"კაკუნმა სამოთხის კარზე" ფილარმონიის კარი გააღო - გზაპრესი

"კაკუნმა სამოთხის კარზე" ფილარმონიის კარი გააღო

20 წლის თამუნა შავერდაშვილი ხელოვნების ამ დარგით ბავშვობიდანაა გატაცებული და მუსიკა მისთვის ცხოვრების სტილადაა ქცეული. ინტერვიუზე თამუნა თავის უფროს მეგობართან, ცნობილ მუსიკოსსა და გიტარისტ გია ფეიქრიშვილთან ერთად მესტუმრა.

- თამუნა, გაიღო შენთვის სამოთხის კარი?

- (იღიმის) სხვათა შორის, სიმღერის შერჩევაზე ბევრი არ გვიფიქრია, მე და გია ფეიქრიშვილს, ლეგენდარული ჯგუფის "Guns'n Roses"-ის ეს შესანიშნავი სიმღერა რეპერტუარში ისედაც გვქონდა, თან ძალიან მიყვარს. სწორედ გია გახლავთ ის პიროვნება, ვისი წყალობითაც გამიჩნდა ენთუზიაზმი და სურვილი იმისა, რომ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

GzaPress- ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა. გიას მეუღლეს ქიაჩელის ქუჩაზე ბარი აქვს, სადაც ადრე რამდენიმეჯერ ვიმღერე. ის პერიოდი იყო, როცა პუბლიკასთან ურთიერთობას ვიწყებდი. გია და ბენდი მაშინ არ იყვნენ, მინუს ფონოგრამაზე ვმღეროდი და "კარაოკე-ფართებს" ვაწყობდით. პატარა სივრცის მიუხედავად, ძალიან მაგარი იყო! კარგად დაიწყო, მაგრამ მერე თითქოს გაიყინა. იყო ბარი და იმის იქით - არაფერი, ამიტომ შევეშვი. ოჯახის წევრებსაც არ უნდოდათ, რომ ბარში მემღერა... შემოსავალზე ორიენტირებული არასდროს ვყოფილვარ, ამ საქმიანობას სხვანაირად ვუყურებ. მოკლედ, ნახევარი წელი ისე გავიდა, იქ აღარ მიმღერია და ერთ დღესაც, მე და ჩემი მეგობარი სასეირნოდ რომ გამოვედით, ვიფიქრეთ, რომელიმე ბარში წავსულიყავით და საბოლოოდ, ქიაჩელზე წასვლა გადავწყვიტეთ. თეო ბერაია - გიას მეუღლე დიდი სიხარულით შეგვეგება და გიაც სწორედ იმ საღამოს გავიცანი, ჩვენს დრამერ გაგასთან ერთად. თეომ მთხოვა, იმღერეო და იმ მომენტში გიას სახეზე რომ შევხედე, ისეთი რეაქცია ჰქონდა - ჰო, კარგი, ჯანდაბას, იმღეროსო, - გაიფიქრა. ვინმე, კარაოკეს მოყვარული ვეგონე. გია ფეიქრიშვილის შესახებ ტანია მარიას კონცერტიდან მქონდა გაგებული. ვიცოდი, რომ მაგარია იყო და მის ხელში ბევრმა ვოკალისტმა გამოიარა, მაგრამ იმწუთას სახეზე ვერ ვიცანი, ეს მერე გამახსენდა. პირველი სიმღერა, რაც შევასრულე, იყო - What"s Up?! და ამ დროს იმდენად დიდი სულიერი დაახლოება მოხდა, არც ერთი რომ არ მოველოდით. უცებ იმპროვიზაციები დაიწყო და ერთმანეთს შესანიშნავად შევეწყვეთ. აი, მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც შეიცვალა და ახალი ფურცელი გაჩნდა, რაღაც ახალი დაიწყო. სცენაზე არაერთხელ გამოვსულვარ, მაგრამ ბენდთან შეხება არ მქონია. სულ სხვა "კაიფია", ამ სიტყვის ძალიან კარგი გაგებით. ამის შემდეგ, რეპერტუარზე დავფიქრდით, სიმღერები ჩამოვწერეთ და ასე აეწყო ჩვენი თანამშრომლობა და მეგობრობა. მერე უკვე მე და ბენდმა რაღაც კონცერტებშიც მივიღეთ მონაწილეობა. მიხარია და მადლობელი ვარ, რომ გია ფეიქრიშვილი შემხვდა ცხოვრებაში.

გია ფეიქრიშვილი:

- თამუნა მართლაც შესანიშნავი და ნიჭიერი გოგონაა. ჩემს მეუღლეს ვეხუმრებოდი კიდეც, ასეთი ბავშვი აქამდე როგორ არ გამაცანი-მეთქი?! ადრე მყავდა ერთი ძალიან კარგი ვოკალისტი ბიჭი. ჩვენს როკჯგუფს "მწირი" ერქვა და მაშინ გრან-პრიც ავიღეთ. თამუნასაც ასევე გამოვარჩევ. ახლა, როცა X ფაცტორ დაიწყო, თამუნას ვუთხარი, - ჩემი მეგობრის შვილი კასტინგზე გადის და შენც ხომ არ ცდიდი-მეთქი? თავიდან ძალიან იუარა, - არ მინდა, კონკურსები ჩემი სტილი არ არისო, მაგრამ მერე ჩემმა მეუღლემაც იმდენი უჩიჩინა, წამოგვყვა. ზოგი ისეთი გამოვიდა, სმენასთან და მუსიკასთან ახლოსაც რომ არ არის და ერთი ცდა რას დააკლებდა?! თანაც, ზუსტად ვიცოდი, ისე იმღერებდა, რომ მოეწონებოდათ.

- თამუნა, სასცენო იმიჯი ვინ შეგირჩია?

- საკუთარი თავი ეკრანზე რომ ვნახე, იმხელა გამოვჩნდი, გული გამისკდა, რამე სხვა უნდა ჩამეცვა-მეთქი (იცინის)!.. ბევრი არ მიფიქრია, რა უნდა ჩამეცვა, უბრალოდ, როკის ელემენტები უნდა ყოფილიყო. კონცერტების დროს, მონაწილეებთან დიზაინერი მუშაობს, რომელიც გვირჩევს, რა უნდა ჩავიცვათ, თუმცა დაახლოებით წარმოვიდგენ, როგორი იმიჯი შეიძლება მქონდეს და ამაში მეც მივიღებ მონაწილეობას. მთავარია, სცენაზე თავს კომფორტულად ვგრძნობდე.

- შენი აზრით, X factor-ზე მსუბუქი როკის შემსრულებლობა, ასე ვთქვათ, შენი ნიშა შეიძლება იყოს თუ ყველანაირ ჟანრში მოგიწევს საკუთარი თავის გამოცდა?

- შემიძლია, ყველაფერი ვიმღერო, მაგრამ რა მიყვარს, ეს სხვა თემაა. კონკურსი ისეთი რამაა, გინდა, თუ არა, კომერციისა და მარკეტინგის წესებს უნდა დაემორჩილო. რეპერტუარის შერჩევისას დათმობაზე წასვლაც, რა თქმა უნდა, მომიწევს. უბრალოდ, სიმღერას თუ ვერ გრძნობ, გულით ვერ იმღერებ. სხვათა შორის, კონკურსში გამოსვლაზე არასდროს მიოცნებია, რთულია.

- როგორია პროექტის შიდა სიტუაცია?

- მართლა ძალიან კარგია. კონკურსანტები ძალიან მეგობრულად, თბილად და არა - კონკურენტულად არიან განწყობილნი ერთმანეთის მიმართ და ეს ძალიან მახარებს. ღმერთმა არ ქნას, ვცდებოდე, მაგრამ მგონია, რომ იქ ისეთი ხალხია, ვინც უფრო მუსიკის "კეთებაზე" იქნება ორიენტირებული და არა იმაზე, თუ ვინ რამდენ კომენტარს დაუწერს "ფეისბუკზე" და რამდენ "ლაიქს" მიიღებს.

- შენი აზრით, როგორია შენი შანსები, გახდე საქართველოს X factor-ი?

GzaPress- ყველა კონკურსანტი ერთმანეთისგან განსვავებულები ვართ. ყველა თვითმყოფადია, ორიგინალური. ჯგუფებიც არიან, ყველა ასაკის ადამიანი, "ფერადი" ხალხია, ჟანრობრივად ყველას თავისი სტილი აქვს და ამის გამო, ვფიქრობ, ყველას თანაბარი შანსი აქვს, გახდეს X ფაცტორ-ი. არ ვთვლი, რომ სხვებზე რამით მეტი ვარ. ჩემი უმთავრესი მიზანია, გამოვიდე და ხალხს ისეთი თამუნა ვაჩვენო, როგორიც ბუნებრივად ვარ, მეტი არაფერი.

გია:

- სცენა "აშიშვლებს" ადამიანს და თუ გულით არ იმღერე, შენი სიმღერა არაფერია, არც სი ბემოლი ნიშნავს რამეს და არც მეოთხე ოქტავის დო დიეზი. შესაძლოა, თამუნა ძალიან მაღალ ნოტებს ვერ იღებს, მაგრამ გულით მღერის. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მთავარი სულაც არ არის მაღალი ნოტები. ორიგინალური შესრულების მანერაა მნიშვნელოვანი. მსმენელს უნდა მოეფერო და შენი მაღალი ნოტებით ნოკაუტში არ უნდა ჩააგდო. რაც შემიძლია, ვარიგებ ხოლმე თამუნას და პატარ-პატარა რჩევებს ვაძლევ. სულ მისმენს და ითვალისწინებს. სხვა მოსწავლეებიც მყავს და მათაც ვარიგებ ხოლმე. ვინც გაიგებს, გაიგებს, ვინც არა, რას ვიზამ. მე გიტარისტი ვარ, ვოკალს, რა თქმა უნდა, ვერ ვასწავლი, მაგრამ მუსიკა ხომ მესმის?! ხმა და სმენა ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია. თამუნა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ბევრს მიაღწევს. მას ფართო ასპარეზზე გასულს ვხედავ.

- თამუნა, გვიამბე, რა გზა გამოიარე, სანამ შენი მუსიკალური საქმიანობა ბენდსა და პროექტს დაუკავშირდებოდა?

- ქართულ სიმღერებზე გავიზარდე. 13-14 წლამდე ჩვენს სიმღერებს ვმღეროდი. როკი და ბლუზი კი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ჩემს გარემოცვაშიც, ძირითადად, ის ადამიანები იყვნენ, ვინც ამას უსმენდა და ასრულებდა. ცოტ-ცოტას ყველაფერს ვუსმენ, რაც კარგი და გემოვნებიანია, მაგრამ მიყვარს ის, რაშიც დრაივი და ენერგიაა, სადაც უნდა იხტუნაო და კედლებზე ახვიდე! საერთოდ, ბავშვობიდან ვმღერი. მოსკოვში დავიბადე, დედა რუსი მყავს და 10 წლამდე იქ ვიზრდებოდი. იქაურობა თბილად მახსენდება, მიყვარს და რაღაც-რაღაცებზე გული მწყდება, რა თქმა უნდა. მერე მთელი ოჯახი საქართველოში ჩამოვედით და იქიდან დაიწყო ყველაფერი - სკოლა, მუსიკაზე სიარული და ა.შ. ბავშვობისას კარგად ვხატავდი, მაგრამ ამ მიმართულებით არ წავედი... ვოკალის ბევრი პედაგოგი მყავდა, მაგრამ მინდა, თეა ჯინორია გამოვარჩიო, - შესანიშნავი კომპოზიტორი და პიროვნება, რომელიც ადამიანში აღძრავდა არა შურის მომენტებს და იმას, რომ ერთმა ვოკალისტმა მეორეს ზემოდან უნდა უყუროს, არამედ - კეთილშობილებას, სიყვარულს, იმას, რომ სიმღერა შენი მამოძრავებელია და ა.შ. თეამ დაიწყო ჩემი "დამუშავება". ბევრი რამ მასწავლა და მისი მადლიერი ყოველთვის ვიქნები. მერე ნანა ჟღერიასთან მოვხვდი. ასევე ფანტასტიკური პიროვნებაა, ენერგიული, და მისგანაც ბევრი რამ ვისწავლე. მადლიერი ვარ ცხოვრების, ასეთ ადამიანებს რომ შემახვედრა. ქართულ სიმღერებს მასწავლიდნენ, გემოვნებიანს, იმას, რაც სამწუხაროდ, აღარც რადიოშია და აღარც არსად. რადიოებზე მეტად არაფერი მაღიზიანებს... მესმის, რომ ასეთი სიმღერებიც უნდა იყოს, რადგან ვიღაცას მოსწონს და სხვა ჟანრი არ ესმის, მაგრამ ამ დოზით გაპიარება არ უნდა ხდებოდეს!

- შენს ოჯახზე რას გვეტყვი?

- ძალიან ჰარმონიული ოჯახი გვაქვს. მშობლებთან განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის მხარში მიდგანან. პატარა ძმა მყავს და დაიკო, რომელიც თავის ოჯახთან ერთად, მოსკოვში ცხოვრობს. მომღერლები არ გვყავს, მაგრამ ხელოვნების დამფასებლების ოჯახში გავიზარდე (იღიმის). დედა კარგად ხატავს და კერავს, კარგი ხედვა აქვს. მამას დიზაინერობის საოცარი ნიჭი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ განათლება ამ კუთხით არ მიუღია. ბუნება, მოგზაურობა გვიყვარს და საზღვარგარეთაც ხშირად დავდივართ. ესპანეთი გამორჩეულად მიყვარს, ესპანურ-ინგლისურ სკოლაში დავდიოდი. ახლა ინგლისურენოვან ინსტიტუტში ვსწავლობ - შავი ზღვის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვარ. გამიმართლა და ძალიან კარგი ჯგუფელები მყავს. მთელი შემართებით მგულშემატკივრობენ. ჩემი ჰობი ჯირითია. ცხენები ძალიან გვიყვარს და გვყავს კიდეც, მანგლისში. ოჯახი ლაშქრობებშიც წავსულვართ ცხენებით და ეს ძალიან მაგარია! ასეთი ურთიერთობები ოჯახის წევრებს კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან.

- დაბოლოს, რას ეტყვი მათ, ვინც პროექტში ვერ მოხვდა?

- პირველ რიგში, ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ. პროექტში საკუთარი თავი ეპოვოთ და საკუთარი საზრდო მიეღოთ. ხოლო ვისაც ამჯერად არ გაუმართლა და ვერ მოხვდა, მათაც მინდა მოვეფერო და წარმატება ვუსურვო. არც ერთმა მარცხმა არ უნდა შეუშალოს ხელი წინსვლაში. თუ არ გამოდის დღეს, გამოვა ხვალ! უნდა იბრძოლონ, მეტი შემართებით იყონ და აუცილებლად იგრძნონ ის, რაც ყველა ხელოვანს უნდა, რომ იგრძნოს, - ეს არის სიყვარული!

თამთა დადეშელი