"ძალიან მომწონდა და თავხედურად მოვიქეცი" - გზაპრესი

"ძალიან მომწონდა და თავხედურად მოვიქეცი"

მიუხედავად იმისა, რომ ორივე თეატრში რამდენიმე სპექტაკლში თამაშობს, პოპულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. ამის გამო ცოტათი გული წყდება.

პრეამბულის მაგიერ

- კამერასთან მუშაობა თავისებურად საინტერესოა, მაგრამ სპექტაკლის მსვლელობისას მაყურებელთან იმდენად ახლო ურთიერთობა მიწევს, მეტ სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე პოპულარობაა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალში დიდი როლი არ მაქვს, პოპულარული ერთ დღეში გავხდი.

- სამაგიეროდ, ქართველებისთვის ძალიან ნაცნობი, მოძალადე ქმრის ტიპაჟი შექმენით.

- სამწუხაროდ, ჩემი გმირის მსგავსი მამაკაცი ჩვენ გარშემო მრავლადაა. პროტოტიპის პოვნა ნამდვილად არ გამჭირვებია. ასეთი ადამიანი ბავშვობიდან მახსოვს. მოზარდს ხომ ყველაფერი სხვაგვარად ამახსოვრდება, აღიქვამს. ჰოდა, ის ადამიანიც ჩემს გონებაში განსაკუთრებულად ჩაიბეჭდა.

- თქვენი გმირის მსგავსი ადამიანებისთვის რა გაქვთ სათქმელი?

- ძალადობას გამართლება არ აქვს, დასაგმობია.

- ნაწარმოები, რომელმაც თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომელი იყო?

- მახსოვს, ბავშვობაში "ხუთკუნჭულა" რომ წავიკითხე, დიდი ემოცია მომიტანა.

- აქტიური მკითხველი ხართ?

- საკმაოდ დატვირთული ვარ. დილიდან ღამის 11 საათამდე თეატრში ვარ. 2 თეატრში ვთამაშობ, დროის გადანაწილებას ვახერხებ.

- წიგნი მოგიპარავთ?

- კი, ბავშვობაში მამიდას ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციები მოვპარე. ძალიან მომწონდა და ასე თავხედურად მოვიქეცი.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდით?

- ჰემინგუეის მეთევზესთან ("მოხუცი და ზღვა").

- მასში რა გხიბლავთ?

- სიმშვიდე და დიდი სიბრძნე. ფილოსოფიური აზროვნება მიტაცებს.

- თქვენ მიერ განსახიერებული რომელიმე პერსონაჟისთვის თუ მიგიმსგავსებიათ თავი?

- როლზე მუშაობის დასაწყისში, გმირში რაღაც ჩემეულს ვპოულობ და მერე იმ ნაპერწკლიდან ცეცხლის გაღვივებას ვიწყებ. საერთო პიროვნული თვისებები ნებისმიერ გმირთან შეიძლება გამონახო.

- კარგი მეხსიერებით გამოირჩევით?

- მეხსიერებას არ ვუჩივი. 8 ისეთი როლი მაქვს, სულ ტექსტით არის დახუნძლული. დამახსოვრება არ გამჭირვებია. სცენაზე ტექსტი დამვიწყნია, მაგრამ თავი დამიძვრენია. ინტელექტუალური თამაშები მიყვარს, მაგრამ ერთი ცუდი თვისება მაქვს, - ექსტრემალურ სიტუაციაში ძალიან ვიბნევი. შეიძლება, გავიდეს 10 წუთი და კითხვაზე პასუხი მერე გამახსენდეს.

- აღდგომის ბრწყინვალე დრესასწაულია და პირველ კითხვას რელიგიურ თემაზე დაგისვამთ. ქრისტეს ამ მოციქულმა მანამდე არ დაიჯერა უფლის ხორციელი აღდგომა, სანამ მაცხოვარს ხელით არ შეეხო. რომელ მოციქულზეა ლაპარაკი?

- ვერ ვიხსენებ.

- თომაზე. რა ერქვა ავაზაკს, რომელიც იესო ქრისტეს დასჯის სანაცვლოდ გაათავისუფლეს?

- ბარაბა.

- ვინ ასრულებდა გეურქოვის როლს ფილმში "ვერის უბნის მელოდიები"?

- ეროსი მანჯგალაძე.

- "ყურადღება, თქვენ გელით აქამდე არნახული სანახაობა". ამ სარეკლამო აბრის წყალობით, ფილმის პროდიუსერებმა დიდი შემოსავალი ნახეს. ნაჩვენები იყო "ჯაზის მომღერალი". რით იყო ეს ფილმი მნიშვნელოვანი?

- (პაუზის შემდეგ) პირველი ხმოვანი ფილმი არ იყო?

- გამოიცანით. რომელი ქართველი პოეტი მონაწილეობდა რუსეთის დაპყრობით ომებში, ჩრდილოეთ კავკასიაში?

- გრიგოლ ორბელიანი.

- რომელ თევზს აქვს ორივე თვალი ცალ მხარეს?

- კამბალას. თევზაობა ჩემი ჰობია.

- თქვენ რომელ სახეობაზე თევზაობთ?

- უმეტესად კობრსა და ქარჩხანაზე. ეს სახეობები ტბებში, წყალსაცავებში ძალიან მალე მრავლდება.

- თევზაობის მუღამზე რას გვეტყვით?

GzaPress- მუდმივ მოძრაობაში იმყოფები. თითქოს არაფერს აკეთებ, მაგრამ სულ საქმიანობ. ირგვლივ სიწყნარეა, მოლოდინის რეჟიმი ხომ ფილოსოფიაა, თავში ათასი აზრი გიტრიალებს. შეიძლება, ბუნებაში ჩაფლული ისე გაირინდო, დაგავიწყდეს, სად და რატომ ხარ.

- ხშირად თევზაობთ?

- ბოლო ერთი წელია, ხშირად ვერ ვთევზაობ და ამას ძალიან განვიცდი.

- ვისთან ერთად იპოვა განძი ტომ სოიერმა?

- ჰეკლბერი ფინთან ერთად.

- რომელი მწერლის რომელი ნაწარმოების გმირია კირილე მიმინოშვილი?

- დავით კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალის".

- პოეზია გიყვართ?

- სტუდენტობის წლებში ლექსებს სცენაზეც ხშირად ვკითხულობდი. ზეპირად ნაკლებად მამახსოვრდება. პოეტებიდან ვაჟა-ფშაველა ჩემთვის შეუცვლელია, ყველაზე მაღლა დგას.

- "მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ/ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება/, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში/ და თმების ქარით გამოქროლება". ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- ნამდვილად არ მახსოვს.

- გალაკტიონი. რომელ თვეს ეძახიან გიორგობისთვეს?

- ნოემბერს.

- წარსულში ქმრის მოღალატე ცოლებსა და მსუბუქი ყოფაქცევიის ქალებს შუბლს უდაღავდნენ, რათა მათი უღირსი საქციელის შესახებ ყველას გაეგო. სწორედ მაშინ წარმოიშვა და დღემდე არსებობს ვარცხნილობის ეს ფორმა. რომელ ფორმაზეა ლაპარკი?

- "ჩოლკა", არა?

- რა თქმა უნდა. მანდილოსნებს კომპლიმენტებს ხშირად ეუბნებით?

- საკმაოდ ხშირად.

- სახელმწიფო ტოგოში თუ მამაკაცი ქალს კომპლიმენტს ეტყვის, რა ვალდებულება ეკისრება მის წინაშე?

- არ ვიცი. სავარაუდო პასუხი რომ გითხრათ?

- გისმენთ.

- ვალდებული ხდება, რომ მასზე იზრუნოს.

- უფრო მეტიც: ვალდებულია, ცოლად მოიყვანოს.

- ო! ეგ ნამეტანია.

- "მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში - ქართულ სამოთხეში. მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავია, როგორც თბილისში", - წერდა საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ეს ფრანგი მწერალი. დაასახელეთ იგი.

- ალექსანდრე დიუმა.

- რომელი პრეზიდენტი იყო მსახიობი?

- რეიგანი.

- სხეულის რა ნაწილზე აქვს ფუტკარს ნესტარი?

- თავზე.

- ცდებით, კუდზე აქვს. ცნობილია, რომ მონღოლები დაბეგვილ უმ ხორცს მიირთმევდნენ. როგორ ბეგვავდნენ?

- უნაგირის ქვეშ დებდნენ და მგზავრობის დროს იბეგვებოდა.

- რომელ ქვეყანას მართავდა გენერალი ფრანკო?

- ესპანეთს.

- ახალგაზრდა ტიბეტელი ბიჭები მოწონებულ გოგონას ქუდს ჰპარავენ. რისი ნიშანია, თუ გოგონა ქუდის დაბრუნებას მოითხოვს?

- შესაძლოა, თანხმობასაც ნიშნავდეს, ასე არ არის?

- გამოიცანით. ცოტა ხნის წინ, ინგლისის ერთ-ერთ ქალაქში გაიხსნა მუზეუმი, რომლის ექსპონატებს შორის შეხვდებით რეაქტიულ სკუტერს, მოტოციკლს ვერტმფრენის ტურბინით, შავ "ვოლგას", ტანკს - "ტ-55"-ს... მითხარით, ვის ეძღვნება ეს მუზეუმი?

- ექსპონატები კიდევ ერთხელ ჩამომითვალეთ. (გამეორების შემდეგ) ჩემი აზრით, ჯეიმს ბონდს ეძღვნება. ფილმებში მის მიერ გამოყენებული ტრანსპორტია.

- 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა" მოიპარეს. ერთ-ერთ ეჭვმიტანილად ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო მიჩნეული. დაასახელეთ, რომელი?

- (ფიქრობს) არ ვიცი.

- მიგანიშნებთ: ეს მხატვარი საფრანგეთში გარდაიცვალა.

- მაინც ვერ გიპასუხებთ.

- პიკასო. "ამ მდუღარეგადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში, - წერს ერთ-ერთი მწერალი, - ვერც ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს - "მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო" - ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია". დაასახელეთ, რომელი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ქართველ მწერალზეა ლაპარაკი?

- დიახ.

- ოტია იოსელიანი.

- რომელ ტაძარში იყო შემორჩენილი ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ერთადერთი გამოსახულება, რომელიც ახლახან განადგურდა?

- არ ვიცი.

- ბედიის ტაძარში. რომელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ცნობილი კურორტები - ნიცა და კანი?

- ხმელთაშუა ზღვის.

- ტრადიციისამებრ, რა ნიშანს იძლევიან, საკვამურიდან ტაძარში შეკეტილი კარდინალები, პაპის არჩევის დასადასტურებლად?

- თეთრ ბოლს უშვებენ.

- ძველ იუდეველებში არსებობდა ჩვეულება, რომლის მიხედვითაც, ისინი თავიანთ ცოდვებს სიმბოლურად, თხას აჰკიდებდნენ და უდაბნოში აგზავნიდნენ. ამ წეს-ჩვეულების თანახმად, თითქოს ცოდვებისგან თავისუფლდებოდნენ. აქედან წარმოიშვა გამოთქმა...

- ვერ გიპასუხებთ.

- "განტევების ვაცი". რიგში დგას 25 ბავშვი. მერამდენე ბავშვი დგას შუაში?

- მე-13.

- თუ ღამის 12 საათზე კოკისპირული წვიმაა, შეიძლება თუ არა, ვივარაუდოთ, რომ 48 საათის შემდეგ, კაშკაშა მზიანი ამინდი იქნება?

- რა თქმა უნდა.

- ხომ არ დაიბენით?

- შეგვიძლია, ვივარაუდოთ. არა?

- 48 საათის შემდეგ ისევ ღამე არ იქნება?..

- ო, ამ ეშმაკობას ვერ მივხვდი.

- დაბოლოს, დაასრულეთ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი: "სიყვარულის სიმცირე კი არა, მეგობრობის ნაკლებობა განაპირობებს უიღბლო..."

- მომავალს.

- "...უიღბლო ქორწინებას".

თამუნა კვინიკაძე