როგორ აკოწიწებს ჯგუფი "ბანი" სიმღერების ჩასაწერად საჭირო თანხას - გზაპრესი

როგორ აკოწიწებს ჯგუფი "ბანი" სიმღერების ჩასაწერად საჭირო თანხას

ჯგუფი "ბანის" პირველი ალბომის პრეზენტაცია სავარაუდოდ, ერთ თვეში შედგება. ჯგუფის წევრების თქმით, მხოლოდ ერთი სიმღერის ჩაწერაა საჭირო, რათა პრეზენტაციის თარიღი დაზუსტდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოჩენილა ის კეთილისმსურველი, ვინც სიმღერის ჩაწერას ფინანსურად უზრუნველყოფს.

ბექა მიქაძე, ბანი, დრამერი:

GzaPress- ამ ალბომში საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცხრა სიმღერა იქნება თავმოყრილი. ერთი-ორი ისეთი სიმღერა გვაქვს, უმაღლესი კლასის მუსიკოსი, გენიოსიც რომ აღფრთოვანდება.

გელა გოგიშვილი, დასარტყამი ინსტრუმენტები:

- ხშირად გვეხმაურებიან უცხოეთიდან და გვეკითხებიან, - სად შეიძლება თქვენი ალბომის შეძენაო? ჩვენს სიმღერას - "კავკასიური ბალადა" ინტერნეტში ოთხ მილიონზე მეტი "ნახვა" ჰქონდა. გასაოცარი და დასანანია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ვიღაც "კეთილმოსურნემ" ეს ვიდეო წაშალა. სიმღერა ბევრი გვაქვს, მაგრამ სახსრები არ გაგვაჩნია, რომ ისინი მსმენელამდე მივიტანოთ.

- დახმარება არავისთვის გითხოვიათ?

- ეკრანიდან მივმართავთ ხოლმე მათ, ვისაც ეს შეუძლია, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა... რომ არა ჭაბუკა ამირანაშვილი (ჯგუფის პროდიუსერი, კომპოზიტორი) და ამირან ჭიღლაძე (ტექსტების ავტორი), სიმღერებსაც ვერ ჩავწერდით.

რაულ ბიწაძე, სოლისტი:

- არადა, ჩვენი სიმღერა აბსოლუტურად ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს ხარისხის თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვფიქრობ, "ბანი" ერთ-ერთია თითზე ჩამოსათვლელი იმ ქართული ჯგუფებიდან, რომელიც ფოლკს უკრავს და უმაღლესი ხარისხი აქვს.

- პესიმისტურად საუბრობთ... დამფინანსებელი თუ არ გამოჩნდა, ჯგუფის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება?

ბექა:

- ასე გამოდის. თუმცა, ფარ-ხმლის დაყრას არ ვაპირებთ. ჯერჯერობით, რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. იძულებული ვართ, რესტორანში ვიმუშაოთ, რათა ოჯახები ვარჩინოთ და თანაც, ამ შეკოწიწებული ფულით, ერთიანი ძალებით, სიმღერაც ჩავწეროთ. ბიზნესმენებს არ ესმით, რომ ქართულ ფოლკლორში ფულის ჩადება მხოლოდ კეთილი საქმე არ არის; ამით შეუძლიათ, სერიოზული სარგებელიც ნახონ. დღეს ქართულიEესტრადა აღარავის აინტერესებს, მით უმეტეს - ქართველების შესრულებული უცხოური სიმღერები. მსოფლიო ჩვენი ფოლკლორითაა აღფრთოვანებული...

ბესო მეტრეველი, გარმონი, დასარტყამი ინსტრუმენტი:

- როცა მიწისქვეშა გადასასვლელში ვმღეროდით, ხალხი უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა ჩვენ მიმართ, შეძლებისდაგვარად გვეხმარებოდნენ. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა ინსტრუმენტების არქონაა.

- სიმღერამ - "კავკასიური ბალადა" მცირე ხანში საოცარი პოპულარობა მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, რა იყო მისი წარმატების მიზეზი?

ბესო კვიციანი:

- კარგი სიმღერა, ტექსტი, გადაღება. ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ გულით იყო გაკეთებული და ისიც, რომ ნიჭიერები ვართ (იცინის). საერთოდ, ჩვენი ჯგუფის "ხელწერა" ერთნაირად აღსაქმელი და გასაგებია ყველა თაობის მსმენელისთვის.

- ახლო მომავალში საზღვარგარეთ ხომ არ ხართ მიწვეული?

გელა:

GzaPress- მიწვევა ხშირად გვაქვს, მათ შორის, უკრაინიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან. ამ ზაფხულს საბერძნეთში ვაპირებთ წასვლას.

ბექა:

- ჯგუფიდან ორი მსახიობი ვართ. კიდევ, სტუდია გვაქვს, სადაც არა მარტო ხალხურ, არამედ სხვა საკრავებზე დაკვრასაც ვასწავლით.

- ჯგუფს სახელი როგორ შეურჩიეთ?

რაული:

- როცა ვიკრიბებოდით, ჯგუფში ბანი გვაკლდა. ბანი გვინდა, ბანიო, - ხშირად ვამბობდით და ასე, ექსპრომტად დავირქვით სახელი, თანაც, ბანი ძლიერი ხმაა. მგონი, გაამართლა კიდეც, კარგი "დრაივი" აქვს... ისე, ეს სახელი რომ დავარქვით, ჯგუფში ბანი - ბესო კვიციანიც შემოგვემატა.

- საქველმოქმედო აქციებში ხშირად მონაწილეობთ?

გოგა ნიკოლაძე, ბანი, ბას-გიტარა:

- უამრავ ასეთ კონცერტსა თუ აქციაში მიგვიღია მონაწილეობა. თუმცა ბოლო დროს სოციალურ ქსელში საყვედურები გაჩნდა, თითქოს "ბანი" უარს ამბობს მსგავს აქციებში მონაწილეობაზე. ყველგან სიამოვნებით მივდივართ, მაგრამ ერთ შემთხვევას გავიხსენებ: რვა ადამიანი მივედით და ორი მიკროფონი დაგვახვედრეს. როცა დარბაზში 2 000 ადამიანი დგას და შენს ნამღერს ელოდება, თუ მოლოდინი არ გაუმართლე, იმას არავინ იტყვის, - ხარვეზი აპარატურის გამო იყოო, არამედ, ყველაფერი ჯგუფს დაჰბრალდება. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასეთ კონცერტებში მონაწილეობის სურვილი აღარ გვქონდეს?! ერთხელ კიდევ დაგვიძახეს ამგვარ აქციაზე. იქ მისულებს სცენაზე მუსიკალური ცენტრის დინამიკები დაგვხვდა. ჰოდა, დავდექით ხალხში და დავესწარით იმ "კონცერტს"...

- თქვით, - შემოთავაზება ხშირად გვაქვს მოსკოვიდანო. კონცერტის გასამართავად რუსეთში რომ წახვიდეთ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რისხვა არ აგცდებათ. ეს არ გაშინებთ?

ბესო კვიციანი, კლავიშიანი საკრავები:

- ხელოვნება არ არის პოლიტიკა... ისე კი, ქართველმა ხალხმა "დამუნათება" კარგად იცის. ხელოვანს აქ არანაირი პირობა არ აქვს მუშაობისთვის, მაგრამ სადმე თუ წავა, არ დაზოგავენ. ჩვენ გვსურს ქართული ფოლკლორი მსოფლიოს გავაცნოთ და არა აქვს მნიშვნელობა, ეს რუსეთი იქნება, თურქეთი თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა...

- შეგიძლიათ, რაიმე კურიოზი გაიხსენოთ?

GzaPress- ერთხელ, რაჭაში, კონცერტის დასრულების შემდეგ 10.000 ლარი მოგვცეს. ასეთი "კურიოზი" არც მანამდე შეგვმთხვევია და არც მას შემდეგ...

- მათე, ქართველი გოგონების გულთამპყრობელი გახდი კლიპის - "კავკასიური ბალადა" წყალობით. საინტერესოა, შეყვარებული გყავს?

მათე ფირცხალავა, სოლისტი:

- შეყვარებული არა, მეუღლე მყავს. როცა მიწისქვეშა გადასასვლელში ვმღეროდით, ჩემი მეუღლე იქ განთავსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში ხშირად მოდიოდა. მაშინ გავიცანი და ახლახან დავინიშნეთ. სხვათა შორის, ხშირად მეუბნებიან, რომ განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ "კავკასიური ბალადა". დაგეგმილი მაქვს, რამდენიმე ბავშვთა სახლს ვესტუმრო და მათ ვუმღერო...

- ალბათ თაყვანისმცემლები ხშირად გწერენ, არა?

- ასეა და ეს ძალიან მახარებს. მეუღლეც არ ეჭვიანობს. როცა მწერენ, მე კი წერილებზე პასუხის გასაცემად დრო არ მაქვს, ჩემ ნაცვლად, მათ ჩემი ცოლი სწერს ხოლმე.

- მომავალმა მეუღლემ რით მოგხიბლა?

- მშვიდი, წყნარი გოგონები მომწონს. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და ვერც ზედმეტად მოლაპარაკე ქალს შევიყვარებდი... მადლობა უფალს, დღეს ჩემი მეუღლის სახით იდეალური ქალბატონი მყავს გვერდით. ბევრი ამბობს: ქუჩა ადამიანს აფუჭებსო. ვფიქრობ, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მე სწორედ ქუჩაში შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები და მომავალი მეუღლეც იქ "აღმოვაჩინე".

შორენა ლაბაძე