"ხინკალმენი", რომელსაც ხინკალი არ უყვარს - გზაპრესი

"ხინკალმენი", რომელსაც ხინკალი არ უყვარს

ენაკვიმატი ბავშვი იყო, იუმორის გრძნობა ჰქონდა და მასწავლებლების პაროდიებსაც აკეთებდა. მეშვიდე კლასში სწავლობდა, როცა ქუთაისის "მანსანკანის" გუნდში აიყვანეს. სცენა მოეწონა, მერე მსახიობობაც მოინდომა. ზოგიერთი კიდეც აქეზებდა, სცენისთვის ხარ დაბადებულიო. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის ხელოვნების ლიცეუმში ჩააბარა, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგები ასწავლიდნენ. ის სპექტაკლებში მონაწილეობდა და სხვადასხვა პიესიდან ნაწყვეტებს თამაშობდა. ფაქტობრივად, მსახიობმა ზურა ნიჟარაძემ თეატრალური ინსტიტუტისთვის მოსამზადებელი პერიოდი გაიარა.

"მარტო ჩამოვედი..."

- ქუთაისიდან მარტო ჩამოვედი თბილისში და თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდებზეც მარტო დავდიოდი. ვფიქრობ, კარგად ვიყავი მომზადებული როგორც ჩემს სფეროში, ასევე ხელოვნების ისტორიაში, ლიტერატურაში. ხელოვნების ლიცეუმში სამი წელი ვისწავლე, ბევრს ვკითხულობდი. რაც საჭირო იყო ვიცოდი, მაგრამ ნერვიულობა მაინც გიწევს, რაც უნდა იყოს, გამოცდაა. აქ უკვე სწავლობდნენ ერთი წლით უფროსი ჩემი მეგობრები, რომლებმაც რაღაცები მირჩიეს და ესეც გავითვალისწინე. მოვხვდი გოგი ქავთარაძისა და მზია მაღლაკელიძის ჯგუფში, მერე მათ გურამ საღარაძე დაემატა.

GzaPressსხვათა შორის, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ინსტიტუტში პირველი სიმღერის ანსამბლი. ბიჭები სხვადასხვა ფაკულტეტიდან ერთად ვისხედით ხოლმე კიბეზე და ფოლკლორს ვმღეროდით. მერე ბატონ გიგა ლორთქიფანიძესთან მივედით. ვუთხარით, რომ ანსამბლის ჩამოყალიბება გვინდოდა. მან ანზორ ერქომაიშვილთან გაგვიშვა. ბატონმა ანზორმა მოგვისმინა, ხმები მოეწონა და გვითხრა - თქვენგან კარგი ანსამბლი შეიძლება დადგესო. ვინაიდან მას არ ეცალა, ჩვენი თავი ანსამბლ "რუსთავის" სოლისტს, გოგიტა ბუგიანიშვილს ჩააბარა. მერე ანსამბლ "თეატრალების" ბიჭებს (12 ვიყავით) ჩოხები შეგვიკერეს. როცა ინსტიტუტის რექტორად გოგი მარგველაშვილი მოვიდა, მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის და ახლაც მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის. 2007 წელს საბერძნეთში ფესტივალში ვმონაწილეობდით, სადაც 42 ქვეყანა გამოდიოდა. "თეატრალებმა" გრან-პრი ავიღეთ და ლაურეატები გავხდით. ანსამბლს დაფინანსება არ ჰქონდა და არც კონცერტები იმართებოდა ხშირად. ბიჭებიდან ბევრს ცოლ-შვილი ჰყავდა. შემოქმედებას კი მოგეხსენებათ, დიდი შრომა სჭირდება. ანსამბლის წევრები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოდიოდნენ რეპეტიციებზე. ამასობაში დავამთავრეთ უნივერსიტეტი და დავიშალეთ. ჩვენთან მღეროდნენ შემდეგში ცნობილი "თეატრალური კვარტეტის" ბიჭები, მათ ქალაქური სიმღერა აირჩიეს და დათო არჩვაძეს სთხოვეს დახმარება. ერთი უცნაურობა მოხდა ჩვენი სტუდენტობის დროს, ჩავაბარეთ ინსტიტუტში და დავამთავრეთ უნივერსიტეტი.

"თეატრიდან წამოვედი..."

- თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა თეატრში ვმუშაობდი. მათ შორის იყო სარდაფის, თავისუფალი, მოზარდ მაყურებელთა, გორის თეატრი და ა.შ. ძალიან დაბალი ხელფასის გამო, ჩემთვის რთული აღმოჩნდა თეატრში ყოფნა, ამიტომ წამოვედი. წარმოუდგენელია იმ თანხით ნორმალურად ცხოვრება, მით უმეტეს, როცა ოჯახი გაქვს. წლების მანძილზე ენთუზიაზმით ვიმუშავე, სულ ველოდი, რომ ხელფასი გაიზრდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

როლების შესახებ რა შემიძლია, გითხრათ? ალბათ, ხშირად გსმენიათ, რომ მსახიობს თავისი როლები შვილებივით უყვარს. ყველა შენი გამოძერწილია, შენი შექმნილია, თითოეულში იმდენი შრომაა ჩადებული, ვერც ერთს ვერ გამოარჩევ. თეატრალურ სამყაროში ემოციურ მახსოვრობას ეძახიან იმას, როცა მსახიობი ნაცნობის, მეგობრის ან შეიძლება, უცნობი ადამიანისგან რაღაც ჟესტს, მოძრაობას, სიარულის მანერას თუ ნებისმიერ საინტერესო დეტალს ყურადღებას აქცევს და შემდეგ, როლზე მუშაობისას გამოიყენებს. ჩემს შემთხვევაში, ეს ხშირად ხდება. ზოგჯერ არც მითქვამს, ისე მიმხვდარა ჩემი ახლო მეგობარი, როცა მისი რაიმე ქცევა გამიმეორებია. საერთოდ, მსახიობი ყველაფერს აკვირდება. რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ, ეს ბერტოლტ ბრეხტის ფრაზაა (იღიმის).

"ცივ ნიავს არ აკარებენ"

- აზერბაიჯანისა და ბელორუსიის ერთობლივ ფილმში "პრერვანნიე ვასპამინანია" მთავარი როლი შევასრულე, სომეხი კაცი ვითამაშე. ფილმს მაინც აზერბაიჯანული ჰქვია, რადგან მათი დაფინანსება იყო. გადამღებმა ჯგუფმა კასტინგი თბილისში ჩაატარა. როლზე იმდენი გასინჯეს, იმედიც არ მქონდა. კინოსტუდიაში რამდენჯერმე დამიბარეს: ჯერ გასაუბრება იყო, მეორედ უფრო ვრცელი საუბარი შედგა და ტექსტიც გამომატანეს... ბოლოს, მე და პაატა გულიაშვილი დავრჩით. მან ერთ-ერთ ფილმში სომეხის როლი შეასრულა და მეგონა, მას დაამტკიცებდნენ, მაგრამ რატომღაც არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ფილმი სამამულო ომის 1941-45 და 90-იანი წლების ყარაბაღის ამბებს ეხება. იმ ნაწილში, სადაც ვმონაწილეობ, გერმანიის წინააღმდეგ ერთად იბრძვიან სომეხი, აზერბაიჯანელი და ბელორუსი. პირადად მე, გადაღებები მხოლოდ ბელორუსიაში მქონდა, რომელიც ორი თვე გრძელდებოდა. იქ ვიგრძენი, ზოგადად არტისტი რამხელა ადამიანი ყოფილა, გადასაღებ მოედანზე რომ მეფეა და მას ცივ ნიავს არ აკარებენ. ერთი წუთითაც არ დაგაგვიანდება ვინმეს მიზეზით. გადამღებ ჯგუფში ერთადერთი ქართველი ვიყავი. ერთხელ ასეთი რამ მოხდა: გადაღებამდე ათი წუთით ადრე გამნათებელი ბიჭი მოვიდა და მითხრა, - პირველი ქართველი ხართ, ვინც "ლაივში" ვნახე. როგორი ხალხი ხართო? ჩვენ შესახებ ყველაფერი აინტერესებდა და დავიწყეთ საუბარი. გადაღებისთვის მზად ვარ, ველოდები, როდის დამიძახებენ. არც რთული ეპიზოდია გადასაღები. ასეთი სცენაა, ჯარისკაცები მირბიან და ჩვენც მივრბივართ, არაფერი განსაკუთრებული სათამაშო არა მაქვს. რეჟისორის ასისტენტი მოგვიახლოვდა და გამნათებელს შენიშვნა მისცა, როგორ შეიძლება, გადაღებამდე ასეთი ცოტა დროა დარჩენილი და მსახიობს ესაუბრებიო. მარტო შენიშვნა კი არა, აგდებდნენ ჯგუფიდან, ისეთი ამბავი დაიწყო. შემეცოდა ბიჭი და ვთქვი, რომ მე დავიწყე ლაპარაკი. დატოვეს ის გამნათებელი. გასაოცარი განსხვავებაა ჩვენს გადასაღებ პროცესთან შედარებით. თუ სიცივეა, ორი გოგო დაგდევს. უცბად პლედს მოგაფარებენ, დუბლებს შორის შუალედებში რომ არ გაცივდე, ცხელ ჩაის ან სხვა ცხელ სასმელს შემოგთავაზებენ. საინტერესო იყო მუშაობის პროცესიც, 600-კაციანი "მასოვკები ჰქონდათ, მერე კიდევ ძაღლები, ცხენები, მატარებელი...

GzaPress

მოგებული ნაძლევი

- სერიალში ჩცდ ბევრი ეპიზოდია, სადაც სუფრასთან ვსხედვართ და მაგიდაზე ხინკალი დევს. მეც, რა თქმა უნდა, ხინკალი ხელში მიჭირავს, მაგრამ სინამდვილეში არასოდეს მივირთმევ. ხინკალი არათუ არ მიყვარს, ჩემი ცხოვრების მანძილზე შეიძლება, 1 ან 2 ცალი მიჭამია. არადა, ბოლო სერიაში "ხინკალმენიც" გავხდი. ამასთან დაკავშირებით, ჩემი მეგობრები ნაძლევს იგებენ ხოლმე. რომელიმე მეგობარი იტყვის, რომ მე ხინკალს არ ვჭამ. ამ დროს, ვიღაცა შეეკამათება: რას ჰქვია, არ ჭამს? აბა, სუფრასთან თეფშზე სულ ხინკალი რომ უდევს, მერე ხელში იღებს და ა.შ. ასე რომ, მეგობრებს ბევრი ნაძლევი მოუგიათ და ერთ ამბავში არიან ხოლმე.

"ჩცდ-ის გრძნობათა ბუნება"

- ამ სერიალს ერთი გენიალური თვისება აქვს. თუ მსახიობმა ის გრძნობათა ბუნება არ დაიჭირა, რასაც ჩცდ ჰქვია, ვერ ითამაშებს, არ გამოუვა. მახსოვს, როცა დავით კვირცხალია მოვიდა, მე და ყოჩის (ლევან ყოჩიაშვილი) გვეუბნებოდა: თქვენ აქ ხართ, როგორც თევზი წყალში. თუ მე რაღაც მეტი მომივიდა ან რამე დავაკელი, მითხარითო. დათო კვირცხალიამ რუსთაველის თეატრსა და კინოში ისეთი როლები ითამაშა, რად უნდა ჩვენი დახმარება? თავი უხერხულად ვიგრძენით. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შემოქმედი ადამიანის დიდი ჟესტი, კაცობისა და საერთოდ, ყველაფრის მიმანიშნებელი. ის ამბიციით კი არ მოვიდა, პირიქით, ძიების პროცესში ჩაერთო. სერიალზე მუშაობის დროს ხომ ასე ხდება - დაგირეკავენ და მეორე დღეს უკვე გადაღებაა. თეატრსა და კინოში მსახიობი მიჩვეულია, რომ როლისთვის მოსამზადებელი დღეები აქვს. აქ კი, მხოლოდ ერთი დღეა და შეიძლება, რაღაც გამოგეპაროს. სიმღერასავითაა, უკან ვეღარ დააბრუნებ. ამიტომ, ვინც მოდის, ჩვენგან ელის თანადგომას. თუმცა, რაზეა ლაპარაკი? უნიჭიერესი არტისტები მოდიან. დიდები თუ პატარები, ყველანი საინტერესოები არიან. ახალი მოსულების დაახლოებით 60%-ს, ერთი ან ორი გადაღების დღე აქვს. მისი როლი განვითარდება თუ არა, არავინ იცის, მაგის ღმერთი ქეთი დევდარიანია. შეიძლება გენიალური არტისტი იყოს, მაგრამ თუ ვერ ივარგა და არ მოერგო როლს, სერიალთან თანხვედრაში ვერ მოხვდება. ვინც ეძებს, ის მიაგნებს ამ სერიალის გრძნობათა ბუნებას.

P.S. ზურა ნიჟარაძე სასიამოვნო მოლოდინშია - აპრილში პირველი შვილის, ქალიშვილის დაბადებას ელოდება.

ნანული ზოტიკიშვილი