ირაკლი მაქაცარიას "კოზირი", ფლირტი და ახალი გამოწვევები
"ის არ ცნობს ფლირტს, ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია. საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს, რომ წყენას ივიწყებს. მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი. თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას. მისთვის ნებისმიერი გამოწვევა მისაღები და სტიმულის მიმცემია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი პროდიუსერისა და ტელეწამყვანის, ირაკლი მაქაცარიას ზოდიაქოს ნიშანია.
- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგთა პროგნოზს ყოველდღიურად ვეცნობი, მაგრამ ჩემი ნიშნის დახასიათება არაერთხელ წამიკითხავს. ზოგადად, ასტროლოგიის მჯერა.
- ბუნებით ლიდერი ხარ? საქმის კეთებისას პირველობა გჩვევია?
- კი, მებრძოლი ხასიათით გამოვირჩევი. ლიდერობის სურვილიც ყოველთვის მაქვს.
- "თავგამოდებით იცავს სიმართლეს და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგას".
- უსამართლობა ჩემში იმდენად დიდ პროტესტს და სიბრაზეს იწვევს, სუსტი ადამიანის ჩაგვრისადმი გულგრილი ვერასდროს ვიქნები. ამ დროს სიმშვიდეს ვკარგავ, შეიძლება აგრესიულიც გავხდე. ასეთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა.
- ასეთ დროს მოსალოდნელ უსიამოვნებას არ უფრთხი?
- არა. უსამართლობის ფაქტი პროტესტს იმდენად ამძაფრებს, მაგაზე ვერც კი ვფიქრობ. შეიძლება არაგონივრულიც იყოს, მაგრამ ასეთი ხასიათი მაქვს. ზოგადად, ცხოვრებაში ძალიან მშვიდი ვარ.
- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".
- ასეც ვერ ვიტყვი, გააჩნია ეშმაკობაში რა იგულისხმება. მოხერხებულობა არ მაკლია. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის დინებას მივყვები, ლავირების უნარიც კარგად მაქვს გამომუშავებული. ეშმაკობა ცუდი გაგებით არ მჩვევია, მსგავსი რამ ჩემს ხასიათში არასდროს შემინიშნავს და ეს ძალიან მიხარია.
- წყენას ადვილად ივიწყებ?
- შემიძლია წყენის ფაქტს "გადავაბიჯო", მაგრამ არ დამავიწყდება.
- არადა, ამბობენ: "წყენას ადვილად ივიწყებს. ამისთვის საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიეალერსოს".
- სითბო ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სითბოს ვგრძნობ, სურვილი მიჩნდება, უკან გაათმაგებული ძალით დავაბრუნო.
- აგრესიაც?
- არა, მაქსიმალურად ვცდილობ, ნეგატიურ ველზე არავის გავყვე. ჩემი აზრით, ნეგატიური აზრების იგნორირება სწორი გადაწყვეტილებაა.
- საკუთარ პრობლემებზე ღიად ლაპარაკი გჩვევია?
- არასდროს. არ მიყვარს იმის აფიშირება, რაც გულის სიღრმეში მაქვს. არ მიყვარს დახმარების ხელის თხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, ამაში ცუდი არაფერია. რატომღაც, ყოველთვის ვამჯობინებ, ჩემით ვიპოვო გამოსავალი. ალბათ, ბევრჯერ არასწორადაც მოვქცეულვარ, მაგრამ ახლობლები იმისთვის არსებობენ, რომ როცა გჭირდება, მხარში ამოგიდგნენ.
- როდესაც დახმარებას სხვა გთხოვს, როგორ იქცევი?
- ყოველთვის ღია ვარ, მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემთვის თანაგრძნობა, ადამიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
- ურთიერთობებში პირდაპირობა გჩვევია?
- კი, ადამიანი მიხვდება, რისი თქმა მინდა. ხისტი და უტაქტო არ ვარ.
- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".
- მართლა ასეა.
- შენს ცხოვრებაში სასწაულები მომხდარა?
- თუ გჯერა ღმერთის, როგორ შეიძლება სასწაულის არ ირწმუნო? ცხოვრებაში მქონია რთული პერიოდი და სწორედ მაშინ, როცა არა მხოლოდ თეორიული შანსი, იმედიც კი ქრებოდა, პრობლემა მოგვარებულა. ყველა გამოსავალი, რომელიც რთული მდგომარეობიდან გამოგიყვანს, სასწაულია.
- "ის არ განეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება. ურჩევნია, იბრძოლოს".
- ბედნიერების შეგრძნება ინდივიდუალურია. ჩემი აზრით, ბედნიერებაა, როცა ოჯახის წევრები კარგად და ჯანმრთელად არიან.
- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია, მასში დონ კიხოტის სულია ჩასახლებული".
- შეიძლება მეტი არგუმენტი დასჭირდეს ადამიანს, რომ ამიხსნას, რაში ვცდები. ჩემი გადარწმუნება შეუძლებელი არ არის. მთავარია, არგუმენტი ძლიერი იყოს. კომპრომისზე წასვლაც შემიძლია.
- ბავშვივით გულწრფელი და გულუბრყვილო ხარ?
- სამწუხაროდ, ასეა.
- სამწუხაროდ, რატომ?
- ეს თვისება მაზარალებს. გულწრფელობისა და გულუბრყვილობის გამო, პრობლემები არაერთხელ შემქმნია, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. გზაზე რამდენი "ფეხის გადაბრუნებაც" უნდა მქონდეს, არ შემიძლია ადამიანებს ეჭვის თვალით, ჩასაფრებულის პოზიციიდან ვუყურო. როცა ადამიანი მელაპარაკება, მისი მჯერა. ფაქტია, უმეტეს შემთხვევაში იტყუებიან.
- მერე როგორ იქცევი?
- ადამიანის სინანულს გააჩნია. ზოგი დამიკარგავს, ზოგთან ურთიერთობა გამიგრძელებია, მაგრამ ურთიერთობაში ბზარის გაჩენა უკვე ცუდია.
- შენს ხასიათში სისასტიკე რა დოზითაა?
- საერთოდ არ არის. სისასტიკე ბოროტებასთან ასოცირდება. როგორი დიდი ტკივილიც უნდა მომაყენონ, სასტიკი ვერავის მიმართ ვერ ვიქნები.
- რეალისტი მეტად ხარ თუ იდეალისტი?
- ო, ეს რთული საკითხია. შინაგანად ცვალებადი მდგომარეობა მაქვს, შეიძლება ზეოპტიმიზმის პერიოდი მქონდეს, შეიძლება პესიმიზმი შემომაწვეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ჩემს მდგომარეობას შეიძლება რეალიზმისა და ოპტიმიზმის ნაზავი ეწოდოს.
- "ის ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს: მტრები და მეგობრები".
- ასე ნამდვილად არ არის. მგონია, რომ მტრები არ მყავს. შეიძლება ვინმესთვის სასურველი პიროვნება არ ვიყო, შეიძლება ვიღაცას ერთი ადამიანის კარგად ყოფნა და წარმატება მტრობად ჰქონდეს აღქმული.
- "მისთვის ნებისმიერი გამოწვევა მისაღები და სტიმულის მიმცემია".
- დიახ, სიახლეებისკენ სწრაფვა და ავანტიურა ჩემი ხასიათის ნაწილია. ის, რასაც დღეს ვაკეთებ, შეიძლება თავის დროზე ავანტიურისტულ ნაბიჯად ჩაეთვალათ.
- ხარის წელში დაბადებული ადამიანები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. მგონია, რომ ეს თვისება შენს ხასიათშიც დომინანტია.
- ნამდვილად ასეა, ძალიან ბევრს ვშრომობ.
- "მას აქვს ნიჭი ადამიანებში მის მიმართ ნდობა გააღვიძოს. ეს მისი კოზირია".
- არ ვიცი, ეს ნიჭი რამდენადაა, უნარი უფრო მგონია. გულწრფელობას ადამიანები ყოველთვის გრძნობენ. თუ ისწავლი, იმას ნიშნავს, რომ კარგი მსახიობი ხარ.
- "ის დამკვირვებელია, ამიტომაც უყვარს მარტოობა".
- ადამიანებზე დაკვირვება მჩვევია, მარტოობაც მიყვარს, მაგრამ არა იმიტომ, რომ სხვებს დავაკვირდე.
- "ხშირად საკუთარ თავში ჩაკეტილია".
- კი, ასეა.
- გახსნა გიჭირს?
- არც ვიხსნები, ჩემი შინაგანი სამყარო, სადაც ჩემი ფიქრებია, არა მგონია, ვინმემ იცოდეს.
- ძალიან ახლობლებმაც კი?
- ოჯახის წევრებმა ჩემი განცდები ნაკლებად იციან, შეიძლება მეტი იცოდეს სამმა მეგობარმა. არ მინდა, ძალიან ახლობელ ადამიანებს ჩემი შინაგანი არეულობა ან პრობლემები ვაჩვენო. შეიძლება არასწორად ვიქცევი, მაგრამ ასეა.
- "ვერ იტანს სიახლეს, რომელსაც შეუძლია სიმშვიდე დაურღვიოს".
- ნეტავ ეგრე იყოს. ხშირად ვიცი, სიახლემ შეიძლება ამრიოს, მაგრამ ზუსტად ეგ არის გამოწვევა. ამაზე უარს არასდროს ვამბობ, შენების პროცესი მსიამოვნებს.
- ჯიუტი ხარ?
- ხანდახან მეუბნებიან, ჯიუტი ხარო, მე არ ვეთანხმები.
- რომანტიკოსი ხარ?
- არა, რომანტიკისგან შორს ვარ.
- ადვილად გიყვარდება?
- სიყვარული ჩემთან რთულად მოდის. ძალიან მინდა, შეყვარებული ვიყო, მაგრამ ამას ხელოვნურად ვერ გავაკეთებ. წარსულში მყვარებია, ერთგულება ჩემი გამოკვეთილი თვისებაა. მაქსიმალისტი ვარ, სიყვარულში საშუალოს არ ვცნობ, ამ გრძნობისგან გაგიჟებული უნდა ვიყო.
- ასეთი გაგიჟებული რა ასაკში იყავი?
- 25 წლის ასაკში. სიყვარული გვიან მეწვია. ის ურთიერთობა დასრულდა. ძალიან განვიცადე, ძლიერი გრძნობა იყო... წარსულით ცხოვრება არ მიყვარს. ორი ადამიანის ურთიერთობაში, შეჩვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აძლიერებს კონტაქტს. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯერა, ამას მოწონება შეიძლება დაარქვა. ადამიანი თუ არ გაიცანი სიღრმისეულად, არ გაიგე მისი ხასიათი, დამოკიდებულებები, ღირებულებები, როგორ უნდა შეგიყვარდეს?
- "ის არ ცნობს ფლირტს".
- როგორ არ ვცნობ, ფლირტი მიყვარს. ეს რომ არა, ცხოვრება ჩემთვის გაცილებით რთული იქნებოდა. ფლირტი არის მდგომარეობა, რომელიც გახსენებს, რომ ცოცხალი ხარ, მოწონება შეგიძლია.
- "თავდაჯერებულობა ეხმარება ბევრი სირთულის გადალახვაში".
- თავდაჯერებულობა ზომიერების ფარგლებში მაქვს. ვთვლი, რომ ჩემს შესაძლებლობებს სწორად ვაფასებ. იმ საქმეს ხელს არასდროს ვკიდებ, რომელიც ვიცი, არ გამომივა.
- დაბოლოს, შენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეა?
- ძალიან მინდა გადავიღო ფილმი, სადაც მთავარ როლს ვითამაშებ. ეს იქნება რომანტიკული კომედია, ქართველ ახალგაზრდა ბიზნესმენზე და უკრაინელ მხატვარ გოგონაზე, რომლებიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები არიან. ბიზნესმენის როლი მსურს ვითამაშო. გარდა ამისა, უკრაინის სატელევიზიო პროექტიდან მაქვს შემოთავაზება. ინდოელ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ გადაღებებს. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, მათ 200 პროექტი მაინც აქვთ საქართველოში გაკეთებული. წლებია, ინდოელები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გარკვეულ კადრებს იღებენ. სცენარიდან გამომდინარე, ვთავაზობთ რეგიონებს. ინდოეთში ყველამ იცის, რომ საქართველო ფილმების გადასაღებად, ერთ-ერთი კომფორტული და კარგი ქვეყანაა.
თამუნა კვინიკაძე