"საქართველოში ქალი თითქოს ყველაფერს უთმობს კაცს" - გზაპრესი

"საქართველოში ქალი თითქოს ყველაფერს უთმობს კაცს"

რატომ არის რთული, ცხოვრობდე საქართველოში და იყო ქალი? რატომ არ იყენებენ ჩვენი ქვეყნის ქალები საკუთარ ადამიანურ რესურსებს? რა პრობლემებს აწყდებიან არარეალიზებული ადამიანები, რომლებიც შემდეგ, გარშემო მყოფებსაც დისკომფორტს უქმნიან? - ამის შესახებ ტელეწამყვანი ლიკა ქორქია გვესაუბრება...

- საქართველოში ქალად ყოფნა რთულია, რადგან მგონია, რომ ჩვენი მენტალური მდგომარეობა ვერ განვითარდა. როცა ისტორიულ ნაწარმოებებს ვკითხულობ, ხანდახან ვხვდები, რომ "იმის იქით" არ მივდივართ. ხშირად მესმის - იმის გამო, რომ მაგალითად, რთული ისტორია გვქონდა, თანამედროვე ცივილიზაციას ვერ დავეწიეთ და ნელ-ნელა მივდივართ წინო - ეს "ნელ-ნელა" უკვე ძალიან მაღიზიანებს. მთელი მსოფლიო სხვა სტანდარტზე გადავიდა, ადამიანები სხვანაირად ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ მაინც "ნელ-ნელა" ვეწევით იმ ცივილიზებულ ნაწილს, რაც ჩვენთვის მისაბაძ ქვეყნებს ბევრი ათწლეულის წინ ჰქონდათ. შესაბამისად, აქ რთული სიტუაციაა, რაღაც დოგმებია. მაგალითად, ოჯახში ბიჭის დაბადებას განსაკუთრებულად აღნიშნავენ, გოგოს დაბადებისას ისეთი მონდომებულები არ არიან - უხარიათ, რა... შემდეგ, ოჯახი თუ გადაწყვეტს, შვილები სწავლობენ (რაც ძალიან მიხარია). უკვე ის ტენდენცია ყალიბდება, რომ ზოგადი სწავლა-განათლება აუცილებელია. ზოგადი განათლების "იქით" ოჯახები მაინც არ ზრუნავენ. ჰოდა, მერე გოგო უნდა გათხოვდეს, გააჩინოს შვილები, დაჯდეს სახლში და დაელოდოს მეუღლის ფინანსურ გაძლიერებას, რომ ქმარმა ელემენტარული თანხა მისცეს საჭმლის მოსამზადებლად, ბავშვების მოსავლელად, ტანსაცმლის შესაძენად, ანუ სხვა მხრივ, ქალის რეალიზება არ ხდება, მისი ადამიანური რესურსი იკარგება. შესაბამისად, მგონია, რომ საქართველოში ქალებს გასაქანი დიდად არ აქვთ.

- შენს ოჯახში როგორი სიტუაცია იყო - ოდესმე დებს გულისწყვეტა გიგრძნიათ იმის გამო, რომ გოგონები იყავით?

- ალბათ, მხოლოდ ბავშვობაში, როცა ფეხბურთს ისე ვერ ვთამაშობდით, როგორც ბიჭები, თუმცა კალათბურთს ბიჭებზე უკეთ ვთამაშობდით (იღიმის).

- შენთვის რა არის პრიორიტეტული ცხოვრებაში?

- საკუთარი თავის რეალიზება. ირგვლივ მყოფ ადამიანებს სულ ვაკვირდები: ვიბადებით, ვიზრდებთ, მეტ-ნაკლებად განათლებას ვიღებთ. მერე ზოგი ძალიან ადრეულ ასაკში თხოვდება, ზოგი - მოგვიანებით და იწყება განსხვავებული ცხოვრება, რადგან ცალკე კომპლექსები იჩენს თავს, რომლებიც მამაკაცებს აქვთ, ქალი კი თითქოს ყველაფერს უთმობს კაცს, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოს და ბევრ კომპრომისზე მიდის. ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი სოციალური სიტუაციაა, სამსახურები არ არის, მაგრამ საკუთარი თავის რეალიზაცია მხოლოდ 9-დან 12 საათამდე მუშაობა ხომ არ არის? შეგიძლია მოძებნო, რაც "შენია". ჩვენ ერთსა და იმავეს ვხედავთ: ქალები შვილებს აჩენენ (რაც ძალიან კარგია), დილა მათზე ზრუნვით იწყება... ცოტა დრო თუ დარჩათ, შეიძლება სადმე გავიდნენ. იშვიათად შესაძლოა, მეუღლესთან ერთად, რამე ღონისძიებას დაესწრონ. მაინც რუტინაა. ქალებს დროც არ რჩებათ, რომGzaPress უბრალოდ, დასხდნენ და წიგნი წაიკითხონ. არაფერს ისეთი დიდი სიამოვნება არ მოაქვს, როგორიც წიგნის კითხვას. ყოველ წაკითხულ ლიტერატურულ ნაწარმოებს სხვა დონეზე აჰყავხარ... ან თუკი ქალს ხატვა გიყვარს, ხატე, წერე, ივარჯიშე, ბიზნესი "აკეთე"... შენში არსებულ რესურსს ნუ დაკარგავ. ქართველი ქალების უმრავლესობა ამისთვის ვერ იცლის, რადგან პრიორიტეტები სხვანაირად გადანაწილდა... მერე ოჯახური პრობლემები იწყება: ცოლები ქმრებით ქრონიკულად უკმაყოფილო არიან, რადგან არსებულ სოციალურ სიტუაციაში, ქმრებიც იმდენ ფულს ვერ შოულობენ, რომ ცოლის მოთხოვნები დააკმაყოფილონ. შესაბამისად, ოჯახში მუდმივი ჩხუბია. მერე ქმრები მიდიან და სხვა პარტნიორებს პოულობენ, როლებთანაც თავს უკეთ გრძნობენ და ოჯახი ინგრევა - ბედნიერები არ არიან. ეს რის გამო ხდება? ჩვენთან მეტ-ნაკლებად რეალიზებული მამაკაცი გახლავთ, ქალი "გამტარის" მოვალეობას ასრულებს. ახალ თაობაში ეს ნაკლებად იგრძნობა. ოჯახი სიწმინდეა, თუმცა ქალს თავისი როლი და რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეს იმ დოზით, რამდენითაც კაცს აქვს, რადგან ორივე ადამიანია, შინაგანად ორივე ნიჭიერია. ნიჭი ყველა ადამიანს აქვს. უბრალოდ, მას დახვეწა და განვითარება სჭირდება, ამისთვის ორივემ უნდა იბრძოლოს.

- ლიკა, ისეთი ნიჭი ხომ არ გაქვს, რის შესახებაც არ ვიცით?

- ისეთი განსაკუთრებული, რომ ვთქვა, - ამ სფეროში აღმოჩენა ვარ-მეთქი, არ მაქვს. თუმცა, როცა ახალ რაღაცებს ვცდი ხოლმე, ვატყობ, თუ "მივყევი", შეიძლება რაღაც გამომივიდეს, რადგან მჯერა, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი ნიჭიერია. ის უნდა იპოვო, რისი გაკეთებაც ყველაზე კარგად შეგიძლია. მე ძიებაში ვარ. თავისუფალ დროს ვწერ, ვხატავ... მინდა, ჩემი შესაძლებლობები ყველა მიმართულებით მოვსინჯო... ისე კი, წიგნის კითხვისგან ყველაზე დიდ ენერგიას ვიღებ.

- როდის გააცნობიერე, რომ მომხიბვლელი გოგო ხარ?

- ამას ყოველთვის ვაცნობიერებდი. ბავშვობაში, როცა დედები გოგონებზე ზრუნვას იწყებენ, ბავშვი როგორი ცელქი და ბიჭურიც უნდა იყოს, მაინც პრანჭავენ. მერე ხვდები, რომ ეს კარგია... სკოლაში სწავლის პერიოდში ცოტათი მსუქანი ვიყავი, მაგრამ ეს არ მაკომპლექსებდა, რადგან დავრბოდი, ფეხბურთს, დაჭერობანასა თუ წრეში ბურთს კარგად ვთამაშობდი. გარდატეხის ასაკში ვიყავი, როცა ზაფხულში, ბორჯომში დასვენებისას უცებ დავიკელი წონაში. მივხვდი, რომ საკუთარი თავი მომეწონა, თუმცა როგორც გითხარით, ჩემი თავი მანამდეც მომწონდა და ზედმეტი წონა არ მაკომპლექსებდა.

- შეყვარებული როგორი ხარ?

- მგონია, რომ ადამიანი მეტ-ნაკლებად ყოველთვის შეყვარებულია: დედაზე, მეგობარზე, სიტუაციაზე, მზეზე... დილით გაღვიძებული კარგ ხასიათზე რომ ხარ, ე.ი. რაღაცები გიყვარს. როცა აცნობიერებ, რომ შენს ცხოვრებაში არის ადამიანი (ან ადამიანები), ვინც გიყვარს, ეს სტიმულს გაძლევს, გაძლიერებს, რომ მყარად იდგე და ბედნიერი, გახარებული იყო. ამისთვის კონკრეტული ადამიანი საჭირო არ არის. ირგვლივ მყოფ ადამიანებს რომ ვაკვირდები, ვისაც პირადი ურთიერთობები აქვთ, იცვლებიან: თუკი წონაში მომატებულები არიან, იკლებენ, სხვანაირად აქტიურები ხდებიან. სიყვარული გარეგნობაზეც ეტყობათ და ეს მათ შინაგან ბუნებაზეც აისახება - მშვიდდებიან.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება, ქალი მეორე ნახევრის გარეშე ბედნიერი იყოს?

- ბედნიერების ფორმულა ყველასთვის აბსოლუტურად განსხვავებულია. შეიძლება, ვიღაცისთვის ბედნიერება მხოლოდ ის იყოს, რომ ქმარი, შვილები ჰყავდეს, სადილი ამზადოს, სახლიდან არ გავიდეს და ბავშვებს მოუაროს, ვიღაცისთვის ბედნიერება ხელოვნებაშია და გვერდით არავინ სჭირდება... მაინც მგონია, რომ ბედნიერებაა, როცა შენს საქმეს აკეთებ, რეალიზების საშუალება გაქვს. რეალიზება ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ აგრესია არ გიგროვდება - შენს ენერგიას ისეთ რაღაცაში დებ, რაც გიყვარს, მოგწონს და შესაბამისად, ეს სილაღეს გაძლევს. ასევე, სილაღეს გაძლევს განათლება, განვითარება, პროგრესულობა. ირგვლივ მყოფ ადამიანებს პრობლემებს არ უქმნი. აგრესიულობა ჩვენი სენია - ქვეყანაში თითქმის ყველა ცუდ ხასიათზეა. ბედნიერი მაშინ ხარ, როცა ცოტ-ცოტა დოზით ყველაფერი გაქვს.

- ესთეტიკური მედიცინის ყველა ცენტრი რომ გაქრეს, თავის მოვლას შეძლებდი?

- ესთეტიკური მედიცინის ცენტრებით დიდად არ ვსარგებლობ. ასე რომ, გაქრება თუ არა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გარკვეული ასაკიდან თავის მოვლა აუცილებელია, მაგრამ რომ გითხრა, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში რამე კონკრეტული მჭირდება-მეთქი, მოგატყუებ. თავის მოვლის ჩემი ძირითადი საშუალება სწორი კვება, ბევრი წყლის დალევა, გაზიან სასმელებზე უარის თქმა გახლავთ. ტკბილეულზე უარს არ ვამბობ, რადგან ვიცი, ბედნიერების ჰორმონი ამაშია. თავის მოვლის საშუალებებს ხშირად მჩუქნიან. როგორი კრემი არ მიცდია, მაგრამ ერთმა ახლობელმა ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული საცხი რომ მომცა - ამაზე კარგი არაფერი გამომიყენებია! შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სახლის პირობებში თავის მოვლა მარტივადაა შესაძლებელი. პირველი, რაც ადამიანს აბერებს, სტრესი და ნერვიულობაა, ასევე - რა თქმა უნდა, ეკოლოგიური პროცესი ჩვენს ქალაქში (მტვრის ბუდეში ვცხოვრობთ)...

GzaPress- სადაქალოში ყველაზე ხშირად, რას გსაყვედურობენ?

- მოუცლელობას. დროს ვერ ვანაწილებ, რადგან ძილიც აუცილებელია, რომ თავში რაღაც დალაგდეს. გართობაც ერთფეროვანი გახდა: ასე მგონია, "დეჟავუ" მაქვს - ერთნაირი ადგილებია, ერთნაირად ვერთობით, თითქოს არაფერი იცვლება.

- ოდესმე სასოწარკვეთილ დიასახლისად გიგრძნია თავი?

- საერთოდ, სასოწარკვეთილად თავი დიდად არ მიგრძნია. შეიძლება, რაღაც ისე ვერ იყოს, როგორც მინდა, მაგრამ რა უნდა ვქნა - ამაზე ვინერვიულო, ვიტირო, თვითგვემას მივეცე? პრობლემა ან გადაიჭრება, ან - ვერა. გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. სასოწარკვეთის, დეპრესიის, შეუძლოდ ყოფნის "ფუფუნება" არ გვაქვს - ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ - რეალობაში, სადაც თავი უნდა გავიტანოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ აქ არსებული მცირე ბედნიერება ჩვენი ნაწილი გავხადოთ. აქ სხვაგვარად არ გამოდის. განა იმიტომ, რომ ცუდი ქვეყანაა? იდეალური ქვეყანა, ფანტასტიკური ადგილია, თუმცა ალბათ, გენეტიკური კოდი "ჩაგვედო" და ისტორიული მოვლენებიც თავისას აკეთებს - მძიმე აურა, მძიმე სიტუაცია სუფევს. მაგალითად, ქუჩაში 100 მეტრს ფეხით თუ გაივლი, იმდენ ხელგამოწვდილ ადამიანს დაინახავ, რომ ბედნიერი ვერ იქნები. ნერვიულობას, სასოწარკვეთას რომ მივეცეთ, ეს უარესს გვიზამს - დამძიმებულ სოციუმს მეტი ადამიანი შეემატება. ერთმანეთის დახმარება უნდა ვისწავლოთ, პოზიტივი შევქმნათ და ჩვენთვის შექმნილ კომფორტულ გარემოში ვიარსებოთ.

ეთო ყორღანაშვილი