიცი, რომ ლიტერატურული ნაწარმოებები წავიკითხო (იღიმის).
- ესპანური ენის სწავლა რატომ გადაწყვიტეთ?
- ესპანეთი ბავშვობიდან მომ­წონდა. ჩემთვის ესპანური ენა ძალიან ლამაზია. ქალაქი ბარსელონა მომწონს... ყოველთვის მინდოდა, ეს ენა მესწავლა და მივხვდი, რომ რაიმეს სწავლა გვიანი არასდროსაა.
- ქართულის გარდა, წიგნებს რომელ ენებზე კითხულობთ?
- უმეტესად, ქართულად ვკი­თხულობ. ინგლისურად წამიკითხავს, ბავშვობაში რუსი მწერლების ნაწარმოებებს "ორიგინალ" ენაზე ვკითხულობდი - გადმოთარგმნილს ბევრად ჯობია.
- ნელსონ მანდელას ავტობიოგრაფიისა და "ცუდი გოგოს ოინების" შესახებ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ...
- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს, ჩემთვის შთამბეჭდავი ის არის, რომ თავად ნელსონ მანდელა აღწერს თავის ცხოვრებას. ისეთი ადამიანი იყო, რომ ასეთ პიროვნებას ყველა უნდა გაეცნოს... "ცუდი გოგოს ოინებს" რაც შეეხება, ეს რადიკალურად განსხვავებული წიგნია - რომანი გახლავთ. მიმაჩნია, რომ უფრო გოგონებისთვის წასაკითხადაა განკუთვნილი. ეს რომანი ქალისა და მამაკაცის წინააღმდეგობებით სავსე ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. მოკლედ, ჩახლართული სიტუაციებია, რაც მომწონს.
- თუ გახსოვთ, პირველად, საკუთარი სურვილით რომელი წიგნი წაიკითხეთ?
- ალბათ, "ტომ სოიერი" ან "ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი", შემდეგ - "ჰარი პოტერი". 7 წლის ვიყავი, როცა ეს წიგნი გამოქვეყნდა. სკოლა რომ დავამთავრე, "ჰარი პოტერის" ბოლო წიგნიც გამოვიდა - ფაქტობრივად, "ერთად გავიზარდეთ" და სკოლაც "ერთად დავამთავრეთ". ამიტომ ის ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება.
- რა გიზიდავთ "ჰარი პოტერის" წიგნების სერიაში?
- ხომ არის შემთხვევები, როდესაც წიგნის წაკითხვის შემდეგ, ნაწარმოების ეკრანიზაცია იმედს გიცრუებს? "ჰარი პოტერის" შემთხვევაში, წიგნიც და ფილმიც იდენტურია - ორივე ერთნაირად მომწონს. საინტერესოა თავგადასავლები, ჯადოქრობები, პერსონაჟები (განსაკუთრებით - ჰერმიონა გრეინჯერი, რომელიც ყოველთვის ჩემი ფავორიტი იყო)...
- "ჰარი პოტერის" გარდა, რომელი ლიტერატურული ნაწარმოებების შთამბეჭდავი ეკრანიზაციების დასახელება შეგიძლიათ?
- რა თქმა უნდა, წიგნი ბევრად შთამბეჭდავია ხოლმე, ვიდრე ფილმი: როდესაც ვკითხულობ, თავად წარმოვიდგენ, როგორი შეიძლება იყოს პერსონაჟი. როდესაც ფილმს ვუყურებ, აღმოჩნდება, რომ რეჟისორს საერთოდ სხვანაირად წარმოუდგენია... ბოლოს რომელი ეკრანიზაციაც მომეწონა, ეს "სიამაყე და ცრურწმენა" იყო. "გლადიატორიც" მომწონს. მახსოვს, ეს წიგნი ბავშვობაში ინგლისურად წავიკითხე და როცა ფილმი ვნახე, ლამის გავგიჟდი, ისეთი შთამბეჭდავი იყო!..
- ლიტერატურული პერსონაჟებიდან საკუთარ თავს რომელს ამსგავსებთ?
- ნაწარმოების გმირებს ყოველთვის ისე აღვიქვამდი, როგორც ჩემს მეგობრებს. შემიძლია ვთქვა, თუ ვინ იქნებოდა ჩემი მეგობარი: ბავშვობაში ალბათ, პეპი გრძელიწინდა. მეც იგივენაირი ვიქნებოდი... ახლა, ამ ასაკში, როცა ვფიქრობ, ვერ ვხვდები, რომელი ლიტერატურული პერსონაჟი ვიქნებოდი...
- შეგიძლიათ, ისეთი წიგნი დაგვისახელოთ, რომლის წაკითხვამაც მსოფლმხედველობა რადიკალურად შეგიცვალათ?
- ფრედერიკ ბეგბედერის "99 ფრანკი". საერთოდ, ციტატების ამოწერა არ მჩვევია, მაგრამ ამ წიგნიდან ამოვიწერე და ხშირად ვკითხულობდი. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული წიგნი, რომელმაც სხვანაირად დამაფიქრა რაღაცებზე. მაგალითად, ერთ-ერთი ციტატა დაახლოებით ასეთი იყო: სულ ვცდილობდი გამეგო - ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს იმ დღემდე გრძელდებოდა, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა, თავადვე ვყოფილიყავიო. ასეთი ციტატები დასაფიქრებელია: მართლაც, თავად ხარ ის ადამიანი, ვისაც სამყაროს შეცვლა შეუძლია...
- თქვენთვის სამაგალითო ლიტე­რატურული პერსონაჟი რომელია?
- "სიამაყე და ცრურწმენის" მთავარი პერსონაჟი... მისაბაძი არ ყოფილა, მაგრამ დამაფიქრა შტეფან ცვაიგის ნაწარმოებმა - "ქალის ცხოვრების 24 საათი". 17 წლის ვიყავი, როცა წავიკითხე. ეს ჩემთვის პირველი სხვანაირი, არაბავშვური წიგნი იყო: ასაკით უმცროს მამაკაცზე უგონოდ შეყვარებულმა ქალბატონმა დამაფიქრა. რა თქმა უნდა, ამ ლიტერატურულ გმირთან საკუთარ თავს ვერასდროს გავაიგივებ, მაგრამ დამანახვა, რას ნიშნავს სიყვარული და როგორ შეიძლება, ადამიანი თავდავიწყებით შეგიყვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის ვიყავი, წარმოვიდგინე, ასეთი სიყვარული რა მაგარია...
- განსაკუთრებულად რომელი ჟანრის წიგნების წაკითხვა გიზიდავთ?
- გემოვნება ყოველთვის მეცვლება: იყო პერიოდი, როდესაც რომანები მომწონდა, მერე აგათა კრისტის დეტექტიურმა ნაწარმოებებმა გამიტაცა... ახლა უფრო რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ წიგნებს ვანიჭებ უპირატესობას.
- შინ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა გაქვთ?
- დიახ, ნამდვილად... ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა სოფელში გვაქვს და ის ბებია-ბაბუის დროინდელი წიგნებისგან შედგება. ყოველთვის, როდესაც იმ ოთახში შევდივარ, ძველი დროის აურას განსაკუთრებულად ვგრძნობ. იქ ყოფნა და წიგნების დათვალიერება მიყვარს. მახსენდება, მე და ბებია ბიბლიოთეკაში დროს როგორ ვატარებდით, როგორ მირჩევდა წასაკითხ წიგნებს...
- თქვენთვის წიგნი სასურველი საჩუქარია?
- კი, ასეა, განსაკუთრებულად მიხარია, როცა წიგნს მჩუქნიან, მით უმეტეს - როცა საინტერესო და განსხვავებული ნაწარმოებია.
- საჩუქრის ავტორზე წიგნი რამეს "გეუბნებათ"?
- როგორ არა! მიყვარს, როდესაც თავად წაკითხული აქვთ და ისე მჩუქნიან - მირჩევენ, რომ წავიკითხო. ნაჩუქარი წიგნის წაკითხვის შემდეგ, ადამიანს უკეთ გაიცნობ - გაიგებ, წიგნში რა მოეწონა, როგორი ნაწარმოებები მოსწონს... ადამიანის გემოვნების გამოცნობას ასე უკეთ შეძლებ.
- დღესდღეობით, წასაკითხ ლიტერატურას რის მიხედვით არჩევთ?
- სამეგობრო წრიდან, მშობლებისგან რჩევებსაც ვიღებ, თავადაც ვარჩევ...
- "გზის" მკითხველებს რომელი ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვას ურჩევდით?
- დაახლოებით ერთი წელია, რაც თურქი მწერლების ნაწარმოებების წაკითხვა დავიწყე. ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მომეწონა, ორჰან ფამუქის "უმანკოების მუზეუმი" იყო. "გზის" მკითხველებს ამ ნაწარმოების და ნელსონ მანდელას ავტობიოგრაფიის წა­კითხვას ვურჩევ. ამ წიგნების წაკი­თხ­ვის მერე, უკეთ გამიცნობენ და გა­იგებენ, როგორი გემოვნება მაქვს...
ეთო ყორღანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"პოპულარობის გამოყენებას ყოველთვის ვერ ვახერხებ"
"ქუჩაში გასვლისას ყველა ფერს შევხარი, რაც კი ბუნებაშია"
ვინ ასაჩუქრებს ტკბილეულით მსახიობს
რა იციან და რა - არა ერთმანეთის შესახებ გიორგი ორბელაძემ და მისმა მეუღლემ
"ბიძინა ივანიშვილისა" და "სალომე ზურაბიშვილის" მხიარული ინტერვიუ
მძლეოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი, 29 წლის ნათია რიგიშვილი მრავალგზის ევროპის ჩემპიონია ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში.
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის ცეკვას მისი ქმარ-შვილი
"ბატარეასავით ვარ, რომელიც იასთან დარეკვისას იმუხტება"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2527 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი