"მთავარი მაინც უხილავია" - გზაპრესი

"მთავარი მაინც უხილავია"

მაშინ, როცა ბავშვობაში დედა "პატარა უფლისწულს" უკითხავდა, ვერც ტექსტის სიღრმეს ხვდებოდა და ვერც იმას წარმოიდგენდა, წლების შემდეგ, ამ ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლს თუ დადგამდა. მთელი ცხოვრება ჰქონდა განცდა, თითქოს "პატარა უფლისწული" ლანდივით თან სდევდა. საკუთარ ძალებში დარწმუნების და გონებაში გათამაშებული სცენების შემდეგ, აზრებს წერტილი, მისთვის ძვირფას, ცისფერთვალა ბიჭში, უფლისწულის დანახვით დაესვა. იმავე წუთში საკუთარ თავს უთხრა: "გადაწყდა, ამ სპექტაკლზე მუშაობა უნდა დავიწყო".

მსახიობი ირაკლი კავსაძე მოზარდ მაყურებელთა თეატრში "პატარა უფლისწულზე" მუშაობს. სპექტაკლს დედის ხსოვნას უძღვნის. რეპეტიციის ერთ მონაკვეთს დავესწარი. "მთავარი მაინც უხილავია", - ფრაზა, რომელიც ამ ნაწარმოებს თან სდევს, მისი მთავარი ძარღვია. მერე რა, რომ თვალით ვერ ხედავ იმას, რაც უხილავია, მთავარია ემოცია, განცდა დაიჭირო და გულით შეიგრძნო.

- დღეს 3 მარტია, თქვენ კი მუშაობთ სპექტაკლზე, რომელსაც დედის - ბელა მირიანაშვილის ხსოვნას უძღვნით. ვიცი, რომ ამ ნაწარმოებთან ბავშვობის მოგონებები გაკავშირებთ, თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია, დედას გახსენებთ.

- დიახ, ნაწარმოებები ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. "პატარა უფლისწულის" მიმართ დედას გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა. არსებობს ჩანაწერი, სადაც დედა, ამ ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში თამაშობს. "პატარა უფლისწული" თითქოს საბავშვოა, მაგრამ ამავე დროს, არ არის მარტივად გასაგები და აღსაქმელი. ავტორი გვაფრთხილებს: უკაცრავად, ბავშვებო, ეს თქვენთვის არ არის გათვლილიო. სწორედ დიდები უნდა ჩასწვდნენ იმ აზრს, რომელიც ამ ნაწარმოებშია ჩადებული. ეს ბავშვისთვის რთული თუნდაც იმიტომ არის, რომ მას გამოცდილება არ აქვს.

- გამონაკლისი თქვენც არ იქნებოდით.

- რა თქმა უნდა, როცა დედა მიკითხავდა, ამ ნაწარმოების სიღრმეს ვერ ვიაზრებდი. უფლისწული არის სისუფთავის, სისპეტაკის სიმბოლო, თითქოს დედაჩემის ხასიათთან ყველაზე ახლოსაა. მასსა და დედას შორის დიდ მსგავსებას ვხედავ, დედა ბრძენი ქალი იყო. უფლისწულიც ბევრ სიბრძნეს ლაპარაკობს, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა. დასაფიქრებელია ფრაზა, რომელიც ამ ნაწარმოებს ლაიტმოტივად გასდევს: "მთავარი მაინც უხილავია".GzaPress

- ეს ფრაზა ალბათ, არაერთ მკითხველს დააფიქრებს.

- რა თქმა უნდა. სწორედ ეს უხილავი რაღაც ჰქონდა დედაჩემს, რითაც იყო განპირობებული მისი მიზიდულობა. ის ბევრს აინტერესებდა, მასთან ყოფნა ბევრს უნდოდა. დედას ურთიერთობები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ცხოვრებაში შეხვდა, პატარა უფლისწულის პლანეტებზე მოგზაურობის ამბავს მაგონებს. დედასთან სახლში ბევრი უცხო ადამიანი მოდიოდა, არაერთთან დამეგობრებულა.

- გაიხსენეთ შემთხვევა, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ.

- დედას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენთან ერთი ქალბატონი მოდიოდა, მაგრამ შინ არ შემოდიოდა, კართან იდგა და მერე მიდიოდა. ეს უხერხულობაში მაგდებდა. მაინცდამაინც იქ რატომ იდგა? ეს შემთხვევაც მელიის ამბავს მაგონებს. იქ არის ასეთი ფრაზა: ძალიან რთულია შეიჩვიო ადამიანი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიეჩვევი, განშორება ძალიან ძნელიაო.

სპექტაკლის პირველი მოქმედება თავად დავწერე, ეს ეპიზოდი დედანში არ არსებობს, მაგრამ პირდაპირ კავშირშია ავტორის ცხოვრებასთან, დაზუსტებულ ბიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს.

ეს ნაწარმოები ლამის ზეპირად ვიცი, არაერთხელ მაქვს წაკითხული, ყოველ ჯერზე მასში შესაძლოა სხვა განცდა და ემოცია აღმოაჩინო. ამ ნაწარმოებს იმდენი ქვედინება აქვს, შეგიძლია სხვა სიუჟეტიც კი ააწყო, ძალიან ღრმა და ბევრისმთქმელია.

- "პატარა უფლისწულის" დადგმის იდეა როდის გაგიჩნდათ?

- ეს ნაწარმოები მთელი ცხოვრება ლანდივით თან მდევდა. როდესაც რაიმეს გაკეთებას გადაწყვეტ, საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებული უნდა იყო. მეტაფორებით საუბარი მიყვარს. არ შეიძლება შენ, რიგითი მაყურებელი სტადიონზე უყურებდე ფეხბურთს და თქვა, ჩავხტები და ამათზე უკეთ ვითამაშებო. როდესაც ჩემს ძალებში დავრწმუნდი, როცა მივხვდი, რომ სპექტაკლის აწყობა შემიძლია, მაშინ დაიწყო ფიქრი: "პატარა უფლისწული" ხომ არ დავდგა?" დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, ცხელი საგნის აღება რომ გინდა და ხელს ვერ აკარებ, ნელ-ნელა ეპარები. ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. ინსპირაცია, რამაც გადაწყვეტილება საბოლოოდ მიმაღებინა, ჩემი დის, ნანუკას შვილიშვილი, ანუ დედას შვილთაშვილი იყო, რომელიც ჩემი სეხნიაა. შარშან თბილისში რომ ვიყავი ჩამოსული, ერთ დღეს ბავშვი ოთახში დარბოდა. ქერათმიანი ცისფერთვალება ბიჭია. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ეს პატარა უფლისწულია-მეთქი. დავსვი წერტილი, დავარტყი ბეჭედი, - ბავშვები სწრაფად იზრდებიან, სანამ დროა, სპექტაკლზე მუშაობა უნდა დავიწყო-მეთქი.

- ანუ პატარა უფლისწულს ნანუკა ხუსკივაძის შვილიშვილი ითამაშებს?

- დიახ, მთავარ როლში ის იქნება, ეყოლება დუბლიორიც.

- როდესაც გადაწყვეტილება მამას გაანდვეთ, რა გითხრათ?

- შევთავაზე, ითამაშე-მეთქი. რა თქმა უნდა, დამთანხმდა. ამჟამად მამა ამერიკაშია, ჩემს სახლში, მალე ჩამოვა და რეპეტიციებზე შემოგვიერთდება. კახის მაინც სიმბოლური დატვირთვა აქვს. რომელიმე კონკრეტული პერსონაჟი კი არა, მისი და ბელა მირიანაშვილის ურთიერთობის სახე იქნება. სპექტაკლში ყველა როლს თავის დუბლიორი ეყოლება. როდესაც დაისვა საკითხი, ვინ უნდა ყოფილიყო კახის დუბლიორი, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის არავინ ჩაანაცვლოს. ბელასთან მიმართებაში კახი, კახია. არავის ვაკნინებ, უბრალოდ მინდა, სწორად გამიგონ, კახი თუ არ იქნება, კავშირიც არ იქნება.

- ანუ ის, რაც უხილავია...

- ზუსტად. კახი თამაშს თუ ვერ მოახერხებს, მაშინ იქნება სპექტაკლის მეორე ვერსია, კახის გარეშე.

- არჩევანი მოზარდ მაყურებელთა თეატრზე რატომ შეაჩერეთ?

- ეს კითხვა ბუნებრივად იბადება, რადგან დედამ მთელი ცხოვრება რუსთაველის თეატრში გაატარა, ის იყო მისი სახლი. თუმცა, ვფიქრობ, სწორედ აქ არის ამ სპექტაკლისთვის საჭირო აურა. ამ თეატრში არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მსახიობები არიან, ნიჭიერები, ჯანმრთელები, მონდომებულები, შენთან მთელი სულითა და გულით რომ არიან. მსახიობების გაცნობა ნელ-ნელა დავიწყე. ამ შემოქმედებით პროცესში უთქმელად ვაკვირდებოდი მოვლენებს, თეატრს, მსახიობებს... შემდეგ, როდესაც საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება და სამხატვრო ხელმძღვანელისგან ხელშეწყობა ვიგრძენი, მერე უკვე გამოვჩნდი და დავიწყე სპექტაკლებზე სიარული, მსახიობებზე დაკვირვება, შემდეგ შევხვდით, ვისაუბრეთ...

- პრემიერას როდისთვის ველოდოთ?

- აპრილის ბოლოსთვის ვგეგმავთ და იმედია, ყველაფერი მოესწრება. დედა პირველ აპრილს არის დაბადებული და კარგია, რომ ეს სპექტაკლიც ამ თვეში იქნება.

- ამ პერიოდს აქ გაატარებთ?

- ბუნებრივია.

- ამერიკაში თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით?

- ამჟამად თეატრში აღარ ვთამაშობ, გადავწყვიტე თავისუფალი აგენტი გავმხდარიყავი. დროა, უფრო აქტიურად ვიყო კინოში, გამოვიდე საზოგადოებაში... თეატრში ინტენსიური მუშაობა იყო, რეპეტიციებს დიდი დრო მიჰქონდა. ამერიკაში მსახიობობა ცოტათი სხვაგვარი ცნებაა. როცა შენ ამბობ, მე მსახიობი ვარ, ისინი გეუბნებიან, - უი, რა კარგია და იქვე გეკითხებიან, სად მუშაობ? თუ არსად მუშაობ, ე.ი. ძვირად ღირებული ყოფილხარ. ამერიკაში მსახიობი, რომელიც მხოლოდ თეატრში მუშაობს, საკუთარ თავს ვერ შეინახავს, ამიტომ გიწევს სხვაგან მუშაობაც, მსახიობობა ღარიბი პროფესიაა.

GzaPress- არ მეგონა, ამერიკაშიც ეს პრობლემა თუ იყო.

- ასეა, აქ მსახიობები რამდენიმე თეატრთან თანამშრომლობენ, პარალელურად იღებენ ფილმებში, სერიალებში. აქ არტისტობა პროფესიაა, იქ პროფესიად ბოლომდე ვერ აღიქვამენ, მაინც გეკითხებიან, სად მუშაობო?

- პრემიერაზე ოჯახის ჩამოყვანას ხომ არ აპირებთ?

- ეგ ძვირი სიამოვნებაა. ეს სპექტაკლი პრემიერის შემდეგ ალბათ, რეპერტუარში დარჩება. ჩემები როცა ჩამოვლენ, ექნებათ საშუალება, მოვიდნენ და ნახონ.

- საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ, "პატარა უფლისწულის" შემდეგ სხვა სპექტაკლზე მუშაობასაც ხომ არ აპირებთ?

- ჯერ პრემიერა გაიმართოს და მერე ვნახოთ.

- 17 წელია, ამერიკაში ცხოვრობთ. საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ სად ხედავთ?

- 17 წელი პატარა დრო ნამდვილად არ არის. ჩემი ცხოვრების მესამედი იქ მაქვს გატარებული. რა იქნება 10 წლის შემდეგ, ეს რთული სათქმელია. ერთია სურვილი და მეორე გარემოება, რომელიც ხშირ შემთხვევაში, რაღაცებს გვკარნახობს. თეატრში იმდენად დაკავებული ვიყავი, ბევრ პროექტზე მომიხდა უარის თქმა. ეს ცუდია, არ მინდა მოუცლელის იმიჯი მქონდეს. ახლა მზად ვარ მივიღო ახალი შემოთავაზებები, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

თამუნა კვინიკაძე