მსოფლიო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის ქართველი წამყვანი - გზაპრესი

მსოფლიო სილამაზისა და ტალანტის კონკურსის ქართველი წამყვანი

მათ შორის - 4 ქართველი გოგონა: Best Child of the World-ის 2 ნომინაციაში გამარჯვებული - მაგდა ვაჩეიშვილი, "მის ევროპელის" "საუკეთესო ფოტომოდელი" - მარიამ დამენია და ნინო გველესიანი, რომელიც "მის თინეიჯერის" მსოფლიო კონკურსში საუკეთესო ტოპხუთეულში მოხვდა...

სამოდელო სააგენტო "კატრინის" 19 წლის ქართველი მოდელი - თამთა ქენქაძე კონკურსის წამყვანი იქნება. ის მსოფლიო სილამაზის კონკურსებში წარმატებით მონაწილეობს და შესაბამისად, ამ სფეროს წარმომადგენლები უკვე იცნობენ. "კატრინის" ხელმძღვანელს, ეკა მგალობლიშვილს დაუკავშირდნენ და სთხოვეს, რომ "მის მსოფლიოს სილამაზისა და ტალანტის" კონკურსის წამყვანი სწორედ თამთა ქენქაძე ყოფილიყო. მას ანტალიაში გამგზავრებამდე ვესაუბრე.

GzaPress- გარდა იმისა, რომ მოდელი ვარ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობ. მსოფლიო სილამაზის კონკურსზე წამყვანობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- წამყვანობის გამოცდილება გქონია?

- ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციას ვუძღვებოდი. მსოფლიო სილამაზის კონკურსზე წამყვანად საქართველოს წარმომადგენელი არასოდეს ყოფილა. ამიტომ ეს შემოთავაზება ჩემთვის დიდი პატივია.

- კონკურსს რომელ ენაზე გაუძღვები?

- ინგლისურად. კონკურსი სამენოვანი (თურქული, ინლისური, რუსული) იქნება.

- ინგლისურ ენას კარგად ფლობ თუ დამატებით მეცადინეობა დაგჭირდა?

- ინგლისურ სკოლაში დავდიოდი. ასე რომ, ინგლისურად საუბარი არ მიჭირს - ნორმალურად ვფლობ, კონკურსის წაყვანას შევძლებ.

- გული ხომ არ გწყდება, რადგან წამყვანი იქნები, კონკურსში მონაწილეობას რომ ვერ შეძლებ?

- სამოდელო სფეროში ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი: 2012 წელს სტამბოლში კონკურსის - "Bესტ Mოდელ ოფ ტჰე ჭორლდ" "სახე" გავხდი, 2013 წელს კი პანამაში "მის თინეიჯერის" მსოფლიო კონკურსზე - "საუკეთესო თინეიჯერი მოდელი"... ახლახან შევიტყვე, რომ ქალბატონ ეკას სურს, მესამე კონკურსისთვისაც მომამზადოს: ირლანდიაში "მის ევროპელი" ტარდება, სადაც ყველა ქვეყნიდან გოგონების ტოპათეული მონაწილეობს. როგორც ჩანს, სილამაზის კონკურსებზე "ჩემი სიტყვა" არ დასრულებულა (იცინის).

- თურქეთში გამგზავრებამდე ქართველ კონკურსანტებს გამოცდილებას უზიარებ?

- ვინც მიემგზავრებიან, უკვე გამოცდილი მოდელები არიან. რა თქმა უნდა, მათ გამოცდილებას მეც ვუზიარებ, მაგრამ ვფიქრობ, უკვე იციან, კონკურსზე როგორ მოიქცნენ. თან, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი მოგვყვება, რომელიც ბევრს გვარიგებს.

- როგორ ახერხებ, რომ კარგად გამოიყურებოდე? კარგი ფორმის შესანარჩუნებლად რას აკეთებ?

- როგორც ყველა ქალი, თავს მეც ვუვლი. ყოველდღიურად მაკიაჟს არ ვიკეთებ. სპორტული სტილის სამოსი მიყვარს. გამოსასვლელ დღეებში მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამ, მაგრამ ყოველდღიურად ასე გამოპრანჭვა ვულგარულად მიმაჩნია. ყველა გოგონას ვურჩევ, თავმდაბლები იყვნენ და მოხდენილად გამოიყურებოდნენ. ყოველდღე "მაღლებზე" და მოკლე კაბით სიარული ჩემთვის მიუღებელია. თუ ჩვენება ან ფოტოსესია არ მაქვს, თმას არც ვისწორებ და არც ვიხვევ. ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს. სხეულის მოვლას რაც შეეხება, "კატრინის" მოდელები კვირაში სამჯერ აუზზე, ტრენაჟორებზე დავდივართ. ყველას გვსურს, რომ მოდელებმა საკუთარ სხეულს მოვუაროთ, ფორმაში ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, "მოთხოვნადები" არ ვიქნებით.

- მოდელობისა და სწავლის შეთავსება არ გიჭირს?

- უნივერსიტეტში ლექციები დილას მაქვს. იქიდან პირდაპირ სავარჯიშოდ მივდივარ. მართალია, დატვირთული ვარ, მაგრამ წარმატების მისაღწევად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.

- კონკურსისთვის ისეთივე დატვირთვით ემზადები, როგორც - კონკურსანტები?

- უფრო მეტადაც. კონკურსზე ჩვენი ქვეყნის სახე ვარ, ყველა კონკურსანტი უნდა გავიცნო - სცენაზე მხოლოდ მონაწილეების გვარ-სახელებს ხომ არ გამოვაცხადებ?! ასე რომ, კონკურსში ჩართვა მე უფრო მეტად მიწევს, ვიდრე - კონკურსანტებს.

- უცხოელებთან კონტაქტს იოლად ამყარებ?

GzaPress- საერთოდ, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ამიტომ მგონი, უცხოელებთან კონტაქტიც არ გამიჭირდება.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი: სილამაზის კონკურსებზე, ყველაზე ძლიერი კონკურენტები რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან ხოლმე?

- "მის თინეიჯერზე" პუერტო-რიკოს ულამაზესი გოგონა ჰყავდა, ასევე - საფრანგეთს... ვიცი, რომ წელს თურქეთში კონკურსანტების ძლიერი ნაკადი (ჩამოყალიბებული, მოწესრიგებული ადამიანებით დაკომპლექტებული) ჩამოვა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მათთან კონტაქტი არ გამიჭირდება.

- ქართველ მოდელებს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- "კატრინის" ყველა მოდელს ახლო ურთიერთობა გვაქვს, რადგან მოგზაურობა ხშირად გვიწევს. საჭიროების შემთხვევაში, ერთმანეთს სამოსთან დაკავშირებითაც ვაძლევთ შენიშვნებს. რასაკვირველია, კონკურსებზე კონკურენცია ყოველთვის არის, მაგრამ "თავში ჩარტყმები" და "კაბების შემოხევები" არ ხდება. შარშანწინ საზღვარგარეთ გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსზე ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გოგონა სხვა კონკურსანტებს კაბებს ჰპარავდა. გამიმართლა, რომ პირადად მე, ასეთ სიტუაციაში არასოდეს აღმოვჩენილვარ.

- ჟურნალისტიკაში მუშაობა რა განხრით, რომელ სფეროში გინდა?

- ტელერადიოჟურნალისტიკა მაინტერესებს. შარშან, 6 თვის განმავლობაში "მეცხრე არხის" სტაჟიორი ვიყავი: დილის გადაცემისთვის სიუჟეტებს ვამზადებდი. სამწუხარდ, ეს ტელევიზია დაიხურა. ახლა ისეთი დატვირთული ვარ, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში აქტიურად ჩაბმისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ცხადია, თავიდანვე პოლიტიკური გადაცემის წამყვანი ვერ ვიქნები. ალბათ მუშაობას მოდის სფეროს გაშუქებით დავიწყებ, მაგრამ თუ პოლიტიკური გადაცემის წამყვანობას შემომთავაზებენ, აუცილებლად დავთანხმდები - ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა უფრო ეპატაჟურია.

ეთო ყორღანაშვილი