როგორ გამოცადა მამამთილმა ვერკა ჯაჯანიძე
font-large font-small
როგორ გამოცადა მამამთილმა ვერკა ჯაჯანიძე
ვერკა ჯაჯანიძისა და ირაკლი შალიკაშვილისთვის შარშანდელი წელი ნაყოფიერი აღმოჩნდა - წყვილი ახალ წელს ახალ ბინაში შეხვდა. ბინა პატარაა, მაგრამ მყუდრო და ნათელი, რაც მთავარია, მისი ბინადრები კომფორტულად გრძნობენ თავს. განსაკუთრებით პატარა დემეტრე აქტიურობს და ყველა კუნჭულში საქმიანად დაქოთქოთებს. სტუმრები უყვარს. ჩემს იქ ყოფნაში მოასწრო სიმღერაცა და ცეკვაც, თავისი წიგნებიც დამათვალიერებინა და რომელ სურათზე რომელი ცხოველი იყო დახატული, ესეც მომახსენა, რა თქმა უნდა, თავის ენაზე. ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ წლი-ნახევრის ტიტინა ბიჭი საუბარს არ გვაცდიდა და ჩვენ გარშემო ჯიუტად ტრიალებდა, აქაოდა, ყურადღება მეც მომაქციეთო. ზოგჯერ ვერკას დედა, ქალბატონი ნანა გაიტყუებდა ხოლმე აივანზე და ჩვენც მაშინ ვიხელთებდით დროს სასაუბროდ.

- სტუდენტობიდან ქირით ვცხოვრობდი ჩემს დასთან ერთად. როდესაც მე და ირაკლიმ ვიქორწინეთ, უფრო დიდი ბინა ვიქირავეთ და სამივე ერთად გადავედით. ჩემი და დღესაც ჩემთან ცხოვრობს. არც ერთს არ გვქონდა სტაბილური და დიდი შემოსავალი, რომ ბინის ყიდვა გაგვერისკა. ირაკლი ფეხბურთელია, მაგრამ 2 წლის წინ, როდესაც დემეტრე გაგვიჩნდა, ფეხი მოიტეხა და ტრავმის გამო ვეღარასდროს ითამაშებს...
ცეკვის აკადემიაში რომ დავიწყე მუშაობა, გავთამამდი, ბანკიდან იპოთეკური სესხი გამოვიტანეთ. ჭიათურაში 2 სახლი გვაქვს და ვიფიქრე, ბოლოს და ბოლოს, ერთ-ერთს გავყიდი-მეთქი, მაგრამ აღარ დაგვჭირდა. ძალიან რისკიანი და მეოჯახე ვარ. თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვთქვათ, ბინა შემეძინა და ჩვენი შვილის უკეთესი მომავლისთვის მეზრუნა, ვიდრე ის, რომ მაგრად ჩამეცვა, კარგად დამესვენა და ა.შ. გადაწყვეტილი არც მქონდა, სად მინდოდა - დიღომში თუ სადმე სხვაგან. მთავარი იყო, ჩემი სახლი მქონოდა და ამდენი წლის ოცნება ამესრულებინა.
- ვერკა, ვისი გემოვნებით დააპროექტეთ და მოაწყეთ ბინა?
- უფრო, ჩემი გემოვნებით გავაკეთეთ ყველაფერი. მინდოდა, ნათელი და თბილი სახლი გამოსულიყო. რაღაცებზე ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ ბოლოს ზოგი რამ მან დათმო, ზოგიც - მე და კონსენსუსს მივაღწიეთ... ყველაზე მეტი სამზარეულოს მოწყობაზე ვიკამათეთ. სახლზე ძვირი, სამზარეულო დაჯდებაო, - მეუბნებოდნენ. ირაკლიმ მამაჩემსაც კი შესჩივლა ჩემი გეგმების შესახებ. მამამაც მირჩია: შვილო, დაფიქრდი, არ გინდა ასეთი ძვირად ღირებული სამზარეულოს გაკეთებაო. დედაჩემიც ირაკლის უბამს ხოლმე მხარს ყველაფერში, მაგრამ მაინც ვერ დამითანხმეს. მოკლედ, ხელოსანი ვნახე და როდესაც სამზარეულო სახლში მოიტანეს, ვხედავ, ისეთი ყვითელია, ისეთი, რომ... სიმწრისგან ფერი დავკარგე. თურმე, წინა ფასადი სხვა იყო და მხოლოდ შიდა მხარე გახლდათ ასეთი ფერის. მაშინღა დავმშვიდდი. ოთახები, როგორც ხედავ, ღია ფერებშია გადაწყვეტილი და დემეტრეს ხელში რთული მოსავლელია. სახლს ნელ-ნელა ვაწყობთ ავეჯით. ახლახან შემოსასვლელის კარადები შევუკვეთეთ და მალე დაგვიმზადებენ. მეგობრებმა საჩუქრად ჭაღები გვიყიდეს, ფულიც შეაგროვეს და საოჯახო ნივთები ვიყიდეთ მათ სახელზე.
- ალბათ, ძალიან ემოციური იქნებოდა პირველი დღე საკუთარ სახლში, არა?
- იცი, ისე დავიღალე რემონტით, რომ სიხარული ვეღარ ვიგრძენი. წარმოიდგინე, ყოველდღე რეპეტიციები და გაკვეთილები სტუდიაში, საღამოს რესტორანში ვცეკვავდი, ღამის 12 საათზე მოვდიოდით მე და ირაკლი ამ სახლში, ვწმენდდი, ვალაგებდი, ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებდი. ასე გაგრძელდა 6 თვე. ყველა მეკითხებოდა, აბა, როგორია შენს სახლში ცხოვრება, რა განცდები გაქვსო? ისეთი უემოციო სახე მქონდა, ალბათ ფიქრობდნენ, არ უხარიაო. ახალ წელს ერთი კვირით დავისვენე. მოდიოდნენ მეგობრები, ნათესავები და გვილოცავდნენ. აი, მაშინ აღვიქვი, რომ სახლი გვქონდა. ახლა უფრო მშვიდად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკში არცთუ ისე ცოტა თანხას ვიხდი. განვადებაც ბევრი გვაქვს, მაგრამ ახლა ირაკლიმაც დაიწყო მუშაობა და ნელ-ნელა გავისტუმრებთ ყველა ვალს. ბედნიერი ვარ, ახალშექმნილმა ოჯახმა ბინის ყიდვას რომ მოვაბით თავი. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ცხოვრება...
- ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში ყველაზე დიდი სირთულე რა აღმოჩნდა?
- მე ვიცოდი, რას ნიშნავდა ოჯახი და მზად ვიყავი ამისთვის. ირაკლიც ხელს მიწყობდა ყველაფერში, დედაჩემიც ჩემთან არის და დემეტრეს ზრდის, მე დღედაღამ სამსახურში ვარ. მეორე შვილს აუცილებლად მაშინ გავაჩენ, როდესაც დრო მექნება და თვითონ შემეძლება მისი გაზრდა. ზოგჯერ მრცხვენია ხოლმე, დედაჩემი რაიონში რომ მიდის, ვურეკავ და ვეკითხები, აბა, რა ვაჭამო, შენ როგორ უმზადებ და ა.შ. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, თუ არ ვიმუშავებ, ვერც ვერაფერს მივაღწევ.
- ხშირად კამათობთ ხოლმე ცოლ-ქმარი?
- სხვათა შორის, არა. ერთმანეთს ვეუბნებით, მოდი ასე დავგეგმოთ, ასე გავაკეთოთ, ასე უკეთესი ხომ არ იქნება? ერთადერთი, რაზეც ხშირად ვკამათობთ, ეს არის მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ირაკლის მალე სწყინდება ერთი და იგივე მანქანა და სულ გაცვლა-გამოცვლაშია.

ნანა პროცენკო, ვერკას დედა:
- ვეუბნები, დაანებოს თავი, რას ეკამათება, ფულს ტყუილად ხომ არ ყრის? თანაც, იცის თავისი ნივთების გაფრთხილება და რას ერჩის? როგორ იცავს, ხომ ხედავ (იცინის)? ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სიძე-სიდედრს. ირაკლი ნანუჩის ეძახის: ნანუჩი, რა წამოვიღო, რა გავაკეთო, ხომ ხედავ, როგორ გიფრთხილდები და ა.შ. ვეტყვი ხოლმე, რა იქნება, ზოგჯერ ჩემი მხარეც რომ დაიჭირო და ირაკლი კი არა, მე შემაქო-მეთქი?
- ორი გოგოს პატრონს სიძეების შიში ხომ არ გქონდათ?

ნანა:
- როგორ არა, ვნერვიულობდი, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მქონდა, დათმობა და მოთმენა შემიძლია. ახალგაზრდები არიან და თავის ჭკუაზე უნდათ ყველაფრის გაკეთება, მე არ ვერევი მათ საქმეში. ირაკლი კარგი ხასიათის ბიჭია, არ სვამს, არ ეწევა, მეოჯახეა და რა უნდა დააშავოს ისეთი, რომ ვერ შევეწყოთ ერთმანეთს? ამას წინათ მკითხა: შენ სულ ასეთი წყნარი და მშვიდი ხარო? შენ თუ სულ ასეთი კარგი ხასიათის იქნები, მეც ასეთი ვიქნები-მეთქი, - ვუთხარი და ეცინებოდა.
- ვერკა, დიდხანს თუ გაბრაზებულხართ ერთმანეთზე?
- პატარა რამეზე კი, ოღონდ უფრო დემეტრეს გაჩენამდე და ძირითადად, ცეკვასთან დაკავშირებით. ხომ იცით, ათას ჭორს უგონებენ მოცეკვავეებს, მსახიობებსა თუ მომღერლებს. როდესაც გაიგეს ჩვენი ამბავი, ბევრი კითხულობდა: რატომ აირჩია ირაკლიმ ვერკა?
- და თვითონ რას გეუბნება - რატომ აგირჩიეო?
- აქ რომ იყოს, თვითონ გეტყოდათ. მე ძალიან უბრალო და უშუალო ვარ ადამიანებთან ურთიერთობაში და ვფიქრობ, ამით მოიხიბლა.
- როგორი მამაა?
- საოცრად თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი. როდესაც დედა ჭიათურაში მიდიოდა და დემეტრე ირაკლისთან რჩებოდა, თითქმის მთელი დღე არაჩვეულებრივად უვლიდა: ბანდა, აჭმევდა, აძინებდა. დემეტრესაც განსაკუთრებულად უყვარს მამამისი. როდესაც ირაკლი სახლში ბრუნდება, აბსოლუტურად უკონტროლო ხდება ბავშვი. მოკლედ, აქტიურად არის ჩართული დემეტრეს აღზრდასა და მოვლაში.
- ძალიან ლამაზი ქორწილი ჰქონდათო, ამბობდნენ...
- იმდენ ქორწილში მაქვს ნაცეკვი, კარგად ვიცი, რას ნიშნავს არაჩვეულებრივი ქორწილი, მაგრამ ამის ორგანიზებას დიდი თანხაც სჭირდება. რომელ რესტორანშიც ვმუშაობდი, ქორწილიც იქ გადავიხადე. 230 კაცი გვყავდა მოპატიჟებული. მინდოდა, სანახაობრივი ყოფილიყო და მგონი, გამომივიდა კიდეც, მაგრამ ისეთი გადაღლილი ვიყავი ემოციებისგან, არაფერი მახსოვს. ვერ შევირგე ქორწილის დღე, ვნერვიულობდი: ვაიმე, ყველა დაჯდა თუ არა, ვინ მიირთმევს და ვინ არა, ხომ ყველაფერი რიგზეა და ა.შ. ორგანიზებამ გადამღალა. ამას ისიც დაემატა, რომ მეორე დღესვე ძალიან ცუდი კომენტარები დამიწერეს საქორწილო კაბის გამო, რაც დღემდე მიფუჭებს განწყობას: პირადშიც მწერდნენ და მლანძღავდნენ, განსაკუთრებით ასაკიანი ქალები, რაც მაკვირვებდა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აზრს.
- ეს ყოველთვის თან სდევს პოპულარობას, უნდა შეეგუო. ისე, ჭიათურაში გაზრდილი გოგონა ასეთი წარმატებული და პოპულარული რომ გახდებოდი, თუ იფიქრებდი?
- სხვათა შორის, ერთი ნათესავი მახსენებს, ბავშვობისას სულ იმას ამბობდი, რომ ჩემი სახელი ტელევიზორში დაიწერებაო. მართლაც ასე მოხდა და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ვიყავი და ვარ მებრძოლი, შრომისმოყვარე, მიზანდასახულიც. იყო წლები, განსაკუთრებით ჭიათურაში ცხოვრების დროს, როდესაც ძალიან ვნერვიულობდი ჩემი საქმიანობისა და პროფესიის გამო. მამასაც კი ვუმალავდი, რომ სამეჯლისო ცეკვებზე დავდიოდი. კონცერტიდან ატირებული ვბრუნდებოდი სახლში. მასწავლებელი გვეუბნებოდა, დაიცადეთ, მოვა დრო და ეს ხალხი ტაშს დაგიკრავთო. სამეჯლისო ცეკვები "ნიჭიერის" პროექტით გახდა პოპულარული. მერე იყო "ცეკვავენ ვარსკვლავები" და მაყურებელს უკვე შეუყვარდა ეს ცეკვები. ამით იცი, რისი თქმა მინდა? ფარ-ხმალი არასდროს არ უნდა დაყარო, თუ შენი პროფესია გიყვარს...
- ვერკა, საუბრის დასასრულს ისიც მითხარი, როგორი რძალი ხარ?
- ერთად რომ ვცხოვრობდეთ, არ ვიცი, რა და როგორ იქნებოდა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგი დედამთილ-მამამთილი მყავს. მამამთილი სულ მაქებს: ჩემი კარგი გოგო ხარ, ჩემი ბიჭების ათასჯერ დარეკვას და მოკითხვას შენი ერთი მოკითხვა მირჩევიაო. არ მავიწყდება ჩვენი შეხვედრისა და გაცნობის ამბავი. სანამ დავოჯახდებოდით, ირაკლიმ გადაწყვიტა, ქუთაისში ჩავეყვანე მშობლების გასაცნობად. მამამთილმა ჩემი გამოცდა გადაწყვიტა და გათენდა თუ არა, მითხრა, საქონლის ფერმა გვაქვს და წამოდი, უნდა გაჩვენოო. ალბათ ეგონა, არ ვიკადრებდი წასვლას. მომცა "ვალინკები", - მაშინ ჩაიცვი, წავიდეთო. დავთანხმდი და ასე ჩავაბარე სარძლომ პირველი გამოცდა...
ნინო ჯავახიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ცხოვრებაში ყველაფერი რთულად "მეძლევა"...
"დედა ლავაშებს აცხობდა, მე კი მაღაზიებში ვარიგებდი..."
"ყოველ დილას მივდივარ და ნერგს ვაკვირდები: აბა, რა ქნა, გაიხარა?"
"რამდენიმე ათეული წელია ვცდილობ, მივუახლოვდე გალაკტიონის სულიერ იდუმალებას"
"ვატიკანას" პირადი ცხოვრება
"მრავალშვილიანებს სხვა პრივილეგიები უნდა მივანიჭოთ"
სოფო ბედია თავს იღბლიან ადამიანად მიიჩნევს
მოსწონს თუ არა გივის "მამალი ქალები"?
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
0 კომენტარი
"რთულია მარტოხელა დედობა"
ექთანი - "მის მკერდის" სტატუსით
1 კომენტარი
"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..."
24 წლის გოგონას სევდიანი თავგადასავალი
7 კომენტარი