"ბერნარდა ალბას სახლის" ამბები, ძალადობის ფორმები და თავისუფლების წყურვილი - გზაპრესი

"ბერნარდა ალბას სახლის" ამბები, ძალადობის ფორმები და თავისუფლების წყურვილი

ტირანია რომ დროებითი მოვლენაა და ის ადრე თუ გვიან მარცხდება, ძალადობაზე აგებული სამყარო რომ ინგრევა და ჩაკეტილი სივრცე ყოველთვის ირღვევა, - ამ ყველაფრის საუკეთესო მაგალითი ფედერიკო გარსია ლორკას "ბერნარდა ალბას სახლია".

რეჟისორებმა: ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა ბერნარდას სახლის ამბავი ახმეტელის თეატრის სცენაზე აჩვენეს, მაგრამ განსხვავებული (და ჩემი აზრით, საინტერესო) ფინალით.

იმ ადამიანების ჩარჩოში მოქცევა, რომლებიც თავისუფლებისა და სიყვარულისთვის იბრძვიან, შეუძლებელია. ახმეტელის თეატრის სცენა კი ის ადგილია, საიდანაც საზოგადოებამდე ყოველთვის მნიშვნელოვანი გზავნილი მიდის. მათ გასაგონად, ვინც დღესაც ჩარჩოშია მოქცეული, ვისაც წასთვლიმა, ვისაც ძალა არ ეყო ბრძოლის გასაგრძელებლად და მათთვისაც, ვინც ცდილობს იყოს მოძალადე, ტირანია მარცხდება!

ირაკლი გოგია, რეჟისორი, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- ტირანია დაკავშირებულია ძალადობასთან, ძალადობას კი სხვადასხვა ფორმა აქვს. თანამედროვე მეტყველებაში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: "დისკრიმინაცია", "ბულინგი"... ესეც ხომ ძალადობის ფორმებია! დღეს ჩვენ ვაწყდებით იერარქიულ, სტრუქტურულ, კულტურულ, მედიაძალადობას... ჩვენ ვეცადეთ, ეს ფორმები ერთი ოჯახის მაგალითზე გვეჩვენებინა. ძალადობა ყოველთვის ბადებს თავისუფლების წყურვილს. ერთია, როცა ხდები კომფრომისტი, მაგრამ ჩვენი სათქმელია, რომ ადამიანმა თავი არ უნდა დაუხაროს ძალადობას, ამაზე ღიად, ხმამაღლა ილაპარაკოს. ასეთ შემთხვევაში, მოძალადე ვერ გაიმარჯვებს. შენი ხელით საკუთარ "პიედესტალს" ვერ ააშენებს.

მზია ტალიაშვილი, ბერნარდა ალბა:

- ქალი მსახიობებისთვის ბერნარდა ერთ-ერთი სანატრელი და საოცნებო როლია. ბედნიერი ვარ, რომ მხვდა პატივი, ეს როლი შემესრულებინა. დიდი მადლობა რეჟისორს ნდობისთვის. როლის ხიბლი სირთულეშია.

- თქვენი ბერნარდა რით იყო განსხვავებული?

- კონსერვატიზმით, სიმკაცრით არ განსხვავდებოდა. ბერნარდა ასეთია, მას ვერ შეცვლი, მაგრამ ფინალში ამ ადამიანში ძველებური სიმკაცრე თითქოს ფერმკრთალდება და დედა იღვიძებს. ტირანია და სიმკაცრე სისხლში იმდენად ჰქონდა გამჯდარი, ტრაგიზმს ხვდებოდა, მაგრამ ვეღარ ცვლიდა.

- სწორედ ამ დაუძლევლობის გამო, სპექტაკლის ფინალში ის მარტო დარჩა.

- რა თქმა უნდა. ეს კი იმის ნიშანია, რომ ადრე თუ გვიან, ყველა შეზღუდვა, ყველა ტირანია მარცხდება.

- ფინალურ სცენაში ჩარჩოების ნგრევაც ამის მანიშნებელია.

- 5 გოგო განზოგადოებულად საზოგადოებაა. სწორედ საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს, რომ გავიდნენ ჩარჩოებიდან. ადამიანი არანაირ ტირანიას არ უნდა დაემორჩილოს. ლორკას დედანში ადელა კვდება. ჩვენ მსხვერპლშეწირვაც არ გავაკეთეთ.

- რატომ გადაწყვიტე სპექტაკლს დედნისგან განსხვავებული ფინალი ჰქონოდა?

GzaPress

ირაკლი გოგია:

- ამის გამო განსხვავებული აზრიც გამოითქვა. მნიშვნელოვანი იცით, რა არის? ჩვენ უნდა გადავეჩვიოთ მსხვერპლშეწირვას. საზოგადოებაში რევოლუციური მსხვერპლშეწირვები უნდა დასრულდეს. კედლები ისე ვაშენოთ, რომ იქ ადამიანები აღარ ჩავაყოლოთ. ფინალის ეს ფორმა ერთგვარი მოწოდებაა: საზოგადოებას მოვუწოდებთ, არ არის მსხვერპლი საჭირო იმისთვის, რომ პრობლემა დავძლიოთ.

მაიკო ვაწაძე, ადელა:

- ჩემი პერსონაჟი არ იღუპება, ის თავისუფლდება. როგორც მსახიობისთვის, ასეთი ფორმით მუშაობა უფრო საინტერესო იყო, ვიდრე იმ ვარიანტით, როგორც დედანში წერია. გაცილებით რთულია იბრძოლო, მოიპოვო თავისუფლება და თავი დააღწიო ტირანიას, ვიდრე მოკვდე.

- ჩარჩოში მოქცეულს, რა შეგრძნებები გქონდა?

- ამ პრობლემის წინაშე დღესაც ბევრი ადამიანი დგას. ჩარჩოში როგორი სუსტი ადამიანიც უნდა მოაქციო, ის თავის დაღწევას მაინც შეეცდება. ოღონდ ყველას მცდელობა არის ინდივიდუალური. ადელას შემთხვევაში, ჩარჩოდან თავის დაღწევის წყურვილი მძაფრი იყო, მან ეს შეძლო, შემდეგ სხვებმაც მიჰბაძეს.

ვერო კალანდარიშვილი, მარტირიო:

- ამ როლზე დათანხმებით მაშინვე გავაცნობიერე, საკუთარ თავზე რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ავიღე. ვერ ვიტყვი, რომ მუშაობის პროცესი ადვილი იყო.

- მგონია, რომ ყველაზე რთული როლი გერგო, როგორც ტექნიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

- ბევრი ხერხი ვცადეთ, ბოლოს მაინც შევჯერდით აზრზე, რომ მარტირიოს კუზი მისი თავდაცვის მექანიზმი ყოფილიყო. ეს ჩემთვის საინტერესო გადაწყვეტა აღმოჩნდა. ბერნარდას სახლში ხომ ოჯახის ყველა წევრი თავისებურად იბრძვის, ყველა თავისებურად ცდილობს თავდაცვას. ვფიქრობ, მარტირიოსთვის ეს ყველაზე საინტერესო გზა იყო. ეს არის სპექტაკლი, რომელზეც არაერთ რეჟისორს უმუშავია, მაგრამ მარტირიოს როლის ასეთი გადაწყვეტა არავის მოუფიქრებია. ამ ფორმამ როლს მეტი სიღრმე შესძინა.

- საზოგადოებას მარტირიო რას ეტყვის?

- ტირანიას თავი არ უნდა დავუხაროთ, უნდა ვებრძოლოთ, გავეცალოთ. ერთად დგომით ეს შესაძლებელია.

გვანცა კანდელაკი, ამელია:

- როცა ჩარჩოში გაქცევენ, ეს ძალიან ცუდი განცდა ყოფილა. ზოგიერთი ამას ეგუება, მაგრამ ადრე თუ გვიან, ისინიც ხვდებიან, რომ თავი უნდა დააღწიონ. სპექტაკლზე მუშაობის პროცესი საინტერესო იყო, ენთუზიაზმით სავსე.

- შენი პერსონაჟი ცოტათი ეშმაკი გოგოა, არა?

- დიახ. ის თავისუფლებას მეტ-ნაკლებად აღწევს, უბრალოდ ამის დამალვა უწევს, რაც ბუნებრივია, ისევ შეზღუდვაა. ბოლოს კი ადელას მიმბაძველობით ისიც თავისუფლდება.

4 წელია, რაც ირაკლი გოგია ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი საინტერესო სპექტაკლი დადგა და პროექტი განახორციელა.

ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტთან, მაჰათმა განდის ფონდთან და ამერიკული ორგანიზაცია "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტთან" ერთად გაკეთდა რამდენიმე პროექტი, რომლის ფარგლებშიც, სცენაზე ქართველმა და აფხაზმა მსახიობებმა ერთად ითამაშეს. ქართულ-აფხაზურ პრობლემაზე დაიდგა სპექტაკლი "დაბრუნებამდე", რომელიც გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიეძღვნა.

ქართველ გიორგის და აფხაზ ამრას ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მათ სიყვარულს კონფლიქტის გამო ოჯახი უპირისპირდება. ამ სპექტაკლში არის დიდი სიყვარული, ბრძოლა, შეცდომები, ტკივილი, სინანული... სპექტაკლი გვიტოვებს შეკითხვებს, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს აუცილებლად უნდა დავუსვათ: რას ვაკეთებთ დაბრუნებისთვის? ეს სპექტაკლი ღია ჭრილობაზეა.

ქართველებმა და აფხაზებმა უნდა ავუხსნათ ერთმანეთს, რომ საერთო მტერი გვყავს და ის არ გვიშვებს ერთმანეთთან.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებით საინტერესო აფხაზი მსახიობის, მარტა ცვიჟბას ჩართვა იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში, მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. დოკუმენტურ დრამაში აფხაზი მსახიობი თავად ჰყვება, როგორ მოხდა მასში ტრანსფორმაცია, ეს კი კონფლიქტის მოგვარების საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ჩამოყალიბდა როკჯგუფი 2 ქართველი და 2 აფხაზი მსახიობის შემადგენლობით, რომლებმაც მინი კავკასიური ტურნე მოაწყვეს.

თეატრის ენა ყველას ესმის, თეატრს შესწევს ძალა, უდიდესი როლი ითამაშოს კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ახმეტელის თეატრს პირდაპირი კავშირი აქვს სოხუმის აფხაზურ თეატრთან. ოჩამჩირეში ჩამოყალიბდა მაჰათმა განდის ცენტრი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ოჩამჩირეში ფიქრობენ შერიგებაზე, მშვიდობიან თანაცხოვრებაზე.

ამ ყველაფრის ფონზე რა სამწუხაროა, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც ადამიანებს ხელს გვიშლიან შერიგებაში, რომლებსაც არ უნდათ შედგეს დიალოგი. ამის დასტური კი ირაკლი გოგიას პირად ნომერზე შემოსული მუქარის შემცველი შინაარსის შეტყობინებებია.

ირაკლი გოგია:

- ამ ფაქტს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. გამოძიება უკვე დაიწყო და შედეგს ველოდებით. ძალიან ცუდი ადამიანები ცდილობენ ჩვენსა და აფხაზებს შორის კულტურული დიალოგი არ შედგეს.

- მას შემდეგ, რაც ამ ფაქტით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა, მუქარა აღარ გამეორებულა?

- მას შემდეგ აფხაზ მსახიობს, მარტა ცვიჟბას შეუთვალეს, რომ ის ვეღარასდროს ჩავა აფხაზეთში.

- ნომერი იდენტურია?

- არა, მარტას საქართველოს ფარგლებს გარედან დაუკავშირდნენ.

"ეს არის სრულიად არაჩვეულებრივი სამუშაო, ირაკლი, გილოცავთ თქვენ ამ ნაბიჯს, საქართველოში კონფლიქტების მოგვარების დაუსრულებელ ბრძოლაში. თქვენ და თქვენი კოლეგები ხართ მაგალითი ყველა ჩვენი კოლეგისთვის", - ეს სიტყვები ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს კორნელის უნივერსიტეტის ატკინსონის მდგრადი მომავლის ფაკულტეტის საპატიო პროფესორმა გეილ ჰოლსტ-უორჰაპტმა მისწერა.

ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებელმა, ნორვეგიელმა მეცნიერმა იოჰან გალტუნგმა ირაკლი გოგიას და მისი კოლეგების მიერ წარმოებული პროექტი ჩღEAთE საუკეთესო სოციალურ თეატრალურ პროექტად გამოაცხადა, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში.

P.S. მასალაში გამოყენებულია გოგი ყაჯრიშვილის ფოტოები.

თამუნა კვინიკაძე