რით დაემუქრა ლგბტ დამცველი ენამოსწრებულ "ცოცხალიჩს" - გზაპრესი

რით დაემუქრა ლგბტ დამცველი ენამოსწრებულ "ცოცხალიჩს"

ვასკა გრიგალაშვილის იუმორისტული ვიდეოები სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს. მისი ლექსები სარკაზმითაა სავსე და აქტიურად ეხმაურება თანამედროვე მოვლენებს. ურთიერთობაშიც ასეთივე მხიარული და ხალასია, მასთან საუბარი არ მოგწყინდება. რითმებთან დამეგობრებული იურისტი თავად მოგვიყვება, რატომ არ სწყალობს ქალ მძღოლებს, რას უსურვებს ლგბტ წყვილებს და რატომ ეპატიჟებოდა შალვა ნათელაშვილი ხინკლის მისართმევად.

- სურამელი ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე, 17 წლიდან კი თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით იურისტი გახლავართ. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ხომ იცით, მშობლების ნება-სურვილზე დავდიოდით მაშინ და მეც მათი თხოვნით ჩავაბარე იურიდიულზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. ერთი დღეც არ მიმუშავია იურისტად და არც მაქვს სურვილი, ვიმუშაო. ძირითადად, რეკლამებს ვაკეთებ სხვადასხვა კომპანიისთვის, ვთანამშრომლობ რადიოებთან. ახლა ჩემთვის რაღაცას ვმაიმუნობ და ვწერ. თავიდან სერიოზული ლექსებით დავიწყე და ერთი ისეთი ლექსი დავწერე სიყვარულზე, საბოლოო ჯამში, "ჩალიჩზე" გამომივიდა. აი, მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო და სახუმარო ლექსების წერა გავაგრძელე.

- ენამოსწრებული ალბათ, თავიდანვე იყავი...

- კი, სხვათა შორის, ბაბუაჩემსაც და მამაჩემსაც იმპროვიზაციის საოცარი უნარი ჰქონდათ და ალბათ, მათგან გამომყვა ეს ნიჭი. უფრო, რითმებთან ვმეგობრობ და სახლშიც ასე ვლაპარაკობ, გარითმულად. ასე მაგალითად: მოდი, შვილო, ვირიშვილო (იცინის)...

- და შვილი როგორ იღებს შენს ასეთ იუმორს?

- იცინის და მოსწონს, თვითონაც აქვს იუმორის ნიჭი, აქედანვე ეტყობა, კოჭებში...

- ქართველ გოგონებზე მართლა ასეთი ცუდი წარმოდგენის ხარ? შენი ლექსებიდან გამომდინარე გეკითხები.

- არა, არა! მე მიყვარს და მომწონს ქართველები, სხვა ქვეყნის ქალებზე ვერ ვგიჟდები. ოღონდ, გულწრფელად გეუბნებით, შავგვრემანები უფრო მომწონს, ვიდრე ქერა და ცისფერთვალება. შესაბამისად, ცოლიც ქართველი მყავს - სალომე ბუაძე თბილისელი გოგოა და თანაც, ტკბილი სიძეც ვარ.

- შენი სიდედრი ამბობს, ტკბილი სიძე მყავსო?

- ამ ეტაპზე სიდედრ-სიმამრის ოჯახში ვცხოვრობ და ამიტომ ვუწოდებ თავს ტკბილ სიძეს. ისე, მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან.

- შენ და სალომემ როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- მეგობართან იყო ჩამოსული სურამში, არდადეგებზე. შევედი თუ არ ოთახში, პირდაპირ მივედი მასთან და ვუთხარი: შენ ჩემი ცოლი უნდა გახდე-მეთქი. ეს ვერ არის კარგადო? - გადაულაპარაკა მეგობარს. პრინციპში, მართალი თქვა, მაგრამ ჩემი სიტყვებიც ასევე წარმატებით გამართლდა და ზუსტად ერთ წელიწადში დავქორწინდით. მე 28 წლის ვიყავი და ის - 21-ის. სალომე ჩემი ლექსების პირველი კრიტიკოსია. ხშირად მეუბნება: აი, ეს ასე რომ დაწერო და თქვა, უკეთესი ხომ არ იქნება და ა.შ. მართალია, მე სტალინივით ვიქცევი და რასაც მეუბნება, იმის საპირისპიროს ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან რაღაცებს ვითვალისწინებ. ჯერჯერობით ერთი შვილი გვყავს, 5 წლის სანდრო.

- აბა, რა არ მოგწონს ქართველი გოგონების - ზედმეტი გადაპრანჭვა და არაბუნებრიობა ხომ არა?

- მართლაც არ მომწონს არაბუნებრიობა საქციელსა თუ მეტყველებაში - აუ, მოთოვააა, გოგო, შეხედე, როგორ თოოვს... რა საჭიროა ასე ტყლარჭვით ლაპარაკი? ქართველი ქალები ამის გარეშეც მშვენიერები და ლამაზები არიან. ჩემი აზრით, თავშეკავებულობა ნებისმიერ დროს მისაღები და მოსაწონია. ხისტები კი არიან, მაგრამ ამასაც ხიბლში ვუთვლი. ზოგი გამიბრაზდა გოგონებზე დაწერილი ლექსის გამო, ბევრმა უბრალოდ, იხალისა.

- ქალ მძღოლებსაც არ სწყალობ - ქალი "კუხნაში" ვიცი მეო, ამბობ... ლექსში მონაყოლი მართლა გადაგხდა თავს?

- ახლა გეტყვით ამ ლექსს და თვითონ განსაჯეთ: "ათასი თვალი რომ გქონდეს,/ და რომ ფიქრობ, არა მიშავს,/ სადღაც მაინც გადმოხტება/ და უკნიდან მაგრად გთხლიშავს./ სახეს მიიღებს ბატკნისას,/ თვალები ხბოსავით ადევს,/ ისე საწყლად ატირდება,/ რომ ვალს აქეთაც დაგადებს./ უცებ პატრულის ხმა ისმის,/ შენი ნომერი ან ფოსტა./ გუშინ მანქანა ვიყიდე,/ დღეს კი ვამტვრევ, აუ, პროსტა./ არადა, ყველა კითხვაზე,/ სწორი პასუხი გაეცი./ პარკინგზეც სწორად შეხვედი,/ აქ ბრძოლის ველზე დაეცი./ ამ გაწამაწიაში ვარ,/ უკან მანქანა მომადგა,/ ისევ ქალი ზის საჭესთან,/ ცალ ხელში ვხედავ პომადას./ მეორეში ტელეფონი, ყელში ამოვიდა, ვყვები,/ საჭეს რითი ატრიალებ?/ რა თქმა უნდა, იდაყვებით./ დამუხრუჭებას ვერ ასწრებს,/ არ მეყოფოდა ჯერ ისა?/ მიზიდულობის ძალა მაქვს?!/ სად მოდიხარ, შე ჩემისა./ ყველამ თავისი აკეთოს,/ მებუხრე ვიცი ბუხარში,/ მანქანა კი კაცებს გვანდეთ,/ ქალი ვიცი მე კუხნაში./ ახლა ბევრი გაბრაზდებით,/ ხუმრობებსა ვწერ პატარებს,/ ზოგი გოგო, დამერწმუნეთ,/ ბევრ ბიჭზე კარგად ატარებს". აი, ბოლოში ხომ ხედავ, მაინც სათქვენოდ დავამთავრე ეს ლექსი, ქალების გულისწყრომა რომ ამერიდებინა თავიდან...

- "ტრადიციულ" ოჯახსაც მიულოცე გაბედნიერება, ოღონდ შენეულად - ლგბტ წყვილის გახმაურებულ ქორწინებას ლექსი მიუძღვენი. უფრო მეტად რამ გაგაბრაზა - თვითონ ამ ფაქტმა, თუ ჩოხები რომ ეცვა ორივეს, ამან?

- არ მომწონს და რა სასჯელიც უნდა დამაკისრონ, ყოველთვის მექნება ამაზე მკვეთრად გამოხატული უარყოფითი რეაქცია. მომკალი და არ მესმის ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა. ზოგი იძახის, არ არის ავადმყოფობა, ნორმააო და ნორმა რომ იყოს, მაშინ ბავშვიც გაუჩნდებოდა ასეთ წყვილებს, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მაინც. ამ ყველაფერს რელიგიაც, ფიზიკური მონაცემებიც ეწინააღმდეგება და ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი და საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ვერასდროს იქცევა ნორმად. მე ჩოხას არ ვიცვამ, იმიტომ რომ მოღალატე ბატონს ვგავარ. უნდა გქონდეს ღირსება, ჩოხა რომ ატარო, მე ასე მიმაჩნია. ვფიქრობ, ხალხის გასაღიზიანებლად გააკეთეს ასე. ამ ლექსის შემდეგ ბევრი მწერდა: დაანებე თავი, თავისთვის იყვნენ, შენ რას გიშლიანო? ვინ უშლით, იცხოვრონ, როგორც უნდათ, მაგრამ ზედმეტი აქტივობებისა და აფიშირების გარეშე. განა ჩვენ გამოვდივართ და ვყვირით, მოგვხედეთ, ქალები გვიყვარსო? ეს არის ირიბი ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკაზე. ამ ლექსის გავრცელების შემდეგ, მათმა უფლებადამცველმა, სახელი და გვარი არ მახსოვს, "ფეისბუკზე" მომწერა, - საქართველოში რომ ჩამოვალ, მაგრად გცემო. კაცი ჩანდა, ოღონდ სურათებში ქალის ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. ჩამოდი და მცემე-მეთქი, - მივწერე პასუხად, მაგრამ ჯერ არ ჩანს.

- სარკაზმით ასახავ ყოველდღიურობას, ბევრი რამ მენიშნა...

- "ქვეყანაში, სადაც ბესო ქალია,/ სადაც გოჩას კალკოტკები ამშვენებს,/ ავტობუსის მძღოლი სადაც მთვრალია,/ სადაც ორ კაცს ჩხუბში ქალი აშველებს./ მარშრუტკაში, სადაც ბიჭი სკამზე ზის,/ ფეხმძიმე კი თავზე ადგას წუხილით,/ ქვეყანაში, სადაც უსამართლობას,/ შიშის გამო ჩვენ ვპასუხობთ დუმილით./ ქვეყანაში, სადაც ერი გაიყო,/ მოკლედ ვიტყვი - "ქოცები" და "ნაცები"./ პარლამენტში აგინებენ ერთმანეთს,/ უბრალო ხალხი გამოდის ნაცემი./ ქვეყანაში, სადაც ჩინელს ქართველი,/ მუშად მიჰყავს, სადღაც მტვერში დააგდებს,/ როცა უნდა, ხელფასს მაშინ მისცემს და,/ ერთი მცირე პრეტენზია - გააგდებს./ სადაც მიწას უცხოელზე ყიდიან,/ ფულის გამო შეიხი ფლობს აქციებს,/ სადაც მთიდან მორაკრაკე არაგვი,/ არაბების ფეხსაბანად აქციეს./ თუკი არ გყავს პიდარასტი ძმაკაცი,/ ტრადიციულ ოჯახიდან მოდიხარ,/ ევროპისთვის შენ ხარ მიუღებელი,/ ერთი სიტყვით, ღორი ჰომოფობი ხარ./ ასე ხდება, გადაჯიშდა ქართველი, /კიკუსავით ვინც ფულს იხდის, მისი ხარ,/ ერთ დროს როგორც ილიამ თქვა კაცურად,/ საქართველოვ, მართლა მეტის ღირსი ხარ!" არ მინდა იმაზე, რაც გვჭირს, ვაება და ტირილი დავიწყო და ამიტომაც ვცდილობ, მსუბუქად შევეხო რეალობას - იქნებ რეალობაზე ასე უფრო დაფიქრდნენ.

- "ყველას ევროპა გვეძახის, არავის უნდა ტყე-ყანა", - ესეც შენი ლექსიდანაა. ასე რატომ ფიქრობ?

- გამოვრბივართ სოფლებიდან, მართალია, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მაგრამ მაინც. ჩამოვდივართ დედაქალაქში იმ იმედით, რომ უკეთესად ავაწყობთ მომავალს, მერე ვხვდებით, რომ არც აქ არის ადვილი და ევროპისკენ გვიჭირავს თვალი. გვგონია, იქ ძირს დოლარებია მოფენილი და მარტო აკრეფაღა უნდა. ამასობაში კი ყველაფერს ვკარგავთ, პირველ რიგში, საკუთარს თავს...

- სპინერით შევცვალეთ მახათიო, ამბობ. უსაქმურები და ზარმაცები ვართ ქართველები?

- საუბედუროდ, ასეა. ადრე თუ მახათი გვქონდა, გვაიძულეს სპინერით ჩაგვენაცვლებინა, რომ უფრო უმტკივნეულოდ გავერთოთ. ერთხელ ჩემს შვილს გამოვართვი გაბრაზებულმა, - მომეცი ერთი, რა არის ასეთი, ამდენი ხანი რომ ატრიალებ-მეთქი? დავიწყე ბზრიალი და შემიყოლია: ეს მოგწონს, შვილო, ეს არის კარგი? - ვეკითხებოდი და თან ხელს ვეღარ ვუშვებდი...

- "ეს ქვეყანა ერთხელ მაინც ჩავაბაროთ შალიკოს", - ლეიბორისტი ხარ?

- არა, რა ლეიბორისტი, უბრალოდ, ისეთი შემართებულია ტიპი და ისე იხვეწება, რომ ინტერესი მკლავს, რა მოხდება მისი ქვეყნის სათავეში მოსვლის შემთხვევაში. სხვათა შორის, ამ ლექსს თვითონ შალვაც გამოეხმაურა, ხინკლის მისართმევად უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, მაგრამ მერე ვეღარ შედგა ჩვენი შეხვედრა. გუგავაზეც დავწერე ლექსი, რაზეც ბევრი იცინა ხალხმა. სხვათა შორის, ჩემმა მეგობარმა ლაშა მოისწრაფიშვილმა ამაზე სიმღერაც ჩაწერა. ტექსტი ასეთი იყო: "ცრემლი მოგერევა, გუგავა მოვა,/ ცოლი გიღალატებს, გუგავა მოვა./ კუჭი გეტკინება, გუგავა მოვა,/ აგური ჩაგარტყეს, გუგავა მოვა./ ზურგი გეფხანება, გუგავა მოვა,/ "პაკრიშკა" გაგისკდა, ის დანგრატით მოვა,/ ვერ შეგაშინებს წვიმა და თოვა,/ ქოლგა თუ არა გაქვს, გუგავა მოვა".

- დაბოლოს, ისიც მითხარი, "ჩემი ცოლის დაქალებში" როგორ მოხვდი?

- იანვარში ერთ-ერთ სერიაში გადამიღეს. ქეთი ხუციშვილმა მითხრა, კასტინგია და ბედი სცადეო. ვასრულებდი კასპელის როლს, რომელიც კარგად ცხოვრობს და კასპის მიტოვება არ უნდა. "ცოცხალიჩი" - ასეთი მეტსახელი მქონდა. მამაჩემი მართლაც ძალიან ცოცხალი ტიპია და ჩემს პერსონაჟს ეს სახელი შეეფერებოდა კიდეც. აი, ასე ნაწილობრივ ამისრულდა მსახიობობის ოცნება.

ნინო ჯავახიშვილი