"ის განცდები მხოლოდ ჩემი და იმ ადამიანისაა, ვისთანაც გრძნობა მაკავშირებს" - გზაპრესი

"ის განცდები მხოლოდ ჩემი და იმ ადამიანისაა, ვისთანაც გრძნობა მაკავშირებს"

როგორ და სად შეხვდა კინოვარსკვლავს, რის გამო იღებს საყვედურებს, რას გააკეთებდა, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, როგორია მისი სიყვარული და როდის არის ყველაზე ბედნიერი? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ...ხატია შამუგია.

- დაბადების თარიღი...

- ...1977 წლის 10 აგვისტო.

- ჩემზე ამბობენ...

GzaPress- ...ძალიან კომუნიკაბელურია და ადამიანებთან ურთიერთობა უყვარსო.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. დედაჩემის დიდი პენიუარი მომწონდა. სარკის წინ ვიდექი და მონოლოგებს ვკითხულობდი. დრამატულ წრეზეც დავდიოდი. ხან მელაკუდა ვიყავი, ხან - კონკია, ხანაც - ფისო. რომ გავიზარდე, ჩემში მსახიობობის ნიჭი დიდად ვერ დავინახე. თან, ოჯახში სამედიცინოსთვის მამზადებდნენ. ჩემი მამინაცვალი ექიმი იყო, პროფესორი, და მასაც ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ეს პროფესია ამერჩია. საბოლოოდ ჩემში მაინც ჰუმანიტარული საგნებისადმი სიყვარულმა გადაძალა და ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ამოვყავი თავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...შრომისმოყვარეობას. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ შრომისმოყვარე ვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ ძალიან ცოტა რამეს შევცვლიდი. ნაკლებ შეცდომას დავუშვებდი. პროფესიას იმავეს ავირჩევდი. მეტად პრაგმატული ვიქნებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღლა არ დავფრინავ.

- ბედნიერი ვარ, როცა...

- ...ჩემ გარშემო ყველა ჯანმრთელად და კარგად არის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა; საკუთარ პრობლემებზე არასდროს ვლაპარაკობ. არ მინდა, გარშემო მყოფთ ცუდი განწყობა გადავდო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ზედმეტი ლოიალურობა.

- დაშვებულ შეცდომებს...

GzaPress- ...ვაღიარებ. თუ დამნაშავე ვარ, ბოდიშის მოხდაც არ მიჭირს. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ შეცდომა დაუშვა და აღიარებს, პიროვნულად მეტად იზრდება და მაღლდება.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...მომავალში ურთიერთობას წაადგება, თუ მიღირს.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ამ ბოლო დროს, გულჩვილობა დამჩემდა. მოხუც ადამიანს რომ აჩვენებენ ან თავშესაფრიდან სიუჟეტს ვუყურებ, მეტირება.

- ბოლოს ვიტირე...

- ...როცა მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე დააჯილდოეს. ისეთი საყვარლები იყვნენ, ემოციისგან ცრემლები წამომივიდა.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მეშინია, რამე ისე რომ არ იყოს, როგორც მე ვგეგმავ.

- ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ...

- ...მეტად შემდგარი, პროფესიულად მეტად გაზრდილი და კარგი შვილის დედა ვიქნები.

- მარტო იქნები?

- მარტო არასდროს ვარ.

- სიყვარული ეს...

- ...არის გრძნობა, რომელიც გაბედნიერებს, ლაღს და მსუბუქს გხდის.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...მე სულ შეყვარებული ვარ. ჩემი სიყვარული ძალიან ფერადია, ცისარტყელას ჰგავს. მაგრამ ეს ის თემაა, რომელზეც არასდროს ვლაპარაკობ. ყველა ადამიანი შეყვარებული უნდა იყოს იმისთვის, რომ საქმე კარგად აკეთოს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე ზღვის სანაპიროზე, შვილთან და მეგობრებთან ერთად.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ღალატს და ტყუილს. ასეთ დროს ადამიანს ვკარგავ, ისე, რომ კონფლიქტში არასდროს შევდივარ. მივალ, ავუხსნი და დავემშვიდობები.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...დიასახლისი, კულინარი. რაც ასაკი მემატება, მეტად მომწონს, როცა ჩემი მეგობრები სამზარეულოში ფუსფუსებენ, "გემრიელობებს" ამზადებენ, მერე მეგობრებს გვეპატიჟებიან და ა.შ. ვთვლი, რომ კარგი კულინარობა ქალის დადებითი მხარეა. მეგობრებს დედის მიერ მომზადებულ კერძებზე ვეპატიჟები. დამოუკიდებლად რისი გაკეთება შემიძლია? კვერცხს და კარტოფილს შევწვამ, სოსისს და პელმენს მოვხარშავ.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ადამიანებთან ურთიერთობით.

- ვოცნებობ...

- ...ვიყო ბედნიერი დედა.

- ვეპრანჭები...

- ...სულ ვიპრანჭები. პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეპრანჭები. თუ საკუთარი თავით კმაყოფილი არ ხარ, ის დღე შენთვის წარმატებული ვერ იქნება. თავის მოვლა გენეტიკურად მომდევს. ბებია, დედა - ყველანი კარგად უვლიდნენ თავს. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო და როგორც უნდა მეძინებოდეს, არ არსებობს, ღამის პროცედურები არ ჩავიტარო, კრემი არ წავისვა. ჩემი მეგობრები სულ დამცინიან: როცა დასასვენებლად მივდივარ, შეიძლება წავიღო 4 ხელი ტანსაცმელი და 4 ჩანთა კრემები. ხუმრობენ, სხეულის ყველა ნაკვთისთვის ცალ-ცალკე კრემი გაქვსო.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა კომპლიმენტმა. ვაღიარებ, კომპლიმენტები ძალიან მსიამოვნებს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ესეც მიყვარს. გულიდან წამოსულ საქებარ სიტყვებსაც სიხარულით ვიღებ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს.

- ეს ბევრს უყვარს, მაგრამ ცოტა ვინმე აღიარებს.

- მე ვაღიარებ. კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ. ჩემი პრინციპია - ასჯერ გავზომო და ერთხელ გავჭრა. ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ.

- ვერაფრით წარმოვიდგენდი...

GzaPress- ...ანტონიო ბანდერასთან ერთად, თან მისი ინიციტივით, ფოტოს თუ გადავიღებდი. ჩვენი კომპანია ანტონიო პუიჯის მიერ დაარსებული ჯგუფის პარტნიორია. კომპანიას წელს 100 წელი შეუსრულდა და იუბილეზე ვიყავით მიწვეულები. ერთკვირიანი ღონისძიებები იყო. გაგვაცნეს სიახლეები და იყო სადღესასწაულო საღამოები. ერთ-ერთ მაღალი დონის წვეულებაზე მე და ანტონიო ერთად აღმოვჩნდით. მაგრამ იქ ვერ მიხვიდოდი და სამახსოვრო ფოტოს ვერ გადაიღებდი. ბანდერასის გარდა, წვეულებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ჟან პოლ გოტიე, კაროლინა ჰერერა... ისე მოხდა, რომ ანტონიო გასასვლელისკენ დაიძრა. ყველამ სურათების გადაღება დაიწყო. მისმა პროდიუსერმა გვანიშნა, ფოტოს გადაღება დამთავრაო. გული დამწყდა, შევიცხადე. ეტყობა, შემამჩნია, თავად მოვიდა და მითხრა, სურათი გადავიღოთო. ძალიან ამაღელვებელი წუთები იყო. უკვე 54 წლის არის, მაგრამ საოცარ ფორმაშია. გარუჯული, მოვლილი, ნავარჯიშები სხეულით და ძალიან მიმზიდველი გარეგნობით. ის ემოცია დღემდე მომყვება. გავაცნობიერე, ადამიანები თავიანთ კერპებს რომ ხვდებიან, როგორ განცდებში არიან. ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყოველთვის ვამაყობდი, მე, ანტონიო ბანდერასი, ზურა ყიფშიძე და გია ყანჩელი 10 აგვისტოს ვართ დაბადებულები-მეთქი. კერპები არ მყავს, მაგრამ გამორჩეულად მომწონს ანტონიო ბანდერასი, ენდი გარსია და რობერტ დაუნი-უმცროსი. პირველ ორთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა და იმედია, რობერტ დაუნისაც შევხვდები. ოცნებები ხდება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ....მოუცლელობის გამო, ტელეფონს რომ ვერ ვპასუხობ.

- ვუფრთხილდები...

- ...ურთიერთობებს.

- ვნანობ, რომ...

- ...ისეთი პრაგმატული არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...პირად ცხოვრებაზე, რადგან ის განცდები მხოლოდ ჩემი და იმ ადამიანისაა, ვისთანაც გრძნობა მაკავშირებს.

- მეშინია...

- ...ჯანმრთელობის შერყევის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრს ვიმოგზაურებდი. ქვეყანა, რომელშიც ჯერჯერობით ვერ ჩავედი და ოცნებად გადამექცა, პორტუგალიაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ვერ ვიმუშავებ ისეთ სამსახურში, რომელიც სიამოვნებას არ მომანიჭებს. ვერ ვიმუშავებ ისეთ ხელმძღვანელობასთან, რომელიც არ მეყვარება.

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ვინატრებდი, ყველა ჩემი ნაცნობი და ახლობელი ჯანმრთელად იყოს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი გამზრდელი ბებია სულ მეუბნებოდა, - ისეთი კარგი გოგო უნდა იყო, შენით ვიამაყოთო.

- დაბოლოს გეტყვით...

- ...გულს ნურავის ვატკენთ, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და მოვეფეროთ.

თამუნა კვინიკაძე