"ადამიანი "მიყვარხარს" რომ მეუბნება, მის ჩამოშორებას ვიწყებ" - გზაპრესი

"ადამიანი "მიყვარხარს" რომ მეუბნება, მის ჩამოშორებას ვიწყებ"

მოდელი ნინი გრძელიშვილი გამოგვიტყდა, რომ ქორწილები სძულს. თუკი მისთვის ქორწილის გადახდა გარდაუვალი იქნება, სურს, შავი კაბა ჩაიცვას... როგორ ბიჭს მიიჩნევს სასურველ სასიძოდ და საკუთარ თავს სასურველ საპატარძლოდ მიიჩნევს თუ არა, ამ და სხვა პირად საკითხებზე მოდელი თავად გვესაუბრა...

- ცოტათი სერიოზული (ზოგჯერ - ზედმეტადაც) ვარ. ბანალურობაში გადასული რომანტიკოსი არ გახლავართ. ალბათ, ზომიერად ყველა თვისება მახასიათებს. თან, ზოდიაქოს ნიშნით სასწორი ვარ და განწყობა ძალიან ხშირად მეცვლება. მერყევი ხასიათი მაქვს: შეიძლება, დღის პირველ ნახევარში კარგი განწყობა მქონდეს, მეორეში - პირიქით. ცოტათი გაუგებარი რაღაცები მახასიათებს.

- ყურადღებას თუ აქცევ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული ბიჭი, რომელსაც მოსწონხარ?

- სიმართლე გითხრა, ადრე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ახლახან ასტოლოგიის სფეროსთან შეხება მომიხდა და ყურადღების მიქცევა დავიწყე. წინათ, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად განწყობილი ვიყავი - ჰოროსკოპების ნაკლებად მჯეროდა.

- როგორ ფიქრობ, დღეს როგორ ბიჭზე ამბობენ, სასურველი სასიძოაო?

- ალბათ, პირველ რიგში, გარეგნობას აქცევენ ყურადღებას, შემდეგ - სტატუსს, მატერიალურ შესაძლებლობას... "სასურველი სასიძოს" ფენომენი ჩემთვის ცოტათი სასაცილოა, მაგრამ ალბათ, ხალხი ამ ნიშნების მიხედვით არჩევს. ზოგჯერ მეცინება კიდეც, ისეთი ვიღაცები დგებიან სასურველი სასიძოების რიგში.

- პირადად შენთვის, სასურველი მამაკაცი როგორია?

- რამდენჯერაც მითქვამს, როგორი ტიპის ბიჭი მომწონს, იმდენჯერ სრული ანტიპოდი მომწონებია, ამიტომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემ. ერთადერთი, განათლებული უნდა იყოს. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად დისერტაცია ჰქონდეს დაცული, მაგრამ საინტერესო უნდა იყოს, საუბარი შეეძლოს.

- მერამდენე პაემნის შემდეგ შეიძლება, ბიჭმა სიყვარული აგიხსნას, რომ მისი ნათქვამი არასერიოზულად არ მიიჩნიო?

- ალბათ, უფრო ჩემშია პრობლემა, რადგან თუნდაც 1 წლის შემდეგ ამიხსნას სიყვარული, ამ საკითხს მაინც არასერიოზულად ვუყურებ - მაინც მებანალურება და ნაკლებად მჯერა. სიყვარულზე სხვანაირი წარმოდგენა მაქვს. ზოგისთვის ხომ ურთიერთობა, სამომავლო გეგმების დასახვა ამ სიტყვით - "მიყვარხარ" იწყება? ჩემთვის ყოველთვის პირიქითაა: ადამიანი "მიყვარხარს" რომ მეუბნება, უკვე მის ჩამოშორებას ვიწყებ. შეიძლება, პასუხისმგებლობების, სერიოზული ურთიერთობების მეშინია. ამ ეტაპზე ასე ვარ.

- რას გულისხმობ, როცა ამბობ - სიყვარულზე სხვანაირი წარმოდგენა მაქვსო?

- სიყვარული ხშირად ეშლებათ გატაცებაში, ლტოლვაში, ვნებაში. არ მინდა, სკეპტიკურად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ჩემ ირგვლივ ცოლ-ქმარი, შეყვარებულები თუ საქმრო-საცოლე ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებიან, მაგრამ მობრუნდებიან და რას აკეთებენ, აღარ დავაკონკრეტებ. ასეთი სიყვარულის ნაკლებად მჯერა. ასეთი შემთხვევები ისეა მომრავლებული, ცოტა არ იყოს, რწმენა დავკარგე - წმინდა, სუფთა სიყვარული (ღალატის გარეშე) მართლა არსებობს? ვერ წამომიდგენია, ადამიანის შესახებ ამბობდე, რომ გიყვარს და მეორე წუთში 100 ვიღაცასთან იყო...

- სიყვარულში იმედი გაგცრუებია?

- არა, რადგან ჯერჯერობით, არასოდეს მყვარებია. შესაბამისად, იმედიც ვერ გამიცრუვდებოდა.

- როგორ უნდა გაგრძნობინოს ბიჭმა სიყვარული, რომ არ ჩამოიშორო?

- ნებისმიერ შემთხვევაში, დისტანცია მირჩევნია. არ ვიცი, რა შეიძლება, გააკეთოს. თვითონ მოიფიქროს - მეტი ფანტაზია გამოიჩინოს (იცინის)...

- შენი ქორწილი როგორი წარმოგიდგენია - ამაზე გიფიქრია?

- ქორწილები ორგანულად მძულს. ტრადიციებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ჩემთვის 1000 კაცი რესტორანში და ჩხუბით დასრულებული ღრეობა მიუღებელია. ჩემი ქორწილი ასეთი ნამდვილად არ წარმომიდგენია. ერთადერთი, თეთრი საქორწინო კაბის დანახვისას სურვილი მიჩნდება, რომ თუკი ქორწილი მექნება, შავი მეცვას. ეს პროტესტი არაა. უბრალოდ, შავი ძალიან მიყვარს.

- საყვარელი ადამიანის თხოვნის გამო, დათმობაზე თუ წახვიდოდი?

- ჩემთვის ამ სიმბოლურ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის თუ ასეთი მნიშვნელოვანია, თეთრ კაბასაც ჩავიცვამ და რესტორანშიც დავჯდები.

- დედამთილს "დედას" დაუძახებ?

- ვერა, რადგან ვიცი, რომ თავისი დედა ყველას უყვარს, მაგრამ მე დედის გარდა არავინ მყავს, მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. შესაბამისად, სხვას "დედას" ვერ დავუძახებ და იმედია, დედამთილს ეს არ ეწყინება.

- თუ ხვდები, რომ თქვენ შორის უსიამოვნო სიტუაცია იქმნება, რადგან "დედას" არ ეძახი და მეუღლესთანაც ურთიერთობა გეძაბება?

- მაშინ "ქალბატონ დედას" დავუძახებ (იცინის).

- შენს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მეგობრების აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს?

- გადამწყვეტი - ნამდვილად არა. საერთოდ, რაღაცების დემონსტრირება არ მიყვარს. ზოგს სჩვევია, როცა ურთიერთობა აქვს, ამის შესახებ აუცილებლად ყველას უნდა უთხრას. მსგავსი რაღაც არ მჭირს. თუ ვატყობ, რომ შეიძლება, ურთიერთობამ სერიოზული ფორმა მიიღოს, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მეგობრებს ვუამბო, აზრიც ვკითხო, გავითვალისწინო, მაგრამ მხოლოდ მათი შეხედულებებით ვერ ვიმსჯელებ.

- შენს თანატოლებს შორის დაოჯახებული ბევრია?

- კი, არის, თუნდაც - უნივერსიტეტში...

- თითქოს დანანებით ამბობ...

- ნაადრევად გათხოვება ჩემთვის გაუგებარია, რადგან მგონია, რომ 70% ცუდად მთავრდება: ამ ასაკში ჩამოუყალიბებელი ხარ და შეიძლება, ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის. თუნდაც, დედაჩემის მაგალითი მაქვს: ჩემს ასაკში მას უკვე 1 წლის ვყავდი. მეუღლეს დედაც დაშორებულია. არ მინდა, ასეთი რამ შემემთხვეს.

- გათხოვებისთვის იდეალური ასაკი რომელია?

- მგონი, ეს ინდივიდუალურია, რადგან ზოგი შეიძლება, 25 წლის ასაკში ჩამოყალიბდეს, ზოგი კი 40 წლისაც არ იყოს ჩამოყალიბებული. როცა ქალი შემდგარი პიროვნებაა, აქვს თავისი საქმე, შემოსავალი, მიიჩნევა, რომ შეუძლია, ოჯახზეც იფიქროს. თუკი საშუალო განათლებაც არ მაქვს, არაფერს წარმოვადგენ, არანაირი ინტერესი და ამბიცია არ გამაჩნია, გათხოვების გარდა, ამ შემთხვევაში - კი ბატონო, 16 წლისა გავთხოვდები. სიმბოლურად, გათხოვებისთვის იდეალურ ასაკად თუნდაც, 25-27 წელს დავასახელებ. ჩვენს ქვეყანაში 30-ს თუ გადააბიჯე და კიდევ გასათხოვარი ხარ, "გაუთხოვარი" გქვია, რაც დამახინჯებული მენტალიტეტის ბრალია - 30 წელი გათხოვებისთვის ადეკვატური ასაკია.

- საოჯახო საქმეები გეხერხება?

- ჩემი პროფესიის მიუხედავად, არაფერს ვიკლებ - გემრიელ საჭმელს სიამოვნებით გეახლებით. გურმანი ვარ. შესაბამისად, როცა "ინსტაგრამზე" ან "ფეისბუკზე" გემრიელი კერძების მომზადების შესახებ ვიდეოებს ვნახულობ, ვცდილობ, მეც გავაკეთო. როგორ გამომდის, ეს ცოტა სხვა საქმეა (იღიმის)... მარტივი რაღაცების მომზადება მეხერხება. მე და ჩემი ქმარი მშივრები არ დავიხოცებით. დანარჩენ საოჯახო საქმეებს რაც შეეხება (დალაგება, დარეცხვა...), ცოტათი მეზარება, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ამასაც გავაკეთებ, რაზეა ლაპარაკი?!.

- ქართველ კაცებზეც ვისაუბროთ - რა მოგწონს ან არ მოგწონს მათი თვისებებიდან?

- არ მინდა ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ისეთ რაღაცებს ვუყურებ, რომ ზუსტად ვიცი, ეს ევროპაში ვერ მოხდება: თუნდაც ის, რომ ქართველი კაცების 50%-ს ცოლ-შვილი კი ჰყავს, მაგრამ "ამის იქით" მათ პირადი სივრცე სჭირდებათ, რაშიც მოიაზრება სხვა ქალები, გართობა... ეს ძალიან მაღიზიანებს. მსგავსი რაღაც განვითარებულ ქვეყანაში რომ მოხდეს - ქმარმა ცოლს დაუფარავად უღალატოს, სამართლებრივად, ცოლმა ასეთი ქმარი შეიძლება, საერთოდ, "ნულზე" დატოვოს. იქ ქალის და კაცის ღალატი, ორივე ღალატად მიიჩნევა... კიდევ, ძალიან მაღიზიანებს, რომ კაცებს არ უნდათ, ქალებმა იმუშაონ ან ზოგჯერ მეორე უკიდურესობაში გადავარდებიან ხოლმე: ეჩვევიან, რომ ისინი ქალმა უნდა არჩინოს და გაუტკბებათ... მოკლედ, ბევრი ნიუანსი და დეტალია, რაც არ მომწონს. თუ გამოჩნდება ისეთი ქართველი კაცი, ვინც ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და "ღრუზინული" თვისებები არ ექნება, ქართველზე გავთხოვდები, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველს ნაკლებად შევეწყობი.

- საქორწინო კონტრაქტზე რას ფიქრობ?

- ჩვენ ამის კულტურა არ გვაქვს. ბევრჯერ ისე ხდება, რომ განქორწინების მერე, კაცებს ჰგონიათ, ცოლს ბავშვი "მოჰყვა". საქორწინო ხელშეკრულება იმისთვისაა, რომ თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და დავშორდით, ჩემს შვილს ის ელემენტარული ექნება, რაც ეკუთვნის და მარტო ჩემი - დედის სარჩენი არ გახდება (როგორც დედაჩემის შემთხვევაში მოხდა).

- ქორწინებამდე წყვილის თანაცხოვრება შენთვის მისაღებია, აუცილებელი თუ მიუღებელი?

- ვფიქრობ, მისაღებია, რადგან თანაცხოვრება სხვა რამეა. დაცული მაინც არაფრისგან ხარ - ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება, პარტნიორმა გაუთვალისწინებელი სიურპრიზი გაგიკეთოს, მაგრამ თანაცხოვრებისას, წყვილი ერთმანეთს მაინც უკეთ ეცნობა. შეიძლება, ურთიერთობაში ბევრი რამ ვერ შენიშნო, რაც თანაცხოვრების დროს გამოჩნდება. ქორწინებამდე თანაცხოვრება აუცილებელი - არა, მაგრამ სასურველია. პირადად მე, სანამ გავთხოვდები, ალბათ, ჩემს პარტნიორთან ერთად ვიცხოვრებ, მაგრამ ეს იმის გარანტი მაინც არ არის, რომ ქორწინება სრულყოფილი იქნება. შეიძლება, წლების განმავლობაში, ცოლ-ქმარი ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი მაინც არ იცოდნენ.

- წარმოიდგინე, რომ შენი ოცნების მამაკაცთან პაემანზე მიდიხარ. რას ჩაიცვამ ან როგორ ვარცხნილობას გაიკეთებ?

- განსაკუთრებულად გამოვეწყობოდი, მაგრამ გააჩნია, სად მივდივარ, რადგან ჩემი აზრით, როგორ არაჩვეულებრივადაც უნდა გამოიყურებოდე, თუ არაადეკვატურად გაცვია, უკვე სასაცილო ხარ.

- ნინი, როგორ ფიქრობ - სასურველი საპატარძლო ხარ?

- ვაიმე, მტრისას (იცინის)!.. სასურველი კი არა, ასაკის მატებასთან ერთად, ხასიათი ცოტათი თუ არ შემეცვალა, ვფიქრობ, საერთოდ გაუთხოვარი დავრჩები (იცინის).

ეთო ყორღანაშვილი