ქართველი პიანისტის თვალით დანახული იერუსალიმი და პატრიარქი - გზაპრესი

ქართველი პიანისტის თვალით დანახული იერუსალიმი და პატრიარქი

არაერთ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული პიანისტი - ვალერიან შიუკაშვილი, ხელოვნების აკადემიის რექტორი, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კუნკურსების დამაარსებელი და გენერალური დირექტორი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი გახლავთ და სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი ჯილდოც მიუღია. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვაკოს ისრაელზე, ჩვენს პატრიარქზე და მასთან ურთიერთობაზე, ამა თუ იმ ქვეყანაში ვიზიტზე თავისი შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მაცხოვრის საფლავი - მსოფლიოში ყველაზე წმინდა ადგილი

GzaPress- აღდგომის დღესასწაული გამორჩეულია და მას სადაც უნდა შეხვდე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული განწყობა გაქვს, მაგრამ იერუსალიმში შეხვედრა საოცარი შთაბეჭდილებაა. წლების წინ, როცა ისრაელში კონკურსი მოვიგე, მეორე წელს იქ რამდენიმე კონცერტი და მასტერკლასი ჩავატარე და იქაურ ოჯახში ვცხოვრობდი. საერთოდ, სადაც მივდივარ, ყოველთვის ვცდილობ, ოჯახში დავბინავდე, რადგან სასტუმროში ცხოვრება და იქაური კვება მოსაწყენია, სტანდარტულია და მთელი დღე მარტო ხარ გამოკეტილი. მუსიკაში შეიძლება რომანტიკული ვიყო, მაგრამ ცხოვრებაში საკმაოდ ხისტი ადამიანი ვარ და გულის აჩუყება არ მჩვევია, მაგრამ იერუსალიმი ისეთი ადგილია, გინდა, თუ - არა, ცრემლი მოგდის, დიდ ემოციებში ვვარდები ხოლმე და ეს ისეთი გრძნობაა, ნამდვილად ვერ აღწერ... ყველაფერს რომ გაიღებ იმისათვის, რომ მაცხოვრის საფლავს კიდევ ერთხელ მიუახლოვდე, იმ საოცარ სიწმინდეებს ეზიარო. მსოფლიოში ამაზე წმინდა ხომ არაფერი არსებობს! იცით, რამ გამაკვირვა? რამდენად უფრთხილდებიან ამ წმინდა ადგილს მუსლიმანი ებრაელები! პალესტინაც კი, ამ ადგილს საოცრად ეთაყვანება. ხელში რომ სანთელი თავისით ინთება, ეს ხომ მთლად საოცრებაა! თან ხელიც რომ არც გეწვის. ამოუცნობი რამაა. იერუსალიმში თითოეული ადგილი მახსოვს.

ისრაელი - მზისა და მოსავლის ქვეყანა

- ეს არის ქვეყანა, რომელშიც ალბათ ხელახლა გავჩნდებოდი, რადგან დარჩენილი ცხოვრება არ მეყოფოდა იმისათვის, რომ ეს სიამოვნება ბოლომდე განმეცადა. ალბათ ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს ფსიქოლოგიურად. ზოგადად, ისრაელს რომ გადახედოთ, ვერ იტყვით, რომ რაიმეზე განსაკუთრებით შეიძლება გაგიჟდე, მაგრამ როგორც კი იერუსალიმში იმ გზაზე იწყებ სიარულს, საოცარი შეგრძნებები გეუფლება. ისრაელში სულ მზე და კარგი ამინდია და იცოდით, რომ იქ მოსავალი წელიწადში ოთხჯერ მოდის? ჩვენთან მარწყვს მთელი წელი რომ ველოდებით, იქ სულ არის. ჩემთვის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა მათ შორის, სადაც ნამყოფი ვარ. შესანიშნავი ტრადიციები აქვთ და ძალიან კარგი ხალხია, სტუმართმოყვარე. თუმცა, ნებისმიერი ერი სტუმართმოყვარეა. გააჩნია, ვის მასპინძლობს და როგორ უხარია იმ სტუმრის მიღება, ანუ მაინც ადამიანზეა დამოკიდებული. დღემდე მიკვირს, რატომ არ უყვარს ზოგს ებრაელები. ბოლოს და ბოლოს, იესო ქრისტე თვითონ ებრაელი იყო და მხოლოდ ამის გამო მაინც უნდა სცე პატივი ამ ეროვნების ადამიანებს. გარდა ამისა, ძალიან ჭკვიანები არიან, დალაგებულად ცხოვრობენ, ჩვენც რომ ასე ვიყოთ, კარგი იქნებოდა. თუმცა, ქართველები თავისებურად ძალიან საინტერესო ხალხი ვართ.

სასტიკი კონსული და უნახავი ნიუ-იორკი

GzaPress- ბევრ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი. უფრო შეიძლება ითქვას, რომ ერთსა და იმავე ქვეყანაში ვარ ბევრჯერ ნამყოფი. მაგალითად, აშშ-ში არასდროს ვყოფილვარ, კონსულთან ორჯერ შევედი და ორივეჯერ უარით გამომისტუმრა - იქ დარჩებიო. არადა, გერმანიაში ბადენ-ბადენის კონკურსზე გრან-პრი რომ ავიღე, როგორც გამარჯვებული, ნიუ-იორკში მასტერ-კლასებითა და სოლო კონცერტებით დამპატიჟეს, სერიოზული მუსიკალური აკადემია ატარებდა. ვის არ ვთხოვეთ, ავუხსენით, რომ ჩაგდება არ შეიძლებოდა, მაგრამ ამაოდ. მე თუ მკითხავთ, ამერიკის სირცხვილია, როცა ასეთი კონსული გყავს. ქვეყანამ საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს!

მშვიდი და გაწონასწორებული ევროპა

- მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში არც პიცა მომეწონა და არც ტირამისუ, დედამიწას თუ რამე მოუვა, ვატიკანი ძალიან დამენანება იმისათვის, რომ იქ რაიმე დაინგრეს. რომიც ხომ შესანიშნავია. იტალიელები კარგი ხალხია და ლამაზი ტრადიციები აქვთ. ძალიან მომწონს გერმანული ცხოვრების სტილი, მშვიდი და წყნარია და ჩემი ეს გიჟური ხასიათი იქ კარგად ჩანს, რასაც ესპანეთზე ვერ ვიტყვი, სადაც მშვიდ, გაწონასწორებულ, სერიოზულ და წყნარ ადამიანად ვითვლები, რაც გარკვეულწილად კარგია, მაგრამ მორიელი ვარ და მომწონს, როცა ყურადღების ცენტრში ვარ. ესპანეთში კი იქაურ წრეში ეს არ გამომდის, თორემ კონცერტებზე - იცოცხლეთ! ემოციურად ეს ორი ერი ერთმანეთს ვგავართ. საფრანგეთი შესანიშნავია, მაგრამ ჩემთან ნაკლებად ახლოსაა, ამიტომ არ ვგიჟდები. თურქეთიც ძალიან მომწონს.

ამომავალი მზის ქვეყნები და საოცნებო ინდოეთი

- ეს ის ჩინეთი არ არის, რომელიც საქართველოში ბევრ ადგილას დაბალი დონის მაღაზიის სახითაა წარმოდგენილი. უგენიალურესი ქვეყანა, სამწუხაროდ, აქ ძალიან ცუდი კუთხიდან ჩანს, რომლის ტრადიციებიც ჩემთვის ძალზე საინტერესოა და არასდროს მომბეზრდება, მათი სამზარეულოთი დაწყებული, ცხოვრების წესით დამთავრებული. ყველაფერში პედანტური სიზუსტე, დაკრიალებული ქუჩები და ა.შ. ადრე, როდესაც შედარებით ახალგაზრდა გახლდით და აზიაში ნამყოფი არ ვიყავი, ის მხარე ერთნაირი მეგონა, მაგრამ როცა ჩავედი და ვნახე, ჩინეთსა და იაპონიას შორის ახლა უკვე დიდ განსხვავებას ვხედავ. ორი აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროა. საოცნებო ქვეყნად მაინც ინდოეთი რჩება, არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მინდა წასვლა, ულამაზესია. კვირა არ გავა, რომელიმე ინდური კერძი რომ არ მოვამზადო.

მოსკოვი

- მშობლებთან ერთად, მოსკოვში წლების განმავლობაში ვცხოვრობდი. თუმცა, 1997 წლის 7 იანვარს რასაც ჰქვია, გამოვიქეცი. მიზეზი პროფესიონალური იყო - ნოდარ გაბუნიასთან წამოვედი, მაგრამ საერთოდ, დიდი ქალაქები არ მიყვარს, იქ ცხოვრება ჩემთვის დისკომფორტია, პატარა და ლამაზი ქალაქები მირჩევნია, სადაც კერძო სახლებია.

არამატერიალური სიმდიდრე და მისი ხიბლი

- ვთვლი, რომ ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ, ყველა ახლობელი ადამიანი, ვინც მიყვარს, ჩემთანაა; მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა მაქვს, ყველგან ვიცხოვრო, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, რომელზეც ჭკუა მეკეტება; ისეთ ადამიანებს ვიცნობ, რომლებიც ჩემთვის მანამდეც ძვირფასები იყვნენ, სანამ პირადად გავიცნობდი; შესანიშნავი მშობლები მყავს და არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა გამზარდეს; ისეთ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, რომლებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ და ჩემს ცხოვრებას ახანგრძლივებენ; სიხარულია, როცა ხარ მართლმადიდებელი და საშუალება გაქვს, ისეთი შესანიშნავი ადგილები მოილოცო და მოინახულო, როგორიც იერუსალიმია. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღეები. ინფარქტის გამო, წელიწადში ორი დაბადების დღე მაქვს - ნოემბერში, როცა დავიბადე და ივლისში, როცა ინფარქტი და კლინიკური სიკვდილი გადავიტანე. ამ დღეს დიდი მზადება და მთელი ამბავია ხოლმე. ერთზე 39 წლის ვხდები, მეორეზე - 3 წლის და როგორ მიხარია, არ იცით (იცინის).

პატრიარქთან ურთიერთობა

GzaPress- 10 წელია, მის უწმინდესობას ვიცნობ და ჩემთვის ეს ბედნიერებაა. მასთან ერთხელ რომ მიდის ადამიანი, ბევრს ნიშნავს და ჩემს მდგომარეობას რა ჰქვია, არ ვიცი... უწმინდესზე არც ერთ ინტერვიუში არ მისაუბრია, პირველი შემთხვაა, მაგრამ თქვენი ჟურნალი ისეთ დროს გამოდის და ისეთი ბრწყინვალე დღესასწაულია, ჩემს თავს უფლებას ვაძლევ, რომ მას მადლობა გადავუხადო იმისათვის, რაც ჩემთვის, ქართველი ერისთვის, მთლიანად საქართველოსთვის გაუკეთებია და ალბათ დადგა იმის დროც, რომ ამ ყველაფის გამო მადლიერება ჩვენც დავანახვოთ. პატრიარქი საოცარი ადამიანია, ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს, უკიდეგანოდ დიდი გული აქვს, ადამიანის თვალი ამას ვერასდროს დაინახავს. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი სიხარული შეუძლია და მერე, ეს სიხარული შენც გადმოგდოს, ისე მადლიანად იღიმის და გლოცავს. როცა მასთან რაიმე ნაწარმოებს ვასრულებ, ისე მისმენს ხოლმე, ვგრძნობ, რომ ძალიან მოსწონს. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან დედამიწაზე იმ დროს გავჩნდი, როდესაც უწმინდესი არსებობს.

გეგმები და ფესტივალი, რომელიც უწმინდესის პატრონაჟით ჩატარდება

- პირველი კომპაქტ-დისკი რომ ჩავწერე, იანვარში სოლო-კონცერტზე შევასრულე, ახლა კი უკვე მეორე გამოვიდა, სხვათა შორის, დღეს, სადაც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების გარდა, არის მუსორგსკის "სურათები გამოფენიდან". მაისში სენაკის დიდი ფესტივალი ტარდება, რომელიც ნ. გაბუნიას კონკურსის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მუსიკალური სკოლებიდან ძალიან ბევრი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. სახელმწიფო კვარტეტსა და სახელმწიფო ტრიოს ჩავიყვანთ, თათა ლიჩელისა და ჩემი სოლო კონცერტები იქნება, ვაჟა აზარაშვილის კონცერტი, უწმინდესის საპატრიარქოს გუნდის კონცერტი, შეხვედრები ირმა სოხაძესთან, რომელიც ბავშვობიდან ვუნდერკინდი იყო. მომავალ თაობას ინტერესი უნდა გავუღვივოთ. ასევე იქნება ხელოვნების აკადემიის, რომლის რექტორიც გახლავართ, ყველა სტიპენდიანტის კონცერტი. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პატრონაჟით ტარდება. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ვცდილობთ, ისეთ დონეზე იყოს, როგორც პირველ რიგში, უწმინდესსა და ჩვენს ერს ეკადრება. მომავალ თაობას მიხედვა სჭირდება და ძალიან მიხარია, რომ უკვე 300-ზე მეტი სტიპენდიანტი მყავს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 40-ზე მეტი კონკურსი ჩავატარეთ.

ქრისტე აღდგა!

- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, პირველ რიგში, მინდა უწმინდესს მივულოცო, რადგან მან მოახერხა და საქართველო მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ აღდგომის დღეს ღმერთს იმას კი არ ვევედრებით - ჩვენც გვიშველე, უფალოო, არამედ, მისი მკვდრეთით აღდგომა გვიხარია და ვდღესასწაულობთ! სრულიად საქართველოს ვულოცავ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას!

თამთა დადეშელი