პრინციპული, მტკიცე ხასიათის და მებრძოლი ნათია წიწილაშვილი - გზაპრესი

პრინციპული, მტკიცე ხასიათის და მებრძოლი ნათია წიწილაშვილი

"ყველა ადამიანს აქვს ემოციისა და გრძნობის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ძლიერი ქალი ცრემლს, სევდას, დარდს, ტკივილს სხვას არასდროს აჩვენებს", - ამბობს მსახიობი ნათია წიწილაშვილი, რომელიც თავს ძლიერ ქალად მიიჩნევს და ამბობს, რომ ცხოვრებაში უამრავი სირთულე გადალახა, ბევრჯერ "დაეცა", თუმცა ყოველ ჯერზე შეძლო წამოდგომა.

- ძლიერი ქალი ვარ თუ არა? - ვფიქრობ, რომ ძლიერ ქალს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში საკუთარი შეხედულებები, მტკიცე ხასიათი, პრინციპები და ნებისყოფა აქვს. ნებისმიერ სირთულეს შეუძლია გაუმკლავდეს და რამდენჯერაც დაეცემა, იმდენჯერვე შეძლებს წამოდგეს. ჩემი აზრით, სიძლიერე ესაა და ვფიქრობ, რომ მეც ასეთი ვარ.

- ძლიერი და გონიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?

- კი, არსებობს ასეთი აზრი, რომ ძლიერი ქალი მამაკაცს აშინებს, თუმცა, თავად ასე არ ვთვლი: სუსტ მამაკაცს აშინებს ძლიერი ქალი. სწორედ ასეთებს ურჩევნიათ სუსტ ქალთან ურთიერთობა, რათა თვითონ ძლიერად იგრძნონ თავი. რეალურად, ძლიერ მამაკაცს უნდა, გვერდით ძლიერი ქალი ჰყავდეს.

- როდის ხდები ყველაზე ძლიერი?

- იცი, რას ვფიქრობ? - ადამიანი ან სუსტი ხარ, ან ძლიერი, სქესს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. ეს ზოგადად, ადამიანური თვისებაა. თუმცა, შეიძლება ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ გაგხადოს ძლიერი.

GzaPress- კაცი უნდა იყოს "ოჯახის თავი"?

- დიახ, ოდითგანვე ასე იყო: მამაკაცი "ოჯახის თავია" და ქალი მას უნდა ემორჩილებოდესო. დღესაც ასეა ბევრ ოჯახში. ზოგის აზრით, ოჯახის უფროსის ამპლუა კონკრეტული ადამიანის ფინანსურ სიძლიერეზეა დამოკიდებული, მაგრამ მე მგონია, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. ოჯახში უფროსობა არ არის რაიმე პრივილეგია, ეს ალბათ, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ოჯახის წევრების წინაშე, მათი დაცვა, საყვარელ ადამიანებზე ზრუნვაა, ზრუნვაში კი მხოლოდ მატერიალური მხარე არ შედის.

- ოდესმე ისეთი ცოდვა თუ ჩაგიდენია, რასაც ნანობ?

- ეუფ (იცინის)... მძიმე ცოდვა რომ ჰქვია, ასეთი არაფერი ჩამიდენია, ისე კი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, არის წვრილმანები, რაზეც ვფიქრობ, რომ არ უნდა გამეკეთებინა. თუმცა, ამას ცოდვა რამდენად ჰქვია, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, გამოუსწორებელი არაფერი გამიკეთებია...

- როგორ ფიქრობ, რომ მოინდომო, ნებისმიერ მამაკაცს მოხიბლავ?

- ვფიქრობ, რომ ქალს ბევრი რამ შეუძლია და მათ შორის, ალბათ ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლაც. თუ ჭკვიანია და ფიზიკური მონაცემებიც ხელს უწყობს, ეს ყველაფერი უფრო გაუმარტივდება. მთავარია, ქალმა საკუთარი თავის ფასი იცოდეს.

- ურთიერთობის ინიციატორი ყოფილხარ? რთულია შენი გულის მოგება?

- ჩემი გულის მოგება რთული ნამდვილად არ არის, თუ, რა თქმა უნდა, მეც მიმიწევს გული იმ ადამიანისკენ, ვინც ჩემთან დაახლოებას ცდილობს და თუ არ მომწონს, მაშინ ფაქტობრივად, ეს შეუძლებელია... ურთიერთობაში ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, ეს რაიმე კომპლექსის გამო არ მომხდარა.

- გიტირია მამაკაცის გამო?

- მიტირია თუ არა მამაკაცის გამო? არა მგონია, ტირილი სათაკილო იყოს. თუ გეტირება, იტირე, რა პრობლემაა... ბევრი ადამიანი ფილმის ყურების დროს, გულისამაჩუყებელ სცენაზეც ტირის. არ მახსენდება, მამაკაცის გამო მეტიროს, თუმცა ვაღიარებ, განმიცდია, ძალიან მწყენია... განცდებს და დარდს ცრემლებით არ გამოვხატავ.

- ბედნიერებისთვის მამაკაცი გვერდით უნდა გყავდეს?

- ბედნიერება ჩემთვის დეტალებსა და წვრილმანებშია, თუმცა სრული იდილიისა და ბედნიერებისთვის სიყვარული მაინც მჭირდება. მამაკაცის გარეშეც შესაძლებელია ბედნიერი იყო, თუმცა მე მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს ჩემზე, ვეყვარები და იქნება "საყრდენი" ნებისმიერ სიტუაციაში.

- როდის მიდის მამაკაცი ქალისგან?

- თუ მამაკაცი ქალისგან მიდის, პრობლემა რასაკვირველია, ქალში არ არის. მიზეზი ბევრია, მაგრამ ავიღოთ ერთი მაგალითი: თუ მამაკაცი მექალთანეა, მიზეზიც არ სჭირდება, მარტივად დაანგრევს ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ქალს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. როცა ადამიანი შენგან მიდის, არც უნდა გაეკიდო. ქალიც ბევრი მიზეზის გამო შეიძლება წავიდეს კაცისგან. ხომ იცით, ყველას არ შეუძლია რაღაცების პატიება.

- ძლიერ ქალებს სიყვარული აფერხებთ კარიერაში წარმატებას რომ მიაღწიონ?

- სიძლიერე და დამოუკიდებელობა არ უნდა გავაიგივოთ. არ მიმაჩნია სწორად ის მოსაზრება, რომ დამოუკიდებელი ქალი ვერ იცხოვრებს მამაკაცთან ერთად ან ვერ ეყოლება ოჯახი. არც იმას ვფიქრობ, რომ სიყვარული კარიერულ წარმატებას აფერხებს. თუ მამაკაცი ძლიერია და ოჯახი მყარია, ურთიერთობას დანგრევის საფრთხე არ დაემუქრება და ამის პარალელურად, წყვილიც შეძლებს საკუთარ კარიერაზე ზრუნვას.

- დაასახელე კომპლექსი, რომელიც ვერ დასძლიე...

- არ მახსენდება, რომ რაიმე კომპლექსი მქონდეს... დაუძლეველი არაფერია, მთავარი მონდომებაა.

- ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს, "თავი დაგიკარგავს"?

- არა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ყოველთვის ვცდილობ, სასმელი ზომიერად მივიღო, რომ დისკომფორტი არ შემექმნას არც იმ დღეს და არც მეორე დღეს (იცინის).

- ძლიერი ქალები "ეცემიან", მაგრამ ყოველ ჯერზე დგებიან... ბევრჯერ "წაქცეულხარ"?

- მეც მქონია პატარ-პატარა "წაქცევები" და მათთან გამკლავება ყოველთვის მომიხერხებია. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.

- როგორ რეაგირებ, როცა ვინმე რჩევას გაძლევს?

GzaPress- რჩევა უნდა მოისმინო და შენთვის ძვირფასი ადამიანების ნათქვამი უნდა გაითვალისწინო კიდეც... არიან ქალები, რომლებიც სხვისი რჩევებით ცხოვრობენ და ასეთებს ძლიერს ვერ ვუწოდებ. ვფიქრობ, სწორედ ასეთ კატეგორიაზე ამბობენ, რომ სუსტია, თავისი აზრი არ აქვს ან აქვს და გამოხატვის ეშინია, ერიდება. პირადად მე, მიმიღია რჩევები და გამითვალისწინებია კიდეც, მაგრამ საჭირო დროს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაც შემიძლია.

- რა გინდა, რომ გქონდეს?

- წარმატებული ვიქნები მაშინ, როდესაც ჩემი ოჯახი მეყოლება, საყვარელი საქმე მექნება, სადაც ბოლომდე დავიხარჯები. აი, როცა ეს ყველაფერი მექნება, თამამად ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება შედგა.

- ოდესმე საკუთარი თავი შეგცოდებია?

- კი, შემცოდებია, ოღონდ, ცოტა ხნით, მაქსიმუმ 5 წუთით. ვფიქრობ, ადამიანს საკუთარი თავი არასდროს არ უნდა შეგეცოდოს, მით უმეტეს, თუ ძლიერ ადამიანად მიიჩნევ თავს. ცრემლები სისუსტის გამოხატულებაა, პრობლემის მოსაგვარებლად კი ბრძოლაა საჭირო.

- შენს პოპულარობას პირად ცხოვრებაში დაბრკოლება შეუქმნია?

- არა, მსგავსი რამ არასდროს ყოფილა.

- ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს, უფრო მეტად კი მაპატიეთ, მაგრამ ამჯერად ვერ დავკონკრეტდები.

სოფო ჭონიშვილი